სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სასწავლო აქტივობა – სასკოლო სპექტაკლი და „ილის ქალაქი“

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სასკოლო სპექტაკლის შესახებ პირადი გამოცდილების გაზიარების სურვილი გამიჩნდებოდა. ჯერ ერთი, რომ ჩემი სკოლის წლებიდან  სათანადო გამოცდილება არ მქონდა, ვალდებულების მოსახდელად ჩატარებული ღონისძიებები კი ქმედების სურვილს მიკლავს. არადა, სემესტრული ღონისძიებები მასწავლებლის ვალდებულებათა ნუსხას ამძიმებს და ცხოვრებას ართულებს. აი, სწორედ სიტყვა „რთული“ უნდა დავივიწყოთ, შევცვალოთ სიტყვით „სიამოვნება“ და ისე განვაგრძოთ თხრობა.

სასკოლო სპექტაკლისადმი განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება მასწავლებლობისას გამიჩნდა. თავიდან გაბედვა იყო ძნელი, შედეგმა კი იმდენად წამახალისა, რომ სპექტაკლები სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ნებისმიერი არაფორმალური სასწავლო აქტივობა მაშინ არის შედეგიანი, თუ ის ფორმალური სწავლების გაგრძელებაა. ამგვარი ბუნებრივი ბმა მოსწავლეებისთვისაც სტიმულის მიმცემია. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მთავარია, სასკოლო  სპექტაკლი მასწავლებელმა სასიხარულო მოვლენად აქციოს, ერთ დიდ და განსაკუთრებულ თავგადასავლად, რომელშიც თითოეული მოსწავლე თავის როლს ასრულებს.

ბავშვებისთვის სპექტაკლი  სასწავლო აქტივობებს შორის გამორჩეული მრავალი მიზეზის გამოა:

  • ახალ ცოდნას იძენენ და რადგან დასწავლა სხვადასხვა გზით ხდება, ცოდნაც უფრო მყარია;
  • სპექტაკლისთვის დახარჯული დრო დაუვიწყარი ხდება და ურთიერთობებს განსაკუთრებულად ამდიდრებს;
  • პრობლემების მართვას და ერთმანეთისადმი გულისხმიერ მოპყრობას სწავლობენ;
  • შემოქმედებითი უნარები უვითარდებათ;
  • საკუთარ შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ეძლევათ;
  • და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთს უკეთესად იცნობენ და უფრო მეტად უყვარდებათ.

აქ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ: რა თქმა უნდა, თუ სწორად წარვმართავთ პროცესს. ვგულიხმობ, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებას, ინდივიდუალური მიდგომის საჭიროებას და ბავშვებისთვის სიხარულის ჩუქებას.

შევეცდები ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ და ერთი კონკრეტული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის შესახებ დაწვრილებით გიამბოთ.

თემის შერჩევა

სპექტაკლისთვის თემის შერჩევა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ რომელიმე მწერლის შემოქმედების ახლოს გაცნობას, შემდეგ კი ვარჩევთ ერთ მთავარ თემას. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა დაინახონ ბმა საკუთარ ცხოვრებასა და სპექტაკლში განვითარებულ მოვლენებს შორის.

ნორვეგიელი მწერლის, თუბიორნ ეგნერის „ილის ქალაქის“ მიხედვით სპექტაკლის დადგმის სურვილი  კითხვის პროცესშივე გამიჩნდა. მთავარ თემად შევარჩიე ერთიანობა, რითაც ილის ქალაქელები თავს დაგამახსოვრებთ. მწერალს ძალიან უყვარს თავისი ყველა პერსონაჟი და ეს სიყვარული მკითხველისთვისაც გადამდებია. თქვენც მთელი გულით შეგიყვარდებათ მოხუცი ტობიასი, პოლიციის უფროსი ბასტიანი, ვატმანი სივერსენი, დეიდა სოფიე, ციცქნა კამომილა თუ პატარა ბიჭი რემო. ქალაქის მყუდროების დამრღვევ ყაჩაღებზეც გული რომ შეგივარდებათ, მაშინ აუცილებლად დაფიქრდებით ნორვეგიული სამართლის ჰუმანურობაზე. ილის ქალაქელები სულ მღერიან – სიხარულსაც და ბრაზსაც სიმღერით გამოხატავენ, დღესასწაულებს აწყობენ, ყაჩაღების გამოსწორებას ცდილობენ, ერთმანეთზე ზრუნავენ. მეორეკლასელებისთვის ნამდვილად გადამდები აღმოჩნდა წიგნის მთავარი მუხტი, რომელმაც გვაჩუქა ამაღლებული განწყობა, მხიარულება, ურთიერთდახმარების სურვილი.

პირველი კლასის დასრულებისას მშობლებს საზაფხულო დავალებად ვთხოვე „ილის ქალაქის“ წაკითხვა. პირადი მაგალითი ყოველთვის ჯადოსნურად მოქმედებს, თან კითხვა თამაშად ვაქციეთ და პარალელურად  „წაიკითხე ჩემი წიგნის“ ფარგლებში მშობლები ბავშვებისთვის არშიებზე მინაწერებს ტოვებდნენ. ამგვარმა ქმედებამ ბავშვების ინტერესი გააღვივა და „ილის ქალაქი“ ახსნებთ დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს, ზაფხულის მშვენიერ დღეებს.

 

ეროვნული სასწავლო გეგმა

რადგან ტექსტის მოშინაურება აუცილებელია, ამიტომ ეროვნულ სასწავლო გეგმასაც ვითვალისწინებთ და მავალმხრივ ვმუშაობთ, მაგალითად: ხმამაღალი კითხვით ტექსტს ვეცნობით, მთავარი პერსონაჟების ირგვლივ გმირის რუკას ვქმნით, ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად უცხო სიტყვებს ვაკვირდებით, წინადადებებს ვადგენთ, კონკრეტულ ეპიზოდებს განვიხილავთ და ვმსჯელობთ. ასე რომ, არც სინდისის ქენჯნა შეგვაწუხებს, რომ სასწავლო პროგრამას ყურადღებას ვაკლებთ და ამასთანავე, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გამიზნულ შედეგებსაც მივაღწევთ.

სცენარი

სცენარის დაწერა საკმაოდ შრომატევადია. დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ ერთხელაც დავჯდე, ღრმად ამოვისუნთქო და წერას შევუდგე. მერე კი ყოველივე თავისით მიედინება. სცენარის დაწერისას ვითვალისწინებთ კლასის ხასიათს, ბავშვების ასაკსა და რაოდენობას. „ილის ქალაქი“ იმდენად მსუყე ტექსტია, შეიძლება წერის პროცესმა გაგვიტაცოს და იმაზე ვრცელი სცენარი დავწეროთ, ვიდრე ამას ბავშვების ასაკი და სპექტაკლის ხანგრძლივობა გვკარნახობს,  ამიტომ სამიზნე სცენად ილის ქალაქის ერთიანობისა და ყაჩაღების ამბავი შევარჩიე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ტექსტი  სავსეა სალომე ბენიძის მიერ თარგმნილი ლექსებით, რაც კიდევ უფრო ახალისებს წარმოდგენას და ამასთანავე, ლექსები სპექტაკლის მთავარ ღერძად ვაქციეთ.

როგორც წესი, სცენარი საჭიროების მიხედვით რეპეტიციებისას თუ როლების გადანაწილებისას დროდადრო იცვლება, რაც ასევე ბუნებრივია.

მუსიკა

მუსიკა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი სპექტაკლის დადგმისას. მისი შერჩევაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. როგორც წესი, დახმარებისთვის მელომან მეგობრებს მივმართავ ხოლმე.

„ილის ქალაქის“ ლექსებმა მიუზიკლის დადგმის იდეა დაბადა, რომლის განხორციელებაში ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებელი დაგვეხმარა. ვიქტორიამ თითოეული ლექსისთვის მელოდია  საგულდაგულოდ შეარჩია, ლექსები მუსიკის გაკვეთილებზე  სიმღერებად გადააქცია და სპექტაკლისთვის მზადება კიდევ უფრო მხიარული გახდა. შენიშვნის სახით უნდა დავურთოთ, რომ დიდტანიანი ლექსები მეორეკლასელთათვის საკმაოდ შევამოკლეთ.

როლების გადანაწილება

ყველა ნაწარმოების თეატრალურ წარმოდგენად გადაქცევა შეუძლებელია, ამიტომ თემის შერჩევისას იმის გათვალისწინებაც გვიწევს, რამდენად შეხვდება თითოეულ მოსწავლეს როლი. „ილის ქალაქი“ ამ მხრივ განსაკუთრებული ტექსტია. ბიჭებისთვის როლები ჭარბად აღმოგვაჩნდა და გადანაწილებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, გოგონებისთვის კი როლების გამოგონება მოგვიწია, მაგალითად, ვირი, სპილო, თუთიყუში, ცხენი მთხრობელ პერსონაჟებად ვაქციეთ, როლები ბარათებზე ჩამოვწერეთ და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გულისწყვეტა თავიდან ავიცილეთ .

 

რეპეტიციები

სამი კვირა დაგვჭირდა რეპეტიციისთვის. ძირითადად ქართულის გაკვეთილები დავუთმეთ, თუმცა გახანგრძლივებულის დრო და მუსიკის გაკვეთილებიც გამოვიყენეთ. როგორც წესი, რეპეტიცია უზარმაზარ ენერგიას ითხოვს, რადგან თავისუფალი გარემო ხმაურსა და არეულობას იწვევს. ერთმანეთის ლოდინიც საკმაოდ დამღლელია. ჩემი დაკვირვებით, ხმაურის გამო დარდი არ ღირს, რადგან ერთმანეთის მოსმენა და ყურება, თუნდაც ყურადღების  მოდუნების ფონზე,  თავის კვალს ტოვებს.

ყველაზე მთავარი მიზანი ამ დროს განსხვავებულ სიტუაციაში ერთად გატარებული დროა. გაკვეთილზე თუ ყურადღების მაქსიმალური დაძაბვა სჭირდებათ წერა-კითხვისთვის, სპექტაკლის რეპეტიციებისას პატარა ადამიანის სხეული თუ შინაგანი სამყარო სხვაგვარად იწყებს მომართვას.

რეკვიზიტები

განსაკუთრებული ხალისით იწყებენ ფიქრსა და მსჯელობას, როცა რეკვიზიტების შერჩევის დრო დგება. ჩვენც ერთად ჩამოვწერეთ საჭირო ნივთები: ჭოგრიტი, ტომარა, თოკი, ქოლგები, ჯაგრისები ყაჩაღების გასახეხად და კიდევ ათასი რამ. ერთი კვირით ადრე შევატყობინეთ მშობლებს და სამზადისმა განწყობაც აგვიმაღლა.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, თუ როგორი მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა რეკვიზიტების დამზადებისას თუ საჭირო ფორმების შერჩევისას. ჩვენს სპექტაკლს განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა პატარა გოგოს დედ-მამის მიერ დამზადებული მოხუცი ტობიასის კოშკურა და ყაჩაღების სახლი.

აფიშა, მოსაწვევი ბარათები, სტუმრები

სადღესასწაულო განწყობის შექმნას აფიშისა და მოსაწვევი ბართების დამზადებით ვიწყებთ, თან ეროვნულ სასწავლო გეგმას ვუკავშირებთ და მრავალმხრივად ვავითარებთ მოსწავლეთა უნარ-ჩვევებს (ვიზუალური მეხსიერება, სემიოტიკური აზროვნება…). მოსაწვევი ბარათების შექმნისას სწავლობენ ყურადღების გამოხატვასა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას. იმის მიუხედავად, რომ დიდ დროს სკოლაში ატარებენ, შეიძლება წლების განმავლობაში არ იცნობდნენ პარალელურ კლასელს, რომელთანაც ერთი კედელი ჰყოფთ. ასევე ყურადღების გამოჩენა სკოლის სოციუმის სხვა წევრებისადმი (დამლაგებელი, ექიმი, ბიბლიოთეკარი მანდატური, სასწავლო ნაწილი, საქმეთა მმართველი, დირექტორი) მოსწავლეთა სოციალურ პასუხისმგებლობას გაზრდის.

აფიშის დამზადების შესახებ აქვე მინდა გირჩიოთ ერთი არაჩვეულებრივი რესურსი კითხვის ეფექტური მეთოდების კრებულიდან

სპექტაკლის დღე

წიგნის მოშინაურების, რეპეტიციების, ფუსფუსისა და სასიამოვნო მოლოდინის შემდეგ სპექტაკლის დღეც გათენდა. სტუმრად მოვიწვიეთ მთარგმნელი, თამარ კვიჟინაძე. მისი არაჩვეულებრივი თარგმანი რომ არა, „ილის ქალაქი“ ასე ძალიან არ შეგვიყვარდებოდა, თან მთარგმნელისადმი მადლიერების გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ახლა ვიქტორია მასწავლებლის მიერ შერჩეული მუსიკის ფონზე ვაგრძელებ წერას და იმ დღის შეგრძნებები ცოცხლდებიან. პირველ რიგში, რაც ამოტივტივებას იწყებს რვა წლის ადამიანების თვალების ბრჭყვიალი და სიცილია; შემდეგ ჩაბნელებული დარბაზიდან წამოსული დადებითი მუხტი; მერე მახსენდება ბავშვების სინქრონული ქმედებები, რომლებიც მთავარი რეპეტიციის დროსაც მიუღწევლად მეჩვენებოდა.

ვიქტორია მასწავლებლის მუსიკალური ჩართვები კიდევ უფრო მეტ დინამიკას მატებდა სპექტაკლს. მოულოდნელობებიც ვერ ავირიდეთ თავიდან, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყველაზე მეტად სწორედ ამგვარი ამბები უხდება სპექტაკლს: ხან ტობიასის ჭოგრიტი დაიკარგა, ხან – დეიდა სოფიეს ჯაგრისი, ბოლოს კოშკურაც გადაყირავდა, მაგრამ ყველაფერს მარტივად გაართვეს თავი, რადგან წინასწარ სიტუაციურ ამოცანებზეც ვივარჯიშეთ და პრობლემების მართვაზეც ბევრი ვისაუბრეთ.

რაც ყველაზე მთავარია, სპექტაკლი ყველასთვის დიდ სიხარულად იქცა. ყველამ შეძლო საკუთარი თავის რეალიზება და ყველამ ერთად სტუმრებს დიდი მხიარულება ვაჩუქეთ. ბავშვები იმდენად თავისუფლები იყვნენ, რომ სცენრისა თუ მოვლენების თვალის მიდევნების პარალელურად მეც გულიანად ვიცინოდი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი