სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მთხრობელობა – როგორც სასწავლო აქტივობა

ამბების მოყოლა ან მოსმენა თუ გიყვართ? დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას დადებითი პასუხი გექნებათ. ვისაც ბავშვობაში გაგვიმართლა ბებია ან ბაბუა ზღაპრების და ძველი ამბების კარგი მთხრობელები გვყოლოდა, იმაშიც დამეთანხმებით, რომ მათი ნაამბობი ჩვენს გონებას ანდამატივით იზიდავდა და ბავშვობის ნათელ მოგონებებად შემოგვრჩა.

ამბების მოყოლას ხანგრძლივი ისტორია აქვს. მთხრობელები უძველეს, დამწერლობამდე ეპოქაში ფლობდნენ უამრავი ეპიკური ამბავის თითქმის სიტყვასიტყვით დამახსოვრების უნარს. ისინი რამდენიმე საღამოს განმავლობაში გადასცემდნენ ხოლმე მსმენელებს ერთ რომელიმე ლეგენდას. მათ მეხსიერებაში შეეძლოთ თავიანთი ტომის მთელი ისტორიის ,,მოთავსება” და როცა ამის საჭიროება იყო (დღესასწაულებზე, რიტუალების შესრულებისას და ა. შ.), მათი ოსტატურად გადმოცემაც შეეძლოთ.

დამწერლობის გაჩენამ ადამიანებს ამბების ჩაწერის საშუალება მისცა და მათი მეხსიერება გაათავისუფლა ამ ,,გმირობისაგან”. მაგრამ ტრადიციულ მთხრობელობას არასოდეს დაუკარგავს და ახლაც აქვს თავისი ხიბლი. ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს, ყოველთვის იტაცებდა ამბების მოყოლა და მოსმენა. განათლების ექსპერტები იძლევიან რეკომენდაციას, რომ მასწავლებლებს წარმატებით შეუძლიათ მთხრობელობა, როგორც სასწავლო აქტივობა, სწავლების პროცესში გამოიყენონ, შეიტანონ მათში თამაშის ელემენტები, რითაც შეძლებენ გაკვეთილიც უფრო ხალისიანი და საინტერესო გახადონ და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარების განვითარებასაც შეუწყობენ ხელს.
 
რატომ უნდა მოვუყვეთ ბავშვებს ამბები?
ტრადიციულად მოთხრობის მოყოლა კლასისათვის ამბავის ზეპირად მოყოლას ნიშნავს. მას შეუძლია ბევრი სარგებლობა მოუტანოს ბავშვებს :
1.ანვითარებს მოსმენის და საუბრის კულტურას;
2.აძლიერებს ბავშვების წარმოსახვის და გონებრივი წარმოდგენების უნარებს;
3.ანვითარებს მეხსიერებას;
4.გავლენას ახდენს ბავშვების წერით მეტყველებაზეც, ისევე როგორც წაკითხული მასალის სელექციაზე;
5.აცნობს მათ ტრადიციულ მოთხრობებს, მითებს, ლეგენდებს და თქმულებებს; ამ გზით გაეცნობიან მორალის, ეთიკის, სამართლიანობის, და ა. შ. ცნებებს, ბუნებრივად ჩაერთვებიან დისკუსიაში სოციალურ მორალსა და პიროვნულ ეთიკაზე;
6.წარმოშობს სახალისო, შემოქმედებით ატმოსფეროს, მოახდენს მოსწავლეების დაინტერესებას.
მასწავლებელის პროფესია თითქოს იგივე მთხრობელობაა, რადგანაც გაკვეთილის ახსნაც ამბავის მოყოლაა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. მთხრობელობის, როგორც სასწავლო აქტივობის გამოყენებისას მასწავლებელი კონცენტრირებას მოახდენს ერთ რომელიმე ამბავზე, მოთხრობასა ან ლეგენდაზე და მისი გადმოცემისას გარეგნულ ეფექტებზეც ( მაგ; ზომიერი ემოცია, ჟესტიკულაცია) მოუწევს ყურადღების გამახვილება. მიგვაჩნია რომ აქტივობას წარმატებით გამოიყენებს დაწყებითი კლასების, ქართული ენის, ისტორიის, ხელოვნების მასწავლებლები. მათ შეუძლიათ თავიანთ სასწავლო მიზნებსა და კლასებს მოარგონ ჩვენი რეკომენდაციები. ქვემოთ მოცემული სტრატეგიებიდან მასწავლებლებს შეუძლიათ რომელიმე ერთი გამოიყენონ, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან.

დასაწყისი : მასწავლებელი, როგორც მთხრობელი
სასურველია თავიდან მარტივი, ცნობილი ამბებით დავიწყოთ, მაგალითად პატარებისათვის ეს შეიძლება იყოს ნაცნობი ქართული და უცხოური ზღაპრების და ლეგენდების გამარტივებული ვერსიები. საშუალო ასაკის ბავშვებისათვის უფრო რთული ამბები უნდა ავარჩიოთ, როგორიცაა მაგ; ეზოპეს და ს.ს. ორბელიანის იგავები. მაღალი კლასების მოსწავლეებისათვის კი ისეთი ამბები უნდა შევარჩიოთ, რომლებსაც ისინი ,,ბავშვურად” არ ჩათვლიან. მათთვის კარგია ჩახლართულსიუჟეტიანი მოთხრობები. მოთხრობების შერჩევის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ისინი არ უნდა იყოს ძალიან გრძელი, უნდა ჰქონდეს იუმორი და მსუბუქი ირონია, რომელიც ძალიან მოსწონთ ბავშვებს.
 
რამდენჯერმე წაიკითხეთ მოთხრობა, რათა დარწმუნდეთ, რომ კარგად დაიმახსოვრეთ. პატარა მოთხრობებისათვის ჩანაწერების გაკეთება არ დაგჭირდებათ. მაგრამ კარგი იქნება თუ მოთხრობას სარკის წინ წაიკითხავთ. ეს დაგარწმუნებთ, რომ მოთხრობა კარგად გახსოვთ.
მოსწავლეებს უთხარით, რომ რაღაც ახალს სწავლობთ. საკუთარი გამოცდილებით შევამჩნიე, ბავშვებს ძალიან მოსწონთ იმის გაგება, რომ მათი მასწავლებელიც სწავლობს ( სულ რაღაცას ვსწავლობ). შემდეგ უბრალოდ მოყევით ამბავი. საწყის ეტაპზე რეკომენდირებული არ არის ისეთი ეფექტების შექმნა, როგორიცაა ხმის ტემბრის შეცვლა, მიმიკების გამოყენება, ხელების მოძრაობა და სხვ.
ცოტა ხნის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ამბავი სეახსენოს და სთხოვოს მათ უკუკავშირი. მიზნად დაისახეთ კლასისთვის სემესტრის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის ამბების მოყოლა. ამბები ინტერნეტითაც შეიძლება მოიძიო, რომელიც სხვადასხვა კულტურების შესახებ მრავალ მრავალ საინტერესო მასალას გვთავაზობს.
ორი სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებელი უკვე შექმნის იმ მოთხრობების ნუსხას, რომლებსაც ამა თუ იმ კლასისთვის ყველაზე მეტად მისაღებად ჩათვლის და მისთვისაც მოსახერხებელი იქნება. ეს მოთხრობები მისი რეპერტუარის მთავარი ბირთვი გახდება. ეს არ ნიშნავს, რომ სიაში ახალი ამბები არ გაჩნდება და არც ერთი და იგივე ამბავის ყოველთვის ერთნაირად მოყოლა არ არის სავალდებულო. ამბების მოყოლის ერთ-ერთი სიამოვნება სწორედ ის არის, რომ მასწავლებელს შესანიშნავ ექსპერიმენტებს შეუძლია მიმართოს.

შემდეგი ეტაპი : ბავშვები, როგორც მთხრობელები
მას შემდეგ რაც მოსწავლეებს რამდენიმე ამბავს მოუყვებით და ბავშვები მოსმენის უნარს გამოიმუშავებენ, შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და უკვე მათი, როგორც მთხრობელის უნარის განვითარებაზე ვიზრუნოთ. გთავაზობთ რამდენიმე ტექნიკას. ისინი სირთულის მიხედვით სხვადასხვა დონისაა. მათ ერთმანეთის მიყოლებით მარტივიდან რთულისაკენ აღვწერთ და მასწავლებლების მიმართ ვიძლევით რეკომენდაციას, პრაქტიკაში მათი გამოყენებისას დაიცვან ეს თანმიმდევრობა.
მოთხრობის მოყოლა წყვილებში
სასურველია ამბების მოყოლა ბავშვებს ისე დავაწყებინოთ, რომ მათ თავი კომფორტულად იგრძნონ. ამისათვის უბრალოდ მეწყვილესთან ერთად ჯდომა და მასთან ერთად ამბების მოყოლაც საკმარისია. შეგვიძლია ბავშვები წრეში დავსვათ სკამებზე და მოვუყვეთ მოკლე, მათთვის უცნობი მოთხრობა. უცნობი ამბავი იმიტომ უნდა ავარჩიოთ, რომ გვინდა მოსწავლეები ამ აქტივობით გარკვეული გამოწვევების წინაშე დავაყენოთ. როცა თხრობას დავამთარებთ, ბავშვებმა გვერდით მჯდომთან უნდა შექმნან წყვილები და ერთად მოყვნენ მოსმენილი მოთხრობა. მკაფიოდ უნდა მოვითხოვოთ მოსწავლეებისაგან, რომ ერთმა კი არ მოუყვეს მეორეს მოთხრობა, არამედ ერთმანეთს მოუყვნენ. ჯერ ერთმა უნდა დაიწყოს საუბარი, მეორემ გააგრძელოს, შემდეგ ისევ პირველმა და ა.შ. სანამ ამბავი არ დამთავრდება. მათ შეუძლიათ ერთმანეთის მოყოლაშიც ჩაერიონ და შეახსენონ ის დეტალები, რომლებიც მის მეწყვილეს გამორჩა მოყოლისას. აგრეთვე შეუძლიათ დროებით თხრობაც შეწყვიტონ და პატარა დისკუსიაც მოაწყონ რომელიმე საკითხზე და ამით ამბავიც უკეთ გაიხსენონ. ეს ტექნიკა რამდენიმეჯერ შეგვიძლია გავიმეოროთ სანამ შემდეგ საფეხურზე გადავალთ.
ამბები წრეში
მას შემდეგ რაც მოსწავლე პატარა, უბრალო ამბებს თავის პარტნიორს მოუყვება, შესაძლებელია მისთვის უკვე კომფორტული გახდეს ამბავის ჯგუფისათვის მოყოლა. ამ აქტივობისათვის მთელი კლასი მასწავლებლის ჩათვლით სხდებიან წრეში. მასწავლებელი მოყვება ამბავს მთლიანად. შემდეგ თითოეული მოსწავლე ერთმანეთის მიყოლებით მოყვება მოთხრობის მცირე ნაწილს. ამ დროს კარგი იქნება თუ რაიმე პატარა საგანი გვექნება, რომელსაც მოსწავლეები ერთმანეთს გადასცემენ. ამბავის მოყოლას დაიწყებს მასწავლებელი, იტყვის რამდენიმე წინადადებას და შემდეგ საგანს გადასცემს მის გვერდით მჯდომ მოსწავლეს მარჯვნივ ან მარცხნივ. თითოეული მოსწავლე მოყვება რა ამბავის თავის ნაწილს, წრის ბოლოს ამბავიც ჩამთავრდება.
სავსებით მოსალოდნელია რომელიმე მოსწავლე შეფერხდეს. ასეთ შემთხვევაში მომდევნო ან რომელიმე სხვა მოსწავლეს შეუძლია მას წამოეშველოს. როდესაც ამ აქტივობას პირველად აკეთებთ, დასაშვებია ბავშვს უფლება მივცეთ თავის წილი მოთხრობის მოყოლაზე უარი თქვას და ჯერი შემდეგ მოსწავლეზე გადავა.
ერთწუთიანი მოთხრობა
ახალ ტექნიკაზე გადასვლისას, რომელსაც ერთწუთიანი მოთხრობა შეიძლება ვუწოდოთ, მოსწავლეებისათვის ნაცნობი ამბავი უნდა გამოვიყენოთ. დასაშვებია რომ ეს ამბავი ორივე ზემოთაღწერილი აქტივობით ჰქონდეთ მოყოლილი. მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ – ერთი ყვება მთელ ამბავს და მეორე უსმენს, შემდეგ როლებს გაცვლიან. მაგრამ ამბის მოსაყოლად თითოეულს მხოლოდ ერთი წუთი ექნებათ და მასწავლებლის ფუნქცია დროის გაკონტროლებაა. შესაძლებელია მათ დროდადრო დარჩენილი წამებიც შევახსენოთ. მაგ; როცა დარჩება 30 წამი, 15 წამი, 5 წამი (ბოლო ხუთი წამი შეიძლება დავუთვალოთ). დროის შეხსენება მოსწავლეს აიძულებს თავისი მოთხრობა შეამციროს და მხოლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვას. ასე რომ, ეს აქტივობა ბავშვებს ინფორმაციის დახარისხების უნარსაც განუვითარებს. აქტივობა ძალზე სახალისოა და მოსწავლეებს აჩვევს გამოწვევების წინაშე დგომას.
ცარიელი ძვლები
ეს სტრატეგია ამბების მოყოლის მთავარ ტექნიკად შეიძლება ჩავთვალოთ. მოსწავლეეები ისევ წყვილებად დავყოთ და დავავალოთ რომ ამბავი, რომელიც მათ მოისმინეს, ზუსტად განსაზღვრული წინადადებების რაოდენობით გადმოსცენ (მაგ; 10 წინადადებით). ეს გახლავთ კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც მოსწავლეების კონცენტრაციას მოახდენს, რომ განასხვავონ მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია. ამასთან წერითი მეტყველების კულტურის განვითარებასაც უწყობს ხელს. ძალიან კარგი იქნება თუ ამ აქტივობისათვის სპეციალურ ფორმას გამოვიყენებთ. მაგ; მოსწავლეებს მივცეთ ფურცელი, რომლებზეც დახატული იქნება ზუსტად იმდენი ძვალი, რამდენი წინადადებაც მათ უნდა დაწერონ, შესაბამისად თითო ძვალში თითო წინადადება უნდა ჩაიწეროს. ეს ფორმა უკვე წარმოადგენს ჩანაწერებს, რომლებსაც მოსწავლეები მომდევნო ეტაპზე გამოიყენებენ, როცა ისინი აუდიტორიას ამბებს, როგორც მთხრობელები მოუყვებიან.

ბავშვები ხდებიან მთხრობელები

ზემოთ აღწერილი აქტივობების ათვისების შემდეგ ბაშვები უკვე მზად არიან თვითონ იქცნენ მთხრობელებად და მოთხრობა ან ამბავი მთელ კლასს მოუყვნენ. შევარჩიოთ რამდენიმე მოთხრობა, კლასი ჯგუფებად დავყოთ და ჯგუფის ყველა წევრს მივცეთ მოთხრობა. ვთხოვოთ მათ, რომ ჯერ ,,ძვლების” ჩანაწერები გააკეთონ, ხოლო შემდეგ მოახდინონ მისი პრეზენტირება მთელი კლასისათვის. მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი მოსწავლე უბრალოდ წაიკითხავს დაწერილ ჩანაწერებს, ნიჭიერი ბავშვები კი ჩანაწერებს შეალამაზებენ და ისე მოყვებიან.
ყველა ნიჭიერი ბავშვი არ არის კარგი კომუნიკატორი, მაგრამ ჩვენ დავინახავთ, რომ მათი უმეტესობა ახალ აქტივობაში ხალისით ჩაერთვება და დავალებებსაც წარმატებით გაართმევს თავს. განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს შეიძლება ძველი, ცნობილი ამბების თანამედროვე ეპოქასთან ადაპტირება ვთხოვოთ, რაც თავის მხრივ დამატებითი სააზროვნო აქტივობა იქნება და ამავდროულად სახალისოც.
მთხობელობა უცხოეთში ძალზე პოპულარული გახლავთ. იქ ლიტერატურული ფესტივალების პარალელურად მთხრობელების ფესტივალებიც ტარდება. მათ შორის ყველასათვის ცნობილ ედინბურგის ფესტივალზე. ამ ფესტივალებზე ნიჭიერი ბავშვები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მონაწილეობენ. წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერში იწერენ თავიანთ საუკეთესო შესრულებებს, შემდეგ მათ ტექნიკურადაც აფორმებენ (მაგ; მუსიკით ). თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგი მათგანი საკუთარი დისკების გაყიდვასაც კი ახერხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი