მონტესორი და ვალდორფი – სახელწოდებების ისტორია

მონტესორის სკოლა, მონტესორის მეთოდი, ვალდორფის სკოლა, ვალდოფის პედაგოგიკა – ეს სიტყვათშეთანხმებები არაერთხელ გვსმენია. ვალდორფი ზოგს პიროვნება ჰგონია, ზოგს ტოპონიმი.

რას ნიშნავს „მონტესორი“ და „ვალდორფი“?

ვალდორფი

პირველი თავისუფალი ვალდორფის სკოლა 1919 წელს გაიხსნა შტუტგარტში. დღეს მსოფლიოში 310-ზე მეტი საბავშვო ბაღი, 850-ზე მეტი სკოლა და 150-ზე მეტი სამკურნალო-პედაგოგიური დაწესებულება მუშაობს ვალდორფპედაგოგიკის მიმართულებით.

საკუთარი სახელის ისტორია

1763 წელს, 17 ივლისს, ჰაიდელბერგთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ვალდორფში, ყასბის ოჯახში, დაიბადა იოჰან იაკობ ასტორი. 15 წლის იოჰანი უფროს ძმასთან ერთად ლონდონში გაემგზავრა მუსიკალური საკრავების დამზადების ხელობის შესასწავლად. ოცისა იოჰან იაკობ ასტორი ლონდონიდან ამერიკაში გადაბარგდა. თან თავისივე ხელით დამზადებული რამდენიმე ინსტრუმენტიც გაიყოლა. ნიუ-იორკში ახალგაზრდა გერმანელი მუსიკალური საკრავების მაღაზიის გახსნას გეგმავდა, თუმცა მანამდე თავის სარჩენად და თანხის შესაგროვებლად ქუჩის გამყიდველის მძიმე შრომას მიჰყო ხელი. ტყავისა და ქურქების გაყიდვა ყველაზე სარფიანი აღმოჩნდა ემიგრანტისთვის. მალე ეს ბაზარი იმდენად კარგად შეისწავლა და აითვისა, რომ ერთგვარი მონოპოლისტიც კი გახდა დარგში. ფინანსურ კეთილდღეობას უძრავი ქონების შეძენით კიდევ მეტი შემატა და საკმაოდ სოლიდური კაპიტალიც დააგროვა.

ამ ადამიანისთვის ფინანსური კეთილდღეობა ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაც იყო. ნიუ-იორკში მან ბიბლიოთეკა დააარსა ( დღეს ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა), მის სამშობლოში, ვალდორფში კი დღესაც არსებობს საქველმოქმედო ორგანიზაცია მოხუცებულთა და ახალგაზრდების დასახმარებლად, რომელიც ასტორ-ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს.

იოჰან იაკობ ასტორის შთამომავლებმა სხვადასხვა მიმართულებით მიაღწიეს წარმატებას, გვარი ასტორი არაერთხელ გაკრთა მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი გაზეთების გარეკანებზე. დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის პირველი ქალი წევრი ნენსი ასტორი გახლდათ, ჯონ ასტორი, იოჰანის მეოთხე თაობის წარმომადგენელი, ლონდონში „თაიმსის“ მფლობელი იყო, გვარი ასტორი 1912 წელს „ტიტანიკის“ ტრაგიკული მოვლენების აღწერისას ხშირად ჩნდებოდა გაზეთის ფურცლებზე – ჯეკ ასტორი ერთ-ერთი იყო იმ მგზავრთაგან, რომელმაც თავისი ადგილი ქალებსა და ბავშვებს დაუთმო და თავად გემთან ერთად დაიღუპა.

მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ქსელს „ვალდორფი-ასტორიას“ კი შექმნის გასაოცარი ისტორია აქვს:

მე-19 საუკუნის მიწურულს, ერთ ცივსა და წვიმიან ღამეს ფილადელფიაში მდებარე პატარა სასტუმროს ხანში შესული წყვილი მიადგა. სასტუმროში ადგილები არ იყო, ქალი და მამაკაცი გაბრუნებას აპირებდნენ, როდესაც პორტიემ  საკუთარი ოთახი შესთავაზა, რადგან იცოდა, ახლომახლო თავისუფალი ადგილი სასტუმროებში არც სხვაგან იქნებოდა, იმ საზარელ ამინდში კი წყვილი გვარიანად გაწვალდებოდა.

 

  • ოთახი კეთილმოწყობილი არ არის – მოიბოდიშა პორტიემ – მაგრამ ერთი ღამის თავშესაფრად გამოდგება. ჩემზე არ იღელვოთ, რამეს მოვიფიქრებ.

მეორე დილით ხანში შესული ჯენტლმენი დაემშვიდობა პორტიეს, მადლობა გადაუხადა და სხვათა შორის, უთხრა:

  • ისეთ ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ, შეერთებული შტატების საუკეთესო სასტუმროსაც კი ჩააბარებდა კაცი. იქნებ ასეთი სასტუმრო გავაკეთო კიდეც თქვენთვის.

გავიდა ორი წელი, პორტიეს ეს ამბავი კარგა ხნის მივიწყებული ჰქონდა. მოულოდნელად მან წერილი მიიღო – ის უცნაური ჯენტლმენი იმღამინდელ ამბავს ახსენებდა და ნიუ-იორკში ეპატიჟებოდა.  შეხვედრა მეხუთე ავენიუსა და ოცდამეთოთხმეტე ქუჩის კვეთაში შედგა, გრანდიოზული, მშვენიერი, წითელი ქვით მოპირკეთებული შენობის წინ.

  • ეს სასტუმრო თქვენთვის ავაშენე! – თქვა ხანში შესულმა ჯენტლმენმა, ვილჰელმ ვალდორფ ასტორმა.

ასე იქცა ჯორჯ ბოლდტი, ყოფილი პორტიე ფილადელფიის სასტუმროდან, ნიუ-იორკში „ვალდორფ-ასტორიის“ სასტუმროს მენეჯერად.

აქ აღწერილ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე ასტორის ოჯახმა დააარსა თამბაქოს მწარმოებელი კომპანია, რომელიც ჩრდილოეთის შტატების ფერმერებთან თანამშრომლობდა. იმ დროს ევროპაში ამერიკული კარტოფილი, საღეჭი რეზინი და თამბაქო ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი იყო. წარმოების გაფართოების მიზნის ოჯახმა შტუტგარტში ააშენა სიგარეტების ფაბრიკა „ვალდორფ-ასტორია“, რომლის დირექტორი და მეწილე იყო ემილ მოლტი. მისი უშუალო ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა ვალდორფის ფაბრიკაში მომუშავე პერსონალის შვილებისთვის სკოლის გახსნა.

ამ სკოლაში  განათლებას იღებდნენ მუშების შვილები მიუხედავად იმისა, თუ რისი საშუალება ჰქონდათ მათ მშობლებს. ამ სკოლაში იღებდნენ ყველა ბავშვს, მიუხედავად გონებრივი თუ ფიზიკური განვითარების თავისებურებებისა. სახელწოდება ვალდორფი სწორედ ამ პირველი სკოლის სახელიდან მომდინარეობს.

 

მონტესორი

მონტესორის პირველი სკოლა 1907 წლის 6 იანვარს გაიხსნა რომში. სამეცნიერო წრეებისა და არსებული საგანმანათლებლო სისტემის მესვეურებისგან ამ სკოლის დამაარსებელს, მარია მონტესორის, უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა საკუთარ მეთოდებში დარწმუნებული მარია არ ეპუეოდა კრიტიკას და თავის საქმეს აგრძელებდა. მეთოდით მაშინვე დაინტერესდნენ ევროპაში, მარია ესპანეთში, ნიდერლანდებსა და ინდოეთში მოგზაურობდა, მას იწვევდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კვლევით ორგანიზაციაში, სადაც ის მოხსენებებსა და ლექციებს კითხულობდა და სწავლების ახალ, ალტერნატიულ მეთოდებს აცნობდა მსმენელებს. მეთოდს მისი სახელი ეწოდა, დღეს ამ სახელწოდების სკოლებს ან სკოლებს, რომლებიც მონტესორის მეთოდს იყენებენ, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეხვდებით.

მარია მონტესორი იტალიაში პირველი ქალი იყო, ვინც მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიიღო. 1896 წელს მან ექიმის დიპლომი აიღო და პირველი ქალი ექიმიც გახდა თავის სამშობლოში. საექიმო პრაქტიკის დროს მისი სპეციალობა ნერვული დაავადებები და გონებრივი ჩამორჩენილობა იყო.

იმ პერიოდში სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც განვითარების თავისებურებების და გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებს მიიღებდნენ და ასწავლიდნენ, არ არსებობდა. თავის კოლეგა ჯუზეპე მონტესანოსთან ერთად მარია მონტესორი რომში ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა, სადაც იკვლევდა მენტალური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ქცევის პრობლემების მქონე ბავშვების მდგომარეობას.

ჯუზეპესა და მარიას სამსახურებრივი ურთიერთობის მიღმა პირადი ურთიერთობაც ჰქონდათ, ოღონდ წყვილმა ამის გაოფიციალურება მაშინაც კი არ მოისურვა, როდესაც შვილი, მარიო შეეძინათ. მარიამ თავად არ ისურვა ქორწინების უღელი დაედგა, რაც იმ დროს კარიერის შეწირვასაც გულისხმობდა. მისივე გადაწყვეტილებით, შვილი, მარიო ჯუზეპეს შორეულ ნათესავებთან გაამწესეს აღსაზრდელად. დასვენების დღეებში დედა ხშირად ნახულობდა ხოლმე მარიოს, მთელ თავისუფალ დროს მასთან ურთიერთობდა და საათობით ეთამაშებოდა.

როდესაც მარიო წამოიზარდა და ყოველწუთიერ ზრუნვას აღარ საჭიროებდა, დედამ ის თავისთან წამოიყვანა და ამის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე აღარ განშორებია შვილს. მოგვიანებით მარიო მისი თანამშრომელი და თანამოაზრეც გახდა.

დღეს მარია მონტესორის მიერ შემუშავებულ მეთოდს და ამ მეთოდით შთაგონებულ სკოლებს მისი სახელით მოიხსენებენ და მოკლედ მონტესორის სკოლებს უწოდებენ.

 

 

 

კომენტარები

comments