შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

  “შუშანიკის წამების“   დეტალები

“შუშანიკის წამება“, ერთი შეხედვით, მარტივი ფაბულის მქონე ჰაგიოგრაფიულ თხზულებად შეიძლება მივიჩნიოთ (რადგან სამწერლობო ენაც ადვილია ამავე ჟანრის სხვა  თხზულებათაგან  განსხვავებით), რომელშიც ქვემო ქართლის გამაზდეანებული პიტიახშის, ვარსქენის, და მისი მეუღლის, ქრისტიანობისთვის თავდადებული შუშანიკ დედოფლის, ჩვეულებრივი ოჯახური დრამაა აღწერილი,  თუმცა დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება მასში დაფარული ისეთი ფაქტები, რომელთა გაანალიზება ამ ამბავს ამძაფრებს და სახტადაც კი დატოვებს მკითხველს.

ტექსტის დასაწყისშივე შევნიშნე –  “შუშანიკის წამებას“ იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებას თუ დავუკავშირებდი  და სიუჟეტის არეალს გავაფართოებდი, შეიძლებოდა  აბსოლუტურად განსხვავებული და საინტერესო მოვლენის წინაშე აღმოვჩენილიყავი.

“შუშანიკის წამებასთან“ დაკავშირებული არცერთი სამეცნიერო წყარო ჯერ კიდევ არ მქონდა წაკითხული, როცა ხშირად ვაპროტესტებდი  როგორც ვარსქენის, ისე  შუშანიკის გამონათქვავებსა თუ საქციელს, ზოგჯერ ვარსქენსაც კი თანავუგრძნობდი და გულში ვამბობდი, რომ შუშანიკმა გადაამეტა,  მან ეჭვიანობის გამო  ატეხა განგაში, წარამარა ამუნათებდა ღმერთს და ა.შ.

ერთი სიტყვით, გადავწყვიტეთ გადამეხვია სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული გზებიდან, გავცდენოდი  მის  ჩარჩოებს და მომეძებნა ტექსტში დამარხული საიდუმლოების გასაღები.

(იაკობ ხუცესი)

როგორც ვიცით, “შუშანიკის წამების“ ავტორი,  ვარსქენის კარზე დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველი და ერთ-ერთი პერსონაჟი იაკობია. იგი ამბავს პირველ პირში გვიყვება: “… და მეცა, ხუცესი შუშანიკ დედოფლისა, თანა ვყვანდი ეპისკოპოსსა მას“, “ მე ვარქუ მას“, “მან მრქუა მე“ და ა.შ. აშკარაა, მას ადრეც უნდა ჰქონოდა დაწერილი რამე შუშანიკზე – გავიხსენოთ მისი სიტყვები ტექსტდიდან: “ შუშანიკ იყო მოშიში ღვთისა, ვითარცა ვთქუთ, სიყრმიდგან თვისით“. ამავე დროს, როცა იაკობი სთხოვს შუშანიკს, რაც გულში აქვს, უამბოს, რათა შემდგომში აღწეროს მისი შრომა, დედოფალს არ უკვირს მისი შემოთავაზება, ე.ი. იცის, რომ იაკობი სამწერლო საქმიანობაშიც გაწაფულია.

 

საინტერესოა, იაკობი დედოფალს მხოლოდ პირადი მოძღვარივით ემსახურება თუ სხვა მისიაც აკისრია პიტიახშის კარზე, მაგრამ ისე, რომ ამის შესახებ შუშანიკმაც ბოლომდე არაფერი არ იცის? დიახ, ასე გამოდის – იაკობი შუშანიკს ვახტანგ გორგასლისგან ჰყავს მიჩენილი. გავიხსენოთ, რა მალე გამოეშურა ის შუშანიკისკენ აფოცთან ერთად წმინდა კაცის მოსანახულებლად წასული, როცა დიაკონმა ვარსქენის დაბრუნება შეატყობინა. იაკობი წამოვიდა, აფოცი კი იქვე დატოვა – უნდა დაესწრო მისთვის, რომელსაც შეიძლება შეერიგებინა იგი ქმართან.

იაკობი ამ ტრაგედიაში შეიძლება უბრალო ხუცესი და პიროვნება გეგონოთ, თუმცა ეს ასე სულაც არ არის – ის ადგენს ყველა გეგმას ვარსქენ პიტიახშის კარზე. თუ უფრო შორს წავალთ, მივხვდებით, გორგასალმა კარგად იცის, ვარსქენს, ორგულსა და მოღალატეს, საქართველოში წამოწყებული ყველა ეროვნული საქმის მოწინააღმდეგეს, ირანის შაჰ პეროზის მეგობარს, ხელაღებით ვერ მოკლავს. ამიტომ მეფეს აქცენტი გადააქვს რელიგიურ კონფლიქტზე – (კონფლიქტზე ვარსქენსა და შუშანიკს შორის, ეკლესიასა და ვარსქენს შორის, ცურტაველებსა და ვარსქენს შორის) უნდა შენიღბულიყო ამ პოლიტიკური ბრძოლის არსი.

ტექსტში კარგად ჩანს, რომ გორგასლის სამეფო კარი ქართლის ეპისოპოსების საშუალებით უკავშირდება იაკობს – ესენი არიან სამოელ და იოანე ეპისკოპოსები. როგორც ვთქვით, იაკობი პიტიახშის კარის ტრაგედიის რეჟისორიცაა და  პერსონაჟიც, ის თვალს კულისებიდანაც ადევნებს შუშანიკს – განა ადვილია, აუმხედროს მოსიყვარულე მეუღლესა და ოთხი შვილის მამას?!

ვიდრე იაკობზე საუბარს გავაგრძელებდეთ, ეპისკოპოს აფოცის შესახებაც უნდა ვთქვათ: აშკარაა, მას არ ენდობა სამეფო კარი. მან არც იცის, რას ხლართავს იაკობი, არც უნდა სცოდნოდა. დიდი სიფრთხილე იყო საჭირო, იაკობზე რომ არ ეეჭვიანა.

ამ თემაზე მუშაობისას გავარკვიე, რომ აფოცი, სავარაუდოდ, სომეხი ეპისკოპოსია. ის ეკუთვნოდა ვარსქენის მომხრეთა ბანაკს. ვარსქენი მას, აშკარად, რაღაცას დაჰპირდა და ამიტომ არც მალავს შუშანიკის სახლში დაბრუნების მცდელობას. (მით უმეტეს, 21-ე საუკუნის ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებში ატეხილი შფოთი და გაუტანლობა რა გასაკვირია, როცა V საუკუნის II ნახევრის საქართველოში არნახული ბრძოლა მიმდინარეობს სამღვდელოებას შორის: ერთ მხარეს არიან აფოცი, მეორე მხარეს – იაკობი, სამოელ და იოანე ეპისკოპოსები, დიაკონი, რომელსაც კვერთი ჩაარტყა ვარსქენმა, ხუცესი, რომელმაც თქვა “მტკი…“ და  “დიაკონი შინაით“). თხზულების ბოლოს ვხედავთ, რომ მთავრეპისკოპოსად სამოელი იხსენიება და რა აფოცი. ეტყობა, გორგასლის ბანაკმა გაიმარჯვა.

პიტიახშის კარზე მექრთამეობა, დაბეზღება და ჯაშუშობა ჩვეულებრივი ამბავია – იაკობის ჯაშუშია სანდო კაცი “დიაკონი შინაით“, რომელიც გაფრთხილებული ჰყავს, რომ ვარსქენის მოსვლის ამბავი მაშინვე აცნობოს. იაკობმა ჯაშუშის შეგზავნა ვარსქენის ამალაშიც მოახერხა. აქედან გამომდინარე,  გორგასლის ბანაკში უკვე იციან ვარსქენის გამაზდეანების ამბავი. ამიტომაა, რომ შუშანიკი, წინასწარმეტყველევით კი არა, პირდაპირ ეკითხება მონას, ვარსქენი “სულით ცოცხალი“ არ არისო? დესპანმაც იცის იაკობის გეგმები (არადა ყოველთვის გვიკვირდა, როგორ გაბედა მან ვარსქენის დაუკითხავად ეთქვა სიმართლე შუშანიკისთვის) და პირდაპირ უმხელს მას ყველაფერს: “ვარსქენ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი!“.

 

 

(წმინდა შუშანიკი)

ტექსტში ძალიან მძაფრადაა აღწერილი შუშანიკის მდგომარეობა და განცდები : “დავარდა იგი ქუეყანასა ზედა, თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა“ – არადა ეს ყველაფერი წინასწარდადგმულია, მისი სიტყვებიც კი: “საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენი, რამეთუ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი და შეერთო იგი უღმრთოთა“. სასახლიდან წასვლაც ცურტაველთა ყურადღების მისაქცევად გადაწყვიტა… და ამ დროს გარბის “დიაკონი შინაით“ იაკობთან და აცნობებს, რომ სპექტაკლი უკვე დაწყებულია და სცენაზე მისი გამოსვლის დროა.

ამის შემდეგ, იაკობი ხვდება შუშანიკს. რამდენჯერაც შეხვდება, იმდენჯერ ამოწმებს მის სიმტკიცეს, რადგან თავის გაწირვა ასე ოილი ხომ არ არის?! როცა შუშანიკი დადარდიანდება, სანუგეშოც მზად აქვს იაკობს – მომავალში მოსალოდნელ პატივ-დიდებას შეახსენებს. იმდენჯერ ჰკითხა იაკობმა შუშანიკს, მტკიცედ თუ დგახარო, რომ დედოფალში პატივმოყვარეობამ იძალა, განა რა სისუსტე შემამჩნია ჩემმა მოძღვარმაო და წარბიც კი აზიდა დედოფლურად. იაკობი ხანდახან ვარსქენით აშინებს მას, რომ უკან დასახევი გზები ჩაუხერგოს. აი, ასე ამზადებს მოძღვარი შუშანიკისგან მოწამეს.

ტექსტის კითხვისას, გზადაგზა, ვრწმუნდებით, რომ შუშანიკი პრინციპული ქალი იყო, ზოგჯერ ჯიუტიც, ძალიან ამაყიც… საინტერესოა, ის თავისი გონივრული ნაბიჯებით შეგნებულად თუ არა ეწამა ქრისტიანობისთვის, როგორ შეძლო მისი “მოხელთება“ გორგასლის პარტიამ ქმართან დასაპირისპირებლად, მაგრამ ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

(ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი.

ნახ. X კლასის მოსწავლე ლიკა დადაჰავასი)

არანაკლებ საინტერესოა, იცის თუ არა ვარსქენმა, რა ხდება მის კარზე? რა თქმა უნდა, იცის! იგი გონებამახვილი პოლიტიკოსია, ამიტომ ცდილობს, ახლოს იყოს იაკობთან, რათა გაიგოს, რა ხდება მოწინააღმდეგეთა ბანაკში. აი  ფაქტიც: შუშანიკის ცემის შემდეგ, ვარსქენი დილით სანადიროდ წავიდა. არადა მაშინვე მობრუნდა ისე, რომ არც არსად არ წასულა და იაკობს დაუწყო თვალთვალი. ამ დროს იაკობი შუშანიკთანაა, დედოფალი მას სამკაულების ვარსქენისთვის დაბრუნებაზე ესაუბრება. ამ დროს პიტიახში იბარებს იაკობს და მოულოდნელად სამკაულების დაბრუნება სთხოვს. რა ხდება? რა შუაშია სამკაულები? საქმე ისაა, რომ გორგასალი მის სასახლეშივე უთხრის ვარსქენს ორმოს, მას ისეთი კოცონი სჭირდებოდა, მთელი ქვეყანა რომ დაინახავდა – ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, მეფის ბანაკს სურს, რომ ვარსქენმა მოკლას ჯვარდაწერილი კანონიერი ცოლი, თანაც დედოფალი. ვარსქენი მიუხვდა  მეფეს ამ ინტრიგნულ ჩანაფიქრს და იაკობის ხელით სასწრაფოდ ჩამოართვა ცოლს სადედოფლო სამკაულები. ამ ქმედებით ის, ფაქტობრივად, გაეყარა მას.

საგულისხმოა ისიც, რომ ვარსქენს შეეძლო ჯოჯიკი ან სხვა ერთგული პირი გაეგზავნა სამკაულების ჩამოსართმევად, თუმცა იაკობს აგზავნის, რათა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ის ცოლსაც გაეყრება, საქმეს თუ დასჭირდა. იაკობს უკლებლივ მოაქვს სამკაულები, რადგან ერთიც რომ დაეტოვებინა იქიდან შუშანიკს, ე.ი. ვარსქენს კიდევ შეიძლებოდა ჰქონოდა მისი გადმობირების იმედი. ვარსქენი ხვდება იაკობის ქმედებას, იაკობიც დარწმუნებულია, რომ ვარსქენმა იცის, ვინცაა, თუმცა არ იმჩნევს – ჯვარდაწერილ ცოლთან რელიგიური დაპირისპირება არ უნდა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, როგორც ზემოთ დავწერეთ, ვარსქენის კარზე მექრთამეობა და ჯაშუშობაა გამეფებული. ეს აქედანაც კარგად ჩანს: იაკობი მცველს ქრთამავს და ისე შედის შუშანიკთან. მცველი არა მხოლოდ მექრთამე, არამედ ვარსქენის ჯაშუშიცაა. ის ქრთამს იღებს, შემდეგ აყურადებს იაკობისა და შუშანიკის საუბარს და ვარსქენს გადასცემს. ეს სწორედ ის ღამეა,  როცა ვარსქენმა იაკობს დაუძახა და სამკაულები დააბრუნებინა.

დავუბრუნდეთ ტექსტის დასაწყისს – სამი დღის შემდეგ მოდის ვარსქენი სასახლეში, იქამდე სიტუაციას ზვერავს, განა არ იცის, რა ხდება მის კარზე? მასაც ჰყავს ჯაშუშები, მაგრამ პოლიტიკოსია და თავი ხელში აჰყავს. მან იცის, რომ ცოლისგან შეურაცხყოფილი ქმრის როლი უნდა ითამაშოს იაკობის დადმულ ტრაგედიაში. ვინმე სპარსმაც იცის, რომ შუშანიკი თავისი ჭკუით არ მოქმედებს და ამიტომ ურჩევს ვარსქენს, არ ატეხოს აურზაური, ვარსქენიც მოზომილად მოქმედებს.

აქ სრულდება I რაუნდი, რომელიც  იაკობმა მოიგო! ეს ის რაუნდია, შუშანიკმა ქმარი რჯულის შეცვლაში რომ დაადანაშაულა.

II რაუნდში ვარსქენი შუშანიკს შერეულ დეპუტაციას უგზავნის – ეპისკოპოს აფოცს, ძმას-ჯოჯიკს და  რძალს -ჯოჯიკის ცოლს, რომლების მის შინ დაბრუნებას ცდილობენ. ვარსქენი შუშანიკის ნებისყოფის გატეხას ცდილობს, თუმცა იცის, რომ ეს ადვილი არაა – მან შუშანიკის დაჟნებული მოთხოვნით შემოიღო სომხური ღვთისმსახურება ცურტავში ანუ ცოლმა იქით დაიყოლია. გავიხსენოთ დედოფლის სიტყვები: “მეგონა მე, ვითარმედ ის ჩემდა მოვაქცინო და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს“.

II რაუნდიც იაკობმა მოიგო, რადგან შუშანიკმა რელიგიური ბრძოლა კი არ გააგრძელა ქმართან,  პოლიტიკურად მოსისხლე მტრები ვართო, უთხრა ჯოჯიკს. თქვენც მტრები ხართო – ყველა დაადანაშაულა.

III რაუნდი სასახლეში იმართება – შუშანიკი შინ ბრუნდება: “ადგა და წარვიდა მათ თანა“. იაკობი გულისფანცქალით ელოდება მოლაპარაკების დასრულებას. პურობისას ვარსქენი სცემს ცოლს, იაკობი კი ნაწამები ქალის მოსანახულებლად მიდის მის სენაკში. მოძღვარი ამ დროს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის, მაგრამ მაინც უნდა ნახოს შუშანიკი. შედის და შეაქვს ნაზიარები პურ-ღვინო – ქრისტეს ხორცი და სისხლი – სპეციალურად მცხეთიდან გამოგზავნილი სამოელ და იოანე ეპისკოპოსების მიერ, რათა მარტვილის გზაზე შეაყენონ ის.

(სამოელ ეპისკოპოსი)

ეს ეპიზოდი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა  – რატომ გამოგზავნეს მათ ნაზიარები პური და ღვინო მცხეთიდან? როგორმე იაკობი ცურტავშიც იშოვიდა მათ. მაგრამ მათგან გამოგზავნილს სხვა ძალა აქვს, ეტყობა.

არა ნაკლებ  დაგვაინტერესა იმან, თუ როგორ გამოგზავნეს პურ-ღვინო ასე სწრაფად მცხეთიდან ან რა იცოდნენ, რომ მაინცდამაინც იმ დღეს აწამდებდა ვარსქენი ცოლს? ან ასე “ფარულად“ რატომ იღვწიან შუშანიკისთვის ქართლის ეპისკოპოსები: “… ჭამადი მოეძღუანა სამოელ ეპისკოპოსსა და იოვანეს, რამეთუ ფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს“. ბოლოს დავასკვენი, რომ სიტყვა “ფარული“ კოდირებულია და იაკობსა და გორგასლის სამეფო კარს შორის ფარულ კავშირს ადასტურებს. ცხადია, ვარსქენის წინაღმდეგ იბრძვიან გორგასლის სამეფო კარი და მცხეთის საეკლესიო ცენტრი.

“შუშანიკის წამებას“ ვინც კარგად იცნობს, იცის, ტექსტში ყველა ეპიზოდი საინტერესოა. ის, რაზედაც ახლა უნდა ვისაუბროთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თხზულებაში – სინამდვილეში რა უნდა ვარსქენს და ვინაა არშუშა პიტიახში – ამ უკანასკნელის ხსენების გარეშე  საიდუმლოს ფარდა არ აეხდება:

(მეფე ვახტანგ გორგასალი)

როგორც ისტორიულადაა ცნობილი, ვახტანგ V-ის მცირეწლოვნობის გამო სახელმწიფოს დედამისი სპარსელი საგდუხტი მართავდა. მას მხარში ედგნენ დიდებულები, მათ შორის, ქართლის პიტიახში არშუშა, შემდგომში გორგასლის მოადილე. სპარსეთისგან შევიწროებულ-დაპრობილი ხალხები აჯანყებას აპირებდნენ. მათი ბელადი  სომხეთში  სომეხთა მხედართმთავარი ვარდან მამიკონიანი გახლდათ (შუშანიკის მამა), ხოლო ქართლში – არშუშა პიტიახში (ვარსქენის მამა). არშუშა და ვარდანი ნათესავები იყვენენ – არშუშას მეუღლის, ცნობილი და გავლენიანი სომხური გვარიშვილის, ანუშვრამ არწრუნის, და ცოლად ესვა ვარდანის ძმა ჰმაიკს. შაჰმა იეზდიგერ II -მ თავისთან მიიწვია არშუშა და ვარდანი, რათა აჯანყების ცეცხლი ცოტა ხნით გაენელებინა. ქართლის პიტიახში თავისთან დაიტოვა, ვარდანი კი გამოუშვა. მამიკონიანი კვლავ ჩაუდგა სათავეში აჯანყებას, რა დროსაც დაიღუპა, ხოლო მისი ოჯახი დაატყვევეს. არშუშას დიდი ძალისხმევა დასჭირდა მათ გამოსახსნელად და თავის საპიტიახშოში გამოსამგზავრებლად. აი, ამ ვითარებაში შეხვდნენ ერთმანეთს და იზრდებოდნენ ერთად არშუშასა და ვარდანის შვილები.

( ვარდან მამიკონიანი)

აქვე ორიოდე სიტყვა გვინდა ვთქვათ ვარდან მამიკონინზეც. ის სომეხთა კათალიკოს საჰაკ დიდის ქალიშვილის, საჰაკანუშის, ვაჟია. როგორც მეცნიერულად ცნობილია, მამიკონიანები არ არიან სომხები, ისინი იქ ჭანეთიდან გადასახლებულან მიზეზთა გამო.

ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ იაკობი ტექსტში არსად არ ამბობს, რომ ვარდან მამიკონიანი სომეხია, წერს, რომ ის სომეხთა მხედართმთავარია და არა სომეხი მხედართმთავარი. ე.ი. წმინდა შუშანიკის სომხობა ამ ვერსიით გამოირიცხა.

დავუბრუნდეთ არშუშა პიტიახშის პიროვნების განხილვას – ისტორიული წყაროებით  ცნობილია, რომ ის იეზდიგერ II-მ 8 წლით დაიტოვა სპარსეთში, რა დროსაც გამაზდეანდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვლავ გაქრისტიანდა და ხელი მიჰყო ქრისტიანული ეკლესია-მონასტრებისა და სალოცავ-სამარტვილეების შენებას, რასაც შუშანიკის სიტყვებიც ადასტურებს: “ … მამამან შენმან აღჰმართნა სამარტვილენი და ეკლესიანი აღაშენნა… მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თვისა… მან ღმერთი ცათაი და ქუეყანისაი აღიარა და ჰრწმენა…“

სად არის ამ დროს ვარსქენი, როცა პოლიტიკიდან წასული მამამისი შვებას საღვთო საქმეებში პოულობს? ის არ ჩანს მეფის ამალაში, მეტიც, მას გორგასლის არცერთ ბრძოლაში არ უომია.

(სასანიდური ირანის მე-18 შაჰინშაჰი პეროზ I.

ნახ. X კლასის მოსწავლე  ლიკა დადაჰავასი )

აქვე უნდა ვისაუბროთ გორგასლის ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც შეიძლებოდა უფრო განერისხებინა ვარსქენი – როცა ირანის შაჰმა ვახტანგ V თავისთან დაიბარა, მან საქართველოში დატოვა მცირეწლოვანი დაჩი, ხოლო სახელმწიფო სხვადასხვა დიდებულს ჩააბარა, მათ შორის, ქვემო ქართლი, რომელიც საეპისკოპოსო რეზიდენცია იყო, ჩააბარა სამშვილდის გამგებელ ადარნასე ერისთავს და არა ვარსქენს. ე.ი. ვარსქენი მხოლოდ ცურტავის გამგებელია, ხოლო წოდება პიტიახში მამისგან მემკვიდრეობით ერგო. რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო მისი მეფისგან განდგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

აგრეთვე, 458 წელს ვახტანგ მეფე ამარცხებს ოვსებსა და პაჭანიკებს – აძლიერებს საქართველოს. არშუშა ამ დროს უკვე აღარაა მისი მოადგილე, პოლიტიკას ჩამოშორებულია და ქრისტიანულ ეკლესია -მონასტებს აშენებს, მათ შორის, როგორც ვარაუდობენ, ბოლნისის სიონს.  ვარსქენი გორგასლის ამალაში არც ახლა არ ჩანს. შეიძლება დავასკვნათ, რომ გორგასლის სამეფო კარი გამაზდეანებულ და სპარსეთში პატივდებულ არშუშასა და მის ვაჟს არ ენდობა. ამიტომ ვერ მიიღო ვარსქენმა ქართლის პიტიახშობა, არც  მეფის მოადგილეობა არ მიუღია, მას ტიტულიც დაუკნინა მეფემ და არა ქართლის, არამედ ქვემო ქართლის პიტიახშად იწოდება.  ე.ი. ვარსქენმა დაკარგა ძალაუფლება. აქედან გამომდინარე, ის გამწყრალია გორგასალზე და სწორედ ამიტომ უნდა მიემართა პეროზისთვის.

ახლა გადავინაცვლოთ 451 წელში – გორგასალმა იომა ბიზანტიაში და დაუზავდა კეისარს. სად არის ამ დროს ვარსქენი? ის ახლაც არ ჩანს მეფის ამალაში.

(მონეტა სასანიდური ირანის მე-18 შაჰინშაჰ პეროზ I -ის გამოსახულებით)

გავა ხანი და გორგასალს პეროზი თავის კარზე დაიბარებს, სადაც ის 8 წელს დაჰყოფს. ვარსქენი კი იმ დროს მიდის პეროზთან, როცა საქართველოს მეფე ჯერ კიდევ იქაა. როცა ის საქართველოში დაბრუნდა, შუშანიკი უკვე ნაწამები იყო.

ტექსტის წაკითხვისას  მრავალი შეკითხვა დამებადა, პროტესტიც, თუმცა დღემდე მაინტერესებს მიზეზი იმისა, ასე დანასისხლად რატომ გადაეკიდნენ ერთმანეთს მეფე და დიდებული. როგორც ჩანს, პეროზი აქეზებდა ვარსქენს და გორგასალს უპირისპირებდა. ვარსქენი შეცდა და საბედისწერო ნაბიჯი გადადგა – პატივმოყვარეობას ანაცვალა ქვეყანა და ეროვნული ინტერესები.

გავიხსენოთ მნიშვნელოვანი თარიღები: ვარსქენი პეროზს ეახლა 467 წელს, იქიდან წამოვიდა 468-ში, შუშანიკი პირველად აწამა 469 წლის 8 იანვარს, მეორედ – 469 წლის 14 აპრილს. დედოფალი გარდაიცვალა 475 წლის 17 ოქტომბერს. 482 წელს მზადდებოდა სომხეთის აჯანყება სპარსეთის წინააღმდეგ, ქართლი სომხეთის მხარეს იბრძოდა, ვარსქენი კი ხელს უშლიდა ამ ეროვნულ საქმეს. გორგასალმა კი ეს და შუშანიკის წამება გამოიყენა მისი მოკვლის მიზეზად.

ამ თემაზე მუშაობისას არაერთი მიზეზი გამოიკვეთა, რასაც შეიძლებოდა შუშანიკის გული აეცრუებინა მეუღლისადმი – ერთ-ერთი ვარსქენის მიერ მეორე ცოლის შერთვის ამბავია. არ გამოვრიცხავ, რომ შუშანიკმა ქმარს ასეთი დაუნდობელი ბრძოლა ეჭვიანობის გამოც გამოუცხადა. ისე, მართლა შეირთო თუ არა მან ცოლად სპარსეთის მეფის ასული, ორი ვერსია არსებობს: პირველი, პეროზი იმ დროისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო და გასათხოვარი ქალიშვილი არ ეყოლებოდა. სავარაუდოდ, ვარსქენმა მას ქალი მისი ჰარამხანიდან სთხოვა თავისი ამალის ერთ-ერთი დიდებულისთვის, რაც, იმდროინდელი წესებით, დიდი პატივი იქნებოდა ვარსქენისთვის.

(ვინმე სპარსი ვარსქენის საიტიახშოს კარზე.

ნახ. X-კლასელი ლიკა დადაჰავასი)

მეორე ვერსიით, შაჰმა მას თავისი სიდედრი, ავღანეთის მეფის ასული, მიათხოვა, თუმცა პიტიახშს ის ქართლში არ წამოუყვანია. ის ქართლში ახალი ცოლით არა, მაგრამ სპარსეთის ამალით კი დაბრუნდა.

მეორე მიზეზით, წინააღმდეგობა ცოლ-ქმარს შორის უნდა წარმოშობილიყო ვარსქენის მამის არშუშა პიტიახშის და შუშანიკის მამის ვარდან მამიკონიანის სპარსეთის სამეფო კარაზე გაწვევის შემდეგ შაჰ იეზდიგერდ მეორის მეფობის პერიოდში. შაჰმა ალბანეთის მთავართან ერთად ისინი აიძულა ეღიარებინათ მაზდეანობა. მხოლოდ ამის შემდეგ ათავისუფლებს სომხეთის სპასპეტს ვარდან მამიკონიანს და მძევლად იტოვებს არშუშა პიტიახშს. სომხეთში დაბრუნებულმა ვარდანმა აჯანყება მოაწყო. ბრძოლაში ბევრი დიდებული სომეხი დაიღუპა, მათ შორის,  ვარდან მამიკონიანიც და სომხეთი დამარცხდა. სპარსეთში დარჩენილი არშუშა პიტიახში განწირული აღმოჩნდა მამიკონიანის მიერ იეზიგერდ მეორისათვის მიცემული სიტყვის გატეხის გამო. ბუნებრივია, მამათა ასეთი მდგომარეობა ვარსქენსა და შუშანიკს შორის ურთიერთობას გაამწვავებდა.

ერთი მხრივ, ვარსქენის მამა გაიწირა შუშანიკის მამის მოქმედებით, რაც ვარსქენის აუცილებელ წყენას გამოიწვევდა და, მეორე მხრივ, ვარდანი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა, რაც შუშანიკსა და სპარსეთის სამეფო კარს შორის შეურიგებელი მტრობის და მოსისხლეობის საფუძველი გახდებოდა. აქედან გამომდინარე, შაჰის კართან ვარსქენის დაახლოვება შუშანიკისათვის ქმრის მტრების მხარეს გადასვლას ნიშნავდა.

როგორც ვხედავთ, “შუშანიკის წამება“ დიდი საიდუმლოებითა და ბურუსით მოცული თხზულებაა. თითოეული “საიდუმლო“ ეპიზოდის გასაღები,  სწორად თუ მივაგნებთ,  დაუჯერებელ სიმართლეს გვიმხელს. მაგალითად, ყველამ ზეპირად იცის იაკობ ხუცესის ეს სიტყვები: “რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე  სპარსთა მეფისა არა თუ პატივისა მიღებისათვის, არამედ ძღუნად თავსა თვისსა შესწირვიდა მეფისა მის მიმართ უვარის ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაითა და თაყვანის – სცემდა ცეცხლსა“. როგორც ტექსტი გვაუწყებს, ვარსქენს რჯულის შეცვლის სანაცვლოდ არანაირი წყალობა არ მოუთხოვია მეფისთვის. მაშ, რა აზრი ჰქონდა ამ ისედაც უგუნურ ნაბიჯს? მრავალი ხნის ძენბის შემდეგ სავარაუდო პასუხსაც მივაგენი – ვარსქენს მიუღია სანაცვლო წყალობა შაჰისგან და ეს ყოფილა რანი!

(V საუკუნის II ნახევრის რუკა ქართლის, რანის, ჰერეთისა და დარიალის საჩვენებლად)

გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როცა ვარსქენი იაკობს ეტყვის, ჰუნებთან საბრძოლველად მივდივარო: “-უწყია, ხუცეს? მე ბრძოლად მივალ ჰონთა ზედა“ – ის სამი თვის შემდეგ დაბრუნდა და გაბრაზებულმა სცემა ცოლს. საგულისხმოა, რომ ჰუნები რანში დარუბანდიდან შემოიჭრნენ, რადგან დარიალი გორგასალმა ჩაკეტა და იქ სპასპეტი ჯუანშერი დააყენა. ვარსქენი დამარცხდა ჰუნებთან და ქართლში წამოვიდა, სცემა ცოლს და ისევ საჩქაროდ წავიდა ჩორდში ჰუნების რანიდან გასარეკად. მას დაედევნა ჯოჯიკი, ჰერეთის საზღვართან დაეწია და შუშანიკის ბორკილებისგან გათავისუფლება სთხოვა. სწორედ  რანის ანუ ჩორდის მხარის იქით იყო ჰერეთი.

ვარსქენი კიდევ ერთ ეპიზოდში ახსენებს ჩორდს, როცა შუშანიკს ვირზე შესმით და იქ გაგზავნით ემუქრება. რა ესაქმება იქ, თვითონ თუ არ არის რანის მმართველი?

კიდევ ერთი დეტალი: შუშანიკი, მას შემდეგ, რაც პიტიახშმა ციხიდან გამოსვლა და შინ დაბრუნება შესთავაზა,  ვარსქენს ახსენებს:“ …შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალითა ფერხითა არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით. ხოლო აწ, უკეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებად, პირველად დედაი შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს…“

(თანამედროვე სოფ. ცურტავი – ადრე ქვემო ქართლის საპიტიახშოს ცენტრი დაბა ცურტავი,  სავარაუდოდ, აქ, ბოლნისსა და რუსთავს შორის, მდებარეობდა).

რატომ დაიმარხა ვარსქენის დედა ურდში-რანში და არა ცურტავში ქმრის გვერდით, პიტიახშთა საძვალეში? ის ხომ ვარსქენის პეროზთან გამგზავრებამდე გარდაიცვლა? გამოდის, ვარსქენს არ დაედგომებოდა ქართლში, იშვიათად ჩამოდიოდა ცურტავში, დედა რანში ჰყავდა და, რომ გარდაიცვალა, ცურტავში ვერ ჩამოასვენა. და შუშანიკის პასუხი ირონიულია, რადგან ვარსქენმა დედის ცურტავში გადმოსვენება ვერ შეძლო.

“შუშანიკის წამების“ თითოეული პერსონაჟი ინდივიდუალურია. სამწუხარო იქნებოდა, ამ თხზულებას ჩვენამდე რომ არ მოეღწია და მასში მოხსენიებული ისტორიული პირების თავბრუდამხვევი ცხოვრების შესახებ არაფერი გვცოდნოდა. განა სადმე, მსოფლიოს ხალხთა მწერლობაში, კიდევ შეხვედრილხართ ვარსქენისა და შუშანიკისთანა წყვილს? განა სადმე გინახავთ იაკობისთანა მიზანსწრაფული მოძღვარი, რომელიც დეტექტივის საიდუმლო პერსონაჟს ჰგავს? განა გსმენიათ გორგასლისთანა მეფეზე, რომელმაც 8 წელი შაჰის “საპატიო ტყვეობაში“ გაატარა, ათას მახეს უგებდნენ შინ თუ გარეთ, მაგრამ მაინც შეძლო საქართველოს გაერთიანება, რადგან მთელი სიცოცხლე ფეხზე მდგარს ეძინა სახელმწიფოს  გაერთიანებისთვის თვალმოუხუჭველს, ბოლოსდაბოლოს, “ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა“!

(წმინდა შუშანიკი)

რაც შეეხება ნაწარმოების მთავარ გმირს, შუშანიკს, ის ისეთი პიროვნული და ქცევითი ინდივიდუალურობით გამორჩევა, ხანდახან ძნელიც კი ეს თხზულება ჰაგიოგრაფიულ ჟანრს მიაკუთვნო, დედოფალი კი მხოლოდ ქრისტიანობისთვის თავდადებულ მოწამეს:

  1. ის ხშირად დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს (სასახლიდან წასვლა და ტახტის უპატრონოდ მიტოვება: “…და აღდგა და დაუტევა ტაძარი…“; სასახლიდან წასვლა ყურადღების მისაქცევად).
  2. ხშირად ხმამაღლა ამბობს მოწამისთვის მიუღებელ სათქმელს (“უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ“;

“… არცა მღდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალეი, არცა ერისკაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას, არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს…“);

უკმაყოფილოა თავისი ხვედრით, რომ ქმართან შემრიგებელი ვერ იპოვა. აღსასრულის წინაც კი  უმეორებს ჯოჯიკს და არ პატიობს, რომ:  “ … არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსაც აქუნდა წყალობაი და ტკივილი ჩემთვის, რომელმანმცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა“.  განსაკუთრებით დამაფიქრებელია მისი ეს პრაზა: “ჩემდა მარტოის არიან ჭირნი ესე“ – ანუ მოწამეობრივ მოღვაწეობას ჭირს უწოდებს.

  1. შუშანიკს ენანება თავისი ახალგაზრდობა და სილამაზე და ალბათ სულაც არ არის კმაყოფილი მიკუთვნებული ხვედრით: “მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაი სიკეთისა ჩემისაი დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა“.
  2. დედოფალი ხშირად იჩენს ადამიანურ სისუსტეს, თუნდაც მაშინ, როცა ღმერთის სურვილს გადააბრალებს თავისი შვილების გამაზდეანებას და მხოლოდ საკუთარი თავის დაცვაზე ფიქრობს: “… იყვენესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაი შენი, უფალო, და მე დამიცევ საქმეთაგან მტერისაითა“.

(წმინდა შუშანიკი შვილებთან)

ჩვენ არ გაგვკვირებია შუშანიკის მოურიდებელი მიმართვა ღვთისადმი, რადგან შვილების გამაზდეანებას მართლა არ მოელოდა. უფრო სწორად, ვერც წარმოიდგენდა, ასე თუ “დასჯიდა“ განგება.

  1. შუშანიკი წმინდანის მსგავსად არ იმოსება ძაძით, პირიქით, ძვირფასი მოსასხამით ირთვება და ამ ანტიოქიური მდიდრული მოსასხამივით ლივლივებს მისი დაუფარავი სევდა დედოფლობაზე. (არც ძვირფასეულის მოშორება უნდა ყოფილიყო მისთვის ადვილი).
  2. არ ასრულებს მონაზვნურ რიტუალს – არ იკვეცს თმას.
  3. დადის როგორც დედოფალი და არა როგორც დედოფალყოფილი.
  4. დასტირის თავის უმწეო მდგომარეობას: “მე გულითად სიკუდილდ მივალ“. უფრო სწორად,

გამუდმებით ტირის, რაც, ახალი აღთქმის მიხედვით, ქრისტიანულ მრწამსს ეწინააღმდეგება.

  1. არის რაღაც არტისტული შუშანიკის სიტყვებსა და პოზაში და ეს მოწიწებას კი არ აღძრავს მის მიმართ, რასაც, ალბათ, მიელტვოდა დედოფალი, არამედ სიბრალულულს.
  2. შუშანიკი პატივმოყვარეა – “ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ ყოველთა ვითარცა შვილთა გუხედევდ”- ეუბნება იაკობი.ეს ფრაზა თითქოს არაფერს ამბობს, თითქოს ეფერება და ეალერსება დედოფლის პატივმოყვარეობას, მაგრამ ის, ვინც ეს ფრაზა იმ სიტუაციაში მოისმინა, ალბათ შეაძრწუნა მისმა ფარულმა აზრმა: “შენ იყავი და აღარა ხარ, შენ აღარასოდეს აღარ იქნები ჩვენი დედოფალი!“ თუმცა ასეთი კატეგორიული, განაჩენის მსგავსი დასკვნებისთვის შუშანიკს ჯერ ისეთი არაფერი გაუკეთებია. რამდენი ქალი გამოქცეულა ქმრის სახლიდან, მაგრამ მერე მიბრუნებულა ისევ, იაკობმა კი შუშანიკს უკან დასახევი გზა მოუჭრა: შენ ვარდან მამიკონიანის ასული ხარ, დედოფალი, ასეთები უკან აღარ ბრუნდებიანო.

მისი პატივმოყვარეობა ამ სიტყვებიდან იგრძნობა: “ ვარ მე მეათერთმეტე ჟამის მუშაკი“.

  1. შუშანიკი ფანატიკოსიცაა – ის ხვდება, რომ გაწირეს. კი არ უღალატეს, გაწირეს. ისღა დარჩენია, ფანატიკური სიმტკიცე გამოიჩინოს(მსხვერპლი და ჯალათი ერთმანეთის პირისპირ დგანან, შემდეგ კი მსხვერპლი ხდება ჯალათი ჯალათისა).

ეროუზ დანემი წიგნში “გმირები და ფანატიკოსები“  წერს, რომ ჟანა დარკი მისმა რწმენამ კი არა, ფრანგული სამღვდელოების ინტრიგებმა აიყვანა კოცონზე. იმავე სამღვდელოებამ წმინდანადაც შერაცხაო. შუშანიკი და ჟანა დარკი ამ მხრივ თითქოს უახლოვდებიან ერთმანეთს.

იქიდან გამომდინარე, რაც “შუშანიკის წამებზე“  წავიკითხე, გავიაზრე, გავააანალიზე,  ვიმსჯელე, მასში დასმული ბევრი აქტუალური პრობლემა განვიხილე, არაერთი ნიღბიანი და უნიღბო (თუმცა აქ უნიღბოს ნაკლებად იპოვით) პერსონაჟი გავიცანით, შევიცანი თვით შუშანიკის სამყარო და მხატვრული სახე, დავრწმუნდი ყველაზე მთავარში, რამაც განსხვავებული თვალით დამანახა ეს დიდმოწამე – მას ძალიან უყვარდა ქმარი და თანაც ისე, რომ სიკვდილი აირჩია – თვითონ თუ მოკვდებოდა, ვარსქენიც დაემხობოდა. მისთვის უთუოდ მომხიბვლელი იქნებოდა იდეა ერთად სიკვდილისა.

ქალის შეუმცდარმა ალღომ უკარნახა, რომ ვარსქენსაც ისევ უყვარდა, უყვარდა და იტანჯებოდა. ამდენად, შეეძლო  ჯოჯოხეთური ცეცხლი წაეკიდებინა მისთვის, რადგან ჯერაც არ გამოუგონია კაცს წამება ამაზე უმაღლესი. ეს კი მისი – ქალის გამარჯვება იყო. ახლა უკვე რწმენისთვის სიკვდილიც ეადვილებოდა.

დაბოლოს, ამ ტრაგედიის მწვერვალი  ამ სიტყვებში გამოვხატე: შუშანიკი იმათ ბედ-იღბალს, ვინც ადრე უყვარდა, ღმერთს აბარებს : “ღმერთმან მოგიტევნინ“, ვარსქენს? ვარსქენს არა, ვარსქენს თავისთვის იტოვებს, ვარსქენთან ერთად კვდება!

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო, X კლ.
  2. “ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“, IX კლ.
  3. “შუშანიკის წამება“, თბ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, რედ. ლ.მენაბდე, 1978 წ.
  4. “იაკობ ხუცესის “წამებაი წმიდისა შუშანიკისი“, შ. ონიანი,1978 წ.
  5. “შუშანიკის წამება“, ნ. ჯანაშია, 1980 წ.
  6. “შუშანიკის წამება“, ნ. ჯანაშია, 1983 წ.
  7. “ვინ რისთვის აწამა შუშანიკი?“, ო. გოჩელაშვილი, 2000 წ.
  8. “იაკობ ხუცესის “შუშანიკის წამება“, თ. ჭეიშვილი, 1983 წ.
  9. “შუშანიკის წამება“, რ. ბარამიძე, 1978 წ.
  10. ვარსქენ პიტიახშის, შაჰ პეროზისა და ვინმე სპარსის გამოსახულებები შექმნილია შპს. სკოლა “ლამპარის“ X კლასის მოსწავლე ლიკა დადაჰავას მიერ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი