პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

განმავითარებელი დავალებების გამოყენება  გაკვეთილზე

სასკოლო საქმიანობა მოსწავლეთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც გადამწყვეტი ხდება მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სწავლება, მოსწავლის ასაკთან შესაბამისი ინტერესების, ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება, აზროვნება, მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი მოღვაწეობა, ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. პედაგოგიკის ფსიქოლოგიაში (ლ. ვიგოტსკი) მოცემული საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვარიანტად ითვლება  განმავითარებელი დავალებების აქტიური გამოყენება სწავლებაში.  

განმავითარებელი დავალებების მიზანი და ამოცანაა: მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის განვითარება, ისტორიული პროცესის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულებების ჩამოყალიბება/გამოვლენა, შესასწავლი თემის მიახლოება მთავარ მიზანთან, სწავლისას სიხარულისა და კმაყოფილების გამოწვევა და თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა.

 

განმავითარებელი ხასიათის დავალებებს გააჩნიათ  გარკვეული თავისებურებები:

  • ისინი სწრფად აღვივებს მოსწავლის ინტერესს, ააქტიურებს ფსიქიკურ პროცესებს: ყურადღებას, მახსოვრობას, აღქმას (როგორც ვერბალურ, ისე არავერბალურ, სიმბოლურ, სახეებით აზროვნებას, ასოციაციურ კავშირებს);
  • ხასიათდება დავალების პირობის ლაკონურობით, გასაგები და მარტივი ენით, შეიცავს „ღერძს“ – ძირითად სიტყვას, ცნებას, ორიენტირს;
  • ამტკიცებს მოსწავლე-მასწავლებელს შორის დადებით ემოციურ კავშირებს;
  • ავითარებს მოსწავლის პიროვნულ თვისებებს.

განმავითარებელი სწავლება ერთგვარად ცვლის ჯგუფურ, ახსნა/განმარტებაზე ორიენტირებულ სწავლებას და უფრო მეტად აქცენტირებულია სწავლების ინდივიდუალიზაციაზე, ეფუძნება მოსწავლის უახლოესი განვითარების ზონას და მოსწავლის შინაგანი ფსიქიკური პროცესების ახლებურად წარმართვით თვითონაც ხელს უწყობს ასეთი ზონის გამოკვეთა/ჩამოყალიბებას.

მაგრამ განმავითარებელ სწავლებას არ ექნება შედეგი, თუ არ გავითვალისწინებთ საგნობრივი განათლების შინაარსს, მისი ათვისების ხარისხს და არ ვაღიარებთ, რომ მოსწავლის უნარების ფორმირება კონკრეტულ საგნობრივ მასალაზეა „მიბმული“. შესაბამისად, სასწავლო გარემოს ოპტიმალიზაციისთვის მასწავლებელმა:

  •  უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის უახლოესი განვითარების ზონა, შექმნას პრობლემური სიტუაცია, გამოიყენოს მრავალფეროვანი დავალებები და მიაღწიოს აზროვნების სტიმულაციას;
  • შექმნას შეფასების ისეთი სისტემა, რომლითაც შეფასდება სწავლის არამარტო საბოლოო შედეგი, არამედ მოსწავლის საქმიანობის პროცესიც.

ისტორიის სწავლება კვლევა-ძიებასა და ინფორმაციის გადამუშავებაზე კონცეტრირებული სწავლებაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სასწავლო პროცესის ძირითადი ელემენტი გაკვეთილია. მასწავლებელს შეუძლია საგაკვეთილო პროცესის საჭიროების მიხედვით ვარირება და დასახული მიზნის მიღწევა შესაფერისი, განმავითარებელი ხასიათის დავალებით.

განმავითარებელი ხასიათის დავალებებისა და აქტივობების მაგალითი:

კლასი – XI, გაკვეთილის თემა: „რეფორმაცია (XVI ს.)“:

მასწავლებელი, ეყრდნობა რა მოსწავლის წინარე ცოდნას კათოლიკური ეკლესიის როლის შესახებ შუა საუკუნეების ევროპაში:

  1. ხსნის რეფორმაციის არსს (ცნება „რეფორმაცია“ დაკავშირებულია რეფორმასთან, გარდაქნასთან, ცვლილებებთან, რაიმეს რეფორმირებასთან. გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეები აღმოაჩენენ, რისთვის და რატომ განიცადა კათოლიკურმა ეკლესიამ რეფორმა, რა და რატომ იყო „სარეფორმო“);
  2. მოსწავლეები ცდილობენ, დამოუკიდებლად შეასრულონ დავალებები: უპასუხონ კითხვაზე, „რა არის რეფორმაცია?“ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება და გააკეთონ დასკვნა (პასუხის გაცემისას ისინი ძირითადად ეყრდნობიან სახელმძღვანელოს ტექსტს, გაიაზრებენ, როდის და როგორ დაიწყო რეფორმა, რა როლი ჰქონდა ამ პროცესში მარტინ ლუთერს, რამ მიიყვანა ეკლესია ამ ნაბიჯამდე, ცდილობენ, ახსნან პაპ ლეო X -ის დამოკიდებულება რეფორმაციის მიმართ);
  3. მასწავლებელი ავსებს მოსწავლეთა საუბარს დამატებითი ინფორმაციით, მიუთითებს პაპის როლზე მიმდინარე მოვლენებზე, შემდეგ კი მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად აგებენ მოვლენათა ჯაჭვს;
  4. გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შეკითხვებზე: ა) დაასახელეთ წყარო, რომელიც წარმოადგენს ქრისტიანული სწავლების საფუძველს; ბ) რა განსაკუთრებული როლი შეასრულა მარტინ ლუთერმა ევროპის ისტორიაში?
  5. მასწავლებელი თავისი კომენტარებით ამდიდრებს მოსწავლეთა პასუხებს;
  6. მოსწავლეები ადარებენ და აჯგუფებენ ინფორმაციას, აკეთებენ დასკვნებს.

ამგვარად, მასწავლებელი მოსწავლის სწავლას მიმართავს მისი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენისკენ და განვითარების უახლოესი ზონიდან „უბიძგებს“ აზროვნების სფეროს „გაფართოებისა“ და განვითარებისკენ.

განმავითარებელი დავალებებისას აქტიურად გამოიყენება ტექსტთან დამოუკიდებელი მუშაობის სხვადასხვა სტრატეგია, როგორიცაა:

  • კითხვა-პასუხის რეჟიმი (პასუხი კითხვებზე: რატომ?.. როგორი?.. რანაირი?.. დაასახელე… საერთო და განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფა… არგუმენტირება… სხვადასხვა ხასიათის შემოქმედებითი პროექტების მომზადება, კროსვორდების, რებუსების, ისტორიული შეცდომების შემცველი ტექსტების, შედარების ცხრილების შედგენა და სხვ.

მაგალითად, VII კლასში „ძველი საბერძნეთის“, „ძველი რომის“ (სქემა 1) ან XI კლასში თემა „გერმანიის გაერთიანება“. (სქემა 2) შესწავლის დროს მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ წინარე ცოდნა და შეავსონ ცხრილი, გამოყონ მასში ის ნიშან-თვისებების, რომლებსაც თვითონ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად (აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცხრილები მოსწავლეს მასალის განმეორება-განზოგადების საშუალებასაც აძლევს):

  ძველი საბერძნეთი ძველი რომი
სამოსი    
საკვები    
სამშენებლო საქმე    
რელიგიური თემატიკა    

სქემა 1  

  გერმანიის გაერთიანება
პოლიტიკური მოღვაწე  
მისი პოლიტიკური შეხედულებები  
მისი მიმდევრები/მომხრეები  
მისი მიმდევრები/მოწინაღმდეგეები  

სქემა 2  

განმავითარებელი სწავლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან დავალებას წარმოადგენს ლოგიკური ხასიათის ამოცანების გამოყენება გაკვეთილზე.

ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებების ნიმუში (სქემა 3):

ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებები პასუხი
ტალეირანი, რომელიც ნაპოლეონის ეპოქაში საფრანგეთის სასარგებლოდ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ჭრიდა და კერავდა ევროპის პოლიტიკურ რუკას, პირადი გამორჩენის მიზნით, ღალატობდა და სათანადო თანხად ჰყიდდა ყველას და ყველაფერს. მასზე ამბობდნენ, ის რომ გვარს „ამართლებდა“.

  • თქვენი აზრით, რა საფუძველს ასე ფიქრის იძლეოდა მინისტრის გვარი?
ტალერი – ფულის ერთეული
რომაელები ბარბაროსთა ტომებს მოიხსენიებდნენ  ერთი ზოგადი სალანძღავი სიტყვით. მოგვიანებით ფრანგები ამავე ტერმინით მოიხსენიებდნენ იმ ტაძრებს, რომლებიც არ მოსწონდათ. შემდეგში ეს  სახელწოდება ევროპული არქიტექტურის გამორჩეულ სტილად  დამკვიდრდა.

  • რაზეა საუბარი?  
გოთური სტილი
პეტრე I  საყვარელ ქვეშევრდომებს  ჩუქნიდა  ძვირადღირებულ მაკეტებს, რითაც გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემასა და ინტერესს  თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროს მიმართ.

  • რომელ სფეროზე მიანიშნებდა პეტრე I?
გემთმშენებლობა
ამ პიროვნებამ საგუბერნიო მმართველობის გატარებიდან 8 წლის შემდეგ  ცბიერებით ჩაიგდო ხელში გუბერნატორის თანამდებობა; არ იცოდა არც წერა-კითხვა, მაგრამ ის გახდა რუსეთის კავალერიის პირველი გენერალი; ამავე დროს ის გახდა პირველი რუსი, რომელსაც მოწვევა უცხოეთიდან აკადემიის წევრობაზე თავად სერ ისაკ ნიუტონმა გაუგზავნა, რითაც საპატიო ადგილი დაიმკვიდრა, ე.წ. „ისტორიის უცნაურობების“ სერიაში.

  • ვისზეა საუბარი?
ა. მენშიკოვი
შეადგინეთ ისტორიული შინაარსის ტერმინების (ცნებების) ჯაჭვი ისე, რომ ახალი ტერმინი იწყებოდეს წინა ტერმინის ბოლოსწინა ასო-ბგერიდან.

 

გლეხი – ხალხი – ხევი – ვილაიეთი – თორი – რომი – მეფე…და ა.შ.);
აღადგინეთ  დავით აღმაშენებლის დროინდელი ისტორიული ტერმინები და თარიღები:

·         რ – – – – -ა; ყ – – – – – ი; ე – – – – – – ი; ჭ – – – – – – – – ი; და ა.შ.

·         1 – – 4;  1- -8; 1- – 2; და ა.შ.

 

რეფორმა; ყივჩაღი; ერისთავი; ჭყონდიდელი; 1004 წ; 1008 წ; 1122 წ.
შეადგინეთ კროსვორდი ძირითად ცნებებზე დაყრდნობით:

„ფეოდალიზმი“…“მეფე“…“სახელწმიფო“…“გადასახადი“… „ერისთავი“ და ა.შ.

—–
დასკვნა: ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებები „უადვილებს“ მოსწავლეს „ისტორიის მკვლევრის“ როლს მისანიშნებელი ფრაზებითა და ცნებებით, უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის სავალდებულო პროგრამულ მასალას, უვითარებს ისტორიულ აზროვნებას და შეფასების მიღების თვალსაზრისით უფრო მისაღებია მოსწავლისთვის.

 

განმავითარებელი მუშაობისას აუცილებელი წესის დაცვა – სახელმძღვანელოს ტექსტზე დაყრდნობა და მოსწავლის წინარე ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება, დავალებების შესრულება დროის შეზღუდვის გარეშე და მასწავლებლის აქტიური მხარდაჭერა, რეალურად დასაძლევს ხდის განმავითარებელი დავალებების გამოყენების მიზანს. საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი ტიპის დავალებების გამოყენება სწავლებაში მოსწავლეთა ცოდნის ხარისხისა და შედეგების ამაღლების, მათი დამოუკიდებელი უნარ-ჩვევებისა და პიროვნული სრულყოფის მნიშვნელოვანი პირობაა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი