პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

უჩვეულო გადაძახილები

გივი ალხაზიშვილის ლექსი და ჰენრიკ იბსენის პიესა

იტყვი „გამოღვიძება“ და მაშინვე იგრძნობ სიტყვის მრავალმნიშვნელოვნებას, თუმცა ის აზრი, რომელიც გივი ალხაზიშვილმა თავისი ლექსის („გამოღვიძება“) პირველსავე სტრიქონში ჩააქსოვა, მრავალფეროვან სემანტიკურ ველს ქმნის და მკითხველს თავისუფალი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას უქმნის.  ლექსი კი ჰენრიკ იბსენთან გადაძახილით იწყება: „ჩვენ, როცა მკვდრები ვიღვიძებთ“ (ასე ჰქვია ნორვეგიელ შექსპირად წოდებული დრამატურგის ერთ შესანიშნავ პიესას). პოეტს იგივე აზრი რომ სხვა სიტყვებით გამოეხატა, მაშინ იბსენი შეიძლება არც გაგვხსენებოდა და მკვდართა გამოღვიძება სხვადასხვა ლიტერატურულ, ფილოსოფიურსა და რელიგიურ ტექსტთან, მაგალითად, ახალ აღთქმასთან, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასთან“, გურამიშვილის ან გალაკტიონის პოეზიასთან დაგვეკავშირებინა. მიუხედავად იმისა, რომ ლექსის პირველივე სტრიქონმა ასოციაციების ქარიშხალი გამოიწვია, მთლიანობაში მაინც შეინარჩუნა თავისთავადობა და ბოლომდე გაჰყვა საიდუმლოების საფარველი. ჭეშმარიტ პოეზიას როგორც შეჰფერის, ეს ლექსიც იმგვარ ახალ პოეტურ განზომილებას ქმნის, რომელშიც წარმოსახვა თავისუფლად ქმნის აზრისა და ემოციის შესაბამის სურათ-ხატებს:

„ჩვენ, როცა მკვდრები ვიღვიძებთ,

თვალებს კი არ ვახელთ, რომლებიც აღარ გვაქვს,

ტანსაცმელს კი არ ვიცვამთ,

რადგან სხეულები შემოგვაცვდა,

ჩვენ ვემზადებით იმასთან შესახვედრად,

ვინც გაგვაღვიძა,

ვინც ჩვენამდე მოაღწია სიტყვებში შენახული სულით

და ჩვენი თანადგომა ითხოვა,

ნაცვლად ცოცხლების დახმარებისა“.

მკითხველის წარმოსახვაში ჩნდება გამოცანა: ვინ არიან ეს მკვდრები? ან ვინ არის ის, ვისთანაც მკვდრები ემზადებიან შესახვედრად? ან რატომ სურს მას მკვდრების და არა ცოცხლების დახმარება? უპირველეს ყოვლისა, როგორც აღვნიშნეთ, იბსენის დრამა „როცა ჩვენ, მკვდრები ვიღვიძებთ“ გვახსენდება. ამ ცნობილ პიესაში დილემაა ხელოვნებისა და ცხოვრების რთული, წინაღამდეგობრივი ურთიერთმიმართებისა და ხელოვნების გზით კათარზისისა.

„ქვასაც აქვს სიკერპის მიზეზი, ის მკვდარია და მთელი ძალით გეწინააღმდეგებათ, როცა ჩაქუჩით ცდილობთ მის გაცოცხლებას“, _ ეუბნება ულფჰაიმი პიესის მთავარ პერსონაჟს, მოქანდაკე არნოლდ რუბეკს. ორივემ კარგად იცის, ამ გაცოცხლებას არა მხოლოდ ჩაქუჩი, არამედ ცოცხალი მსხვერპლი, ადამიანის სული სჭირდება, რათა ქვა გაცოცხლდეს (გავიხსენოთ კონსტანტინე არსაკიძის მიერ სულის შეწირვა სვეტიცხოვლისთვის). ქვასთან შეჭიდებისას ხელოვანი ივიწყებს თავის თავს და მთლიანად ინთქმება შემოქმედებით ცეცხლში. ასე იყო რუბეკიც, იგი თავის ყველაზე დიდი ქმნილების ჩანაფიქრს ელოლიავებოდა, უნდოდა „მკვდრეთით აღდგომა“ ეწოდებინა მისთვის. „ეს უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ნორჩი ქალწული, რომელიც საღათას ძილისგან იღვიძებს“. ერთი მხრივ, არის ხელოვნების ქმნილება, მეორე მხრივ კი, რეალური ნორჩი ქალწული ირენი, რომელსაც „კლავს“ რუბეკი, რადგანაც თავის გულისთქმას მთლიანად ხელოვნებისკენ წარმართავს. ირენს კი ასე უხსნის თავისი გულგრილობის მიზეზს, რომ უნდოდა ქალწულის ხატების შექმნა, როგორადაც ესახებოდა იგი მკვდრეთით აღდგომის დღეს: „მას არაფერი უკვირს, არაფერი ეუცხოება, მისთვის არაფერია ახალი, უჩვეულო და მოულოდნელი. ის მხოლოდ უსაზღვრო ნეტარებას განიცდის, რაკიღა ხედავს, რომ არ შეცვლილა, რომ მან, მიწიერმა არსებამ ახალ, ზემიწიერ სინამდვილეშიც, მარადიული სიწმინდის უხრწნელ საუფლოშიც შეინარჩუნა თავისი ძველი იერი. ესოდენ ხანგრძლივი და მკვდრული ძილის, უსაზღვრო ძილის შემდეგ სწორედ ასეთი შევქმენი იგი, შენს ხატად და მსგავსად შევქმენი, ირენ“. რეალური ირენი მოქანდაკე რუბეკისთვის მხოლოდ შემოქმედებითი წყაროა, ამიტომაც ქალი გრძნობს, რომ „სული ამოართვეს“. ამიტომაც გარბის და რუბეკიც კარგავს შთაგონებას, თუმცა შედევრი უკვე შექმნილია, როგორც ცოცხალ ადამიანთა სულების მსხვერპლშეწირვის შედეგი: „მე შენ შემოგწირე ჩემი ნორჩი, ჩემი ცოცხალი სული! და აქ, შიგნით, მხოლოდ სიცარიელე დამრჩა.… დიახ, მე უსულოდ დავრჩი… ამიტომაც მოვკვდი, არნოლდ“.

შეძლებენ კი ამგვარი ტრაგიკული ბედის ადამიანები სიკვდილისაგან ოდესმე გამოღვიძებას? ხელოვნების ქმნილებამ დიდება, პატივი და ათასგვარი სიკეთე მოუტანა მის შემქმნელს, მაგრამ მას უცნაური რამ დაემართა, აღარ უყვარდა თავისი ქმნილება. გაუთავებელმა ხოტბამ, დაფნის გვირგვინებმა, გუნდრუკის კმევამ კინაღამ ბოლო მოუღო, სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და ასეთი უკიდურესი უსასოობის ჟამს თითქოს გონება გაუნათდა: „ყველაფერი, რასაც მხატვრული ქმნილება, შემოქმედება და სხვა ამგვარი ეწოდება, უეცრად სრულ უაზრობად, სიბრიყვედ და არარაობად იქცა მის თვალში“.… რა გასაოცარიც უნდა იყოს, რუბეკმა ყოველივე ამის ადგილას სიცოცხლე დააყენა: „განა მზით განათებული და მშვენიერებით გასხივოსნებული სიცოცხლე უფრო ფასეული არ არის, ვიდრე ნესტიან კუთხეში თიხის ზელვა, ან ქვასთან ქანცგამწყვეტი ჭიდილი“, მაგრამ ცხოვრებით ტკბობამაც ბედნიერება ვერ აგრძნობინა შემოქმედს და მიხვდა: „განცხრომასა და ცხოვრებით ტკბობაში ბედნიერების ძიება ჩემი საქმე არ არის. არა. მე უნდა ვმუშაობდე… წამებით ვქმნიდე… უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“.

მუშაობა, წამება, შექმნა — იქნებ ეს არის კიდეც ჭეშმარიტი შემოქმედის ბედნიერება! შენებაში გამოვლენილი ვნების სიმძაფრე, როგორც გურამ რჩეულიშვილი იტყოდა.

ირენი საყვედურობს რუბეკს, რადგან მან „ამოართვა სული, სული, რომელიც მხატვრული ნაწარმოების შესაქმნელად სჭირდებოდა“. თუმცა, იმავდროულად, თვითონაც განიძარცვა სულისაგან, ირენის წასვლის შემდეგ თითქოს მოისპო შთაგონების წყარო.

რუბეკი საშინელმა ნაღველმა და სინანულმა შეიპყრო, ამიტომაც თავდაპირველი ჩანაფიქრი შეცვალა. კვარცხლბეკი გააფართოვა და მიწის ბელტი დადო, რომლის ნაპრალებიდან მოცოცავენ ადამიანები, კაცებიც და ქალებიც, რომლებიც გარეგნულ გარსს შიგნით პირუტყვულ სახეებს მალავენ. ერთი სიტყვით, ზუსტად ისეთნი არიან, როგორებსაც შეხვდა და გაეცნო ცხოვრებაში. ამ სკულპტურულ ჯგუფში ხელოვანმა თავისი თავიც გამოსახა: „წყაროს პირას ზის ცოდვების სიმძიმით წელში ოთხად მოხრილი კაცი, რომელსაც ვერა და ვერ მოუხერხებია მთლიანად ჩამობერტყოს მიწიერი ცხოვრების მტვერი. მე ამ ფიგურას ვუწოდებ სინანულს დაღუპული სიცოცხლის გამო. იგი ზის. თითები წყაროს წყალში ჩაუყრია რომ განიბანოს და მთელ მის არსებას ღრღნის, აწამებს მტანჯველი ფიქრი, რომ ვერასოდეს ვერ შეძლებს ამას. უკუნითი უკუნისამდე კრული იქნება და ვერასოდეს აღსდგება ახალი სიცოცხლისთვის. სამუდამოდ დარჩება თავის ჯოჯოხეთში“. ამგვარად, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, რუბეკისა და ირენის შეხვედრა, სიმბოლურად, მკვდრების შეხვედრაა, რომელთაც გაღვიძება სურთ. აი, მათი შეხვედრისას გამართული მეტად საგულისხმო დიალოგი:

„რუბეკი: ო, რა ბედნიერები ვიყავით. მაგრამ ვერცერთი ვერ გავფრთხილდით. ჩვენივე თავი ჩვენ თვითონვე დავღუპეთ, ირენ.

ირენი: იმას, რასაც აღარაფერი ეშველება, მაშინღა ვხედავთ, როცა…

რუბეკი: როცა… რა?

ირენი: როცა, ჩვენ, მკვდრები ვიღვიძებთ.

რუბეკი: მაინც რას ვხედავთ მაშინ?

ირენი: ვხედავთ, რომ არასოდეს არ გვიცოცხლია“.

სულიერი სიკვდილით გამოწვეულ გაუსაძლის ტანჯვას მოჰყვება ფიზიკური სიკვდილი. რუბეკი და ირენი ზვავში იღუპებიან და „იღვიძებენ“ ახალი სიცოცხლისათვის.

ასე რომ, გამოღვიძება, ერთი მხრივ, გულისხმობს ხელოვნების ნაწარმოების შექმნას, აგრეთვე, შექმნილის გააზრებას, ჩაწვდომას, თვითშემეცნებას ხელოვნების გზით და სულიერი თვალებით ახელას, გამოღვიძებას ახალი რეალობის დასანახავად, ღვთის გზაზე შედგომას.

გრიგოლ რობაქიძის აზრით, „არნოლდს უყვარს  ირენი და მის მიმართ სიყვარულის ვნებითაა ანთებული. მაგრამ იგი გრძნობს, რომ ამ ვნებას ჭეშმარიტად მხოლოდ მაშინ გახსნის, როდესაც ირენი გარდაქმნილი, ხანგრძლივი, უსიზმრებო, სიკვდილისმიერი ძილისგან გაიღვიძებს. მას უყვარს ირენი, მაგრამ მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარი. შესაბამისად, მას უყვარს ირენის ხატის მსგავსად შექმნილი ქალი“.  რობაქიძისთვის ეს არის პლატონისეული „დაბადება მშვენიერებაში“, მაგრამ რადგან პლატონსა და იბსენს შორის „ძევს ქრისტიანობა“, ამიტომ იბსენთან არის, აგრეთვე, დაბადება „სულსა და ჭეშმარიტებაში“ (გრიგოლ რობაქიძე, „როცა ჩვენ, მკვდარნი, გამოვიღვიძებთ“).

გივი ალხაზიშვილის ლექსში მკვდრებს პოეტი აღვიძებს „სიტყვებში შენახული სულით“. სამყარო მკვდარია მანამ, სანამ პოეტი თავის „სიტყვებში“ გააცოცხლებდეს, არ შობს „პლატონისეულ მშვენიერებაში“. თუმცა პოეტს სიტყვის ქმნის ძალა აქვს მინიჭებული, ის მაინც მკვდარია, დროებით გაღვიძებული:

„ის საბრალოა, რადგან ჯერ ორად არ გაყოფილა.

დადის, როგორც ფეხადგმული მიწა,

ღამით კი, როცა იძინებს

იმავე მიწით ავსებს საწოლს,

რომელიც დღისით ამაყად დაჰყავს.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ:

ორი წვეთი თვალი

ამჩნევს ბაბუაწვერის ყვითელი ყვავილები

როგორ ამოდიან მიწიდან

და უნებლიეთ ფიქრობს:

ისინი იმიტომ ამოდიან, რომ მე ჩავიდე“.

ადამიანი, „ფეხადგმული მიწა“, რომელიც მალე ისევ მიწადვე მიიქცევა, პოეზიის გზით სიკვდილს სიცოცხლედ გადააქცევს, თუმცა, თავის თავს მაინც ვერ იხსნის სიკვდილისგან. არც უნდა იხსნას, რადგან სიკვდილი გამოღვიძებაა. „ყოველდღე ვკვდები“, _ წერს პავლე მოციქული, მაგრამ ეს კვდომა აუცილებელია სიცოცხლისთვის. „აღდგება სულიერი სხეული“, „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“ (I კორინთელთა). უპირველესი სიტყვა ხომ უფალია, რომელიც „ძალითა მით ძლიერითა“ სიცოცხლეს შთაბერავს სამყაროს. იკვრება წრე, სიკვდილ-სიცოცხლისა, რომლის ამოხსნასაც ცდილობს ხელოვნება. ეს ცდა ადამიანებს სიცოცხლეში სიკვდილს აღმოაჩენინებს და პირიქით.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ჩართულია ასეთი ეპიზოდი: დედა ფებრონიას თხოვნით, წმინდა გრიგოლი მკვდარ დედებს სწერს სულისშემძვრელ წერილს, რომელშიც ასეთი სტრიქონებიცაა: „აწ მძინარენო ხორცითა და მღვიძარენო სულითა, მკვდრად შერაცხილნო მკვდართაგან და უკუნისამდე ცხოველნო ქრისტესგან“.

ცოცხალი ადამიანი, რადგან ხორციელ სამოსშია, სიკვდილს დაატარებს თან, ამიტომაც წერდა გურამიშვილი:

„ცოცხალნი შობენ მკვდართა და

მკვდარნი ცოცხალთა ჰბადებენ“.

სიკვდილის ასეთი სიახლოვე სტანჯავს ადამიანს, მაგრამ თანვე შეაგრძნობინებს სიცოცხლის არსს.

„ლანდი ქუჩაზე აჩქარებით თავს უკრავს სხვა ლანდს,

ეს ცოცხლებია? არა! გზებზე მოდიან მკვდრები“ _ ეს გალაკტიონია, სიკვდილს თავისებურად შეთამამებული და შერიგებული.

გივი ალხაზიშვილის ლექსში კიდევ ერთხელ ვლინდება პოეტური სიტყვის მხსნელი და აღმდგენელი მისტიკური ძალა:

„ჩვენ, მკვდრებს, გვაღვიძებს პოეზია.

ორი წვეთი ცა, ორი წვეთი თვალი, ორი წვეთი ცრემლი

სიტყვას თუ იპოვნის, ჩვენამდე აღწევს

და იმ კარიდან გამოგვიყვანს, რომელიც არ იღება,

რადგან ღიაა!

სხვა არაფერი არ გვეკითხება

და უპასუხოდ ვტოვებთ დანარჩენს,

ვინ იცის, იქნებ არმოვლენილი

დაბადებულზე მეტად გადარჩეს?!“

ლექსის კარი იღება და მკითხველი შედის უპასუხო კითხვების ლაბირინთებში, რომლებში ხეტიალი და პასუხების ძიება ფიქრთა ნაკადებს შეყოლაა, ფიქრებით ტკბობაა.

პოეზიის, როგორც ხსნის პარადიგმა, ამ ლექსში ახალი, ფილოსოფიურ-რელიგიური ნიუანსებით იტვირთება და მკითხველს საიდუმლოსთან მიახლების განცდით ავსებს. პოეზიით გზით გაღვიძებულნი თავიდან ვიბადებით.

როგორ? რისთვის?

ვინ იცის? იმან!

ვინ იმან? „რომელმან…შექმნა სამყარო“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი