ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მინიატურა – თავნება ჟანრი

“ჩვენ უნდა შევიყვაროთ მინიატურის ფორმა და ერთხელ კიდევ გავაკვირვოთ ევროპა, როგორც ჩვენი წინაპრები აოცებდნენ მათ უჩვეულო მინანქრებით”, _ წერდა ცისფერყანწელი სანდრო ცირეკიძე. თუ თვალს გადავავლებთ მინიატურის ჟანრულ თავისებურებებს, შევნიშნავთ, რომ ის ძალიან წააგავს ლექსს თავისი ლირიზმით და ესეის განსჯის სუბიექტურობით. ამიტომ ხშირად მინიატურებად მოიხსენიებენ, მაგალითად, ბოდლერის ორიგინალურ მხატვრულ ტექსტებს, თვითონ ავტორმა „ლექსები პროზად“ რომ უწოდა. მართლაც, გარეგანი თუ ფარული რიტმით, განწყობილებათა გადმოცემის ხატოვანებით, ჭარბი მეტაფორულობით ან ხაზგასმული სისადავით მინიატურა ხშირად წააგავს თეთრ ლექსს. ამ ჟანრს ყველაზე მეტად სჭირდება იუველირის ოსტატობა, ნიუანსების გადმოცემის ხელოვნება, სიტყვის განსაკუთრებული შეგრძნება, რათა რამდენიმე წინადადებაში მოაქციო სათქმელი. მიუხედავად მცირე ფორმისა, ეს არის თავისებური პრიზმა, რომელშიც მთელი სამყარო შეიძლება გადატყდეს.

მკვლევართა დაკვირვებით, მინიატურა თავნება ჟანრია და არ ემორჩილება ფორმის არავითარ კანონებს. ის ჰგავს აისბერგს, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს ზედაპირზე, მისი მთლიანი დანახვა კი მხოლოდ მკითხველის გონების სიღრმესა და სულიერ სიმდიდრეზეა დამოკიდებული. „მინიატურას განწყობილებანი წარმართავს, ესეის – განსჯა, ხოლო განსჯა როგორ პოეტურადაც უნდა გამოიხატოს, განწყობილებად მაინც ვერ გარდაისახება, ხოლო მინიატურას რარიგ ღრმა ფილოსოფიური შინაარსიც უნდა ჰქონდეს, ეს სიღრმე ყოველთვის მხოლოდ განწყობილებათა და სურათთა მეშვეობითაა მიღწეული“, – წერს როსტომ ჩხეიძე, რომლის რედაქტორობითაა გამოცემული შესანიშნავი წიგნი „ქართული მინიატურული პროზა“ (1992 წ.). ამ წიგნში მკითხველმა შეიძლება თვალი გაადევნოს მინიატურის ჟანრობრივ ცვალებადობასა და თავისებურებებს ვაჟა-ფშაველათი დაწყებული და მერაბ კოსტავათი დამთავრებული (აქვე აღვნიშნავთ, რომ კარგი იქნებოდა, თანამედროვე მინიატურაც შეძლებისდაგვარად წარმოჩენილიყო მსგავს კრებულში, რადგან ამ ჟანრს დღესაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს).

ქართულ ლიტერატურაში მინიატურა განსაკუთრებით პოპულარული გახდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მოდერნისტული ძიებები დაიწყო. ამ თვალსაზრისით, ყველაზე გამორჩეულია ნიკო ლორთქიფანიძე, რომელმაც იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით შექმნა ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშები. იმპრესიონისტული მინიატურისთვის დამახასიათებელია „უაღრესი ლაკონიურობა, შეკუმშულობა, ესკიზურობა, ფრაგმენტულობა, დაუმთავრებლობა. სურათი ან სილუეტი რამდენიმე შტრიხით მოიხაზება ხოლმე, ხოლო ბოლო, სურათის დამასრულებელი წინადადება „პუანტის“, ე.ი. კულმინაციური, გადამწყვეტი მომენტის, გონებამახვილური, მოულოდნელი, დამამთავრებელი ეფექტის შემცველია“ (ნოდარ კაკაბაძე). მინიატურას გენეტიკურად უკავშირებენ ძველ ეგვიპტურ, ბაბილონურ, ასირულ, ინდურ, არაბულ, სპარსულ, ლათინურ და ბერძნულ ლიტერატურას, აგრეთვე, შუა საუკუნეების არაკებს. მინიატურა იტალიური სიტყვაა, წარმოიშვა ლათინური მინიატურედან, რაც წითელ საღებავს ნიშნავს. თავდაპირველად ხელნაწერებში აფორმებდნენ თავკიდურ ასოებს და მინიატურული ორნამენტებით ქმნიდნენ ტექსტთა ფონს. შემდგომში კი ტექსტებში აღწერილი ამბების დასურათხატებასაც მიჰყვეს ხელი და ასე ჩამოყალიბდა მინიატურული ფერწერის ნიმუშები. მინიატურა განსაკუთრებით განვითარდა აღმოსავლურ ქვეყნებში და განუმეორებელი ელფერი შეიძინა (შუა აზია, ირანი, არაბული ქვეყნები, ინდოეთი).

ხელოვანთა აზრით, სხვათაგან მკვეთრად განსხვავდება ქართული მინიატურა. იგი გამოირჩევა შესრულების უმაღლესი ოსტატობითა და დახვეწილი ტექნიკით. დეკორატიული კომპოზიციებით, ფერებით, რომლებიც განსაკუთრებულ ლირიკულ განწყობილებას ქმნიან, `საქართველოში ოდითგანვე წიგნის მხატვრულ გაფორმებას ისეთივე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც არქიტექტურას, კედლის მხატვრობასა და ლითონის პლასტიკას~ (შალვა ამირანაშვილი, `ქართული ხელოვნების ისტორია~). ისტორიამ შემოგვინახა ქართველ მინიატურისტთა ნამუშევრები. ლიტერატურული მინიატურისთვის ფერწერის ამგვარ ტრადიციას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხელოვნება ქმნის ერთიან კულტურულ ველს და არაცნობიერად ახდენს გავლენას ნებისმიერ ფორმაზე. იოანე მოსხის ~სამოთხისა~ და ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი `შუა საუკუნეთა ნოველები~, სულხან-საბას `სიბრძნე სიცრუისას~ იგავ-არაკები ქმნიდნენ ქართული ლიტერატურული მინიატურის მდიდარ ტრადიციას.

ცისფერყანწელი სანდრო ცირეკიძე, „მინიატურის უნაზესი მოცარტი“ (როგორც ვალერიან გაფრინდაშვილმა უწოდა), თვითონ შესანიშნავი მინიატურების ავტორი, ერთ-ერთი  იყო, რომელიც შეეცადა მინიატურის გენეზისის გარკვევას. მან უარყო გავრცელებული შეხედულება, რომ ევროპაში `ელექტრონისა და მოტორის ხანამ~, ცხოვრების რიტმის დაჩქარებამ წარმოქმნა მინიატურის მცირე და სხარტი ფორმა. გრძელი ამბებისთვის, დიდი მხატვრობისთვის აღარავის სცალია და ევროპაში რომანების ნაცვლად მინიატურების წერა დაიწყესო. სანდრო ცირეკიძის აზრით, ეს საბუთი არ გამოდგებოდა საქართველოში ამ ჟანრის აყვავების ასახსნელად, რადგან ჩვენში ცხოვრება ჯერ საკმაოდ ნელიაო. მან მინიატურის აკვნად ევროპა კი არა, აღმოსავლეთი აღიარა, რადგან `დიდ სურათს უნდა ფართო, გაბედული კალმის მოსმა. ეს შეიძლება ჩქარ ქვეყნებში. მინიატურა წერტილებით იწერება. იმას ზანტი, მოზომილი ხატვა უნდა. მინიატურას მოცლილი სპარსელი უნდა ხატავდეს შუადღისას, ჭანდრის ჩრდილში. მონასტრის მშვიდ კედლებში ხატავდნენ მინიატურებს გელათის სახარებისთვის. სადაც მინიატურაზე ფიქრობენ, იქ ცხოვრების ფერადი კარუსელი ისე ნელა უნდა ბრუნავდეს, როგორც არსად სხვაგან: მინიატურული ფორმა აღმოსავლეთის კანონიერი შვილია და ევროპაში ის მოგზაურობს მხოლოდ~. სანდრო ცირეკიძე ევროპაში მინიატურის „სახელოვან კავალრებად“ მიიჩნევს: კატულ მენდესს, შარლ ბოდლერს, ოსკარ უაილდს, სტეფან მალარმეს, ვილიე დე ლილ ადანს, პიტერ ალტენბერგს, ტეტმაიერს, რუსეთში ტურგენევსა და რემიზოვს. საქართველო კი `ევროპის კარებზეაო~, ამიტომ `ჩვენ ევროპას სამხრეთის ლურჯ ჰაერში უნდა შევხედოთ პირდაპირ და არა ჩრდილოეთის გაყინულ სათვალეებითო~. ქართველმა მოდერნისტებმა მოახერხეს არა მხოლოდ გონების, არამედ ხორციელი თვალებითაც პირდაპირ შეეხედათ ევროპისთვის. ისინი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ, ეცნობოდნენ უახლესი ხელოვნების მიღწევებს, ნიჭისა და ოსტატობის წყალობით გარედან მიღებულ ცოდნას გარდაქმნიდნენ და საკუთარი შემოქმედების ინოვაციური ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ, გამოთქმისა და ასახვის უჩვეულო და გამოუცდელ გზებს ეძებდნენ  (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ნიკო ლორთქიფანიძე, ნიკოლო მიწიშვილი, პაოლო იაშვილი და სხვ.).

სანდრო ცირეკიძეს სჯეროდა: `რომანის გადაგვარების პროცესი ჩვენში დამთავრდება მინიატურის საბოლოო დაკანონებით და მიღებით~ („მინიატურა“).

საბედნიეროდ, ქართულმა მწერლობამ ისე მოახერხა, რომ არც რომანი გადაგვარებულა და მინიატურამაც დაიმკვიდრა თავისი ღირსეული ადგილი.  დღესაც ბევრი ქართველი თუ უცხოელი შემოქმედი წარმატებით იყენებს ამ ჟანრის თავისი სათქმელის გამოსახატავად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი