ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

საინტერესო პრაქტიკა მოსწავლეების უკეთ გასაცნობად

 

ყველა მასწავლებელს მოსწავლეების გაცნობის საკუთარი სტრატეგია აქვს, მაგრამ ბევრი პედაგოგი მხოლოდ ზედაპირული ცოდნით შემოიფარგლება. კარენ ლოუმ, საშუალო სკოლის ამერიკელმა მასწავლებელმა, გადაწყვიტა ბავშვების შფოთვის შესახებ მეტი გაეგო. მისი ისტორია ძალიან პოპულარული გახდა და ფეისბუქზე ნახევარ მილიონზე მეტ „გაზიარებას“ გადააჭარბა.

 

სკოლაში კარენი 20 წელზე მეტია მუშაობს. როგორც თავად წერს, წელს მის ცხოვრებაში ყველაზე გასაოცარი დღე იყო. მოსწავლეებთან შეხვედრისას – ახლა კარენი მე-7 და მე-8 კლასებში ასწავლის – მოუწოდა მათ, აეღოთ ფურცლები და იმ შფოთვების შესახებ დაეწერათ, რომლებიც ტკივილს იწვევდა. ყველა ჩანაწერი ანონიმური იყო. ბავშვებმა ფურცლები დიდ ჩანთაში მოათავსეს, აურიეს, შემდეგ კი თითოეულმა ერთი ფურცელი ამოიღო და ხმამაღლა წაიკითხა. ტექსტის ავტორს შეეძლო საკუთარი ვინაობის დასახელება ან დამალვა.

 

„ახლა მე ვწერ იმიტომ, რომ გითხრათ, არასოდეს განმიცდია ასე. ის, რაც ბავშვებმა კლასში ამოთქვეს, გამაოგნა. თვითმკვლელობა, ნარკოტიკი, ციხეში გამწესებული მშობლები, განქორწინებები, გარდაცვალება, სიმსივნე, შინაური ცხოველების დაკარგვაც კი. ბევრმა ბავშვმა, როდესაც სხვის ფურცელს კითხულობდა, იტირა… ემოციურად ძალიან რთული დღე იყო, მაგრამ ახლა ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ამის შემდეგ ბავშვები  სხვებს არ განსჯიან სასტიკად, უფრო მეტად ეყვარებათ და შეძლებენ პატიებას.

 

ჩანთა ისევ კარზე ჩამოვკიდეთ, როგორც შეხსენება, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ემოციური ბარგი აქვს. ჩანთა კარზე დავტოვეთ. როდესაც იმ დღეს ბავშვებს დავემშვიდობე, ვუთხარი, რომ ისინი მარტო არ არიან. როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, ისინი უყვართ. დიდი პატივია ჩემთვის მათი მასწავლებლობა“.

 

Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კარენმა განაცხადა, რომ ეს იდეა მას მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთ ჟურნალის გაცნობის შემდეგ მოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო დარწმუნებული, თუ როგორ აღიქვამდნენ მას მოსწავლეები, მაინც გადაწყვიტა ეცადა.

 

პრობლემების გაზიარება მასწავლებელმა მოსწავლეებს გაცნობიდან მეექვსე სასწავლო დღეს სთხოვა. ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, არა მარტო გაერკვია, თუ რა აწუხებთ მოსწავლეებს, არამედ საკლასო ოთახი ექცია სივრცედ, სადაც ყველა ბავშვი იგრძნობდა, რომ მისი პიროვნება საინტერესოა მასწავლებლისა და თანაკლასელებისთვის, სადაც თითოეულ მოსწავლეს ისე ესაუბრებიან, როგორც პიროვნებას, ურთიერთობის ძირითად პრინციპად კი სიკეთე რჩება.

 

„არა მგონია ოდესმე მქონოდა დღე, როდესაც ვიგრძნობდი, რომ ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ, ბავშვები ისედაც მიზიარებენ თავიანთ გრძნობებს, მაგრამ გასახსნელად მეტი დრო სჭირდებათ. ალბათ ისინი წარმოუდგენლად მადლიერები არიან, როდესაც მასწავლებლები უსმენენ“, – აღნიშნავს ლოუ.

 

განქორწინებებზე, მშობლების ოჯახებიდან წასვლაზე, საყვარელი ადამიანების გარდაცვალებაზე – ამის შესახებ ბევრმა მოსწავლემ დაწერა. ასევე, ბევრმა ბავშვმა დაწერა ნარკომანიის პრობლემაზე. „შოკირებულიც კი ვიყავი“, – აღიარებს ამერიკელი მასწავლებელი.

 

ანალოგიური სიტუაცია იყო თვითმკვლელობებთან დაკავშირებით: აღმოჩნდა, რომ ბევრ მოსწავლეს ჰყავს მეგობრები ან ოჯახის წევრები, რომლებმაც თვითმკვლელობა ჩაიდინეს.

 

„ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მთლიანად შეცვალა ჩვენი კლასი. საუბრის დროს ბავშვები ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. ეს იყო სიტუაცია, როდესაც ყველამ მაქსიმალურად პატივი სცა ერთმანეთს.  ვწუხვარ,  რომ ეს ადრე არ გავაკეთე“, – ციტირებს  Today მასწავლებელს.

 

ეს ისტორია კარენმა თავდაპირველად ფეისბუქზე მხოლოდ მეგობრებს გაუზიარა, შემდეგ კი, პოსტისადმი მაღალი ინტერესის გამო, ყველასათვის საჯარო გახადა. ერთ კვირაში პოსტს ნახევარ მილიონზე მეტი გაზიარება ჰქონდა. ლოუს თქმით, მას უამრავი ქვეყნის მასწავლებელი გამოეხმაურა – ჩინეთიდან, პაკისტანიდან, ავსტრალიიდან… მასწავლებლებს სურდათ სცოდნოდათ, რას ფიქრობს ამ ყველაფრის მერე ლოუ, რამე თუ უნდა მოიმოქმედოს.

 

„რომ მცოდნოდა ჩემი პოსტი ასე პოპულარული გახდებოდა, ყველაფერს დეტალურად ჩავიწერდი,“ – ამბობს მასწავლებელი.

 

ორგანიზაცია Mental Health America-ის თანახმად, 11-17 წლის ასაკის მოზარდების 48%-ი აღიარებს, რომ ძალიან სტრესულ სიტუაციაში ცხოვრობს. შფოთვის მიზეზები განსხვავებულია: სწავლა, ოჯახი, გარეგნობა, ტოტალური მარტოობის განცდა. „ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ჰყავს გვერდით ვიღაც, ვინც მზად არის მოუსმინოს. თუ თქვენს შვილს სტრესის ნიშნებს შეამჩნევთ , არ დაელოდოთ, ვიდრე რამე მოხდება, ელაპარაკეთ, იზრუნეთ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე,“- აცხადებენ ექსპერტები.

 

ბრიტანეთის ბავშვთა საზოგადოების („The Children’s Society“)  მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობას იკვლევს, აჩვენა, რომ 8-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების ცხოვრებით კმაყოფილების დონე ყველაზე დაბალია. ბავშვებში სტრესს სკოლასთან დაკავშირებული სიტუაციები იწვევენ, მათ შორის სკოლის არჩევა. ასევე, მომავალზე ფიქრი, სახლი, ოჯახი და მრავალი სხვა ფაქტორი.

 

სკოლასთან დაკავშირებული შფოთვის კვლევისას კომპანია Harris Insights & Analytics-მ LEGO Education-თან თანამშრომლობით, დაადასტურა, რომ ყველაზე მეტს რუსი ბავშვები განიცდიან.  მეორე ადგილი ჩინელმა, მესამე – გერმანელმა ბავშვებმა დაიკავეს. კვლევამ დაადასტურა, რომ შფოთვის და დაუცველობის გრძნობა ბავშვებს სწავლაში ხელს საგრძნობლად უშლის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი