პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სწავლება ბედნიერებაა

მიუხედავად სირთულეებისა,
რომლებიც თან ახლავს
მასწავლებლის ყოველდღიურ
საქმიანობას,
მიუხედავად მცირე ხელფასებისა და იმ პრეტენზიების
მიუხედავადაც კი, მასწავლებლების მიმართ რომ გამოითქმის ხოლმე (ცოდვა გამხელილი ჯობია
და ზოგჯერ სამართლიანადაც), მე მჯერა, თითოეული ჩვენგანი გაკვეთილზე იმ რწმენით შედის,
რომელიც სტატიის სათაურში მაქვს გამოტანილი. სხვა გონივრული მიზეზის მოძიება, რის გამოც
მასწავლებლებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში, პრაქტიკულად უხელფასობის პირობებში,
მასობრივად არ დატოვეს სკოლა – გარდა პროფესიის დიდი სიყვარულისა, ძალიან ძნელია. სკოლაში
გატარებული წლების შემდეგ, ნება მომეცით, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რომელსაც არ აქვს
პრეტენზია, ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია იყოს – ბევრ მნიშვნელოვან და საპატიო
პროფესიას შორის უპირველესი მასწავლებლობაა. სტატიის სათაურიდან გამომდინარე, გასაგებია,
რომ ამჯერად მის მხოლოდ დადებით ასპექტებს შევეხები. რასაკვირველია, ყველა იმ დადებითი
მომენტის აღნუსხვა, რომლებიც მასწავლებლის საქმიანობასთან მოიაზრება, ერთ სტატიაში
შეუძლებელიცაა და არც მე მაქვს ამის პრეტენზია. მხოლოდ რამდენიმე მათგანს შევეხები,
რომელთა გამოც მომწონს ჩემი პროფესია, და განათლების ექსპერტთა მოსაზრებებსაც მოვიშველიებ.

საჯარო განათლების
სისტემა არის ჩვენი დღევანდელი და მომავალი ჯანსაღი საზოგადოების ქვაკუთხედი. ის უნარები
და ცოდნა, რომლებიც მოსწავლეებმა ჩვენი დახმარებით უნდა განივითარონ და აითვისონ, გადამწყვეტი
იქნება მათი მომავალი წარმატებისთვის და საბოლოო ჯამში ქვეყნის წარმატებას უნდა შეუწყოს
ხელი.

ჩემთვის დიდი სიამოვნებაა,
როცა მოსწავლის გამომეტყველებით ვგრძნობ, რომ იგი ჩასწვდა აზრს, რომლის გადაცემაც მსურდა.
ამ დროს მისი გამომეტყველება სავსეა არა მარტო კმაყოფილებით საკუთარი თავის მიმართ,
არამედ ბედნიერებითაც. მასწავლებლებს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ბავშვების ცხოვრება
უკეთესი გავხადოთ; როცა ბავშვის ცხოვრებას ცოტათი უფრო ბედნიერს ხდი, შენც ცოტათი უფრო
ბედნიერი ხდები, რადგან მოსწავლის დადებითი ემოციები მყისიერად აისახება შენს განწყობილებაზეც.

განსაკუთრებით სასიამოვნოა,
როცა წარმატებას აღწევ ისეთ მოსწავლეებთან, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ არ შეეძლოთ სწავლა,
რომ საკითხების უმეტესობა მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. არის შემთხვევები,
როცა მოსწავლეს წარუმატებლობის პერიოდი გაუგრძელდება ხოლმე. ის უხალისოდ მონაწილეობს
სასწავლო აქტივობებში, არასოდეს ასრულებს საშინაო დავალებას, რადგან არ ესმის ის. ასეთ
მოსწავლეებს დაკარგული აქვთ საკუთარი თავის რწმენა და შეგუებულნი არიან აზრს, რომ აკლიათ
გამჭრიახობა. შესაძლოა, ამ აკადემიურ წარუმატებლობათა მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემებიც
იყოს. ამ დროს მასწავლებელს რთული სამუშაოს შესრულება უწევს მრავალფეროვანი მეთოდოლოგიის
გამოყენებით, მაგრამ ჯილდო ის დიდი მიღწევაა, როცა მოსწავლეები იწყებენ გაცნობიერებას,
რომ მათი უიმედო განწყობილება არ იყო მართებული და მანამდე დაუძლეველი საკითხების დაძლევას
ახერხებენ. ეს უზარმაზარ კმაყოფილებას ანიჭებს როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლესაც.
ამ მოსწავლეების მიერ გაკეთებული ,,აღმოჩენა”: სწავლა და გაგება შესაძლებელია – ყველაზე
მნიშვნელოვანია.

მასწავლებლის კიდევ
ერთი საპატიო მოვალეობა ის არის, რომ ყოველდღიურად არაერთი ადამიანისთვის ხარ საჭირო.
შენი დახმარება ან რჩევა მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის, კოლეგებისთვის,
საზოგადოების წევრებისთვის. ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვისაც სჭირდები, ვისაც რაღაც
სურს შენგან.

მასწავლებლობა არის
პროფესია, რომელიც მასწავლებლებისგან თავიანთ სასწავლო საგანთან ყოველდღიურ კავშირს
მოითხოვს, კარგი გაგებით აიძულებს მათ, ყოველთვის ახსოვდეთ თავიანთი პროფესიის ფუნდამენტური
საკითხები და მუდამ სიახლეების კურსში იყვნენ. ცნობილი ჭეშმარიტებაა: საუკეთესო სწავლა
სწავლებაა. მოზარდების სწავლებისას მასწავლებლები თავადაც ხშირად ვიძენთ ახალ ცოდნას
და ვვითარდებით პროფესიული თვალსაზრისით.

ძალიან სასიამოვნოა,
რომ სკოლა არც იმ ადამიანებისთვისაა დახურული, რომლებიც არ არიან პროფესიით პედაგოგები,
მაგრამ აქვთ გარკვეული ცოდნა, რომელიც სჭირდებათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ასეთ
ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ გარკვეული მომზადება და მოხალისეებად შევიდნენ
სკოლებში. პირადად მიმუშავია ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლებთან ერთად და ამას
მხოლოდ დადებითი შედეგები მოჰქონდა (მოსწავლეებისთვის – სწავლის დამატებითი სტიმული,
საგნის მასწავლებლისთვის – სასაუბრო პრაქტიკა, პედაგოგიური კოლექტივისთვის – უცხო,
საინტერესო წევრის შემომატება). იგივე შეიძლება ითქვას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ
ადგილებში მომუშავე ქართველ მოხალისეებზეც. სასკოლო სისტემას აუცილებლად სჭირდება პარტნიორობა
ორგანიზაციებთან, კერძო პირებთან, კორპორაციებთან, რათა ერთიანი ძალებით მოვახერხოთ
განათლების დონის ამაღლება ქვეყანაში.

მასწავლებლობა გვაძლევს
შესაძლებლობას, გავეცნოთ სწავლებისა და განვითარების უნიკალურ თეორიებს, საგანმანათლებლო
პროგრამებს, უამრავ სასწავლო აქტივობას და სასწავლო პროცესში წარმატებით გამოვიყენოთ.
ძალიან საინტერესოა იმის გააზრება, რომ სასწავლო მეთოდოლოგიით ერთმანეთისგან განსხვავებული
ეს თეორიები მასწავლებლებს აძლევს შესანიშნავ საშუალებას, მათი ერთმანეთთან გონივრული
შეხამებით, კონკრეტული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, შეძლონ სასწავლო პროცესის
გამრავალფეროვნება, მოსწავლეებში მიძინებული უნარების აღმოჩენა და განვითარება, ეროვნული
სასწავლო გეგმით და საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა.

სტატიის დასასრულს
შემოგთავაზებთ განათლების სპეციალისტის ერიკა კარესის მოსაზრებებს მასწავლებლის პროფესიის
როლსა და დანიშნულებაზე საზოგადოებაში. გაეცანით მათ და დაფიქრდით – თქვენ რას დაამატებდით
ამ ჩამონათვალს, თქვენ რა გხიბლავთ საკუთარ პროფესიაში და რა გაძლევთ სტიმულს ყოველდღიურ
საქმიანობაში?

* ძალზე მნიშვნელოვანი
და საპასუხისმგებლოა ის დიდი გავლენა, რომელიც მასწავლებლებს ჰქონდათ, აქვთ და მომავალშიც
ექნებათ როგორც საზოგადოების საპატიო წევრებს.

* მასწავლებლობა ყველაზე
შემოქმედებითი პროფესიაა, რადგანაც თითოეული მოსწავლე განუსაზღვრელი პოტენციალის მქონე
გამოცანაა, რომელიც მასწავლებელმა უნდა გამოიცნოს და მოძებნოს სწავლების მისთვის საუკეთესო
სტილი.

* სწავლება ისტორიის
მონაწილეებად გვხდის, მასწავლებლების ხელში ,,გაივლის” და მოსწავლეებს ,,გადაეცემათ”
ის ცოდნა, რომელსაც კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში აგროვებდა და ეს პროცესი
უსასრულოდ გაგრძელდება მომავალ ათასწლეულებშიც.

* სწავლება გვაძლევს
შანსს, ვიყოთ კრეატიულები და გამომგონებლები, ყოველდღიურად შევქმნათ რაიმე ღირებული
და გავაკეთოთ ახალი აღმოჩენა.

* სწავლება ახალ თაობებთან
გვაკავშირებს, გვაცნობს რა ჩვენი ქვეყნის ყოველ მომდევნო თაობას, დაგვაფიქრებს მთელი
მსოფლიოს ახალ თაობებზე. ჩვენ თვალწინ თაობები ტალღებივით მიედინება და ყოველთვის იქ
ვართ, სადაც სიახლეები ყველაზე მძაფრად ხდება და ამ სიახლეების შემოქმედებიც ვხდებით.
მასწავლებელი ყოველთვის ახალგაზრდად გრძნობს თავს, ის არასოდეს „ბერდება”, რადგან არ
იტანჯებიან.

* მასწავლებლებს გვაქვს
ყველაზე რეალური შანსი, საზოგადოება უკეთესობისაკენ შევცვალოთ.

*  წარმატებული სასწავლო პროცესისგან მასწავლებელი იღებს
კმაყოფილების სრულყოფილ გრძნობას, რომელიც ხშირად მეორდება და დადებითი ემოციებით მუხტავს
მას. რაზეც არ უნდა საუბრობდეს მასწავლებელი, მთავარი ყოველთვის არის ის, რასაც უყურებს
– მისკენ მიმართული მოსწავლეთა სახეები.

* მიუხედავად იმისა,
რომ ჩვენ არ ვქმნით პროდუქციას პირდაპირი გაგებით, სწავლება საოცრად პროდუქტიულია.
რომელი პროდუქცია შეედრება იმას, როცა ერთმანეთს შევადარებთ მოსწავლის ცოდნის დონეს
სასწავლო წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს და აღმოვაჩენთ იმ პროგრესს, რომელსაც
მოსწავლემ მიაღწია.
ცოდნის ამაღლებაასწორედ ის პროდუქტი, რომლის წარმოებაც მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია
არა მარტო ვაწარმოოთ პროდუქცია, არამედ გავზომოთ კიდეც ის.


v 

საკლასო ოთახის კარი
ყველასათვის ღიაა, ხოლო მასწავლებელი კაცობრიობის ამ საუკეთესო ნაწილის პორტალთან იმ
რწმენით დგას, რომ ყველა მოსწავლეში არის საოცარი ძალა და მას ნამდვილად შეუძლია გახდეს
წარმატებული ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი