ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ისევ კითხვის ხელ შემწყობი საქმიანობების შესახებ

   კითხვა
სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
კლასში კითხვისას შემოქმედი და გამოცდილი მასწავლებელი მეტნაკლებად ახერხებს ისეთი საქმიანობების შერჩევას, რომლებიც ტექსტის აღქმასა და გაგებას გაუადვილებს მოსწავლეებს, მაგრამ კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია მოსწავლეები შევაჩვიოთ დამოუკიდებელ კითხვას. კარგ მკითხველად და
არა „გადამკითხველად” ჩამოყალიბებისათვის მოსწავლემ უნდა შეძლოს კლასში
ხელმძღვანელობითი კითხვის დროს გამოყენებული სტრატეგიების გამოყენება დამოუკიდებელი
კითხვისათვის; მაგრამ ვერც მხოლოდ კარგად შერჩეული სტრატეგიებია საკმარისი კითხვის
მიმართ ინტერესის გაზრდისათვის. 
ნაკლებ სავარაუდოა, ყველამ ხალისითა და ინტერესით წაიკითხოს დამოუკიდებლად ტექსტი, რომლის გაგებაც უჭირს. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მოტივაციის დაცემა, კითხვის სურვილის გაქრობა. ტექსტის აღქმისა და გაგების ხარისხი დამოკიდებელია ბევრ ფაქტორზე, კერძოდ, როგორია მოსწავლის კითხვის ტემპი, აქვს თუ არა ტექსტის გაგებისათვის საკმარისი ლექსიკური მარაგი, ლინგვისტური ცოდნა და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია თვით ტექსტის თავისებურებებიც. ამიტომ, სანამ მოსწავლეები კარგ და ინტერესიან მკითხველებად
ჩამოყალიბდებიან, სასურველია, მოსწავლეებს თავად პედაგოგმა მისცემს რჩევები, რა
წაიკითხონ.

       დამოუკიდებელი კითხვისათვის
სარეკომენდაციო
ტექსტების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ასპექტი:

უპირველეს ყოვლისა, რა შინაარსის ტექსტები შევარჩიოთ?

   ამ თვალსაზრისით ანგარიში უნდა გაეწიოს შემდეგ საკითხებს:


·        

რით შეიძლება მოეწონოთ ტექსტი მოსწავლეებს.


·        

იძლევა თუ არა ტექსტის შინაარსი მოსწავლეთა პირად გამოცდილებასთან დაკავშირების საშუალებას.


·        

არის თუ არა ტექსტში ისეთი ელემენტები, რომლებიც აღძრავს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას.


·        

რამდენად ასახავს ტექსტი იმ ერის კულტურის თავისებურებებს, რომლის
წარმომადგენელიცაა მწერალი
და შეუწყობს თუ არა ხელს ამ კულტურის მიმართ ინტერესის გაღვივებას.


·        

არის თუ არა მისაწვდომი და გასაგები მოსწავლისათვის ის ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ტექსტი.


·        

არის თუ არა საკმარისი მოსწავლეთა ლინგვისტური ცოდნა ტექსტის გასაგებად. ხომ არ არის
ბევრი უცნობი სიტყვა, რთული სინტაქსური კონსტრუქციები და ა.შ.


·        

ხომ არ არის ტექსტი ძალიან მარტივი; იძლევა თუ არა მოსწავლის თუნდაც მცირეოდენი წინსვლის შესაძლებლობას.

 

 

იმის გათვალისწინება, როგორი რეაქციები შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს?

  კითხვის პროცესში მოსწავლეთა ჩართვასა და წაკითხულის გაგებას დიდწილად განსაზღვრავს მოსწავლეთა რეაქციები ტექსტების მიმართ, კერძოდ:


·        

რას მეუბნება ეს ტექსტი ისეთს, რაც აქამდე არ ვიცოდი (ინფორმაციული).


·        

რას ვგრძნობ წაკითხულის მიმართ, რა ემოციები აღმეძრა (ემოციური).


·        

ვეთანხმები თუ არა აქ გამოთქმულ მოსაზრებას/პოზიციას (აზრის გამომხატველი).


·        

ვგავარ თუ არა რომელიმე გმირს? როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე? ვიცნობ თუ არა ვინმეს, ვინც ასე მოიქცეოდა? (დამოკიდებულება გმირის მიმართ).

 

რამდენად რთული შეიძლება იყოს ტექსტები მოსწავლეებისათვის?

ამ თვალსაზრისით ტექსტების შეფასებისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:


·        

იცნობს თუ არა მოსწავლე მსგავსი ტიპის ტექსტს.


·        

იცნობს თუ არა თემას.


·        

არის თუ არა გადატვირთული ინფორმაციული თვალსაზრისით.


·        

არის თუ არა რთული ენობრივად (ლექსიკა და სინტაქსური სტრუქტურა).


·        

არის თუ არა ტექსტი კარგად ორგანიზებული (მკაფიობა, სიცხადე, ერთიანობა და თანამიმდევრულობა).


·        

ხომ არ არის ძალიან დიდი მოცულობით.


·        

როგორია სტილი.


·        

რამდენად რთულია კონცეპტუალური თვალსაზრისით (იდეების სირთულე შეიძლება შეფასდეს იმის მიხევდით, რამდენად არის გათვალისწინებული გადასვლა ნაცნობიდან უცნობისაკენ, კონკრეტულიდანაბსტრაქტულისაკენ, პირადულიდან _ საზოგადოსკენ).


      მოგვიანებით, როცა მოსწავლეებს
დამოუკიდებელი კითხვის ჩვევა ჩამოუყალიბდებათ, არჩევანი თავად მათ უნდა მივანდოთ,
მაგრამ თუ მაინც გვინდა, რომ დამოუკიდებლად საკითხავი მასალა კონკრეტულ მიზნებს
დავუკავშიროთ, ამისათვის სხვადასხვა ხერხი არსებობს.  ერთ-ერთი ასეთი ხერხია ლიტერატურული ვიქტორინა.
მოსწავლეებს წინასწარ ეძლევათ წაკითხი ნაწარმოებების ჩამონათვალი, რომელთა
ფარგლებშიც მომზადდება შეკითხვები და დავალებები. შეკითხვებს  ამზადებს როგორც მასწავლებელი, ისე
გუნდები.  ამასთან, ვიქტორინის ერთ-ერთი
ეტაპი შეიძლება იყოს ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმების
ნაწყვეტების ამოცნობა, გუნდების მიერ 
საშინაო  დავალების წარმოდგენა
(ნაწარმოების რომელიმე მონაკვეთის ინსცენირება) და სხვ. სწორედ ლიტერატურული
ვიქტორინების ჩატარების  რამდენიმეწლიანი
გამოცდილება გავითვალისწინეთ, როცა მონაწილეობა მივიღეთ საპატრიარქოსა და
მეცნიერებისა და განათლების ერთობლივი პროექტის – „წიგნის მეგობარი” – შექმნაში
(პროექტის პილოტირება 2013-2014 სასწავლო წლის სექტემბერშია დაგეგმილი).

   

    იმის დადგენაში, თუ რას და როგორ კითხულობენ დამოუკიდებლად მოსწავლეები, დაგვეხმარება წაკითხულის განხილვისათვის განკუთვნილი ბარათები.

  მოსწავლეთა მიერ შევსებული ბარათები მასწავლებლისათვის მრავალ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, რა დროს ანდომებს მოსწავლე დამოუკიდებელ კითხვას, როგორ არჩევანს აკეთებს (რას კითხულობს), რას აქცევს ყურადღებას კითხვის პროცესში, როგორ იგებს წაკითხულს, რა კომენტარებს აკეთებს.

  ბარათების ნიმუშები იხ. ქვემოთ.

 

ბარათები წაკითხულის განხილვისათვის

მოსწავლის სახელი და გვარი ____________________________

წიგნის ავტორი და სათაური

კითხვის დაწყებისა და დამთავრების დრო

ჩემი კომენტარი წაკითხულზე

 

 

 

 

 

 

 

 

ბარათებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მასწავლებლებს შეუძლიათ მკითხველთა კონფერენციის მოწყობა. ეს არის საუბარი წაკითხული წიგნის შესახებ, წიგნის/ნაწარმოების ან ავტორის კლასის წინაშე წარდგენის საშუალება. მოსწავლე აცნობს წიგნს ან ავტორს თანაკლასელებს და განუმარტავს მათ, რატომ და რით შეიძლება წიგნმა/ნაწარმოებმა დააინტერესოს მკითხველი.

  მკითხველთა კონფერენციები საუკეთესო გზაა, რომლითაც მოსწავლეები ეჩვევიან ნაწარმოებების დამოუკიდებელ კითხვას და წაკითხულის შესახებ მოსაზრებებს თავისუფლად, შეუზღუდავად გამოხატვას. ეს მათ ეხმარება არა მარტო კითხვის, არამედ კომუნიკაციური უნარჩვევების სრულყოფასა და თვითდამკვიდრებაში. ამგვარი საქმიანობით ყალიბდება მკითხველთა ერთობა, რომელთაც ესმით წაკითხული და აფასებენ კითხვის პროცესს.

  მკითხველთა კონფერენციებში იკვეთება ორო როლი: მოსაუბრის და მსმენელის. მოსაუბრეა ის, ვინც წიგნი/ნაწარმოები წაიკითხა და შთაბეჭდილებების, მოსაზრებების გაზიარება სურს აუდიტორიისათვის; აუდიტორიაში კი მოსაუბრის თანაკლასელები და მასწავლებელი იგულისხმება. Mმონაწილეთა როლები ამგვარად ნაწილდება:

 

მოსაუბრემ უნდა:


·        დაასახელოს წიგნის/ნაწარმოების სათაური და ავტორი;


·        გააცნოს აუდიტორიას თავისი არჩევანის საფუძველი (რატომ აირჩია ეს წიგნი/ნაწარმოები);


·        მოკლედ გადმოსცეს, რა ხდება წიგნში/ნაწარმოებში;


·        გააცნოს აუდიტორიას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები/ადგილი და ისაუბროს მათი/მისი მნიშვნელობის შესახებ;


·        

შეარჩიოს ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს, წაუკითხოს აუდიტორიას და გაუკეთოს კომენტარი;


·        

გაუზიაროს აუდიტორიას, რატომ მოსწონს წიგნის/ნაწარმოების კონკრეტული გმირი, ამბავი, თემა, იდეა.

 

აუდიტორიამ უნდა:


·        

ყურადღებით მოუსმინოს მოსაუბრეს;


·        

აიწიოს ხელი, თუ აზრის გამოთქმის სურვილი გაუჩნდა;


·        

გაუზიაროს თანაკლასელებს, რა მოეწონა მოსაუბრის გამოსვლაში;


·        

გაუზიაროს თანაკლასელებს, რით დააინტერესა მოსაუბრის მიერ წარმოდგენილმა წიგნმა/ნაწარმოებმა;


·        

დასვას შეკითხვები.

  თუ შესაძლებელია, მკითხველთა კონფერენციისას, სასურველია, კლასი წრიულად განლაგდეს, რათა ყველა ერთმანეთს ხედავდეს და ერთობის, თანამშრომლობის განცდა გაუჩნდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი