პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ განვსაზღვროთ მუსიკალური ზომა

მუსიკის თეორეტიკოსები მივიდნენ მოსაზრებამდე, რომ მსმენელები ნოტების თანმიმდევრობის ნაწილს აღიქვამენ, როგორც „სწორს“, ხოლო ნაწილს – „არასწორს“. ამგვარი მიდგომით შესაძლებელია თეორიის შემდეგნაირად განსაზღვრა: მუსიკალური თეორიის დანიშნულებაა მიზეზთა ძებნა-კვლევა, რის მიხედვითაც მუსიკა ან „გასაგებად“ ჟღერს  ან „გაუგებრად“.

ადამიანი, რომელიც მუსიკას ახლოდან არ იცნობს და არ იცის მისი ასავალ-დასავალი, სჯერა, რომ მელოდია სპონტანურად ნებისმიერი ნოტიდან შეიძლება დაიწყოს, გაემართოს საითაც მოესურვება – ნებისმიერი მიმართულებით და ჟღერა მაშინ შეწყვიტოს, როცა „გაუხარდება“. ასეთმა დილეტანტმა მსმენელმა უნდა იცოდეს, რომ თუკი ნოტებს (აკორდებს) საქმის ცოდნით დავახარისხებთ, მუსიკა მისთვის ლოგიკურ მნიშვნელობას შეიძენს.

წინარე გამოქვეყნებული წერილების ციკლში „მუსიკალური ენის საიდუმლო“ ანბანის სწავლებიდან საკმაო დრო დავუთმე მუსიკალური ფორმის, მელოდიის, ტემპის, რიტმის, გრძლიობების საკითხებს. ამჯერად, მუსიკალური ზომის სწავლების ჯერი დადგა. დღევანდელი თემა დაეთმობა მეტრის რიცხვით გამოხატულებას, რომელიც ძალიან მოგვაგონებს მათემატიკას. ალბათ არავისთვის იქნებოდა ზედმეტი, თუ გავიხსენებთ, რომ:

რიტმი სხვადასხვა გრძლიობის ბგერებისა და პაუზების მონაცვლეობაა.

პულსი თანაბარი დარტყმების ფეთქვაა.

მეტრი ძლიერი და სუსტი დარტყმების (წილების) თვლაა.

ზომა მეტრის რიცხვითი გამოხატულებაა.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოების სანოტო ჩანაწერში ვერტიკალური ხაზი განსაზღვრული პერიოდულობით გვხვდება. ყოველი ტაქტი ერთმანეთის მიმდევრობით მწკრივდება, მიდის. ტაქტები ერთმანეთისგან ეგრეთ წოდებული ტაქტის ხაზებით გამოიყოფა და ყოველი მათგანი ძლიერი დროიდან იწყება. სწორედ ამ ხაზებს ვუწოდებთ ტაქტის ხაზს, ხოლო მოკლე მონაკვეთს – ტაქტს. ტაქტები შემსრულებლისთვის არის გამოგონილი, რომ „იმწუთიერი ჟღერადობის ადგილმდებარეობას“ თვალი ადევნოს ანუ ნაწარმოებში კარგად ორიენტირებდეს და საჭირო ზომაში უკრავდეს.

როგორც ყველა საგანს სამყაროში თავისი ზომა აქვს, ასევე მუსიკალურ ტაქტებსაც. ყოველი ახალი ნაწარმოების გარჩევისას ბავშვმა, უპირველესად, ტაქტის ზომა უნდა დაადგინოს. ამისთვის მას აუცილებლად დათვლა დასჭირდება. მუსიკალური ზომა შემსრულებელს მნიშვნელოვან საკითხზე – ყოველ ტაქტში დათვლის რაოდენობაზე მიუთითებს. სწორი თვლა გადამწყვეტი კომპონენტია მუსიკაში. ზომა იწერება სანოტო სისტემის დასაწყისში ვიოლინოს ან ბანის გასაღებისა და საგასაღებო ნიშნების შემდეგ. გამოისახება ორი ერთმანეთზე მოთავსებული ციფრითა და შუაში მათემატიკური წილადის ხაზის ნიშნით.

ზედა ციფრი ყოველთვის ტაქტში წილადების რაოდენობას აღნიშნავს, ხოლო ქვედა – გრძლიობების. მაგალითად, თუ წილადის ხაზის ქვედა ციფრი 4-ია, ტაქტში მეოთხედი გრძლიობის ნოტები გვექნება გადასათვლელი. თუ ციფრი 8, – მერვედების და თუ 2, ნახევრიანი ნოტების გადათვლა მოგვიწევს.

ყველაზე ადვილად მისაწვდომი და შესაბამისად გავრცელებული ზომა 2/4 გახლავთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტაქტში არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ ორი მეოთხედი თავსდება. პირველი ციფრი – „2“ (წილადის ზედა ციფრი) ტაქტში წილების რაოდენობაზე მიგვანიშნებს (სადამდე დავითვალოთ), ხოლო ციფრი „4“ (წილადის ქვედა ციფრი) – ყოველი წილის გრძლიობაზე ანუ პულსი რომელი გრძლიობით უნდა გადავითვალოთ: მეოთხედებით, მერვედებით და ა.შ.

მაგალითად, თუ სანოტო ტექსტში ტაქტის თვლა 2/4-ია და მასში მეოთხედი გრძლიობებია, შემდეგნაირად დაითვლება: ერთი – ორი, ერთი – ორი, ერთი – ორი და ა.შ.

მაგრამ თუ ამავე ზომაში მეოთხედის ნაცვლად მერვედები შეგვხვდება, თვლას ასე გავაცალკევებთ: ერ-თი – ო-რი, ერ-თი – ო-რი, ერ-თი – ო-რი და ა.შ. გაგახსენებთ, რომ თითო მეოთხედში ანუ ერთ თვლაში ორი მერვედი გრძლიობა დაითვლება. შესაბამისად, 2/4 ზომის ტაქტში ორი მეოთხედი შეგვხვდება, ხოლო მერვედი – ოთხი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეოთხედები ანუ მათი ჯამი შესაძლოა სხვადასხვა გრძლიობებით შეივსოს. მაგალითად მსხვილი გრძლიობა – ნახევარი – მეოთხედებად, მერვედებად, მეთექვსმეტედებად შეიძლება დაიყოს, ან პირიქით, ორი მეოთხედი, ოთხი მერვედი ან რვა მეთექვსმეტედი ნახევარი გრძლიობით „შეიკრას“. სასურველი გრძლიობის მიღება წერტილის (გრძლიობის გაზრდის საშუალება) გამოყენებითაც შეიძლება და გრძლიობების შერევით, მათი კომბინაციითაც.

3/4 ციფრთა წყვილში ანუ ზომაში სამი წილადია და ყოველი მათგანი მეოთხედის ტოლია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზედა ციფრი ანუ ამ შემთხვევაში სამიანი იმას ნიშნავს, რომ ყოველ ტაქტში სამი დარტყმაა და შემდეგნაირად დაითვლება: ერთი-ორი-სამი. ერთი-ორი-სამი. ერთი-ორი-სამი. და ა.შ. ვიდრე ნაწარმოები არ დასრულდება. ქვედა ციფრი 4 გვამცნობს, რომ ყოველ თვლაზე მოდის ერთი მეოთხედი ნოტი, ანუ ¾ ზომის ტაქტში მხოლოდ სამი „ცალი“ მეოთხედი დაეტევა.

სამი მეოთხედის ჯამის მიღება, ასევე, შესაძლებელია გრძლიობების სხვადასხვა კომბინაციებით. თუ გვსურს ამ ზომაში ყველაზე გრძელი (ხანგრძლივი) გრძლიობის ნოტის მიღება, ერთ ტაქტში სამი ცალი მეოთხედი ერთ ნოტად გავაერთიანოთ, შედეგად ნახევრიანს წერტილით მივიღებთ.

რაც შეეხება 3/8 ზომას, ის სამწილადით ძალიან ჰგავს 3/4-ს, მხოლოდ ყოველი გრძლიობის წილი მეოთხედის ნაცვლად მერვედია. სამი მერვედისთვის მერვედი ძირითადი გრძლიობაა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მისი მეთექვსმეტედებად დაყოფაც შესაძლებელია, ან სამი მერვედის შეერთებით მეოთხედი წერტილით გრძლიობად ქცევა.

მარტივი მუსიკალური ზომები წარმოიქმნება მარტივი ორწილადი /ერთი ძლიერი და ერთი სუსტი წილით/ (2/2, 2/4/, 2/8/, 2/16) ან სამწილადი /ერთი ძლიერი და ორი სუსტი წილით/ (3/2, 3/4, 3/8, 3/16) მეტრით.

4/4 ზომას გავეცნოთ. ის რთულ მუსიკალურ ზომას განეკუთვნება. რთულ ზომაში შედის ასევე ხშირად გამოყენებადი 6/8. ყოველი მათგანი შედგება ორი მარტივი ზომისგან. ოთხი მეოთხედი ორი 2/4 ზომის ჯამისგან – (2/4+2/4) წარმოიქმნა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასში ორი მახვილია – პირველ და მესამე წილებზე. პირველს ძლიერი წილი ეწოდება, ხოლო მესამეს შედარებით ძლიერი, რომელიც პირველ წილზე უფრო სუსტია. სანოტო ტექსტში 4/4 ხშირად C ასოს მსგავსი სიმბოლოთი აღინიშნება.

ოთხ მეოთხედ ზომა ტაქტში ოთხი წილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში მეოთხედი გრძლიობა ოთხჯერ განმეორდება: ერთი-ორი-სამი-ოთხი, ხოლო მერვედი – რვაჯერ.

6/8 ექვსწილადი ზომაა, რომელიც ორი მარტივი სამწილადი ზომისგან შედგება. ის მერვედი გრძლიობებით პულსირებს. მასში ძლიერი დრო პირველია, ხოლო შედარებით ძლიერი – მეოთხე.

ამ ორი გავრცელებული რთული ზომების გარდა მუსიკოსებს ასევე 4/8, 6/4, 9/8, 12/8 გვხვდება.

არსებობს შერეული, ეგრეთ წოდებული ასიმეტრიული ზომებიც, რომლებიც ორწილადი და სამწილადი ზომების შერევით წარმოიქნა (5/4, 5/8, 7/4, 7/8). ჯაზი და სხვა თანამედროვე მუსიკა ხანდახან გაუგებარ მუსიკად სწორედ არასტანდარტული – 13/8, 5/4 და სხვა ზომების, ეგრეთ წოდებული უთანაზომო დაყოფის გამო ჩაგვესმის. ამგვარი მუსიკის მოსმენის შემდეგ ადვილი შესამჩნევი ხდება რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტაქტის ზომა ნაწარმოების აღქმაზე.

დავალება: კითხვის ნიშნის ადგილას დავწეროთ გრძლიობა, რომელიც მოცემული ტაქტის ზომას შეესაბამება

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი