შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ცრუ ინფორმაციის, ანუ ფეიკნიუსების გამოვლენა?

ავტორი: Anabelle Timsit, ჟურნალების Quartz-ისა და Politico-ის რეპორტიორი (აშშ)

ცრუ ახალი ამბების, ანუ, ე.წ. „ფეიკ ნიუსების“ ეპოქაში, სკოლებში ბავშვებს ასწავლიან ფაქტების შემოწმებას

 

ერთ-ერთ ციფრულ მედიაპლატფორმაზე განთავსებულ ფოტოგრაფიაზე სამი უცნაურად გაზრდილი და დაზიანებული ფორმის გვირილაა გადაღებული. ყვავილები ისე არიან გაზრდილი და თანაც მოხრილი, რომ სალვადორ დალის ნახატებიდან გეგონებათ გადმოტანილი. სურათზე დართული კომენტარი გვეუბნება, რომ ფოტო ფუკუშიმის ატომური სადგურის მახლობლად არის გადაღებული. კომენტარის ბოლო წინადადება კი შემდეგს გვამცნობს: „ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც ყვავილები ბირთვული დაბინძურების მქონე ნიადაგში იზრდებიან“.

2015 წელს მესამე საფეხურის (ე.წ. „ჰაი-სქული“) 170 ამერიკულ სკოლაში მოსწავლეებს ზემოთ აღწერილი ფოტოსურათის შესახებ მარტივი შეკითხვა დაუსვეს: „ხედავთ თუ არა ამ ფოტოზე იმის დადასტურებას, რომ კადრი/სურათი სიმართლეს გამოხატავს?“

ძალიან რბილად რომ ვთქვათ, აღწერილი ფოტოსურათი ზედაპირულად გამოიყურება. იგი ფოტოგრაფიების გაზიარების პლატფორმაზე, Imgur-ზე გამოაქვეყნა მომხმარებელმა, რომელსაც ძალიან უცნაური ვირტუალური სახელი, ე.წ. ნიკი, ჰქონდა – “pleasegoogleShakerAamerpleasegoogleDavidKelly“.

სურათს თან არ ახლავს ავტორი-ფოტოგრაფის და პირველწყაროს (ქსელში განმთავსებლის) ვინაობა. სურათზე არ არის მითითებული, კონკრეტულად სად არის ის გადაღებული. მიუხედავად ამ ფაქტებისა, შეკითხვაზე „ხედავენ თუ არა ფოტოზე იმის დადასტურებას, რომ გვირილების უცნაური ფორმა ფუკუშიმას ატომური სადგურის აფეთქებამ გამოიწვია?“ გამოკითხულ მოსწავლეთა 40% უპასუხა „დიახ“ (აქვე უნდა ითქვას, რომ სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო რეალურია, თუმცა მეცნიერებმა თქვეს, რომ გვირილების უცნაური ფორმა არ შეიძლება რადიაციას გამოეწვია).

„გვირილების“ ექსპერიმენტი გახლდათ უფრო დიდი კვლევის ნაწილი, რომელსაც ატარებდა სტენფორდის უნივერსიტეტის ისტორიის განათლების ჯგუფი – History Education Group (HEG). მათი პროექტის სახელი გახლდათ „სამოქალაქო განსჯა-მსჯელობა ონლაინ სივრცეში“ – „civic online reasoning”. მისი მიზანი იყო იმის გაგება, თუ რა შესაძლებლობები და უნარები აქვთ ახალგაზრდებს, ონლაინწყაროებზე განთავსებული ინფორმაციის სანდოობის შესაფასებლად.

ამ საკითხის შესასწავლად მკვლევრებმა მოამზადეს 56 სახის შეფასებითი ფორმატი, მეორე და მესამე საფეხურის სკოლებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის, აშშ-ის 12 შტატისათვის.

როგორც მეცნიერებმა ანგარიშში აღნიშნეს, მათ 7,804 პასუხი მიიღეს ახალგაზრდებისგან.

მკვლევრების თქმით, ექსპერიმენტის ჩატარებამდე ისინი სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოსწავლეები თავისუფლად მოახერხებდნენ მიწოდებული ინფორმაციის საიმედოობის დადგენას და ეჭვიც კი ჰქონდათ, რომ ეს ამოცანა ძალიან მარტივი იქნებოდა ახალგაზრდებისთვის.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეცნიერებს ინტუიციამ უმტყუნა – მათ მიერ მიღებული შედეგები იმაზე მეტად განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე მკვლევრები დაუშვებდნენ. დაწყებითი, საპილოტე რაუნდის შემდეგ, მკვლევრებმა დაინახეს, რომ მოსწავლეების უმეტესობას უბრალოდ არ გააჩნდა უნარი, ერთმანეთისგან განესხვავებინათ სანდო, უტყუარი ინფორმაცია და მიკერძოებული ონლაინსიცრუე ან შელამაზებული ტყუილი, ე.წ. “online junk”, ან მიმხვდარიყვნენ განსხვავებებს სპონსორირებულ და ორიგინალურ სტატიებს შორის. როგორც მოგვიანებით მკვლევრებმა ანგარიშში აღნიშნეს: „ბევრი თვლის, რომ ახალგაზრდების განვითარებული უნარები სოციალურ მედიაში, ნიშნავს მათ მიერ ამ მედიაში განთავსებული ინფორმაციის სწორად აღქმას. ჩვენმა გამოკვლევამ კი პირდაპირ საწინაღმდეგო შედეგი გვიჩვენა“.

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა გვიდასტურებს იმ მოსაზრებას, რომელსაც ბევრი მასწავლებელი იზიარებს: დღევანდელი მოსწავლეები არ არიან მზად, გაუმკლავდნენ იმ ინფორმაციულ „წარღვნას“, რომელიც მათკენ სხვადასხვა ციფრული წყაროდან და მოწყობილობიდან მოედინება!

პრობლემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც რამდენიმე გასულმა წელმა გვიჩვენა, მიკერძოებულ რეპორტაჟებს და აშკარად ცრუ ახალ ამბებს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს: მათ შეუძლიათ იმოქმედონ არჩევნებისა და რეფერენდუმების შედეგებზე და გამოიწვიონ რეალური ტრაგიკული შედეგები. როგორც ეს #Pizzagate-ის სახელით ცნობილ ონლაინშეთქმულების შემთხვევაში მოხდა – ჩრდილოეთ კარილონის მკვიდრმა, ედგარ უელჩმა, ცრუ-ნიუსების მოსმენის შემდეგ, ვაშინგტონის ერთ-ერთ პიცერიაში (Comet Ping Pong) უმისამართო სროლა წამოიწყო (საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე, ლ.ა.), რადგან იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს პიცერია ჰილარი ქლინტონის და დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ მართული ბავშვთა ტრეფიკინგის ქსელის ნაწილი გახლდათ.

სტენფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს რომ „დღეს, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, რადგან დეზინფორმაცია მნიშვნელოვანი სამოქალაქო საკითხების შესახებ შესაძლოა, წამებში გავრცელდეს უამრავი სოციალური ქსელით“.

 

სკოლები კალიფორნიის, აიოვის, ნიუ-იორკის, ჰავაის, არიზონისა და კიდევ რამდენიმე შტატში უკვე მუშაობენ სასწავლო პროგრამაში იმის ჩართვაზე, თუ როგორ ასწავლონ ბავშვებს, მცირე ასაკიდან, საინფორმაციო ქსელში განთავსებული ინფორმაციის შეფასება, რომლებიც მათი ყოველდღიური ონლაინ საკითხავია. მასწავლებლები, სასკოლო ოლქები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, შექმნან ისეთი კურიკულუმი, აპლიკაციები და შეფასების მექანიზმები, რომლებიც მოსწავლეებს მოამზადებს სამომხმარებლო ინფორმაციის კრიტიკული შეფასებისთვის.

ერთი მხრივ, თითქოს ადვილი ჩანს ზემოთ თქმული პრობლემის ორი ნაწილად („სიმართლე-სიცრუე“), ბინარულ წყვილად განხილვა – „ვასწავლოთ ბავშვებს ამ ორის განცალკევება, ამაზე ფიქრი და პრობლემაც გადაიჭრება“. მაგრამ სტენფორდის ისტორიის პროფესორი, სემ უაინბურგი თვლის, რომ ეს საკითხი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ ვხედავთ.

„ცრუ-ნიუსების წყაროდ შესაძლოა რუსული „ბოტები“ (bot – იგივეა რაც რობოტი, ოღონდ კომპიუტერულ ქსელში)  და „ტროლების“ ფერმები (to troll, trolling – ინტერნეტში პროვოკაციული შეკითხვების და ინფორმაციის სპეციალურად განთავსება, ლ.ა.) წარმოვიდგინოთ სადმე სანკტ-პეტერბურგში“, -ამბობს პროფესორი უაინბურგი. „თუმცა ნამდვილი პრობლემა ის გახლავთ, რომ არ ვიცით, ვინ აწარმოებს იმ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ და მეორე, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია?“

მაგალითად, ევროპულ სივრცეში, აქტიურად მუშაობენ რუსული მედიაკომპანიები: Russia Today და Sputnik. ორივე, მთავრობის მიერ დაფინასებული მედიასაშუალება გახლავთ. ორივე მედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ევროპულ პოლიტიკასა და ევროპელ პოლიტიკოსებზე და რეგულარულად აწოდებენ მაყურებელს/მკითხველს სიახლეებსა და „ამბებს“ ევროპის ბნელ მხარეებზე, რუსეთის წარმატებებსა და რუსული პოპულისტური პარტიების შესახებ. ჟურნალი „ეკონომისტის“ მიხედვით, „Russia Today და Sputnik შესაძლოა რესპექტაბელურობის შთაბეჭდილებასაც ქმნიდეს, რადგან მათ უზარმაზარ „ნიუს-რუმებში“ (საინფორმაციო ამბების სტუდია ტელევიზიაში, ლ.ა.), ამ „ახალ“ ამბებს ხუთ ენაზე თარგმნიან ევროპელი მაყურებლისთვის. ამ დროს ორივე მედიასაშუალების სიუჟეტები და სტატიები მთავრობის მიერ არის შედგენილი.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი