სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ზაფხულიდან სკოლის მერხზე

როცა ჩემი შვილი პირველ კლასში მივიდა, თვითონაც ახალბედა მასწავლებელმა ისეთი მისასალმებელი დახვედრა მოუწყო, გულაჩუყებულს ცრემლები მდიოდა და, მგონი, ცოტა სულელურადაც ვიღიმოდი. ხელზე წამოცმული სათამაშო მაიმუნის დახმარებით უხსნიდა ბავშვებს, რომ სწავლა ტალღებში ცურვას ჰგავს, ხანგრძლივი მოგზაურობაა, სადაც ათას ვინმეს შეხვდები, ათასი თავგადასავალი, ფათერაკი და სირთულე გელის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენთან თქვენი მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები არიან და ყველაფერს შეძლებენ, ყველაფერს გაუმკლავდებიან; რომ თავგადასავლის მაძიებელს გართობა, გემრიელი საჭმელი და ტკბილი ძილი სჭირდება, იმისათვის, რომ ყოჩაღად იყოს; რომ თავგადასავალი გართობის გარეშე არაფერია, ამიტომ ბევრს იმღერებენ, იცეკვებენ და ითამაშებენ; რომ ხანგრძლივ მოგზაურობაში მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდე, ენდობოდე და გიყვარდეს შენი ექსპედიციის წევრები, ამიტომაც ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ თითოეული ბავშვის კარგად გასაცნობად და გასაგებად, ერთმანეთის სისუსტეები და სიძლიერეები დააბალანსონ და ასე შემდეგ. დიდი არაფერი, ქაღალდისგან გაკეთებული გემი ჰქონდა, ნაჭრის სათამაშო მაიმუნი, უკულელე და წყლის საღებავები, რომლითაც ბოლოს ეს გემი შეღებეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან განსხვავდებოდა ჩემი და ალბათ უამრავი სხვა ბავშვის სკოლის პირველი დღისგან, რომელიც ცრემლთან, სტრესთან, მერხთან გამართული ჯდომის ვალდებულებასთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე დიდი და ხანგრძლივი, სასიამოვნო მოგზაურობის დასაწყისთან. როცა სკოლაში მივდიოდი, არავის, არც მე, არც ჩემს მშობლებს და ეჭვი მაქვს, არც მასწავლებელს არ სჯეროდა, რომ სასიამოვნო თავგადასავალს ვიწყებდით.

 

ყოველ ჯერზე, როცა არდადეგები მთავრდებოდა და სკოლა იწყებოდა ხოლმე, სულ პირიქით ვფიქრობდი, რომ ტყეში ქრიალი, თავისუფლება, მდინარეში ბანაობა, ციცინათელებისა და ვარსკვლავების თვლა შებინდებულზე და სხვა გასართობები მთავრდებოდა და იწყებოდა მოსაწყენი თვეები, როცა ნაკლები დრო დამრჩებოდა არასასკოლო წიგნებისა და თამაშისთვის. დღემდე ზაფხული ჩემი საყვარელი დროა, ახლა უკვე ჩემს შვილებთან ერთად ვცდილობ, არადადეგები ბუნებასთან სიახლოვისთვის, სიჩუმის მოსასმენად, დიდი წიგნების გადასაყლაპად და საკუთარ თავთან დასაბრუნებლად გამოვიყენო. თუმცა ვცდილობ, ბავშვებს სჯეროდეთ, რომ თავგადასავალი სკოლაშიც შეიძლება ჰქონდეთ, გართობა სწავლის დროსაც შეიძლება და მართლაც, მიუხედავად ათასი სირთულის, დავალებისა და წვრილმანი თუ შედარებით მნიშვნელოვანი სასკოლო კონფლიქტისა, ეს ყველაფერიც თავგადასავალია და შენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ის. და ცოტათი სხვებზეც, შენს გარშემომყოფებზე.

 

თანამედროვე, ურბანულ გარემოში მცხოვრები ბავშვებისთვის ზაფხული კიდევ უფრო სულის მოსათქმელი ხდება ალბათ, ვიდრე ჩვენს ბავშვობაში იყო, როცა მშობლებს ასე არ ეჩქარებოდათ, როცა 6 საათამდე სკოლაში ამდენი ბავშვი არ რჩებოდა.

 

და ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე, როცა ბავშვები ზაფხულიდან სკოლის მერხებს დაუბრუნდებიან, მათ იქ საინტერესო ამბები დახვდეთ. ერთ-ერთი მხიარული გასართობი, რაც მე და ჩემმა შვილებმა არდადეგებიდან სასკოლო პერიოდზე გარდამავალი პერიოდისთვის მოვიფიქრეთ, იმ ამბების მოფიქრებაა, როგორ გაგრძელდებოდა იმ წიგნების გმირების ცხოვრება სკოლის დაწყების შემდეგ, რომლებსაც ზაფხულის თავგადასავლებით ვიცნობთ; ან როგორ დაისვენებდნენ ისინი, ვინც წიგნებში სკოლაში დადიან. აბა თქვენც დაუსვით ეს შეკითხვა მოსწავლეებს დავალების შესრულებისას, ფანტაზიასაც შეასხამენ ფრთებს, თავიანთ საყვარელ წიგნებსაც გააცნობენ ერთმანეთს და იმასაც მიხვდებიან, რომ ყველას ზაფხული და ყველას შემოდგომა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ისევე, როგორც თავად ადამიანები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი