ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„წიგნის თასი“

ამ სტატიაში, მინდა, წიგნის კითხვაზე გესაუბროთ, რომელიც
ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი უსაყვარელი გასართობი იყო, მერე კი პროფესიის ყველაზე მნიშვნელოვან
ასპექტად იქცა. სტატიის დაწერისკენ ჩვენი პატრიარქის შესანიშნავმა ინიციატივამაც მიბიძგა – შაბათის კითხვის დღედ გამოცხადებამ. ეს
ინიციატივა ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, ძალზე საგულისხმოა, რადგან კიდევ ერთხელ
დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ჩვენი მოსწავლეები არ კითხულობენ იმდენს, მათი სრულფასოვანი
განვითარებისთვის რომ იკმარებდა. მასწავლებელი ვერ მიაღწევს ვერც ერთ სასწავლო შედეგს,
თუ მოსწავლემ არ წაიკითხა საჭირო მასალა. ამასთან, სააზროვნო უნარების განვითარება
მხოლოდ წაკითხულის გააზრებითა და გაანალიზებით მიიღწევა, ხოლო მაღალი შემოქმედებითი
უნარების განვითარებისთვის აუცილებელია, მოსწავლე კლასგარეშე ლიტერატურასაც ხალისით
კითხულობდეს. ხდება კი ასე? სამწუხაროდ, არა. ჩვენმა სინამდვილემ ბავშვები წიგნებს
დააშორა, რაც ძალიან შემაშფოთებელია. მიმაჩნია, რომ ბავშვობამ მსოფლიო ლიტერატურის
შედევრების წაკითხვისგან მიღებული ემოციების გარეშე არ უნდა ჩაიაროს. არსებობს წიგნები,
რომელთა წაკითხვაც ადამიანმა გარკვეულ ასაკამდე უნდა მოასწროს, რადგან მერე ის გემო
აღარ ექნება.

დღეს მასწავლებლობა სულაც არ არის აუცილებელი იმის დასადგენად,
რომ იმ მოსწავლეების რიცხვი, რომლებსაც არ უყვართ კითხვა, საკმაოდ დიდია. ფაქტია ისიც,
რომ მასწავლებლების ძალისხმევა არ კმარა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მასწავლებელთა
ერთი ნაწილი ეგუება კიდეც ამ ფაქტს, როგორც გარდაუვალს, მაგრამ უმეტესობას სურს, ყველა
მოსწავლეს გაუღვივოს კითხვის სიყვარული. მაშ, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა? როგორ გადავაქციოთ
უხალისო მკითხველები მონდომებულებად? როგორ მოვახერხოთ მათი შთაგონება? რა ვასწავლოთ
მათ, რომ წარმატებას მიაღწიონ?

ამ კითხვაზე, რასაკვირველია, ერთი კონკრეტული პასუხი
არ არსებობს. არსებობს პრობლემა და განათლების ექსპერტთა მიერ შემოთავაზებული სტრატეგიები,
რომლებიც შეიძლება წარმატებით დავუპირისპიროთ მას. მთავარია სურვილი და მოქმედების
დაწყება.

ქვემოთ შემოგთავაზებთ განათლების სპეციალისტების რამდენიმე
რჩევას და გაგაცნობთ ერთ ძალზე საინტერესო ღონისძიებას, რომელსაც ამერიკის კონეკტიკუტის
შტატის ქ. ნიუ ჰევენის ერთ-ერთ სასკოლო უბანში უკვე რამდენიმე წლის ისტორია აქვს.

როგორც ჩანს, წარმატების გასაღები ისევ სწავლის პროცესში
უნდა ვეძებოთ. მოსწავლეები საკუთარი სწავლის პროცესის აქტიურ მონაწილეებად უნდა ვაქციოთ
და არა მასწავლებლის ინსტრუქციების პასიურ შემსრულებლებად.

ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ პირველი ამოცანა, რომელიც
მასწავლებელმა უნდა დაისახოს, მოტივირებაა. მოსწავლის მოტივირების მიზნით სასურველია
მასწავლებელმა მოტივაციის ორივე ფორმას მიმართოს. გარე მოტივაცია მოსწავლეს მისცემს
რწმენას, რომ სასწავლო პროცესში წარმატებული მონაწილეობა მოუტანს ისეთ სასურველ შედეგს,
როგორიცაა ჯილდო, მასწავლებლის ქება, სასჯელისთვის თავის არიდება და ა.შ. გაცილებით
მნიშვნელოვანი და სრულყოფილია შიდა მოტივაცია.
შიდა მოტივაციის არსებობისას აქტივობა სასიამოვნო და წამახალისებელია თავისთავად. მართალია
დადგენილია, რომ შიდა მოტივაცია უფრო მნიშვნელოვანია და მასწავლებლის საბოლოო მიზანიც
სწორედ ეს არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გარე მოტივაცია უფრო იოლი გზაა და
სწრაფ შედეგს იძლევა, მასწავლებელს შეუძლია, პირველ ხანებში ხშირად მიმართოს მას და
დროთა განმავლობაში მოსწავლეს შიდა მოტივაციაც განუვითაროს.

 

მოტივაციის სტრატეგიები

* ასწავლე მერყევ მკითხველებს, დაისახონ ღირებული მიზანი კითხვების
დასმით.
ბევრი ბავშვი კითხვის პროცესისგან
თავს გაუცხოებულად იმიტომ გრძნობს, რომ ვერ ხედავს კავშირს იმასთან, რის წაკითხვასაც
მათგან მოითხოვენ, ამიტომ მოსწავლეებს მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ, რატომ კითხულობენ
იმას, რასაც კითხულობენ და დავეხმაროთ კავშირის პოვნაში თავიანთ ცხოვრებასა და წასაკითხ
მასალას შორის. ამ მიზნით მცირე დისკუსიაც შეიძლება გაიმართოს, სადაც მოსწავლეები შეეცდებიან
აღმოაჩინონ თავიანთი კავშირი წასაკითხ ამბავთან.

* დაადგინე
წინააღმდეგობისა და გაუცხოების მიზეზები.
რატომ არ უყვარს ზოგიერთ ბავშვს კითხვა?
უმეტესად ეს გამოწვეულია სუსტი უნარებით, ამიტომ, უპირველესად, ასეთი მოსწავლეების
მიმართ ყურადღებისა და ემპათიის გამოჩენაა საჭირო. არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამას მნიშვნელობა
მაინც არ აქვს. კარგად შევისწავლოთ მოსწავლის პიროვნება. ყველაზე გავრცელებული შეფასება
ისეთი მოსწავლისა, რომელსაც კითხვა არ უყვარს, არის „ზარმაცი”. ეს არასწორია (მე თუ
მკითხავთ, ზარმაცი მოსწავლე საერთოდ არ არსებობს, უბრალოდ, ზოგიერთის სასწავლო პროცესში
სრულყოფილად ჩართვას ჩვენი კომპეტენცია არ ჰყოფნის). ზოგჯერ მოსწავლეს თავდაჯერების
უქონლობა უშლის ხელს. თუ კარგად შევისწავლით უხალისობის
მიზეზებს, ჩვენს ბავშვებსაც სხვა კუთხით დავინახავთ. საშუალო და უფროსი კლასის მოსწავლეების
კითხვით დაუინტერესებლობის მიზეზი კი ყველაზე ხშირად მრავალჯერ განცდილი მარცხის შემდეგ
გულის გატეხა გახლავთ.

* ჩართე მოსწავლეები
წარმატების მისაღწევი გზების ძიებაში.
ზუსტად განსაზღვრული მიზნები ზრდის იმის ალბათობას, რომ მოსწავლეები გაიგებენ ამ მიზნებს
და მოინდომებენ მათ მიღწევას. როცა მასწავლებელი მიზნების დასახვაზე დაიწყებს ფიქრს,
თავის თავს უნდა ჰკითხოს: „რა შეიძლება გავიგო ამ ბავშვის შესახებ ისეთი, რაც დამეხმარება,
ჩავწვდე მის სურვილებსა და ფიქრებს
?

* აქციე მოსწავლეები თანამონაწილეებად – მიეცი თავისუფალი, რეკრეაციული
კითხვის საშუალება.
უთხარი მოსწავლეებს,
რომ შეუძლიათ წაიკითხონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ (მათ შორის – სპორტული და ახალგაზრდული
ჟურნალებიც). მოთხოვნა ასეთი უნდა იყოს: კითხვას ყოველდღიურად დაუთმონ განსაზღვრული
დრო და გაიაზრონ წაკითხული. თუ ს ვერ მოახერხეს, უნდა ახსნან, რამ შეუშალათ ხელი. მასწავლებელმა
უნდა გააანალიზოს, იქნა თუ არა მიღწეული დასახული მიზანი და რა ცოდნა მოიპოვეს მოსწავლეებმა.
ცალკეულ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს განსაკუთრებული სირთულეები შეექმნა, შეიძლება, მასწავლებელმა
მას ინდივიდუალური დახმარება გაუწიოს, მიუჯდეს გვერდით და მასთან ერთად იკითხოს ტექსტი
თუნდაც 5 წუთის განმავლობაში, გაუცვალოს მიღებული ინფორმაცია.

* აქციე კითხვის კულტურა
შენი საკლასო ცხოვრების ნაწილად, ისეთ აქტივობად, რომელიც პოზიტიურ წახალისებას იღებს.
კითხვის შესაძლებლობა ხშირად შესთავაზეთ მოსწავლეებს.
მიზნად დაისახეთ, რომ ბავშვებმა თქვან: „ჩვენ გვიყვარს კითხვა”. წარმოიდგინეთ, რა ამაყი
იქნება მოსწავლე, როცა მასწავლებელს ან თანაკლასელს ეტყვის, რომ მან გამარჯვების მომტანი
საფეხბურთო დარტყმა წიგნიდან ისწავლა და რა შთაბეჭდილებას მოახდენს ამით თანატოლზე!
სხვების სურვილების, მათი მოწონება-არმოწონების პატივისცემა ეხმარება მოსწავლეებს,
ჩამოყალიბდნენ ემპათიის მქონე პიროვნებებად და არ იმოქმედონ მხოლოდ საკუთარი სურვილებით.

 

შეჯიბრება ზრდის კითხვის სურვილს

სტატიის დასასრულს, როგორც ვთქვით, ერთ საინტერესო შეჯიბრებაზე
ვისაუბრებთ, რომელიც ამერიკის ქალაქ ნიუ ჰევენში მოიგონეს და რამდენიმე წელია წარმატებით
ატარებენ. იდეის ავტორებმა გაითვალისწინეს, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ სპორტის სხვადასხვა
სახეობაში მონაწილეობა და წიგნის კითხვაც სპორტად აქციეს. მათ გააერთიანეს განსაზღვრული
რაოდენობის სკოლები და გამოიგონეს შეჯიბრება, რომელსაც „წიგნის თასი” დაარქვეს.

შეჯიბრების წესები ასეთია: თითოეული სკოლა ქმნის თითო
5-კაციან ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთს წინასწარ არჩეული 10 წიგნის ცოდნაში ეჯიბრებიან.
თავდაპირველად ერთმანეთს ეპაექრებიან ერთი და იმავე კლასის მოსწავლეები. გუნდის თითოეული
წევრის მოვალეობაა, გახდეს შერჩეული 10 წიგნიდან, სულ ცოტა, ორის „ექსპერტი”. მათ ამაში
მასწავლებლები და მშობლები ეხმარებიან. შეჯიბრების დროს გუნდებს კითხვებს უსვამენ წაკითხული
წიგნებიდან და, სპორტული შეჯიბრების მსგავსად, სწორ პასუხებში ქულებს ანიჭებენ. ამრიგად,
ბავშვები აცნობიერებენ, რომ წიგნების კითხვა საკმარისი არ არის – მნიშვნელოვანია წაკითხულის
გააზრებაც. „ჩვენ ნელა ვკითხულობდით და ვცდილობდით, დაგვემახსოვრებინა თითოეული სიტყვა”,
– ამბობს მეოთხეკლასელი ჯორდანი, შეჯიბრების ერთ-ერთი მონაწილე, – „მათ ისეთი კითხვებიც
ჰქონდათ, რომლებიც სულაც არ იყო ახლო კავშირში წიგნში მომხდარ მთავარ ამბებთან”.

წიგნის თასი ისეთივე გრძნობებს იწვევს, როგორსაც სხვა
სპორტული შეჯიბრება. მოსწავლეები ერთად ემზადებიან და ცდილობენ, დაამარცხონ მეტოქე.

შეჯიბრებას ორგანიზებული სახე აქვს. მასში განსაზღვრულია
საწყის მონაწილეთა რაოდენობა. მერე მოვლენები ისე ვითარდება, როგორც ჩვეულებრივ სათასო
სპორტულ ღონისძიებაზე. ერთი ეტაპიდან მეორეზე გადადის გუნდების მხოლოდ ნახევარი ანუ
მოქმედებს ჩვეულებრივი ფლეი-ოფის სისტემა. ფინალში 4 საუკეთესო გუნდი გადის. ფინალი
ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

შეჯიბრების ყველა მონაწილე იღებს სერტიფიკატს, ფინალის მონაწილეები
– მედლებს, ხოლო ფინალში გამარჯვებული გუნდი გარდამავალი თასით ხელდამშვენებული უბრუნდება
სკოლას. 

გამარჯვებული გუნდი სასკოლო ოლქის

და Fleet
Bank-
ის
(მარჯვნივ) წარმომადგენლებთან ერთად

 

შეჯიბრების მეორე მონაწილის, ჰანას აზრით, ამ შეჯიბრების საუკეთესო
ნაწილი მისი გუნდი იყო. „მე ყველაზე მეტად გუნდში ყოფნა და ერთად მუშაობა მომეწონა”,
– ამბობს ის – „ამან მეგობრებთან ერთად ყოფნის საშუალება მომცა. დიდი მნიშვნელობა არ
აქვს, მოიგებ თუ წააგებ, ორივე შემთხვევაში შეჯიბრება სახალისოა”.

„წიგნის თასი” კითხვას სპორტის სახეობად აქცევს”, –
ამბობს ბილი დერი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი, – „ის სახალისოა, ძალზე საინტერესო და
დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს”.

ამაში მას ეთანხმება ნიუ ჰევენის საჯარო სკოლების 1500-ზე
მეტი მოსწავლე. მათ როგორც ყოველწლიური „წიგნის თასის” მონაწილეებმა ერთი სასწავლო
წლის განმავლობაში თითქმის 5000 წიგნი წაიკითხეს.

ორგანიზატორების აზრით, ღონისძიება ხელს უწყობს მოსწავლეებში
კოლაბორაციული უნარების განვითარებას, კარგი საშუალებაა ბავშვების სკოლისგარე ჯანსაღი
ურთიერთობისა, და კიდევ ერთი – ამ ღონისძიებამ არნახულად გაზარდა ბიბლიოთეკების როლი,
შეჯიბრების მონაწილე მოსწავლეები აქტიურად სარგებლობდნენ მათი მომსახურებით.

წიგნის თასს აქტიურად დაეხმარა ბანკიც. კერძოდ, Fleet
Bank-მა „წიგნის თასის” ფონდისათვის თანხა გაიღო, დააფინანსა ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ
შექმნილი საიტი, უმასპინძლა ფინალს და შეიძინა საპრიზო ჯილდოები და წიგნები.


მე მგონი, არც ერთ მასწავლებელს (განსაკუთრებით – კლასის
დამრიგებლებლებს) სურვილის შემთხვევაში არ გაუჭირდება ასეთი შეჯიბრების მარტივი, მათთვის
მოხერხებული ფორმატით ჩატარება. ეს კარგი სტიმული იქნება მოსწავლეებისთვის, მეტი იკითხონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი