ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებლისა და მოსწავლის კომუნიკაცია სოციალური მედიის გამოყენებით. აშშ-ს გამოცდილება

წინათ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სკოლისგარეშე ურთიერთობა მარკეტებსა და თეატრებში თუ იყო შესაძლებელი, ახლა კი პოპულარული სოციალური მედიის გამოყენებით (Facebook, Twitter, MySpace) მათ შეუძლიათ, სკოლის შემდეგაც ჰქონდეთ კომუნიკაცია. მოსწავლეები „უმეგობრდებიან” თავიანთ მასწავლებლებს და ურთიერთობაც მარტივდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს დისკუსია, რამდენად მიზანშეწონილია ამ ფორმით კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.

უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენიმე შტატმა შემოიღო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სოციალური მედიით კომუნიკაციის სარეგულაციო კანონმდებლობა. მისი მიზანია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არასათანადო ურთიერთობის პრევენცია. 

მისურის შტატში მიღებულ იქნა ე.წ. „კანონი ფეისბუკის შესახებ” (ე.წ. „Facebook Law”. ოფიციალურად – „Amy Hestir Student Protection Act”), რომლის თანახმადაც, ყველა მასწავლებელს ეკრძალება მოსწავლესთან სამუშაო (სასწავლო) ურთიერთობა ინტერნეტით, თუ ეს არ არის ნებადართული სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ. ამასთან, ყველა მასწავლებელს ეკრძალება ინტერნეტგვერდის მეშვეობით ამჟამინდელ ან ყოფილ მოსწავლესთან კომუნიკაცია არასასწავლო მიზნით.

ამ კანონის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სოციალური მედია მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, მოსწავლესთან „არასათანადო კომუნიკაცია” დაამყარონ. პოლიტიკოსების მტკიცებით, იყო მრავალი შემთხვევა, როცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სქესობრივი ურთიერთობა დაიწყო უწყინარი ტექსტური შეტყობინებით: „როგორ უნდა გადავჭრა ეს მათემატიკური პრობლემა?” ან „პრაქტიკაზე მოსვლა მაგვიანდება.”

მასწავლებლებმა გააკრიტიკეს კანონი, ვინაიდან ყველა მათგანს არ აქვს საეჭვო განზრახვა მოსწავლის მიმართ. გარდა ამისა, მრავალი მასწავლებელი მიჩნევს, რომ სოციალური მედია ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას, ამრიგად, საგანმანათლებლო პროცესში იგი დამხმარე მექანიზმია. კვლევებით დასტურდება, რომ სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას პოზიტიური ეფექტი აქვს. ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა კომუნიკაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებას.

მინესოტის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მასწავლებელთა მიერ სოციალური მედიის კურიკულუმში ინკორპორირებას მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს. როცა პედაგოგები აცნობიერებენ, როგორ იყენებენ მოზარდები სოციალურ მედიას ყოველდღიურ ცხოვრებაში, უადვილდებათ, სკოლა მათთვის უფრო „რელევანტურად” აქციონ. სოციალური მედიის გამოყენებას ის უპირატესობაც აქვს, რომ მოსწავლეები უკვე ფლობენ ამ ტექნოლოგიას და მის ასათვისებლად დამატებითი ძალისხმევა არ სჭირდებათ.

ამ მოსაზრების მხარდამჭერებს ასევე მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის კომუნიკაცია ხსნის ბარიერს და ამყარებს ნდობასა და პატივისცემას მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, რომ სოციალური მედიის აკრძალვა მოსწავლეებს წაართმევს შესაძლებლობას, რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში დახმარება სთხოვონ მასწავლებლებს, რომლებსაც ენდობიან. 

გამართლებულია თუ არა სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვა იურიდიული თვალსაზრისით? მისაღებია თუ არა ასეთი შეზღუდვა მაშინ, როცა მასწავლებელს აკადემიური თავისუფლება იცავს? 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია გვესმოდეს აკადემიური თავისუფლების პრინციპის არსი. აკადემიური თავისუფლება მასწავლებელს ანიჭებს უფლებას, დამოუკიდებლად განახორციელოს კვლევები და საჯაროდ განაცხადოს მათი შედეგების შესახებ ისე, რომ არ ჰქონდეს ამ საქმიანობაში სამთავრობო დაწესებულებების ან სკოლის ადმინისტრაციის ჩარევის, კონტროლის შიში. იგი ასევე გულისხმობს მასწავლებლის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს კურიკულუმის შინაარსის ჩამოყალიბებაში და აირჩიოს სწავლების სათანადო მეთოდი.

 

აკადემიური თავისუფლების პრინციპი საყოველთაოდ არის აღიარებული უმაღლესი განათლების სფეროში. 1957 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პირველად აღიარა აკადემიური თავისუფლების უფლება (საქმე: Sweezy v. New Hampshire). მაგრამ ჩნდება კითხვა: ვრცელდება თუ არა ეს პრინციპი ზოგადი განათლების სფეროში? გავრცელებული მოსაზრებით, ვრცელდება, ვინაიდან აშშ-ის უზენაეს სასამართლოს არ შეუზღუდავს აკადემიური თავისუფლების პრინციპის მოქმედების ფარგლები მხოლოდ უმაღლესი განათლებით. 

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მასწავლებლებს უდიდესი როლი აკისრიათ დემოკრატიის დამკვიდრებაში, რისთვისაც აუცილებელია, მათ თავისუფლად განავრცონ და გამოიყენონ ახალი იდეები. სასამართლოს აზრით, მათთვის შეზღუდვების დაწესება საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მომავალს. თუ მასწავლებელი დემოკრატიის დამკვიდრებაში უმთავრეს როლს ასრულებს, მაშინ მას უნდა მიენიჭოს თავისუფლება, სასწავლო პროცესი წარმართოს ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც საგანმანათლებლო მიზნების მიღწევას უფრო მეტად გახდის შესაძლებელს. 

მასწავლებლისა და მოსწავლის კომუნიკაციის აკრძალვა სოციალური მედიის გამოყენებით ანტიკონსტიტუციურადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან ეს არათანაზომიერად ზღუდავს კომუნიკაციას. სასამართლოს განმარტებით, აზრის თავისუფლად გამოხატვისა და კომუნიკაციის უფლება გარანტირებული უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესშიც.

დღევანდელ დიგიტალიზებულ მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიები გამუდმებით ცვლის ადამიანებს შორის კომუნიკაციის ფორმებს. განათლება ერთ-ერთი სფეროა, რომელშიც ახალი ტექნოლოგიები ინერგება. მოსწავლეებს აღარ სჭირდებათ გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დარჩენა, რათა დამატებითი დახმარება მიიღონ – ამისთვის მათ შეუძლიათ სოციალური მედიის მეშვეობით დაუკავშირდნენ თავიანთ მასწავლებლებს. ამ უკანასკნელთ კი კარგი შესაძლებლობა ეძლევათ, განუვითარონ მოსწავლეებს კომუნიკაციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების უნარები. ამიტომაც მოსწავლეთა არასასურველი კომუნიკაციისაგან დასაცავად სახელმწიფომ და სკოლამ არ უნდა გამოიყენონ უკიდურესი ღონისძიება და აკრძალონ სოციალური მედიის გამოყენება. 
სკოლამ უნდა განაგრძოს სვლა მომავლისკენ. 
წყარო: Elise Rosen Puzio, Why Can’t we be friends? How far can the state go in restricting social networking communications between secondary school teachers and their students? Gordozo Law Review, 2013, Vol.34:1099

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი