ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა წარუმატებელი მოსწავლეების გარეშე – აზროვნება და დამახსოვრება

უილიამ გლასერი. იმას, რასაც დღეს განათლებას ეძახიან – არის ინფორმაციის დაგროვება და მეხსიერების ვარჯიში. ჩვენს განათლების სისტემაში აზროვნების განვითარებას , არსობრივად, არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება.

 

განათლების სისტემა აქცენტს აკეთებს ადამიანის ტვინის მეორად ფუნქციაზე – მეხსიერებაზე, იმ დროს , როდესაც მის ძირითად ფუნქციას – აზროვნებას წარმოადგენს. სწავლების პროცესში ჩვენ აზროვნებას უმეტესად ვუკავშირებთ ამოცანების გადაჭრას, რომელიც ზუსტ პასუხს გულისხმობს. გონების მუშაობის ეს ფორმა გამოიყენება მათემატიკის და ფიზიკის გაკვეთილებზე, მაგრამ თვითონ პასუხი და მისი ფორმა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ლოგიკური მსჯელობა, რაც აუფასურებს აზროვნების პროცესს. ბავშვებს იშვიათად ეძლევათ საშუალება დაფიქრდნენ პრობლემებზე, რომელზეც არ არსებობს ერთგვაროვანი ან სწორი პასუხი. ჩვენს დროში აუცილებელია მათ იფიქრონ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და აკადემიურ საკითხებზეც კი, რომლებიც გულისხმობს რიგ ალტერნატიულ პასუხებს.

შიგადაშიგ სწავლებისას გამოიყენება მხატვრული კრიტიკა, ანუ ლიტერატურული ნაწარმოების, ხელოვნების ნიმუშის, მუსიკის, ფილმის, სატელევიზიო გადაცემის შეფასება. პირველი კლასიდან სკოლის დამთავრებამდე დისკუსიის პროცესში აუცილებელია ჩამოყალიბდეს კრიტიკული აზროვნება. ხელოვნების ნამდვილი გაგება არ მიიღწევა იმის დამახსოვრებით, თუ ვინ, რა და როდის შექმნა. სამწუხაროდ სწორედ ასეთი მიდგომაა დამახასიათებელი სკოლის პრაქტიკაში.

მხატვრული კრიტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული შემოქმედებით აზროვნებასთან. მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი დრო უნდა დაუთმონ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს. მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი სკოლა უთმობს ამ დარგებს სათანადო დროს მაშინ, როდესაც დგას აუცილებლობა ისინი გახდნენ სასკოლო პროგრამის განუყრელი ნაწილი. საგნები, რომლებიც შემოქმედებით უნარებს ავითარებს, ითვლება არაპრაქტიკულად და სათანადოდ არ ფასდება.მაგრამ სწორედ ისინი ახდენენ გავლენას მოტივაციაზე, რომელიც სტიმულს აძლევს ბავშვს შემოქმედებითად განვითარდეს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ცხოვრებაში მიზნის მისაღწევად.

ის ფაქტი, რომ დამახსოვრება და არა აზროვნება უდევს საფუძვლად სწავლას, გამოწვეულია არაორაზროვნების ანუ „განსაზღვრულობის პრინციპით”, რომლითაც ხელმძღვანელობს თითქმის ყველა სკოლა. ამ პრინციპის მიხედვით ყველა კითხვაზე არსებობს სწორი ან არასწორი პასუხი. აქედან გამომდინარე, განათლების მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვებმა იცოდნენ სწორი პასუხები იმ უამრავ კითხვებზე, რომლებსაც მასწავლებლები მნიშვნელოვნად ჩათვლიან. დაწყებითი სკოლის მასწავლებლებთან საუბრისას, დავინტერესდი გაკვეთილზე თავისუფალი დისკუსიისადმი მათი დამოკიდებულებით.ზოგიერთი მარწმუნებდა, რომ ამისთვის შესაბამის გარემოს ქმნიდნენ.ისინი ამბობდნენ: „ ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს, სანამ არ მივალთ სწორ პასუხამდე”. თუმცა დისკუსიისადმი ასეთი დამოკიდებულება არატიპიურია, მაგრამ ის ასახავს პრობლემას.

დაწყებით კლასებში ბავშვებს აჩვევენ იმ აზრს, რომ გაკვეთილზე მთავარია – სწორი პასუხი, ამ პასუხის მთავარი წყარო კი – მასწავლებელი და წიგნია. თუ რომელიმე მათგანი ამტკიცებს, რომ დასმულ კითხვაზე შეიძლება იყოს რამდენიმე სწორი პასუხი, მას სწრაფად მოიყვანენ გონს, მითუმეტეს, რომ ასეთი ბავშვები ერთეულებია. „განსაზვრულობის პრინციპი” დომინირებს არა არმარტო სასწავლო პროგრამებში, არამედ ის სკოლაში ბავშვების ქცევის წესებსაც კარნახობს . ისინი აცნობიერებენ,რომ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სკოლის ცხოვრებას ეხება – მათი საქმე არ არის. ბავშვებს პატარაობიდან ფორმალურად თითქოს უნერგავენ დემოკრატიული ცხოვრების წესის უპირატესობას, იმას, რომ ხალხი, საერთო წამოწყებებში,ერთად ამუშავებენ მის კანონებს. გასაკვირია,რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ დემოკრატიაზე. იქნებ ამ გაუგებრობის მიზეზი სკოლაში უნდა ვეძებოთ, მასში დემოკრატიული გამოცდილების ნაკლებობას მივაწეროთ?

ბავშვებს უნდა მიეცეთ ხმის უფლება სკოლის პროგრამების და შინაგანაწესის განსაზღვრისას. დემოკრატიის სწავლა მხოლოდ პრაქტიკაში შეიძლება. ისეთ სკოლებში, სადაც პასუხისმგებლობას პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებიც ინაწილებენ, ახალგაზრდობა საქმით სწავლობს დემოკრატიას. მათ ესმით, რომ დემოკრატიულ სკოლაში,ისევე როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, უამრავ კითხვაზე არ არსებობს ერთგვაროვანი პასუხი, რომ მათზეც არის პასუხისმგებლობა რთული პრობლემების ოპტიმალურად გადაწყვეტის საქმეში.

მანამდე, სანამ „განსაზღვრულობის პრინციპი” დომინანტური იქნება განათლების სიტემაში, ჩვენ ვერ ვასწავლით ბავშვებს აზროვნებას.მეხსიერების განვითარება არ ნიშნავს განათლებას, ზუსტი ინფორმაცია კი არ არის ცოდნა. განსაზღვრულობა და მექანიკური დამახსოვრება – მტერია ცოცხალი აზროვნების, ისინი კლავენ შემოქმედებითობას და ორიგინალურ აზროვნებას.

„განსაზღვრულობის პრინციპის” გარდა განათლებაზე, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების სხვა უამრავ მოვლენებზე, ზეწოლას ახდენს „გაზომვის პრინციპი”,რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ის რაც არ არის გაზომვადი და დათვლადი, არ წარმოადგენს ფასეულობას.რაოდენობრივი განზომილებები საჭიროა ფასეულობებთან და სტანდარტებთან შესადარებლად. ფაქტები,რომლებიც მოსწავლემ უნდა დაიმახსოვროს სხვა ფაქტებთან შედარებისთვის – ამაში მდგომარეობს ცოდნის შეფასება.

ერთხელ, ნიუ– იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში, განსაზღვრულობის და გაზომვადობის პრინციპების მოქმედების სამწუხარო მაგალითს შევესწარი. ყურადღება მივაქციე ახალგაზრდა გოგონების ჯგუფს, რომლებიც სურათებს ათვალიერებდნენ, თან რვეულებში რაღაცას გულმოდგინედ იწერდნენ. ძალიან დამაინტერესა ამდენხანს და ასე გულდასმით რას იწერდნენ რვეულში. გადავწყვიტე მეკითხა. მათ მიპასუხეს, რომ იწერდნენ არა მხოლოდ მხატვრის გვარს და ნახატის ზოგად მონაცემებს, არამედ დეტალურად აღწერდნენ ჩარჩოს, სურათის განმასხვავებელ დეტალებს და ყველა მოსაზღვრე ნახატებს.ეს ჩანაწერები მათ დაეხმარებოდათ სურათის ცნობაში, როდესაც კოლეჯში ხელოვნების ისტორიის პედაგოგი შესაბამის სლაიდს აჩვენებდა ეკრანზე . ასე ემზადებოდნენ გოგონები საკონტროლო სამუშაოსთვის თემაზე „ხელოვნების ნამუშევრების ანალიზი”. ნათელია, რომ სტუდენტების არაერთი თაობა ემზადება ასე საკონტროლოსთვის, რომ არ შეეშალოთ და სწორედ დაასახელონ ნახატი. პედაგოგი ამ დროს გამოდის განსაზღვრულობის და გაზომვადობის პრინციპების მიმდევარი. ვუყურებდი გოგონებს, რომლებიც ჩაფლულები იყვნენ ნახატებში განსხვავებული ნიშნების ძებნაში და არ მჯეროდა, რომ ისინი ასე ეზიარებოდნენ ხელოვნებას, იკვლევდნენ მხატვრის შემოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დავალებას, ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ხელოვნებასთან. მათი ხელმძღვანელი კლავდა მათში ხელოვნებისადმი ინტერესს. თუ კოლეჯში ხელოვნების ნიმუშების კატალოგიზაციის კურსი არის არჩევითი, სკოლებში ყველა საგანი სავალდებულოა – მოსწავლეებს არ აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება.

როგორია სტუდენტების ემოციური რეაქცია „განსაზღვრულობის პრინციპზე? განიცდიდნენ კოლეჯის სტუდენტები სიხარულს მუზეუმში საქმიანობისას? შეუძლია კი ასეთ საქმიანობას მოუტანოს მათ კმაყოფილების და შესრულებული სამუშაოს მნიშვნელობის შეგრძნება? უჩნდებათ მოტივაცია და სტიმული მომავალში ხელოვნების შესწავლისთვის?თუ სრულიად საწინააღმდეგო ხდება? რასაკვირველია, სასიამოვნოა, როდესაც კითხვაზე სწორ პასუხს სცემ, მაგრამ როდესაც სწორი პასუხი დაფუძნებულია მექანიკურ დამახსოვრებაზე, მას არ მოაქვს შემეცნების რეალური სიხარული. ჩვენ მაშინ განვიცდით კმაყოფილებას, როდესაც ჩვენი სიმართლე მსჯელობის , საკუთარი შეხედულებების და გადაწყვეტილებების მიღების შედეგია. მაქსიმუმი , რასაც ბავშვს აძლევს დამახსოვრება, იმ შემთხვევაში, როდესაც მას კარგი მეხსიერება აქვს – ესაა კარგი განწყობა. მაგრამ თუ ის იოლად ვერ იმახსოვრებს, ხოლო აზროვნების სხვა ფორმები კი უგულებელყოფილია, მაშინ მას ეუფლება ღრმა უკმაყოფილების შეგრძნება. ასე რომ , ტესტების სიმრავლეს, რომელიც მოითხოვს მხოლოდ ფაქტიური მასალის ცოდნას, განათლება შეყავს ჩიხში.

აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ დაზუთხვა, რომელიც თანამედროვე განათლების სისტემის მთავარ მეთოდად რჩება, ინტერესს აკარგვინებს იმ მოსწავლეებს, რომლებიც კარგად სწავლობენ და იმედგაცრუების და დათრგუნულობის შეგრძნებას უჩენს მათ, ვინც კარგად ვერ სწავლობს. თუ „განსაზღვრულობის პრინციპი” მომავალშიც დომინანტური იქნება განათლების სისტემაში, სიტუაცია არასოდეს შეიცვლება უკეთესობისკენ: ასაკის მატებასთან ერთად , შინაგანი მოტივაცია უფრო და უფრო სუსტდება, რადგან სწავლას სულ უფრო ნაკლები კმაყოფილება მოაქვს. ბავშვების მიმართ, რომლებსაც არ შესწევთ უნარი იმ ოდენობის ინფორმაციის დამახსოვრების, რამდენიც შეესაბამება სკოლის, მშობლების და საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, უფრო ხშირად გამოიყენება გარე მოტივაცია – ინსტრუქციები, შეფასებები,მუქარა, სასჯელი, დროებით სკოლიდან გარიცხვაც კი. ამგვარად, სკოლებში წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი „განსაზღვრულობის პრინციპშია”, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ემოციურ კმაყოფილებას შემოქმედებითი პროცესით.

იმ ბავშვებისთვისაც კი, რომლებიც დადებითად არიან განწყობილი სკოლისადმი, მას ვერ მოაქვს სიხარული. სკოლას უყურებენ , როგორც ცხოვრების გარდაუვალ მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც ატესტატის მიღებით უნდა დასრულდეს. განათლება, როგორც ინტელექტუალურად გაჯერებული და შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც თავისთავად შეუძლია სიხარულის მოტანა, არ იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს ისევ და ისევ იმ სასტიკი „ განსაზღრულობის და გაზომვადობის” პრინციპების მიზეზით. ის ცოდნა, რომელიც შორსაა ცხოვრებისგან და ვერ გამოიყენება პირადი თუ სოციალური პრობლემების გადაჭრისას, არაა საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს საზოგადოების აქტიური წევრი. „ განსაზღვრულობის პრინციპი” ბავშვს თანამშრომლობისკენ სწრაფვის მაგივრად უვითარებს თვითიზოლაციის ტენდენციას. ყველას აქვს თადარიგში სწორი პასუხი, მაგრამ არ განიხილავს მას როგორც საშუალებას საკუთარი ან სხვისი პრობლემის გადაჭრისას , ის ფასეულია თავისთავად. ბავშვი თავის საბოლოო მიზანს ამ მთავარი კანონების დაცვაში ხედავს, რაც განათლების სისტემასთან კომპრომისის ძებნაში ეხმარება. ასეთი დამოკიდებულება ამძაფრებს კონკურენციას, ე.ი. ჩნდება ჩაკეტილობა, იზოლირება ერთმანეთისგან. ტრადიციული სკოლის სავალალო შედეგები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.

განათლება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს პიროვნების ჩამოყალიბებაში, ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას წარმატებული ადამიანის თვითშეგნებაზე, სამაგიეროდ, მძიმედ აისახება წარუმატებლების ფსიქიკაზე, რადგან წარუმატებლობის შეგრძნება ბევრად უფრო მწვავეა, ვიდრე წარმატების. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანური ურთიერთობის მყიფე ბუნება, ჩვენ შორის ხომ მხოლოდ მცირე ნაწილია დაკავშირებული მტკიცე კავშირით ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც ვუყვარვართ და ჩვენი ფასი იციან. წარუმატებლობას და სიმარტოვის განცდას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება, მაგრამ წარმატებისთვის საჭიროა გაისარჯო. წარუმატებლობის შემდეგ ადამიანი საკუთარი თავის რწმენას კარგავს. ამიტომ გამოსწორება მას მიუღწევლად ეჩვენება. წარმატებისკენ გზა კი ერთია– ფიქრი, შრომა, სხვების სიყვარული; ეს კი გაცილებით რთულია, ვიდრე წუწუნი და უმოქმედობა. სტრესულ სიტუაციაში ადამიანი ძლიერ უარყოფით ემოციებს განიცდის და ამ ყველაფერში სხვებს ადანაშაულებს, იმის ნაცვლად ,რომ ეძებოს პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური მეთოდები.

განათლებამ უნდა უზრუნველყოს ადამიანი ინტელექტუალური მარაგით,რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ახალ სიტუაციაში, გაუხსნის ჩაკეტილ სივრცეს, რომელსაც სირთულეების წინაშე შიში იწვევს და მისცემს შესაძლებლობას გონივრულად, ემოციების გარეშე დაძლიოს პრობლემები რთულ სიტუაციებში. ვერცერთი მიზანი ვერ იქნება მიღწეული, სანამ პიროვნების განვითარების სფეროში ქვაკუთხედად დააყენებენ განსაზღვრულობის და გაზომვადობის პრინციპებს, რომლის ზიანის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ამ პრინციპების დაცვას მივყავართ იქამდე, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ადამიანი, როდესაც რთულ სიტუაციაში ვერ პოულობს სწორ გამოსავალს,ბოროტდება,სხვები ნარკოტიკებში პოულობენ შვებას, ცდილობენ განერიდონ რეალობას, იმის ნაცვლად,რომ ისწავლონ საკუთარი საზოგადოებრივი პრობლემების გონივრული გადაჭრა. ამ ორივე ჯგუფს არ შესწავს უნარი გონივრულად მიუგეს გარემოს. თაობებს შორის კონფლიქტი ხშირად არის მიზეზი სოციალური და პირადი იმედგაცრუების. კონფლიქტის მორჩილად მიღება – დამახასიათებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, იმ დროს, როცა თანამშრომლობა წარმოადგენს ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზმის არსებობის საშუალებას. სამწუხაროდ, სწორედ ამას არ ასწავლიან სკოლებში, რომელიც გაჟღენთილია დაპირისპირების სულით.

ის, ვინც აქტიურ მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ ცხოვრებაში,პოპულარობით სარგებლობს. მოსწავლეთა და სტუდენტთა უმრავლესობა გულგრილია პოლიტიკისადმი. ასეთ პოლიტიკურ აპათიაში ხომ არ არის დამნაშავე ჩვენი განათლების სისტემა, რომელიც მექანიკურ დამახსოვრებაზეა დაფუძნებული? ჩვენ გვჭირდება საღად მოაზროვნე ლიბერალები და გონიერი კონსერვატორები, მაგრამ ჩვენ გვეშინია ჩავრთოთ სკოლის პროგრამებში საზოგადოების პრობლემები. ადამიანები დაუფიქრებლად აძლევენ ხმას პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველა კითხვაზე ერთგვაროვან და იოლ პასუხებს, სწრაფ გადაწყვეტილებებს და მიმზიდველ იმიჯს პირდებიან, რასაც არავითარი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან.

მანამ, სანამ ბავშვი ჩვენთვის დარჩება ცარიელ ჭურჭლად, რომელიც ფაქტებით და ციფრებით უნდა შევავსოთ, სანამ მას, როგორც დაპროგრამებულ კომპიუტერს ისე აღვიქვამთ, მანამდე კვლავინდებურად ვიქნებით აღშფოთებული განათლების სიტემის გადატვოირთული ანაქრონიზმებით. სამწუხაროდ ეს სისტემა საზოგადოების ძირითად დემოკრატიულ ინსტიტუტადაა მიჩნეული,მასზე კი ჩვენი შვილების მომავალია დამოკიდებული.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი