ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოსწავლეთა “ცუდი ქცევის” ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა, მეექვსე ნაწილი

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კომუნიკაციური კომპეტენტურობის ამაღლებაში

ზოგადად, ეფექტური კომუნიკაციის განსახორციელებლად საჭიროა ადამიანის ე.წ. სუბიექტური რეალობის გათვალისწინება. ეს უკანასკნელი შეკუმშული სახით მნიშვნელობების, სიმბოლოების და საზრისების მეოხებით გადმოსცემს ჩვენს გარეთ არსებულ სამყაროს. იგი შედგება:
1. ღირებულებათა სისტემისგან, ანუ იმისგან, რასაც მნიშვნელობა ენიჭება. მაგ. დაწყებითი კლასელისთვის ეს არის მასწავლებლის აზრი, მოზარდისთვის კი თანატოლთა შეხედულებები,
2. გონებრივი წარმოდგენებისაგან, მაგ მაწავლებელს საკუთარი წარმოდგენები აქვს თუ რა და როგორ ასწავლოს,
3. ჩვენი აღქმებისგან- ზოგი რეალური. ზოგიც ილუზორული. იმისათვის რომ კომუნიკაცია ეფექტიანი აღმოჩნდეს, აუცილებელია მოსწავლის სუბიექტური რეალობის გათვალისწინება,რაც არც ისე მარტივია- მასწავლებელმა უნდა მოახერხოს „შეერწყას” მოსწავლის აღქმებს, წარმოდგენებს, ღირებულებებს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი კომუნიკაციამ მიზანს მიაღწიოს.

მაწავლებელი უნდა ფლობდეს აქტიური მოსმენის უნარს ანუ უნდა იყოს კარგი მსმენელი. ვიდრე ამ უკანასკნელის მახასიათებლებზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ განვიხილოთ რა იგულისხმება ცუდ მოსმენაში, რას ნიშნავს იყო ცუდი მსმენელი. აქ გამოყოფენ 2 კატეგორიას : ცუდი მსმენელი და მოჩვენებითად კარგი მსმენელი.

ცუდი მსმენელების რამდენიმე ტიპი ასებობს: 1.. ე.წ. „პოლკოვნიკი”- მბრძანებელი და დიქტატორი ( ამ ტიპის მასწავლებლის საყვარელი ფრაზებია : „ ნელა ილაპარაკე”, „მოკლედ თქვი”, „ შენ ინანებ თუ მაგას გააკეთებ” და სხვ.) 2. ე.წ. „კურდღელი” . იგი მუდმივად გაურბის მწვავე საკითხებს და საუბარი გადააქვს სხვა თემაზე ( ამ ტიპის ადამიანის საყვარელი ფრაზებია :„ ეგ ამოიგდე თავიდან” „ ყველაფერი თავისით მოგვადება”..), 3. ე.წ. „ინტელექტუალი” . იგი საუბარში ბრძენკაცობს, იშველიებს ავტორიტეტებს და საბოლოო ჯამში უთიერთობაში გაგების ნაცვლად, სიტუაციას კიდევ უფრო გაუგებარს ხდის.

არსებობენ ე.წ.მოჩვენებითად კარგი მსმენელებიც. აქაც რამდენიმე ტიპს გამოყოფენ :1.ე.წ. “შემფასებელი”- მსჯელობაში კატეგორიულნი, რომლებიც მოვლენებს დადებითად და უარყოფითად ახარისხებენ, 2. ე.წ.„ინტეპრეტატორები”, რომლებიც აანალიზებენ სიტუაციას და უფრო „მარჩიელობენ”, რადგან თავისივე ვარაუდების ტყვეები ხდებიან, 3.ე.წ. „გულშემატკივარი”, რომელიც ზედმეტ თანაგრძნობას გამოხატავენ, უზომოდ აქებენ და ამშვიდებენ თანამოსაუბრეს, 4. ე.წ.„დიაგნოსტიკოსი”, რომელთაც ახასიათებთ ჭკუის სწავლება, კითხვების დასმის სიჭარბე და სხვა.

ახლა გავეცნოთ აქტიური მოსმენის ტექნიკებს:

1. მოსმენის განწყობა და „სხეულის ენა”. მოსმენისას მნიშვნელოვანია ისე განვეწყოთ, რომ მოვახერხოთ თანამოსაუბრის სამყაროს წვდომა და არა საკუთარი ვარაუდების გამოთქმა. ამასვე უნდა მიუთითებდეს თქვენი გამომეტყველება, ჟესტი, მიმიკა…,

2.არარეფლექსიური მოსმენა-მოსმენა შეფასების გარეშე , ეს არის ყუადღებიანი დუმილის პროცესი, მხოლოდ პაუზების დროს გამოითქმება მოკლე სიტყვები: „გავიგე”, „აჰა” და სხვა,

3. გარკვევა და დაზუსტება: ხდება ღია კითხვების დასმა საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით. კითხვის დასმის სტილიც უნდა იყოს არადირექტიული, მაგ ასე: „ხომ არ მოჰყვებოდით.. „ და არა ასეთი: :აბა, მოყევით..”4. რეფრაზირება-თანამოსაუბრის ნათქვამის გამეორება სხვა სიტყვებით, ამით საკუთარ თავსაც ვეხმარებით და თანამოსაუბრესაც, რათა უკეთ გავიგოთ, მან კი უკეთ გამოხატოს თავისი აზრი,

5. შეჯამება, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანია, როცა თანამოსაუბრე დიდხანს „ტკეპნის” ერთსა და იგივე ადგილს დისკუსიის დროს, 6. „გრძნობების არეკვლა”. ამ ხერხით თამნამოსაუბრეს ვაგრძნობინებთ, რომ მისი განცდები ჩვენთვის გასაგებია. ეს არის ემოციური მხარდაჭერა.

უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით,მოსწავლეებშიკომუნიკაციურ კომპეტენტურობის ფორმირებას სწორედ თქვენს მიერ გამოვლენილი აქტიური მოსმენის უნარი- მათი მიღება, ყურადღება, პატივისცემა, მოწონება და თბილი გრძნობები ეხმარება. როდესაც ჩვენ ურთიერთობის ამ კომპონენტების მოდელირებას ვახდენთ, ამით ჩვენ მოსწავლეებს ვასწავლით კიდეც, როგორ ააგონ და განამტკიცონ პოზიტიური დამოკიდებულება სხვებთან.

მიღება. მოსწავლე უპირობოდ უნდა მიიღო და არა იმის მიხედვით რას აკეთებს ან რას გააკეთებს. ეს არის ყველა დანარჩენის საფუძველი. მივიღოთ ის, ვინც აკეთებს და არა ის, რასაც აკეთებს. მოსწავლეს მუდამ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ პოზიტიური ადამიანია, მაშინაც კი როდესაც ცუდად იქცევა. ეს გრძნობა მათ ეხმარება დაძლიონ სირთულეები. საჭიროა მივიღოთ მოსწავლის თავისებურებებიც. მაგ. ხშირად მასწავლებლებს აღიზიანებთ მოსწავლის ჩაცმულობის მანერა., იმათ კი ჩვენი ჩაცმულობის მკაცრი სტილი. ამ ტიპის მიუღებლობა (ჩაცმულობა, ჩვევები) ძალზე აღიზიანებთ მოსწავლეებს. გვახსოვდეს, დრო იცვლება და თაობებიც თავისი დამახასიათებელი სტილით მოდიან. ისეთი სახის პრობლემა, როგორიცაა ” ჩემს დროს ეს ასე არ იყო”- უფრო მასწავლებლის პრობლემაა, ის არ უნდა გადავიტანოთ მოსწავლეზე.

ყურადღება. მოსწავლის მიმართ პოზიტიური ყურადღების გამოხატვა ურთულესი საქმეა, დიდ დროს, ენერგიას, ძალას და ემოციებს მოითხოვს მასწავლებლისგან. ერთი რამ იმთავითვე უნდა ითქვას: რაც უფრო მეტ პოზიტიურ ყურადღებას გამოხატავს მასწავლებელი ნორმალურ სიტუაციაში, მით ნაკლებ ნეგატიურ ყურადღებას საჭიროებენ ამრევები გაკვეთილზე.

როგორ მოვახერხოთ ეს , როდესაც კლასში 30-40 მოსწავლეა? საბედნიეროდ, აქ მნიშვნელოვანია თვისობრიობა (ხარისხი) და არა რაოდენობა. ხარისხიანი ყურადღების რამდენიმე გაელვება საკმარისია, შედეგი კი იგრძნობა საათობით და დღეებითაც კი. აი რამდენიმე ხერხი:

მიესალმეთ მოსწავლეებს . ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა იმაში გამოიხატება , რომ გამოიყენოთ 1-2 წუთი, რათა თითო სიტყვა უთხრათ თითოეულს გაკვეთლის დასაწყისში ან ბოლოს. ეს თქვენგან დიდ ორგანიზებულობასა და მოქნილობას მოითხოვს. რა შეიძლება მოყვეს ასეთ მიდგომას რთულ მოსწავლეში?

შემთხვევა: 7 წლის ვასიკოს მაწავლებლის არაფერი მოსწონს, არც ნათქვამი, არც გაკეთებული. მასწავლებელმა გადაწყვიტა უბრალოდ ყურადღება გამოეხატა მისადმი და რადგან ხასიათში ვერაფერი იპოვა მიმზიდველი, შეაქო მისი პერანგი, ის რაც უცებ თვალში მოხვდა. ერთი კვირის თავზე მან შეამჩნია, რომ ბიჭი პერანგს არ იცილებდა, მასწავლებელს უღიმოდა და თავმომწონეობდა.

მოუსმინეთ მოსწავლეებს. გამოიყენეთ ზემოთ განხილული აქტიური მოსმენის წესები, რათა გააუმჯობესო ურთიერთობა “მასწავლებელი- მოსწავლე”. მოუსმინეთ მოსწავლეებს, რაზეც არ უნდა გელაპარაკოს. მოსმენა უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე მისალმება, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე თქვენ გგონიათ. ნუ იფიქრებთ, რომ მისი პრობლემები თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მისცეთ რჩევა ან კონსულტირება გაუწიოთ. თქვენ უპ. ყოვლისა მოუსმინეთ.

ასწავლეთ მოსწავლეებს ყურადღების მოთხოვნა. რასაკვირველია უკეთესია თუ მოსწავლე ყურადღებას მოითხოვს და არ მოიქცევა ცუდად. ჩვენ ყოველთვის ვერ მოვახერხებთ მაშინვე მისი სურვილის დაკმაყოფილებას, მაგრამ შესაძლებელია ბოდიში მოვუხადოთ და დაპირება მივცეთ. თუ “სახელს არ გაიტეხთ” მოსწავლე დაგაცდით და დაელოდება ამ მომენტს. გთავაზობთ იდეათა ნაკრებს, თუ როგორ გამოვხატოთ ყურადღება. ეს იდეები ერთ-ერთი სემინარის მონაწილეებს ეკუთვნით: გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებთან რაიმეზე ისაუბრეთ, დაინტერესდით სკოლის გარეთ ვინ რას აკეთებს, მათი ნათქვამი დაიმახსოვრეთ და შესაფერის დროს გამოიყენეთ, სასადილოში ზოგჯერ მათთან ერთად მიირთვით, სახლშიც მიიწვიეთ, მათი მონაწილეობით მიმდინარე ღონისძიებებს დაესწარით, მათ მიერ მოფიქრებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეთ, მათთან ერთად საინტერესო ღონისძიებები მოაწყვეთ, სპორტულ თამაშებშიც მიიღეთ მონაწილეობა მათთან ერთად, მათი დაბადების დღე აღნიშნეთ, მაგ. მილოცვით , თუ ავად არის გაუგზავნეთ თქვენი ხელით დაწერილი მოკითხვა და დავალებებიც კი, მათი ჰობის მიმართ გულწრფელი დაინტერესება გამოხატეთ…..

პატივისცემა (აღიარება). აღიარება ძალიან სჭირდება ადამიანს. აჩვენეთ მოსწავლეს, რომ ის საჭიროა სკოლისთვის. აღიარება უნდა ხდებოდეს ხმამაღლა და ნათლად. აღიარებას ხშირად აიგივებენ მხარდაჭერასთან. აღიარება მხარდაჭერის მხოლოდ ერთი ტექნიკაა. აღიარეთ საქმე და არა მისი გამკეთებელი! ამით საქმეც გაგრძელდება და არც მოსწავლეს “აუვარდება თავში”, რისაც ასე ეშინიათ მასწავლებლებს. გამოიყენეთ შემდეგი ხერხები:

“მე-გამოთქმა.” აღწერეთ ქცევა და მისი შედეგი აკურატულად, ობიექტურად- შეფასებისა და სუბიექტურობის გარეშე. არავითარი ზოგადი სიტყვები, მხოლოდ კონკრეტიკა. ”გმადლობთ დახმარებისთვის”, “კარგად იმუშავე” არაფრის მომცემია. გამოიყენეთ 3 ნაწილიანი ფორმულა:
1. მოსწავლის ქცევა და მისი შედეგი,
2. რას ფიქრობთ მასზე,
3. მისი პოზიტიური ეფექტი. მაგ.”ქეთი, გაკვეთილი რომ ისწავლე ძალიან კმაყოფილი ვარ, ახლა შენ უკვე იცი უნაშთოდ როგორი რიცხვები იყოფა”

ფოკუსირება აწმყოზე.. გამოიყენეთ პრინციპი “აქ და ამჟამად”. ფრაზა: “ლალი, ადრე რატომ არ ცდილობდი ასე?’, მოსწავლეს თავის წარუმატებლობას ახსენებს და არც ისე სასარგებლო ხერხია. ახლა ის ამაყია თავისი წარმატებით და ნუ შეახსენებთ “ცუდ დროს”.

ასეც ნუ ეტყვით: ” ლიზი, იმედია მომავალშიც კარგად დაწერ”-ეს შეცდომაა, ის მომავალ აღიარებაზეა მიმართული. ასეთ მომენტებში არასოდეს შეადაროთ მოსწავლეები ერთმანეთს.

წერილობითი აღიარება. მოსწავლის წარმატების შესახებ მისწერეთ მშობელს და ბავშვსაც ჩაუწერეთ რვეულში ან დღიურში. ზოგიერთი მოსწავლე თვეობით ინახავს ამ ჩანაწერებს.

ასწავლეთ მოსწავლეს მოითხოვოს აღიარება. რადგან ჩვენ ყოველთვის ვერ ვამჩნევთ კარგს, ვთხოვოთ მოსწავლეებს გვითხრან, მათი აზრით, რა იმსახურებს აღიარებას. სცადეთ ასეთი ექსპერიმენტი: სთხოვეთ მოსწავლეებს თვითონ ჩაიწერონ რა გააკეთეს კარგი. დღის ბოლოს სთხოვეთ წაიკითხონ ის. თუ თვლით, რომ ჩანაწერები სიმართლეს შეეფერება ხელი მოუწერეთ და ნება დართეთ სახლში წაიღოს. ეს ხერხი კარგად მუშაობს, ხელს უწყობს საკუთარი თავის აღიარების ჩვევის ფორმირებას.

მოწონება. ჩვენ მოსწავლეებს იმასაც ვეუბნებით რომ მოგვწონს მისი ხასიათის ესა თუ ის თავისებურება და მცდელობა გააკეთოს რაიმე (თუნდაც უმნიშვნელო). ეს მათთვის დიდი სტიმულის მიმცემია. როცა მათი დადებითი თვისებები მოწონებულია, მათ სურვილი უჩნდებათ კიდევ უკეთესები გახდნენ. აი რამდენიმე სიტყვა, რომელიც დადებით თვისებებს გამოხატავს. ეს სიტყვები მუდმივად უნდა შევახსენოთ ზეპირად და წერილობითი ფორმით მოსწავლეებს: ღირსება, სიმამაცე, გონიერება, შემოქმედებითობა, ენერგიულობა, ენთუზიაზმი, პუნქტუალურობა, მოსმენის უნარი, შეუპოვრობა და ა.შ. შეადგინეთ ასეთი მარტივი წინადადებები და გამოიყენეთ:” როგორი საინტერესო მიდგომაა..” თავიდან ეს სიტყვები ბავშვისთვის შესაძლებელია უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ რამდენიმე ხანში საოცარ ეფექტს დაინახავთ, ეს მათ ბუნებრივად მოეჩვენებათ. ვიმედოვნოთ, რომ თვითონაც გამოიყენებენ ასეთ მიმართვებს ურთიერთობებში.

თბილი გრძნობები. კარგი მასწავლებელი თბილ ემოციურ გარემოს ქმნის კლასში. ის არა მხოლოდ გადასცემს მოსწავლეებს ცოდნას, არამედ თბილ ურთიერთობებსაც ასწავლის. გრძნობა არ არის საშუალება ან ინსტრუმენტი, რომელიც შედეგებს განამტკიცებს. არა! არ შეიძლება მისი ასეთი მიმართულებით გამოყენება: ” მე შენ მომეწონები თუ..” მოსწავლე პირობის გარეშე უნდა გვიყვარდეს. მას უნდა სჯეროდეს, რომ მასწავლებელი არ გადაიყვარებს თუ იცელქა, გაკვეთილი არ ისწავლა, გაუგებრობებში გაერია ან სხვა გარია. გრძნობა პიროვნებისადმია მიმართული, მიუხედავად იმისა როგორ გააკეთა ან არ გააკეთა რაიმე. გრძნობის გამოხატვა სწორედ მაშინ უნდა მოსწავლეს, როდესაც რაღაც კარგად ვერ გააკეთა. აი, მაგ. ასე; ” დათო, მჯერა ეს საკონტროლო უკანასკნელია, რომელიც არ გამოგივიდა. შეცდომისგან არავინ არაა დაზღვეული, იმედია გამოასწორებ. შესვენებაზე შეგვიძლია ცოტა ვილაპარაკოთ ამასთან დაკავშირებით”. ასეთი კომენტარები მყარ საფუძველს ქმნის პარტნიორული ურთიერთობისთვის. კეთილგანწყობილ ურთიერთობაზე ბევრი რაიმეს დაშენებაა შესაძლებელი. როცა ადამიანი გიყვარს, უარის თქმაც გიჭირს მის მოთხოვნებზე, თანაც თუ ის ჩვენთვისაც სასარგებლოა.

თბილი გრძნობების გამოხატვა შეხებით. ყველა მასწავლებელმა კარგად იცის, რომ მაგ. ხელის გადასმა კარგად მოქმედებს მოსწავლეზე. ფიზიკური კონტაქტის მოთხოვნილება ჩვილობიდან მოყვება ადამიანს. შურისმაძიებელ და ძალაუფლებისმოყვარე მოსწავლესთან ამ ხერხების გამოყენება საჭირო არაა, მათ ეს არც მოსწონთ. ასეთ მოსწავლეებთან საჭიროა დადებითი ემოციები სიტყვიერად გამოხატო. ის სჭირდება გაუბედავ, მორცხვ მოსწავლეს.

რამდენი მხარდაჭერა სჭირდება მოსწავლეს? ზედმეტი ხომ არ მოგვივა? ბავშვი შეიძლება გავაფუჭოთ სამი ხერხით:

1. როცა ცუდად იქცევა და არ ვახდენთ სათანადოდ რეაგირებას,
2. როცა ჩვენ ზომაზე მეტად ვუკეთებთ იმას, რაც თვითონ მისი გასაკეთებელია,
3. როცა “გამოგვყავს” იმ უსიამოვნო სიტუაციიდან, რომელშიც თავისი ნებით აღმოჩნდა. ხელშეწყობის ყველა სტრატეგია სასარგებლოა თუ სწორად იქნა გამოყენებული. მათი გაორმაგება, გასამმაგება უარყოფითი ზეგავლენის რისკს არ ზრდის. თუ მოსწავლე სულ “სისხლს მიშრობს” მე როგორღა გამოვხატო მისადმი მხარდაჭერა? იკითხავს მასწავლებელი. რასაკვირველია ძნელია, მაგრამ თანდათან მხარდაჭერა თავის შედეგებს გამოიღებს.

მეორეს მხრივ, ბევრ მოსწავლეს აკლია მხარდაჭერა, რის გამოც ისინი გაბოროტებულნი და გაღიზიანებულნი არიან. ისინი კარგ სიტყვებსაც ერთი ყურიდან მეორეში ატარებენ. გამოიჩინეთ მოთმინება, დააკვირდით მათი სახის გამომეტყველებას, ნახეთ რა იწვევს დადებით ემოციებსა და რა ტოვებს შთაბეჭდილებას. ძნელია, მაგრამ აქაც სხვა გზა არ არსებობს.
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი