პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თანამედროვე მოდელები

განათლების ხარისხის ამაღლება სკოლაში მასწავლებლის შრომის ინტენსიფიკაციას უკავშირდება. იმისათვის, რომ მოსწავლეებს 21-ე საუკუნეში საჭირო შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევები განუვითარდეთ, მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ ისე სწავლება, რომ მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები და ქცევითი მოდელები წარმოაჩინონ. ამ რთული მისიის შესრულებისთვის განათლების სისტემამ მასწავლებლები უნდა უზრუნველყოს უფრო ეფექტიანი მომზადებით (კერძოდ, პროფესიული განვითარებით), ვიდრე ეს აქამდე ტრადიციულად ხორციელდებოდა. 

ტერმინი “პროფესიული განვითარება” ნიშნავს მოწესრიგებულ, უწყვეტ და ინტენსიურ მიდგომას მასწავლებელთა შრომის ეფექტიანობის გაუმჯობესებისადმი იმ საბოლოო მიზნით, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს მოსწავლეთა მიღწევები. 

გავეცნოთ თანამედროვე მოთხოვნებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართ.

I.პროფესიული განვითარება ხელს უწყობს მოსწავლეთა მიღწევების ამაღლებაზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას. მასწავლებელთა პროფესიული განათლება ისე უნდა წარიმართოს, რომ იგი:
1.შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და სკოლის განვითარების მიზნებს;

2.მიმდინარეობდეს სკოლაში თანამშრომლებთან ერთად და მას უძღვებოდნენ სკოლის დირექტორები ან სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ლიდერები – მწვრთნელები, მენტორები, ფასილიტატორები და სხვა;

3.პერიოდულად ხორციელდებოდეს თანამშრომლების დადგენილ ჯგუფებში პრაქტიკის გაუმჯობესების უწყვეტი ციკლების სახით. ეს ციკლი მოიცავს:

მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლის საჭიროებების ღრმა ანალიზს, რომელიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესახებ მონაცემებს ეფუძნება;

პედაგოგების განათლების მიზნების განსაზღვრას ამ მონაცემების საფუძველზე;

დასახული მიზნების მიღწევას თანმიმდევრული, უწყვეტი და მონაცემებზე დაფუძნებული სასწავლო სტრატეგიებით, როგორიცაა, მაგალითად, გაკვეთილებზე დაკვირვება და განმავითარებელი შეფასების დამკვიდრება;

სწავლებასთან დაკავშირებულ წვრთნას ან სხვა სახის დახმარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადატანას გაკვეთილებზე;

პროფესიული განვითარების ეფექტიანობის რეგულარულ შეფასებას დასახული მიზნების, სწავლების გაუმჯობესების, მოსწავლეთა მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევის მიმართულებით;

დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე პროცესებისა და წარმატებების შესახებ სწავლებასა და მოსწავლეთა მიღწევებში;

საჭიროების შემთხვევაში, გარე დახმარებას უზრუნველყოფას.
II.ზემოთ აღწერილი პროცესების მხარდაჭერა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებებით, როგორებიცაა: პროფესიული განვითარების კურსები, სემინარები, ქსელები, კონფერენციები და სხვა. ეს ღონისძიებები უნდა:

1.შეესაბამებოდეს სკოლაში პროფესიული განვითარებისთვის პედაგოგების მიერ დასახულ მიზნებს; 

2.აღრმავებდეს სკოლის ბაზაზე მიმდინარე პროფესიულ განვითარებას;

3.ტარდებოდეს მოგებაზე ორიენტირებული ან არამომგებიანი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო მომსახურების დაწესებულებები, სპეციალისტთა/ექსპერტთა ქსელები და სხვა.

დავაზუსტოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შინაარსი, კონტექსტი და დიზაინი ამგვარი მიდგომის ფარგლებში.

პროფესიული განვითარების შინაარსი

მასწავლებელთა წვრთნა, რომელიც, ძირითადად, მოკლევადიანი ტრენინგ-სემინარებითა და ვორკშოპებითაა წარმოდგენილი, უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული მათი კომპეტენციების რეალურ ზრდაზე და ნაკლებად გულისხმობდეს მათთვის, უბრალოდ, სალაპარაკო ფორუმის მოწყობას. აბსტრაქტულ განხილვებთან და ხანგრძლივ დისკუსიებთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს აქტიური სწავლა/სწავლების, მოსწავლეთა შეფასების, დაკვირვებისა და რეფლექსიის უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობას. უმჯობესია, მასწავლებლებმა იმეცადინონ სპეციფიკური შინაარსის სწავლების ხერხების დაუფლებაზე – ეს ბევრად მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს მათ პრაქტიკაზე.

მასწავლებლებიც აღიარებენ და მრავალწლიანი გამოცდილებაც ადასტურებს, რომ პროფესიული განვითარების ღონისძიებებზე სასწავლო შინაარსი საგნობრივ-მეთოდიკური ხასიათის უნდა იყოს და, ამასთანავე, აქტიური სწავლა/სწავლების ხერხების გამოყენებით უნდა იყოს მიწოდებული. ეფექტი მით უფრო დიდია, რაც უფრო მჭიდროდ უკავშირდება სასწავლო მასალა ეროვნულ სასწავლო გეგმას.

პროფესიული განვითარების ერთ-ერთი წარმატებული ღონისძიება შესაძლოა დაიგეგმოს და განხორციელდეს ასე: სწავლის დაწყებამდე მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღონ ხუთდღიან საზაფხულო ვორკშოპში და შემდეგ, წლის განმავლობაში, ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეხვდნენ და გაუზიარონ ერთმანეთს პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემები და მიღწევები. მათ შესაძლოა განიხილონ მოსწავლეთა შერჩეული ნამუშევრები, ან უყურონ გაკვეთილების ვიდეოჩანაწერებს, სადაც მოსწავლეები წყვეტენ სხვადასხვა სასწავლო პრობლემას. ამ შეხვედრებზე მასწავლებლები სწავლობენ აგრეთვე მოსწავლეთა მოტივირებულობის შეფასებას, საკლასო დისკუსიების წარმართვას, მოსწავლეთა ნაშრომების შეფასებას რუბრიკების საშუალებით და შეფასების ინსტრუმენტების შექმნას.

პროფესიული განვითარების კონტექსტი

პროფესიული განვითარება უფრო ეფექტიანია მაშინ, როდესაც სკოლის ძალისხმევა პროფესიულ განვითარებაზე იზოლირებული არ არის სხვა სასკოლო სარეფორმო ღონისძიებებისგან. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შეუსაბამობები მასწავლებლების მიერ ნასწავლსა და იმ ცოდნას შორის, რისი დანერგვაც რეალურად შესაძლებელია გაკვეთილებზე, სკოლებმა უნდა დაუკავშირონ სასწავლო პროგრამა, სტანდარტები, შეფასება და სწავლების ორგანიზაცია (კერძოდ, საკლასო-საგაკვეთილო სისტემა და მეცადინეობათა განრიგი) მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნებში სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამის ცვლილებასთან დაკავშირებით, მასწავლებლებმა შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ ინტენსიურ ექვსკვირიან საზაფხულო კურსებში, სადაც აითვისებენ ახალ სასწავლო შინაარსსა და მეთოდიკურ მიდგომებს. სასწავლო წლის განმავლობაში ისინი მონაწილეობას მიიღებენ ექვს სემინარში, რომლებიც მიეძღვნება სასწავლო პროგრამის თანაბარ მისაწვდომობას ყველა მოსწავლისთვის და ავთენტურ შეფასებას. გარდა ამისა, ისინი მოთხოვნისთანავე მიიღებენ რეკომენდაციებს რეგიონული ლიდერებისგან და გაუზიარებენ კოლეგებს საკუთარ მოსაზრებებს ყოველწლიურ კონფერენციაზე.

კვლევებში გამოაშკარავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი და კოლეგიალური სასწავლო გარემო სკოლაში, რადგან სწორედ ეს განაპირობებს ცვლილებებს სკოლის მასშტაბით, როდესაც ინოვაცია სცილდება ერთი კლასის ფარგლებს. თუ ბევრი კლასი მონაწილეობს ინოვაციის დანერგვაში, მაშინ ისინი ქმნიან “კრიტიკულ მასას” და პრაქტიკა იცვლება მთელი სკოლის დონეზე. თუ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მასწავლებელი ცდილობს ტრენინგ-სემინარებზე ათვისებული მიდგომების დანერგვას და საკუთარი პრაქტიკის შეცვლას, ეს, როგორც წესი, მარცხით მთავრდება, რადგან ისინი იზოლაციაში ხვდებიან – არ ჰყავთ თანამოაზრეები და თანამზრახველები კოლეგებს შორის, არ ჰყავთ მხარდამჭერები სკოლის ხელმძღვანელებს და მშობლებს შორის, ხოლო მოსწავლეები უჩივიან განსხვავებული მიდგომებისგან შექმნილ დისკომფორტს.

მასწავლებლებს შეუძლიათ ერთმანეთის მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ნდობით გაჯერებულ გარემოში მასწავლებლებს შეუძლიათ წარმართონ კვლევა და რეფლექსია, წამოჭრან აქტუალური საკითხები, დილემის წინაშე უკან არ დაიხიონ _  გარისკონ და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა შედეგებზე.

პროფესიული განვითარების დიაზაინი

პროფესიული განვითარების პროგრამის დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს იმას, თუ როგორ სწავლობენ მასწავლებლები. პროფესიული განვითარების ღონისძიებებზე აქტიური სწავლა/სწავლების შესაძლებლობა მათ საშუალებას აძლევს, გარდაქმნან საკუთარი სწავლება. ამგვარი შესაძლებლობები მოიცავს ახალი სტრატეგიების მოდელირებას, მათ გამოცდას და რეფლექსიას.

მაგალითად, გაამართლა მიდგომამ, როდესაც მათემატიკის მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაში ახალი კურიკულარული მოთხოვნებისა და შეფასების ნორმების გამოყენებით. პროფესიული განვითარების ღონისძიებებზე მასწავლებლები დააკვალიანეს იმ კონცეპტუალურ შეფერხებებში (მათემატიკური ცნებებისა და პროცედურების გაგება), რომლებსაც მოსწავლეები აწყდებოდნენ. მასწავლებლებმა ისწავლეს, თუ როგორ განჭვრიტონ წინასწარ მოსწავლეთა მხრიდან მოსალოდნელი გაუგებრობები ახალ მასალასთან დაკავშირებით (ე.წ. ტიპური შეცდომები) და გაუმკლავდნენ ამ მხრივ წარმოქმნილ პრობლემებს ახალი კურიკულუმის სწავლებისას.

საბოლოოდ დადგინდა, რომ ტრადიციული ეპიზოდური, ფრაგმენტული ტრენინგები არ იძლევა სასურველ კუმულაციურ ეფექტს. მასწავლებელთა პრაქტიკა და მოსწავლეთა სწავლა, სავარაუდოდ, შეიცვლება, თუ  მასწავლებლების პროფესიული განვითარება იქნება მოწესრიგებული, უწყვეტი და ინტენსიური. კვლევამ აჩვენა, რომ ის მასწავლებლები, რომლებმაც, სულ ცოტა, 80-საათიანი პროფესიული განვითარების პროგრამა გაიარეს წინა წელს, მნიშვნელოვნად აღემატებიან ინოვაციების დანერგვის მხრივ იმ კოლეგებს, ვინც ნაკლები დრო დახარჯა პროფესიულ განვითარებაზე. ამასთანავე, მოსწავლეთა მიღწევების ზრდა დაკავშირებულია პროფესიული განვითარების პროგრამებში მასწავლებელთა ინტენსიურ მონაწილეობასთან და დაუფლებული ინოვაციების უფრო ფართო გამოყენებასთან. 

პროფესიული განვითარების ღონისძიებები, რომლებიც 14 საათზე მეტს არ გრძელდება, არავითარ ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე. ყველაზე დიდი ეფექტი ისეთ პროგრამებს აღმოაჩნდა, რომლებიც 30-დან 100 საათამდე გრძელდება და 6-დან 12 თვემდეა გადანაწილებული.

დასკვნები

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღწერილი მიდგომების მნიშვნელოვანი ნაწილი გაეროს ბავშვთა ფონდის  მხარდაჭერით (პროგრამის კოორდინატორი _ მარიამ ყუფარაძე) საქართველოში პირველად განხორციელდა პროგრამაში “აქტიური სწავლება. სწავლის მეთოდები”  (ავტორი _ პროფესორი ივან ივიჩი) ჯერ კიდევ 1998-2000 წლებში (პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან _ მიხეილ მინდაძე). 

მაგალითად, სატრენინგო ციკლებს შორის ტრენერები კურირებდნენ სკოლებს, რომელთა მასწავლებლებსაც ჩაუტარეს ტრენინგი. ყოველი ტრენერი სამი თვის განმავლობაში აგრძელებდა თანამშრომლობას მასწავლებლებთან – ეხმარებოდა გაკვეთილების დაგეგმვაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებით; ესწრებოდა გაკვეთილზე და აკვირდებოდა მასწავლებლის ოსტატობის ზრდასა თუ მოსწავლეების რეაქციებს მასწავლებლის მიერ გამოყენებულ მიდგომებზე; მასწავლებელთან ერთად განიხილავდა მიღწევებსაც და სისუსტეებსაც; რეკომენდაციებს აძლევდა მას შემდგომი განვითარებისთვის; უზრუნველყოფდა ჩატარებული გაკვეთილების ვიდეოგადაღებებს და ერთობლივ განხილვებს კოლეგებთან და მასწავლებლებთან.  

სწორედ ამავე პერიოდს და ანალოგიურ აქტივობებს ასახავს უცხოური კვლევების უმეტესი ნაწილი, რომელთა მიმოხილვაც მოცემულია წინამდებარე სტატიაში. მაშასადამე, ქართველი სპეციალისტები ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ მსოფლიოში განვითარებულ ტენდენციებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში. სამწუხაროდ, მოვლენათა სასურველი განვითარება შეფერხდა მიმდინარე რეფორმის საწყის პერიოდში, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სწორი, საგნობრივ-მეთოდიკური კალაპოტით არ წარიმართა და დავიდა ე.წ. ერთდღიან “სიმპოზიუმებში” მასწავლებელთა მონაწილეობამდე.

თუ შევაჯამებთ კვლევების შედეგებს, მივიღებთ შემდეგ სურათს:

I.კვლევები მხარს უჭერს მასწავლებელთა ისეთ პროფესიულ განვითარებას, რომელიც:

გააღრმავებს მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა სასწავლო შინაარსისა და სწავლების მეთოდების ცოდნას;
დაეხმარება მასწავლებლებს, ისწავლონ, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები სპეციფიკურ სასწავლო მასალას;
შეუქმნის მათ აქტიური სწავლის ხელმისაწვდომ შესაძლებლობას;
აათვისებინებს მასწავლებლებს ახალ მასალას, გამოაყენებინებს მათ პრაქტიკაში და მოახდენინებს რეფლექსიას მიღებულ გამოცდილებაზე (კოლეგებთან გაზიარების ჩათვლით);
არის სკოლის სარეფორმო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც უკავშირებს სასწავლო პროგრამას, სტანდარტებს, შეფასებას და სწავლების ორგანიზაციას (კერძოდ, საკლასო-საგაკვეთილო სისტემას და მეცადინეობათა განრიგს) მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას;
თანამშრომლობითი და კოლეგიალურია;
ინტენსიურია და უწყვეტია დროში.
II.კვლევები არ უჭერს მხარს მასწავლებელთა ისეთ პროფესიულ განვითარებას, რომელიც:
ეფუძნება ერთჯერად ვორკშოპებს;
შემოიფარგლება მხოლოდ მასწავლებელთა წვრთნით სწავლების ახალ ტექნიკაში ან ქცევაში;
არ არის დაკავშირებული მასწავლებლის კონკრეტულ სასწავლო გარემოსთან და სასწავლო გეგმასთან;
ეპიზოდური და ფრაგმენტულია;
მასწავლებლისგან ელის ცვლილებების განხორციელებას იზოლაციაში და მხარდაჭერის გარეშე;
არ უზრუნველყოფს მასწავლებლებისთვის უწყვეტი სწავლის შესაძლებლობას მრავალი დღისა და კვირის განმავლობაში.

სწორედ ასეთ მიდგომებს მოიცავს “მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის” სატენდერო განაცხადი. კერძოდ, ხაზგასმითაა შემოთავაზებული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელი და სპეციალური სტატუსით აღჭურვილი სპეციალისტების მუშაობა სკოლაში. ესენი არიან სკოლის ბაზაზე პროფესიული განვთარების კოორდინატორები. შემოთავაზებულია აგრეთვე სპეციალური საგნობრივ-მეთოდიკური გზამკვლევების მომზადება, რომელთა სავარაუდო შინაარსი მოიცავს კლას-კომპლექტებთან მუშაობას, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობას, დიაგნოსტიკურ სწავლა/სწავლებას, მოსწავლეთა მოტივირების ხერხებს, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხერხებს. 

“მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ტრადიციულ ტრენინგებთან ერთად, განიხილება მასწავლებელთათვის მისაღები ტემპით დაგეგმილი ონ-ლაინ ტრენინგებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით; დისტანციური სწავლება, ვირტუალური საინფორმაციო რესურს-ცენტრის ამოქმედება საკუთარი ვებ-გვერდით, ონ-ლაინ კონფერენციებისა და ვორკშოპების მოწყობა მიზნობრივი აუდიტორიისთვის (მაგალითად, პროფესიული განვითარების კოორდინატორებისთვის) და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი