ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

უკაცრავად, ინგლისურად საუბრობთ?

არა რა, მთელ ქალაქში ინგლისურად არავინ საუბრობს. არადა, ხომ არის ევროპა და წესით, რაღაც ორი სიტყვა მაინც უნდა იცოდნენ, – ჩემივე თავთან გაოცებას ვერ ვმალავ და პრატოს ქვაფენილზე გულმოსული ჩემოდანს მივაგორებ. პრატო იტალიაში, ტოსკანას მხარეს ერთი პატარა ქალაქია, ლამაზი და მწვანეში ჩაფლული ქუჩებით, თუმცა… იტალიელები მხოლოდ იტალიურს ფლობენ. შეეკითხები რამეს და კი არ დაგზარდებიან, სენიორა, სენიორას ძახილით სულ დაწვრილებით აგიხსნიან ყველაფერს, ოღონდ… იტალიურად და თუ ვერაფერს გაიგებ, საკუთარ თავს დააბრალე – რაღა სხვა ენებს სწავლობდი? გესწავლა ბატონო იტალიური და აგერ ახლა პრატოში ჟესტების ენის ათვისებით არ იქნებოდი დაკავებული.

ასეა თუ ისე, სასტუმროსკენ მგონი სწორი გზით მივდივარ და დროულად, დაგვიანების გარეშე ჩამოვედი. დღეს გამოძინება უნდა მოვასწრო, რადგან ხვალ სამეცნიერო კონფერენცია იწყება, საკმაოდ საინტერესო სახელით: „ევრომრავალფეროვნება ქიმიის სწავლების საუნივერსიტეტო დონეზე“. სწორედ პრატოში მონაშის უნივერსიტეტის ცენტრში უნდა გაიმართოს. მონაში ავსტრალიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია. აქ კი მისი ცენტრი გახლავთ, რომელიც 2000 წელს ავსტრალიის ელჩს დაუარსებია. კონფერენციას ვინ აღარ კურირებს ევროპის, ავსტრალიის, იტალიის ქიმიური საზოგადოებები. ჰოდა, დაგვიანება ისედაც არ მჩვევია, ხვალ კი მით უმეტეს არ შეიძლება, რადგან კონფერენციის პირველი დღე, არც მეტი, არც ნაკლები, პიტერ მაჰაბის ლექციით იწყება.

პიტერის კვლევები ადრევე ვიცოდი. პირველად მას 2012 წელს რომში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე შევხვდი. მას შემდეგ ვთანამშრომლობთ, თუმცა პირადად აღარ მინახავს. ახლა კი, სწორედ მისი ლექციით აიღებს კონფერენცია სამუშაო სტარტს. პიტერის ლექციებზე, რომ იტყვიან ფართოდ გახელილი ყურებით უნდა იჯდე, რადგან სხვაგან ასეთს ვერ მოისმენ.

ძალიან ცხელა… საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში მთლად ვერ სუნთქავენო. საქართველოში?… იქ ჯერ კიდევ ვსუნთქავთ. შარშანაც ცხელოდა, შარშანწინაც, გლობალური დათბობაა, ეკოლოგიური პრობლემები, დაბინძურებული წყალი, გარემო, დაავადებები (გარემოს დაბინძურებისადმი არა ერთი სტატია მაქვს მიძღვნილი. ჰოდა, თუ გნებავთ რამდენიმე, აქ გაიხსენეთ https://mastsavlebeli.ge/?p=15427 https://mastsavlebeli.ge/?p=15528 https://mastsavlebeli.ge/?p=15834 https://mastsavlebeli.ge/?p=16093 https://mastsavlebeli.ge/?p=19028). ამ პრობლემებს სიღარიბე, არეულობა და ათასი ცუდი რამ ემატება. ჰოდა, მეცნიერებასა და ტქნოლოგიებში დაგროვებული ცოდნა (აქ, განსაკუთრებით ქიმიას ვგულისხმობ) როგორ შეიძლება გამოდგეს ამ პრობლემათა გადაჭრაში?

ბრიტანელი ავტორი დუგლას ადამსი ოდნავ იუმორით წერს, რომ ნიუტონის დროიდან რომ გაგვეგო რა როგორ მუშაობს, სულ ნაწილებად დავშალეთ ყველაფერიო. არადა, შიგნით რა აქვს. მაგის გასაგებად თუ კატას დაანაწევრებ, ხელში მკვდარი, უფუნქციო კატა შეგრჩება (ყველა ფისუნას, ჩემი ფისო „კატოს“ ჩათვლით, ბოდიშს ვუხდი ასეთი სასტიკი მაგალითის დაწერისთვის). ცხოვრება სირთულის ის დონეა, რომელიც ჩვენი მხედველობის მიღმა არსებობს. ჰოდა, ვინც მხოლოდ დეტალების კირკიტით დაკავდება, იმ დიდსა და რთულს გაუშვებს ამ დეტალების ერთობლივი ქმედებით, რომ არსებობს.

სხვაგვარად, რომ ვთქვათ სისტემურად უნდა ვიაზროვნოთ. ამ ტერმინით გამოიხატება დინამიკური სისტემების კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულება და მოქმედება სხვა სისტემებთან. მათ შორის, საზოგადოებრივ და ეკოლოგიურ სისტემებთანაც. ქიმიის სწავლების პროცესში სისტემური აზროვნება გვირჩევს, საკითხი ერთ მთლიან ჭრილში და სხვა რგოლებთან კავშირში წარმოვადგინოთ.

სხვათა შორის, ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების ინიციატივით გამოიცა, ე.წ. მწვანე ქიმიის სასწავლო რუკა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მდგრად ქიმიურ კონცეფციებს, პრინციპებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს ქიმიის სასწავლო პროგრამის მიხედვით. ეს ნაშრომი წარმოადგენს მდგრადი და ეკოლოგიური ქიმიური განათლების ერთ-ერთ მაგალითს.

ევროპის ქიმიური საზოგადოების სამუშაო ჯგუფის ნაშრომი „ეთიკა ქიმიაში“ ქიმიის საზოგადოებასთან და ეკოლოგიასთან მიმართებაში მის ეთიკურ, კულტურულ და სოციალურ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას.

მაგ. ქიმიის გაკვეთილზე ისწავლება მოყავისფრო-მოწითალო გაზის NO2 დიმერიზაციის რეაქცია. თუმცა, NO2 შეიძლება განიხილოთ, როგორც ფოტოქიმიური სმოგის ნაწილიც, ავტომობილების გამონაბოლქვისა და საწვავის წვის პროდუქტიც. სისტემური აზროვნება მოსწავლეს სხვა მხრივაც დააფიქრებს, ანუ ქიმიური ნივთიერებების არა მხოლოდ ქიმიზმზე, არამედ მათ დინამიკურ მოქმედებაზე (დინამიკაზე); დინამიკის მიზეზზე და შედეგზე; უკუკავშირზე სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიურ კონტექსთთან. მასწავლებელს სისტემური აზროვნების ფარგლებში შეუძლია აჩვენოს, თუ როგორ იცვლება NO2 კონცენტრაცია პატარა ქალაქში დღის განმავლობაში. როდესაც მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ კონცენტრაცია დღის პირველ ნაწილში იზრდება (დინამიკური მოქმედება), დღის ბოლოს კი მცირდება (ციკლური მოქმედება), დაფიქრდებიან ცვლადებზეც, რომლებსაც შეუძლიათ NO2-ის გაზრდა ან შემცირება (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი). იმაზეც უნდა ვიფიქროთ, გაზრდილი NO2 რაოდენობა, როგორ იმოქმედებს ადამიანზე. მაგ. ეს გაზი მთელ რიგ რეაქციებში ღებულობს მონაწილეობას, რომელთა პროდუქტები აღიზიანებენ თვალებსა და ფილტვებს. სტუდენტებმა შეიძლება ისიც თქვან, რომ ასეთ პირობებში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს მოუნდება გარეთ გამოსვლა და სამსახურში წასვლა. თუმცა, თუ სამსახურში ყველა მანქანით წავა, მაშინ უფრო მეტი NO2 გამოიყოფა… და თუ მეტი ელექტრომობილი იმოძრავებს? მაგრამ, საიდან ექნებათ ელექტრომობილის საყიდელი ფული? ამ მაგალითში, სისტემური აზროვნების პარალელურად, ქიმიის საკვანძო თემები რეაქციის სიჩქარე, წონასწორობა, თერმოდინამიკა და წვა განიხილება. მასწავლებელს ასევე შეუძლია მისცეს მაგალითები, თუ როგორ ზემოქმედებს ადამიანი ქიმიური რეაქციის მსვლელობაზე.

თითოეული ქიმიური თემის განხილვისას სწორედ ასეთი სისტემური მიდგომა და აზროვნებაა საჭირო, რადგან ადრეც ვწერდი, თუ მომავალ ქიმიკოსს არა, ქიმიაში გარკვეულ და გარემოზე მზრუნველ ადამიანს მაინც გავზრდით, რომელიც სწორედ ხვალინდელი საზოგადოების წევრი იქნება-მეთქი. არადა, დღევანდელი დაბინძურებული ჰაერისა და გარემოს შემყურე, გარემოზე მოფიქრალი ადამიანები სწორედაც რომ გვჭირდება.

და კვლავ აზოტს დავუბრუნდეთ… ის უჯრედულ ბიომასაში მეოთხე ყველაზე გავრცელებულ ელემენტად ითვლება. ბიოლოგიურად ათვისებადი აზოტი კი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. გასული საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აღმოჩენად შეიძლება ჰაბერ-ბოშის აზოტის სამრეწველო ფიქსაციის პროცესი ჩავთვალოთ.

N(გ)+3H2(გ)=2NH3 (გ) რეაქციას სჭირდება კატალიზატორი, მაღალი T და P.

ეს სოფლის მეურნეობის გამოსავლიანობას ზრდის, რადგან იზრდება მცენარეების მიერ ათვისებადი აზოტის რაოდენობა. ეს კი თავის მხრივ, ადამიანებს აძლევს საკვებს. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იგივე აზოტშემცველი პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების გაზრდილმა შესაძლებლობებმა შვა ის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებიც, რომელიც ორივე მსოფლიო ომებში იყო გამოყენებული, დღეს კი არასწორი და გადაჭარბებული მოხმარება გარემოს წამლავს.

ჰაბერ-ბოშის პროცესი თითქმის ყოველთვის მაგალითად არის მოყვანილი ქიმიური წონასწორობის მათემატიკური საფუძვლებისა და ლე-შატელიეს პრინციპის სწავლებისას. ზოგიერთ წიგნში შესაძლოა მოცემული იყოს ინფორმაცია ფრიც ჰაბერზეც (მასზე მეც ვწერდი ერთ ადრინდელ სტატიაში „შხამი წვეთობით“ https://mastsavlebeli.ge/?p=4317), თუმცა აზოტის ფიქსაციის მნიშვნელობაზე (40% დამატებითი საკვები წყარო და საბრძოლო მასალების შემადგენელი ნაწილი) ინფორმაცია ფაქტიურად არ არის.

ჰაბერ-ბოშის რეაქციაზე იმასაც წერდნენ, რომ ის იყო „პური ჰაერიდან“, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმავე აზოტის მოხმარება საკვებისთვის, ცოდნას მოითხოვს. თორემ, ხომ გახსოვთ, სოფელში ჩემი მეზობელი საზამთროს რომ სასუქს აყრიდა, რაც მეტი, მით უკეთესის პრინციპით? შედეგს კი ასევე ჩემი სტატია „რა დაგიშავათ საზამთრომ“ გაგახსენებთ https://mastsavlebeli.ge/?p=18974.

ასევე არ არის განხილული აზოტის გლობალური ციკლი ბუნებაში და მასთან დაკავშირებული აზოტის ნაერთები ატმოსფეროში. ისიც შეიძლება მივაბათ, რომ ნიტრატების უმრავლესობა წყალში კარგად იხსნება და ამონიუმის ნიტრატის სასუქად გადამეტებულად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ზედაპირული წყლების დაბინძურებაც მივიღოთ.

მოკლედ, აქ მნიშვნელოვანია რაციონალური ქიმიის კონცეფციების, პლანეტა დედამიწის და საზოგადოების საჭიროებების და პრობლემების ურთიერთდაკავშირება.

სისტემური აზროვნების მაგალითები უსასრულოდ შეგვიძლია ვწეროთ. მაგალითად, იგივე გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, ნახშირბადი და მისი ციკლი, მეთანი, სმოგი (სმოგზე ჩემი სტატიაც გაიხსენეთ https://mastsavlebeli.ge/?p=10124)… დააკავშირეთ ისინი ერთმანეთთან. მიაბით იდეალური გაზის კანონი… კიდევ? ჰკითხეთ მოსწავლეებს, რის ჩართვა შეიძლება ერთი მთლიანის მისაღებად.

აქ, სტატიის ჩარჩოებიდან გამომდინარე, ეს ინფორმაცია იყოს. ვისაც სისტემურ აზროვნებაზე გაცილებით მეტის წაკითხვა გსურთ, პროფესორ მაჰაბის სტატიებს გირჩევთ (Journal of Chemical Education, 2019.Introduction to Systems Thinking for the Chemistry Education Community და Nature Sustainability, Systems thinking for education about the molecular basis of sustainability). სწორედ მათი მეშვეობით ვიხელმძღვანელე ამ კონკრეტული წერილის წერისას და შევეცადე შინაარსისთვის უფრო პოპულარული ფორმა მიმეცა.

პრატოში ყოფნისას ძველი იტალიური ფილმები მახსენდება. აი, ხმაურიანი იტალიელებით სავსე ძველი პატარა ქალაქები. პრატოც ასეთივეა, ოდნავ პირქუშიც კი, თავისი ციცქნა მოედნებით, საიმპერატორო ციხე-სიმაგრით და ბაზილიკებით.

ოღონდ, მის ქუჩებს მოგვიანებით შემოვურბენ. ახლა მონაშის უნივერსიტეტის პრატოს ცენტრი მაქვს მოსაძებნი, რომ ხვალ გზის კვლევაში დრო აღარ დავკარგო. მიმართულების საკითხავად ქუჩაში გამვლელებს ვათვალიერებ. ჰმ, აი იმ კაცს ისეთი გამომეტყველება აქვს, მგონი სისტემურად აზროვნებს და იქნებ ინგლისურიც იცოდეს?

 

  • უკაცრავად ბატონო, – ხვეწნანარევი ტონით ვეკითხები, – ინგლისურად საუბრობთ?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი