ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შენ, ეს შეძელი!-ჩემი მეგობარი მასწავლებლის ერთი მნიშვნელოვანი მიგნება

თუ ჩვენს კლასში შეზღუდული შესაძლებლობების ან   განსხვავებული ქცევის, ფერის, მრწამსის, ეროვნების მოსწავლე სწავლობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოგვიწევს ჩვენი შემოქმედებითი უნარები კიდევ უფრო გავააქტიუროთ და ისეთი გარემო შევქნათ, სადაც, ვინც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობს.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხისადმი ფრთხილი და ფაქიზი დამოკიდებულებაა. ჩვენმა გადამეტებულმა ყურადღებამ ბავშვს თავი გამორჩეულად და ჯგუფიდან გამოცალკევებულად არ უნდა აგრძნობინოს,  იარლიყიც არ უნდა მივაწებოთ სხვების თვალში.

თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მასწავლებელს უწევს გარკვეული კომენტარის გაკეთება და იმის ახსნა, რომ მოსწავლეს დახმარება სჭირდება კლასელებისგან.

რამდენიმე წლის წინ, ჩემი მეგობარი მასწავლებლის, დეას კლასში, რომელიც, ამავე დროს,  ჩემი შვილის მასწავლებელიც იყო, ერთი არაჩვეულებრივი გოგონა სწავლობდა, რომელსაც აუტიზმის  დიაგნოზთან ერთად ინდივიდუალური სასწავლო გეგმაც ჰქონდა შედგენილი. მაშინ დეაც, ჩემსავით ახალბედა მასწავლებელი იყო და ბევრს ფიქრობდა იმაზე, გვანცა როგორ ჩაერთო სასწავლო პროცესში, როგორ მიეღწია დასახული მიზნისთვის და კლასში მისი ინტეგრირება უმტკივნეულოდ როგორ წარმართულიყო.  უკინძავდა  დიდ ალბომებს, უხატავდა, უდგენდა სავარჯიშოებს, უკრავდა სურათებს, უწერდა ტექსტებს მსხვილი ასოებით, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს საკმარისი არ იყო.

ერთხელ, სახლში დაბრუნებულმა, აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეოთხე კლასელი შვილი დიდ ორომტრიალშია ჩართული, ირგვლივ ფერადი ქაღალდების, ძველი წიგნებიდან, ჟურნალებიდან ამოჭრილი ილუსტრაციების და ფერადი მარკერების ზღვაა. რომ დავინტერესდი, რას აკეთებდა, მიპასუხა, რომ გვანცასთვის დავალებას ადგენდა და ძალიან ბედნიერი იყო, რადგან ამ ეტაპზე გვანცასთვის სავარჯიშოების მოგონება და მისი მეცადინეობა მას უწევდა.

თურმე დეა მასწავლებელს ასეთი რამ მოუფიქრებია: კვირაში ერთხელ, თითო ბავშვმა, რომელსაც შემთხვევითობის პრინციპით არჩევს (ქისაში ჩაყრილი სახელებიანი ბარათებით),  გვანცასთვის უნდა მოიფიქროს დავალება და მათზე ამუშაოს  კიდეც. რა თქმა უნდა, ვისაც სურდა, ძალდატანებისა და ვალდებულების გარეშე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა ბავშვს გვანცაზე ზრუნვა ძალიან უნდოდა. ეს, ერთი მხრივ, მასწავლებლის დამსახურებაა, ამდაგვარი ჯანსაღი გარემო რომ შექმნა, მეორე მხრივ, კი ასაკობრივი თავისებურებაც გასათვალისწინებელია, ამ ასაკში, ბავშვებს ძალიან უნდათ „მასწავლებლობანას“ და „უფროსობანას“ თამაში, მოსწონთ, როდესაც ზრუნავენ და პასუხისმგებლობაც არ აშინებთ.

ჩემმა შვილმა, ისევე როგორც მისმა კლასელებმა, ძალიან კარგად იცოდა, როგორი სტილის და ფორმის დავალება უნდა შეედგინა, დეას ამაზეც უმუშავია და ნიმუშებიც უჩვენებია ბავშვებისთვის.  დიდ ალბომში, გეომეტრიული ფიგურები ჩაემწკრივებინა, აქედან გვანცას უნდა შემოეხაზა მითითებული ფიგურა, ტექსტში ასოები მსხვილად დაეწერა და გაეფერადებინა, რომ წაკითხვა ადვილი ყოფილიყო, მოტორიკისთვის  მარტივი ორნამენტები ჩაეხატა, რომლებიც დასრულებული არ იყო და გაგრძელებას საჭიროებდა, ძველი ჟურნალიდან ილუსტრაციები ამოეჭრა და ჩაეკრა, ამ ილუსტრაციებზე უნდა გამოეთქვა საკუთარი აზრი ან ეპოვა მითითებული ნივთი. მოკლედ, სავარჯიშოების ალბომი საინტერესოდ და მხიარულად გამოიყურებოდა. სხვა ბავშვების ნამუშევრებსაც გადავხედე, ყველა იცავდა ერთ პრინციპს: დავალებები მარტივი და შემეცნებითი, ხოლო ვიზუალური მხარე მკვეთრი და კონტრასტული იყო. გარდა ამისა, მოტორიკასაც მნიშვნელოვან როლს აკისრებდნენ და არც შემოქმედებითი უნარები ავიწყდებოდათ. ერთ-ერთი სავარჯიშოს ავტორი სთხოვდა, რომ ლამაზად დახატულ ჩარჩოში ავტოპორტრეტი დაეხატა, გვანცასაც გულდასმით ემუშავა და ავტოპორტრეტი, მართლაც, შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

ეს ისტორია მხოლოდ დავალების შექმნით არ დასრულებულა, მნიშვნელოვან ამბავს გვანცასთან ერთად მუშაობა წარმოადგენდა. ბავშვებს არ ავიწყდებოდათ არც წახალისება და ათას სტიკერს  და ჯილდოს იგონებდნენ, ხანდახან  ტკბილეულსაც იყენებდნენ, შესაძლოა მეთოდურად გაუმართლებელს,  მაგრამ ეს ხომ მათი ფანტაზია და მიგნება იყო. ფიქრობდნენ, რა გაუხარდებოდა ყველაზე მეტად და ჯილდოს ამის მიხედვით არჩევდნენ.

მთელი წელი ბავშვები მუშაობდნენ გვანცასთან და ამ საქმეს ისეთი გულმოდგინებით, ყურადღებით, პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, რომ ასეთი მიდგომა, ჩვენ, მასწავლებლებსაც არ გვაწყენდა.

შედეგად, იმის გარდა რომ გვანცას უნარები საგრძნობლად განვითარდა, მას ყველა ემეგობრებოდა, მასზე ზრუნავდნენ, უყვარდათ, სადილობისას კვებაშიც ეხმარებოდნენ,  და ცდილობდნენ თავი კომფორტულად ეგრძნო.

თავს ვერ დავდებ, რომ ეს მიდგომა იდეალური იყო, რომ შესაძლებელია ამით გვანცას პრობლემები უფრო თვალშისაცემი გახდა, და კიდევ ათასი რამ, მაგრამ ფაქტი ერთია,  ახალგაზრდა მასწავლებელმა ამით  კლასში გვანცას ინტეგრირებას  შეუწყო ხელი, ხოლო დანარჩენ ბავშვებში თანაგრძნობის, ემპათიის, ზრუნვის ჩვევები იმდენად განავითარა, რომ  უკვე მეშვიდეკლასელი ჩემი შვილი, უყურადღებოდ არ ტოვებს  ქუჩის არც ერთ ძაღლსა თუ კატას,  განიცდის  ბავშვების პრობლემებსა და გასაჭირს. ფიქრობს, რომ ფსიქოლოგი გამოვიდეს და ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

ერთი რამ ცხადია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის როლი და გავლენა, უმნიშვნელოვანესია, ჩვენ ჯადოქრები ვართ, ჯოხის ერთი აქნევით შეგვიძლია, ადამიანები ცხოვრების მდინარის სწორ კალაპოტში მოვაქციოთ და სამწუხაროდ, პირიქითაც, სწორედ დაწყებითის მასწავლებლები, ხშირად ქცეულან ათასგვარი კომპლექსისა და ფობიის მიზეზად.

აქამდე არ მომცემია შესაძლებლობა, დეასთან ამაზე მესაუბრა. აი, ახლა ამ წერილით ვეტყვი, –  ჩემო ძვირფასო დეა, შენმა გამუდმებულმა ფიქრმა  შედეგი გამოიღო, ნამდვილად შესძელი ის, რომ დღეს შენი მოსწავლეები ზრუნავენ და ფიქრობენ მათზე, ვისაც დახმარება ძალიან  სჭირდებათ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი