„ვაგონის დილემა“

რა იქნება თქვენი პასუხი კითხვაზე – შეძლებთ თუ არა ადამიანის მოკვლას ოდესმე? რას უპასუხებთ კითხვას – გადაარჩენდით თუ არა ადამიანის სიცოცხლეს, ეს რომ თქვენს ქმედებაზე იყოს დამოკიდებული?

რა მოხდება, თუ ეს ორი სიტუაცია ერთმანეთს გადაეჯაჭვება და რთული მორალური დილემის წინაშე დადგებით?

რამდენად რეალურია მორალური იმპერატივის არსებობა?

რის მიხედვით გვეცვლება მორალური ღირებულებები, პატერნები? საერთოდ, შეიძლება თუ არა არსებობდეს „პირადი მორალი“? თუ ის მუდამ საყოველთაო და ერთადერთია?

არსებობს ორი სიმართლე? თუ ორი არსებობს, ე.ი. უთვალავიც არსებობს?

რაც გაუმართლებელია ერთ შემთხვევაში, გამართლებულია მეორე შემთხვევაში?

რა ფაქტორები განაპირობებს მორალური ღირებულებების ამოტრიალებას?

არსებობს ზოგადსაკაციობრიო მორალური ფასეულობები?

არის თუ არა გამართლებული მცნებითმეტყველებითი სტილი სკოლებში?

 

თავბრუდამხვევია კითხვების ეს კასკადი. უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელდეს და პასუხებიც სხვადასხვაგვარი გაეცეს.

ლიტერატურის გაკვეთილებზე ხშირად ისმის ხოლმე ასეთი კითხვები. პერსონაჟების ქმედებებისა და მათი ხასიათის შესახებ მსჯელობისას მოსწავლეები თანაგანიცდიან ამა თუ იმ მორალურ სიტუაციას, ცდილობენ არსის წვდომას, პასუხების მოძიებას.

 

ერთ-ერთ გაკვეთილზე საუბარი მორალზე ჩამოვარდა. რაოდენ ცვალებადი და მყიფეა გარკვეული მორალური ღირებულებები, რითია განპირობებული და რა ცვლის მათ, ამასთან, არსებობს ( უნდა არსებობდეს თუ არა) ზოგადსაკაცობრიო მორალი თუ ადამიანის თავისუფლება მორალური თვალსაზრისითაც შეუზღუდავი უნდა იყოს?

 

ეს კითხვები ბუნებრივია. საჭიროც.

მათზე ფიქრი, მოსაზრებების ან ვარაუდების გამოთქმა, „რთული“, ასე ვთქვათ, „მიუღებელი“ ან არაპოპულარული პასუხების ამოთქმა, ხმამაღლა გაჟღერება – მნიშვნელოვანია. როცა მოსწავლეები დარწმუნებულნი არიან „უსაფრთხოებაში“, იმაში, რომ მათ არავინ დაადანაშაულებს და არ მიაკრავს გარკვეულ იარლიყებს, ისინი ცდილობენ სხვადასხვა კუთხით, რაკურსით შეხედონ ამა თუ იმ პრობლემას.

ეს ფასდაუდებელი პროცესია. ამ პროცესს რაღაც აქვს საერთო არისტოტელესეულ კათარზისთან, როდესაც „შიშისა და თანაგრძნობის გზით“ ვცდილობთ“ ამგვარ ვნებათაგან განწმენდას“ ან მათ პირისპირ მდგარი ( ვნებებთან და შიშთან) ვცდილობთ ძიებას, პოვნას, პასუხის მორგებას ან უკუგდებას…

 

მასწავლებელს ამ პროცესში მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი – ერთი მხრივ, მან არ უნდა შეზღუდოს აზროვნების პროცესი, ყოველგვარ მოსაზრებას და ფიქრს უნდა ჰქონდეს გაცხადების უფლება, აქ საფრთხილოა ლოზუნგური და პლაკატური განსჯით არ დავაფრთხოთ ახალგაზრდები, ამავდროულად, არ გაგვიტაცოს  „სწორი იდეური ორიენტირების ჩანერგვის“ ხიბლმა, მეორე მხრივ რთულია თავის შეკავება, როდესაც ჩვენთვის ძვირფას, გათავისებულ, გასაგებ, მისაღებ „სამყაროსეულ წესრიგს“ სხვაგვარად აღიქვამენ, უარყოფენ, არ ეთანხმებიან.

მაგრამ რამდენს ვსწავლობთ ამ ვითარებაში…

 

ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მოსმენას უფრო მეტი ძალა და მიზანი აქვს, შესაბამისად კი შედეგიც, ვიდრე ჭკუის სწავლებას, მცნებითმეტყველებას – ეს ცუდია, ეს კი კარგია. ასე უნდა მოიქცე, ასე კი – არა.

ზოგჯერ ისეც ხდება, ხისტ ქმედებას ან თქმას აქვს ოდენ შედეგი.

როგორი რთულია არჩევანის გაკეთება, სწორი მიმართულების შერჩევა, სიფრთხილის დაცვა…

 

ამ წერილის მიზანი არ არის რომელიმე მეთოდის ან სტრატეგიის მიმოხილვა, არც დასმულ კითხვებზე პასუხების მოძიების მცდელობა. შევეცადე, შესავალ ნაწილში ზოგადი კონტექსტი წარმომეჩინა, რაც ერთი საინტერესო მორალური დილემის, ამოცანის გასაცნობადაა ზედგამოჭრილი. ეს ფილოსოფიური ამოცანა კი იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ შეიძლება გარკვეულმა ფაქტორებმა შეცვალონ ჩვენი ქმედებები ან იმოქმედონ გადაწყვეტილების სისწორისა თუ მცდარობის შეფასებაზე.

1960-იან წლებში ინგლისელმა ფილოსოფოსმა ფილიპა რუთ ფუტმა, რომელიც მორალისა და ეთიკის საკითხებს იკვლევდა, შექმნა საინტერესო წარმოსახვითი მორალური ამოცანა, რომელიც „ვაგონის პრობლემის“ (Trolley problem) სახელითაა ცნობილი.

ამოცანა:

მძიმე, უმართავი ვაგონი ლიანდაგზე მიჰქრის. ის დიდი სისწრაფით უახლოვდება  5 ადამიანს, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან ვერც მარცხნივ, ვერც მარჯვნივ, რათა თავი გადაირჩინონ. თქვენ დგახართ გადამრთველთან და საკმარისია ვაგონს ლიანდაგზე მიმართულება შეუცვალოთ, რომ ხუთივე ადამიანი გადარჩება. საქმე ისაა, რომ შეცვლილი მიმართულებით მოძრავი ვაგონი უცილობლად გაიტანს ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ლიანდაგზეა და ვერც მას ასცდება ვაგონი.

გადამრთველთან მდგარ ადამიანი დილემის წინაშეა. მას რთული არჩევანი აქვს გასაკეთებელი – არ მოიმოქმედოს არაფერი და ამ შემთხვევაში ვაგონი ხუთ ადამიანს იმსხვერპლებს, გადართოს მიმართულება და ამ შემთხვევაში ვაგონი ერთ ადამიანს იმსხვერპლებს.

რომელია მორალურად უფრო სწორი გადაწყვეტილება?

 

„მსუქანი ადამიანი“

ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჯუდით ჯარვის თომსონმა იმავე დილემის სახეცვლილი ვარიანტი წარმოადგინა – უწინდებურად, უმართავი ვაგონი მიჰქრის ხუთი ადამიანისკენ. თქვენ დგახართ ხიდზე, რომლის ქვეშაც ლიანდაგია, ვაგონი საცაა ამ ხიდქვეშ გაივლის. თუ ლიანდაგზე რაიმე დიდსა და მძიმეს ჩააგდებთ, ვაგონი შეჩერდება. თქვენ გვერდით ძალიან მსუქანი ადამიანია. ერთადერთი საშუალება, შეაჩეროთ ვაგონი და გადაარჩინოთ 5 ადამიანი, მსუქანი ადამიანისთვის ხელის კვრა და ლიანდაგზე მისი ჩაგდებაა. ვაგონი მას გადაუვლის და გაჩერდება.

ამ შემთხვევაში ადამიანი პირდაპირი ქმედების არჩევანის წინაშე დგას  – ცოცხალ ადამიანს უნდა ვკრათ ხელი.

 

 

„მსუქანი ავაზაკი“

ყველაფერი იგივეა, იცვლება მხოლოდ ის, რომ მსუქანი ადამიანი ბოროტი ავაზაკია, რომელმაც ეს ხუთი ადამიანი დააბა ლიანდაგზე.

არის ამოცანის სხვადასხაგვარი სახეცვლილი ვარიანტებიც ( იცნობთ ერთს და არ იცნობთ ხუთს, ხუთივე ადამიანი – თქვენი ოჯახის წევრია, ერთი კი უცნობი და პირიქით და ა.შ.).

„ვაგონის დილემის“ კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამ არარეალისტური სიტუაციის წარმოდგენა ადამიანებისთვის რთულია და მათი ზეპირი პასუხიც შორს იქნება იმ ქმედებისგან, რასაც ისინი განახოციელებენ ( განახორციელებდნენ) მსგავსი დილემის წინაშე რეალურად რომ წარმდგარიყვნენ. დახატულ სიტუაციებს გამოკითხულთა უმრავლესობა არ აღიქვამს სერიოზულად და დასკვნის ზნეობრიობაც, მათი აზრით, საკამათოა.

თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, რობოტებისა და თვითმართვადი ტექნიკური საშუალებების დახვეწის პირობებში, დილემა კვლავ იძენს აქტუალობას – ადრე თუ გვიან დღის წესრიგში დადგება ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ ყოფაში იმაზე მეტად ჩართვის საკითხი, ვიდრე ეს დღეს ხდება. მაგალითისთვის ავიღოთ მანქანა ან უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები – ვთქვათ, თვითმართვადი ავტომობილის წინ (ავტომობილი იცავს მოძრაობის ყველა წესს, არის გამართული) გადაირბინა ბავშვმა. მანქანას დამუხრუჭების დრო არ რჩება. მარჯვნივ მოხვევის შემთხვევაში ის ღრმად მოხუც ადამიანს დაეჯახება, შემდეგ კი გაჩერდება, მარცხნივ მოხვევის შემთხვევაში საპირისპირო ზოლში გადავა და მგზავრებს შეუქმნის საფრთხეს – მოქმედების რა ვარიანტები უნდა დაუპროგრამდეს ასეთი შემთხვევებისთვის რობოტს? რა იქნება ამ შემთხვევაში ეთიკური, მორალურად გამართლებული? ვინ და როგორ უნდა გადაწყვიტოს ამგვარი საკითხები?

 

ასეა თუ ისე, საინტერესოა – არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთი, სწორი, უყოყმანო პასუხი აქვს ამ კითხვებზე?

კომენტარები

comments