ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება

თეორიული საფუძვლები 

სწავლა/სწავლების ისეთ ინდუქციურ მეთოდებს შორის, როგორიცაა შემთხვევების ანალიზი, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება (PBL), როლური და სიტუაციური თამაშები, გამოკითხვით სწავლა, პროექტებით სწავლა, აღმოჩენის გზით სწავლა და ა.შ., თანამშრომლობით სწავლას გამორჩეული ფუნქცია და გამოყენება აქვს სასწავლო პროცესში. თანამშრომლობითი სწავლა ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, ისევე, როგორც კლასის გარეთ _  ზემოთ ჩამოთვლილ სხვა მეთოდებთან შერწყმით ან დამოუკიდებლად. 

ზემოთ ჩამოთვლილ ინდუქციურ მეთოდებს შორის თანამშრომლობითი სწავლა ყველაზე მოქნილი და მრავალფეროვანია. იგი შეიძლება მოიცავდეს გამოკითხვის, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლის, პროექტებით ან აღმოჩენით სწავლის ელემენტებს. 

თავისი არსით, თანამშრომლობითი სწავლა/სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდია. დამოუკიდებელი და კონკურენტული სწავლებისგან განსხვავებით, თანამშრომლობითი სწვალა/სწავლების ამოსავალი წერტილი მოსწავლეა, მასწავლებელს კი შედარებით პასიური დამკვირვებლის როლი ენიჭება. სწორედ ამ მიზეზით, წერილში “თანამშრომლობითი სწავლის” ტერმინს შემოგთავაზებთ და არა “სწავლების”, რადგან სწავლება მასწავლებლის წამყვან როლზე მიუთითებს. 

თანამშრომლობითი სწავლის უპირატესობები 

ვიგოტსკის თანახმად (1978), მოსწავლეები უფრო მაღალ ინტელექტუალურ დონეს ავლენენ კოლაბორაციულ გარემოში, ვიდრე დამოუკიდებლად სწავლისას. 

ჯონსონის მიხედვით (1989), თანამშრომლობითი სწავლა კონკურენტულ და ინდივიდუალურ მეთოდებთან შედარებით ა) უფრო მაღალ პროდუქტიულობას და მიღწევებს უზრუნველყოფს; ბ) უფრო მზრუნველობითია და ხელშემწყობი; გ) აძლიერებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ კომპეტენციებს და თვითშეფასების უნარს (NEA Reviews of the Research on Best Practices in Education).

როგორც აღვნიშნეთ, კოლაბორაციული სწავლის პროცესის მთავარი აქტორები მოსწავლეები არიან. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეებს თანამშრომლობითი სწავლის მეთოდით მიღებულ სასწავლო შედეგებთან მეტი პირადი კავშირი აქვთ. მათ თემა უკეთესად იციან და თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განცდა ეუფლებათ. 

ვიგოტსკის რომ დავუბრუნეთ, თანამშრომლობითი სწავლის პროცესში მოსწავლე ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენს ისეთი პასუხისმგებლობების გაზიარებით, როგორებიცაა: მიზნის მიღწევა, მოსაზრების მკაფიოდ წარმოჩენა, საკითხის კრიტიკულად განხილვა, მკაფიო და ღია კომუნიკაცია, სხვისი აზრის მოსმენა, მოსაზრებათა ანალიზი და შერწყმა. 

ბევრი მკვლევარი საუბრობს იმაზეც, რომ თანამშრომლობითი სწავლა მოსწავლის სოციალურ და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, ხშირად არის ხაზგასმული, რომ თანამშრომლობითი სწავლა, გარკვეულწილად, პროფესიული გარემოს სიმულაციას წარმოადგენს და მოსწავლეებს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი ინტერპერსონალური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. კომუნიკაციის, მოსმენის და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გარდა, მოსწავლეები სტრესისა და ემოციების მართვასაც სწავლობენ, რაც დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. 

სწავლების თანამედროვე მიდგომების შესაბამისად, მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვის მიზნით, თანამშრომლობითი სწავლის ტექნიკის გამოყენება მასწავლებლისთვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენებით, მას შეუძლია, სასწავლო მიზნის მისაღწევად დავალება სხვადასხვა ჭრილში შეადგინოს. მოსწავლეს შეიძლება მოვთხოვოთ ინფორმაციის მოკვლევა, საკითხის კვლევა, გარემოებების ანალიზი და შედარება, დიაგნოსტიკა, საკითხის გავრცობა, ჰოპოთეზის ჩამოყალიბება, პრიორიტეტების დადგენა, ფაქტების შეჯამება, პრობლემის გადაჭრა, გარემოებების ინტერპრეტაცია, საკითხის კრიტიკა და შეფასება, ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება და ა.შ. (Davis, 1993, McKeachie, 1999 in Bill Cerbin, April 23, 2010).

თანამშრომლობითი სწავლის მოდელები 

თანამშრომლობითი სწავლის ორი გავრცელებული მოდელი, რომლებიც ემიჯნება ჯგუფური მუშაობის მოდელს, ჯონსონის და კაგანის მოდელებია. 

ჯონსონის თანამშრომლობითი სწავლის მოდელის ძირითადი საფუძვლებია: ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება, პირდაპირი/ცოცხალი ინტერაქცია, სოციალური უნარ-ჩვევები, ჯგუფური ანალიზი და პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება (Johnson and Johnson, 1993). ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ცოცხალი ინტერაქცია უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის აქტიურ ჩართვას პროცესში და სასწავლო შედეგების მიღწევას. სოციალური უნარ-ჩვევების ფლობა პოზიციების ეფექტურად გაზიარებას განაპირობებს, ჯგუფური ანალიზი კი _ შედეგიანობას.  

კაგანის თანამშრომლობითი სწავლის მოდელიც ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება, რომლებიც შინაარსით ჯონსონის მოდელის იდენტურია. თუმცა კაგანის მოდელი თავისი მეთოდიკითა და პრაქტიკული გამოყენებით არსებითად განსხვავდება ჯონსონის მოდელისაგან. ჯონსონის მოდელი ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლობითი გაკვეთილის დაგეგმვაზე, მაშინ, როცა კაგანის მოდელის ხერხემალია თანამშრომლობითი მუშაობის ტექნიკა (სტრუქტურები), რომელიც განსაზღვრავს პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის მოქმედებას. განსხვავება ისიცაა, რომ კაგანის სტრუქტურულ სქემაში ინტეგრირებულია მოსწავლეთა თანაბარი მონაწილეობის განმაპირობებელი წესები და ინსტრუქციები, ჯონსონი კი  თითოეული მონაწილის აქტიურ ჩართულობას სოციალური უნარ-ჩვვების ეფექტურად გამოყენების ხარჯზე მოელის. ჯონსონისგან განსხვავებით, კაგანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება გუნდის ერთიან შეფასებას, რადგან თვლის, რომ გუნდისათვის საერთო ქულის დაწერა მოსწავლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას უგულებელყოფს,  ზოგიერთ მოსწავლეს უსამართლობის განცდას უჩენს, ამცირებს მოტივაციას და ა.შ. (www.kaganonline.com). 

თანამშრომლობითი სწავლის პროცესი

თანამშრომლობითი სწავლა გუნდური მუშაობის პრინციპზეა აგებული. გუნდში გაერთიანებულია სხვადასხვა დონის/ სწავლის სტილის/ შესაძლებლობის/ ეთნიკური და სოციალური წარმომავლობის მოსწავლეები. გუნდის მიზანია, ერთობლივად მიაღწიოს მიზანს. ეს განაპირობებს თითოეული წევრის პასუხისმგებლობას და ერთმანეთის დახმარების სურვლის. თანამშრომლობითი სწავლის ეფექტურობისთვის აუცილებელია, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს გუნდის კომპოზიცია, დავალება ისე შეადგინოს, რომ გუნდის თითოეულ წევრს კონკრეტული ამოცანა ჰქონდეს შესასრულებელი. მასწავლებელმა, ასევე, წინასწარ უნდა შექმნას თემატური კონტექსტი, ორიენტირები განუსაზღვროს მოსწავლეებს გუნდის საბოლოო მიზნებთან და თანამშრომლობის წესებთან დაკავშირებით.

თანამშრომლობითი სწავლის მეთოდიკის გამოყენება შესაძლებელია წყვილებში, სამეულებსა და მცირე ჯგუფებში. ჯგუფის წევრთა რაოდენობა სასურველია, ოთხ-ხუთ მოსწავლეს არ აღემატებოდეს. ტრადიციულ სასწავლო გარემოში, სადაც მოსწავლე მიჩვეულია მასწავლებელზე ორიენტირებულ გაკვეთილებს, თანამშრომლობითი სწავლის დანერგვა გარკვეულ დროს,  მოსწავლეთა მოქნილობას, მასწავლებლის მომზადებას და მოთმინებას მოითხოვს. გუნდური მუშაობის დროს მოსწავლეები წაახალისეთ, გამოიყენონ ცოდნა ახალი იდეების გენერირებისთვის, კრიტიკულად განიხილონ თემატიკა, არ შეუშინდნენ შეცდომებს, გააკეთონ აღმოჩენები, ჩამოაყალიბონ ჰიპოთეზები, გაამყარონ თავიანთი მოსაზრებები არგუმენტებით. 

მასწავლებლისთვის საყურადღებოა ამ მეთოდის ეფექტურობისთვის საჭირო მონიტორინგის პრინციპების და სამართლიანი შეფასების გათვალისწინებაც. თანამშრომლობითი სწავლის კრიტიკოსები აქტიურად საუბრობენ ამ ორ სირთულეზე. მათი მოსაზრებით, თანამშრომლობით სწავლაზე აგებული დავალების შესრულებისას მასწავლებელმა შესაძლოა დაკარგოს კლასზე კონტროლი, ვერ უზრუნველყოს მოსწავლეების თანაბარი ჩართულობა, ვერ შეძლოს თითოეული მოსწავლის შედეგის/მიღწევის იდენტიფიცირება და ობიექტურად შეფასება. მონიტორინგისა და შეფასების სირთულეების დასაძლევად, უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობითი სწავლების ტექნიკის და სტრუქტურული მოდელების ცოდნა, ისევე, როგორც თითოეული მათგანის გამოყენებისას _ კონკრეტული კლასის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების დადგენა.  

თანამშრომლობითი სწავლების რამდენიმე სტრუქტურული მოდელი 

ერთობლივი/ჯგუფური სწავლა: ჯგუფური სწავლის მოდელის მრავალი ვარიაცია შეიძლება შესთავაზოს მასწავლებელმა მოსწავლეებს თემატიკისა და მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით. თავისუფალი განხილვის დროს მოსწავლეები ჯგუფებში მსჯელობენ საკითხზე. განხილვაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მოდერირებული განხილვა მოითხოვს ჯგუფში ლიდერის შერჩევას, რომელიც ფასილიტაციას გაუწევს საკითხის განხილვას და უზრუნველყოფს ჯგუფის წევრების აქტიურ ჩართულობას. ქვეჯგუფებში განხილვა ორგანიზებულია სამწევრიან კლასტერებში, განხილვის შედეგების გაზიარება ხდება ორ ქვეჯგუფს შორის. ჯგუფის გამოკითხვა გულისხმობს ჯგუფის თითოეული წევრის გამოკითხვას შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ხდება შედეგების შეჯერება და ჯგუფის საერთო აზრის ჩამოყალიბება. დებატების დროს ჯგუფი ორ ნაწილად ან ქვეჯგუფებად იყოფა, მოსწავლეები მსჯელობენ და კამათობენ შერჩეულ საკითხზე. დებატების მოდელის გამოყენება ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობთ სადებატო საკითხს და დროს ვაძლევთ თავიანთი არგუმენტების და ჯგუფის სტრატეგიის მომზადებისთვის. გუნდური ვიქტორინა ბლიც-შეკითხვებზე აგებული შეჯიბრია და ცოდნის გამეორების, გახსენებისა და გამყარებისთვის ეფექტური მეთოდია. ჯგუფური მოკვლევა, დებატების მსგავსად, მოსამზადებელ სამუშაოს ითხოვს. მოსწავლეები თავად ირჩევენ თემას, ინაწილებენ თემის სეგმენტებს, აწარმოებენ ინფორმაციის კვლევა-გამოძიებას და ქმნიან ერთობლივ პრეზენტაციას. პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ სხვა მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი შეფასება გაუზიარონ ჯგუფს. შეფასების ზუსტი კრიტერიუმების წინასწარ დადგენის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია, ჯგუფებს შორის შეჯიბრიც მოაწყოს საუკეთესო პრეზენტაციის გამოვლენის მიზნით. 

ჯგუფური მატრიცა: ჯგუფური მატრიცის ტექნიკა შესასწავლი თემის ანალიზს, კლასიფიცირებას, ინფორმაციის ორგანიზებას მოითხოვს. მასწავლებლის მიერ შექმნილი სქემის გამოყენებით, მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ ბარათებს და განალაგებენ წინასწარ მომზადებულ სქემაზე. ბოლოს მასწავლებელი მათ აჩვენებს სქემის სწორ ვერსიას. ჯგუფურ მატრიცაზე მუშაობა მოსწავლეებს ეხმარება ინფორმაციის ორგანიზება– რეორგანიზებაში; ეფექტურია, როცა მოსწავლეებს დიდი მოცულობის ინფორმაცია აქვთ ასათვისებელი და გასაანალიზებელი. 

სეგმენტური მეთოდის, როლური თამაშის და სიმულაციის მეთოდები დეტალურადაა აღწერილი ინტერნეტ-გაზეთ “მასწავლებლის” სტატიებში, ამდენად, ამ მოდელებზე აღარ შევჩერდებით (იხილეთ: სეგმენტური მეთოდი, 16 ნოემბერი, 2012  https://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=19&id=124, როლური თამაში, 2 მაისი, 2012 https://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=19&id=39). 

წყვილში განხილვა: ამ ტექნიკის არსი მოსწავლეების მიერ იდეების და მოსაზრებების წყვილში გაზიარებაა. მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ, პასუხები წერილობით ჩაინიშნონ, შემდეგ წყვილში განიხილონ და მოსაზრებები შეაჯერონ. მასწავლებელს შეუძლია, პასუხები/შედეგები გამოიყენოს ჯგუფური განხილვის ფასილიტაციის ან ახალი მასალის ახნისთვის. ამ ტექნიკის გამოყენება მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვან ცნებებზე, აგრეთვე ავითარებს მოსწავლის მეტაკოგნიციას მოსაზრებების შედარებითა და ცოდნის დანაკლისის გამოვლენის გზით. ის მასწავლებელს კარგ წარმოდგენას უქმნის იმის თაობაზე, თუ რამდენად სიღრმისეულად იცნობს ან იაზრებს ჯგუფი მოცემულ თემატიკას.  

წყვილში განხილვის ერთ-ერთი ეფექტური ალტერნატივაა წყვილში პრობლემის გადაჭრა. ამ ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეები მონაცვლეობით უზიარებენ ერთმანეთს პრობლემის გადაჭრის მათეულ ხედვას/სტრატეგიას. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი დაასახელებს პრობლემას ან დაარიგებს ბარათებს პრობლემის აღწერით, თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, ჩანაწერები გააკეთოს და დასახოს პრობლემის გადაჭრის სტრატეგია. შემდეგ ისინი მონაცვლეობით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გეგმებს. სტრატეგიის გაზიარებისას მსმენელის როლში მყოფი მოსწავლე წაახალისებს მოსაუბრეს, განავრცოს თავის იდეები და უწყვეტად ისაუბროს დანიშნული დროის განმავლობაში. ამ ტექნიკის მთავარი უპირატესობა პროცესზე ფოკუსირებაა. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ჩამოაყალიბონ იდეები, მიიღონ გამოცდილება თავიანთი მოსაზრებების პრეზენტაციის დროს, განივითარონ თანმიმდევრულობა, გამოავლინონ თავიანთი ნაკლოვანებები ან დამატებითი ცოდნის/ინფორმაციის საჭიროება. მასწავლებლებს შეუძლიათ, დააკვირდნენ მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარ-ჩვევებს (Collaborative Learning Techniques Workshop, presented by Bill Cerbin, April 23, 2010).  

ურთიერთსწავლება: მოსწავლეები მასწავლებლის როლს ირგებენ ჯგუფებში. ისინი ერთობლივად კითხულობენ ტექსტს ან ასრულებენ დავალებას და შემდეგ ინაწილებენ მასალას სწავლებისთვის. თითოეული მოსწავლე ირჩევს მისთვის სასურველ სწავლების მეთოდს (ჯგუფური განხილვა, მასალის შეჯამება, კითხვების დასმა, საკითხის გარჩევა). დავალების ამ ფორმატში შესრულებისას მოსწავლეებს შეიძლება გადაეცეთ პირველწყაროები, დამატებითი სტატიები, არტეფაქტები, ხელნაწერები, სტატისტიკა, მულტიმედია მასალა და ა.შ. ამ ტექნიკის გამოყენება მათ უვითარებს პირველწყაროებთან მუშაობის, სტატისტიკის, არტეფაქტებისა თუ კრიტიკული მიმოხილვის ანალიზის უნარს. მასწავლებლის როლის მორგება საკუთარი თავის მონიტორინგსა და მასალის ახლებურად რეკონსტრუირებას უწყობს ხელს, ასევე, მოსწავლეებს მასალის ინტერპრეტირების მრავალმხრივობასთან აზიარებს  (Collaborative Learning Techniques Workshop, presented by Bill Cerbin, April 23, 2010).

თანამშრომლობითი სწავლის მრავალ ტექნიკას შორის მხოლოდ რამდენიმე შემოგთავაზეთ ამ წერილში. თანამშრომლობითი სწავლის მეთოდის გამოყენებისას უნდა ვეცადოთ, რომ თემატიკისა და მოსწავლეების საჭიროებებისა თუ ინტერესების შესაბამისად ავირჩიოთ თანამშრომლობითი სწავლის მოდელები. უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, სასწავლო მიზნების, თემატიკის, ვადების, მოსწავლეთა მომზადების დონის გათვალიწინებით, სწავლების სამი მოდელიდან (დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი) რომელი მოდელი ან მოდელების კომბინაცია იქნება ეფექტური.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი