რამდენიმე ვიდეო ლიტერატურის გაკვეთილისათვის

ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, წარმოსახვაა, ამაზე ყველანი ვთანხმდებით.  მოსწავლეების ლიტერატურით დაინტერესებისათვის, მათი წახალისებისა და კარგ მკითხველად ჩამოყალიბებისათვის, რას არ ვიგონებთ. მხოლოდ იმ ვებრესურსის ავტორთა სტატიებს რომ გადახედოთ, რომელსაც ახლა კითხულობთ,  მრავალფეროვან მასალას და იდეებს აღმოაჩენთ.  წარმოსახვა, აბსტრაქტული აზროვნება, ფანტაზიის განვითარება – ეს მთავარია.  დამეთანხმებით, როგორ გვეხმარება თვალსაჩინოება, კონკრეტული მაგალითები, ნაწარმოებების ეკრანიზაციები თუ საინტერესო ვიდეორესურსები სწორედ ამ უშრეტი ფანტაზიის განვითარებასა და საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვაში.

ახლა მინდა ორი საკმაოდ ცნობილი ვიდეოს შესახებ გესაუბროთ. ორივეს ლიტერატურული შინაარსი აქვს, თუმცა განსხვავებული მიზნებისთვის შეიქმნა. ერთ-ერთი ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციისა და წარდგენისთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მეორე კი, ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების, კონკრეტულად, ელექტრონული წამკითხველის პოპულარიზაციისთვის.

ორივე შესანიშნავი რესურსია  გაკვეთილებზე გამოსაყენებლად, მისი საშუალებით მრავალფეროვანი აქტივობები, დავალებები, ვიქტორინა, პროექტი თუ პრეზენტაცია შეგიძლიათ დაგეგმოთ.

მივყვეთ დაწვრილებით:

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა, ვიდეო,  რომელიც „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ დაკვეთით მომზადდა ინგლისურენოვანია, ამიტომ შეგიძლიათ გაკვეთილი ინტერდისციპლინური და ინტეგრირებული გახადოთ და ინგლისურის მასწავლებელიც ჩართოთ.

 

როგორც ხედავთ, ანიმაციაში ანბანის საშუალებით მოყოლილია საქართველოს შესახებ, ყველაფერი ის, რაც მთავარია, რაც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას, რასაც ვიყენებთ მის სავიზიტო ბარათად.  მათ შორის, ლიტერატურა, ენა, კულტურა და სხვა. ჩვენი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამის სლოგანიც სწორედ ასეთი იყო  – „ანბანით მოყოლილი საქართველო“.

ამ ვიდეოს საშუალებით რამდენიმე საინტერესო აქტივობა შეგვიძლია დავგეგმოთ:

  1. ალტერნატიული ანიმაცია – თქვენ რითი წარუდგენდით თქვენს ქვეყანას მსოფლიოს? თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, რას შეცვლიდით ვიდეოში?
  2. როგორი უნდა იყოს ანიმაცია, რომლითაც წარადგენთ თქვენს ქვეყანას?
  3. აირჩიეთ ერთი ქვეყანა, რომლის საპრეზენტაციო ანიმაცია ამ კლიპის მსგავსი იქნებოდა;
  4. ვიმსჯელოთ ანიმაციის ლიტერატურულ ნაწილზე – არის თუ არა „შუშანიკის წამება“ ფემინისტური ტექსტი?
  5. არის თუ არა რომელიმე მწერალი, რომელიც, თქვენი აზრით, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამ ვიდეოში?
  6. როგორია თითოეული ენის უნიკალური ლექსიკური სიმდიდრე, სიტყვა „ზეგ“-ის გარდა, რომელი სიტყვა გახსენდებათ, რომელიც მხოლოდ ქართულშია?
  7. „ნატვრის ხის“ გარდა წიგნის რომელი ეკრანიზაცია გახსენდებათ, რომელმაც შეიძლება საქართველო წარადგინოს მსოფლიო ასპარეზზე?

და ა.შ.

ამ პატარა ვიდეოს საშუალებით ბევრი საინტერესო საკითხის წამოჭრა შეიძლება, ბოლოს შეიძლება თქვენი კლასის უნიკალური საანბანო პრეზენტაცია მოამზადოთ და ტექნოლოგიების მასწავლებლის დახმარებით ვიდეო-ანიმაციაც მოამზადოთ.

 

მეორე ვიდეო სულ ახლახანს გამოჩნდა ინტერნეტ თუ სატელევიზიო სივრცეში და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით კითხვის პოპულარიზაციას ეძღვნება.

ვიდეო ძალიან საინტერესოა,  გარდა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფრაზებისა და კონტექსტისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა დეტალს, ნივთს, რომელიც ასევე ლიტერატურიდანაა, ლიტერატურულია მუსიკაც, მოცარტის ჯადოსნური ფლეიტა ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელის“ პერსონაჟის საყვარელი ნაწარმოებია.

 

განვიხილოთ დაწვრილებით:

„რომელმაც შექმნა სამყარო“ ასე იწყება ვიდეო,  გარდა კონკრეტული ტექსტის დასაწყისისა, ის ორმაგ მნიშვნელობას ატარებს, იხსენებს შუასაუკუნეების ლიტერატურულ ტრადიციას, როდესაც ნაწარმოებს ასეთი დასაწყისი ჰქონდა, სადაც  ავტორი ჯერ ღმერთს მოიხსენიებს. სამყაროც ორგვარი შინაარსისა – რეალური და ლიტერატურული სამყარო.

ზღვა – მრავალმხრივი მეტაფორაა, ჯერ ერთი ლიტერატურის ადრეული დასაწყისი ზღვას უკავშირდება, მაგალითად, ჰომეროსის პოემები, გილგამეშის ეპოსის საინტერესო ეპიზოდები, უძველესი მითოსური წარმოდგენები, სკანდინავიური ეპოსები, ამბავი ჰეროსა და ლეანდრეზე, მითები,  რომელთა შორისაც ერთი, არგონავტების მითი, ზღვას და ქართველურ სამყაროს უკავშირდება. ზღვა მნიშვნელოვანი სიმბოლოა ძველ, შუასაუკუნეების, ახალ თუ უახლეს ლიტერატურაში და ერთგვარად, თავად ლიტერატურას ასახავს. ტრისტანისა და იზოლდას ისტორიაში ზღვაა მნიშვნელოვანი სიმბოლო, ვეფხისტყაოსანში, ზღვას უკავშირდება ჟიულ ვერნის ნაწარმოებები და სხვა სათავაგადასავლო წიგნები, მელვილის „მობი დიკი“, ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“,  ლეო ქიაჩელის, ოთარ ჭილაძის, გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებები, ზღვა მნიშვნელოვანი სახეა პოეზიაში,  ასევე, ზღვა უკავშირდება სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობას ევროპაში“, სადაც საბა ზღვაში ხიფათიანი მოგზაურობის დეტალებსაც აღწერს.

კადრი იცვლება ოთახით, ოთახი – ლიტერატურული ადგილია, სადაც ფაუსტი და მეფისტოფელი შეხვდნენ ერთმანეთს, ეს  ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახიცაა“, ემა ბოვარის ოთახი და მისტიური ბინა ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტადან“, რომელიც სულ სხვა სივრცედ იქცევა. ჩანს სარკე – ულენშპიგელის, ბეჭდების მბრძანებლის, ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყნიდან“ სარკე, რომლის მიღმაც იწყება მთავარი ლიტერატურული ამბები.

ლარნაკი – ტიციან ტაბიძის უმნიშვნელოვანესი ლექსის, ”გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში“, რემინისცენციაა, რომელიც ქართული მოდერნიზმის არსს ხსნის, ასევე, ის ცოტათი ჯადოსნურ ლამპარსაც წააგავს, რომლიდანაც ლიტერატურულ ჯინს უშვებს მკითხველი. აქვეა შანდალი, როგორც კითხვის ძველი საშუალება, მეცხრამეტე საუკუნის რომანების დეტალი და ასევე დეტალი ჰიუგოს „საბრალონიდან“, ასევე, ვარდი, რომელიც ერთდროულად სპარსული პოეზიის მთავარი მეტაფორაცაა და თან პატარა პრინცის ვარდიც.

გემი – სათავგადასავლო ლიტერატურის, ზღაპრების, ასევე, პირველაღმოჩენების სიმბოლო, ძველი ეპოსის მთავარი ობიექტი, მაგალითად, ისევ ჰომეროსს თუ გავიხსენებთ. ტრიუმფალური თაღი,  მექანიკური ფორთოხალი, უკანა ფონზე ქალის ქანდაკება, რომელიც ანტიკური დრამის ტრაგიკულ ქალებს ჰგავს, ძველ საბერძნეთში მივყავართ, და ისევ პატარა პრინცის ვარდი,ხოლო კედელზე ცნობილი გამოცანა-ნახატი ეგზიუპერის „პატარა პრინციდან“. კადრი გადადის სახლზე, გოგონა ხიდან იყურება სახლში, ისევე, როგორც ფოლკნერის „ხმაურსა და მძვინვარებაში“ კედი, ეს ეპიზოდი, თავად ფოლკნერისთვის ყველაზე საყვარელი იყო. პეპი თამაშობს „კლასობანას“ ( კორტასარი),  აქვეა პატარა ხის სახლი „ვილა ყიყლიყო“, გვაქვს მატარებელი, რომელიც ასევე ბევრ ნაწარმოებშია მოქმედების ადგილი, მაგალითად, აგათა კრისტის „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ ან ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“.  ხის ცხენი – ტროას ცხენის სიმბოლო, შლინკის „წამკითხველის“ პერსონაჟები კითხულობენ შექსპირის „რომელ და ჯულიეტას“, კადრი ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვიდან“, „სამოსელი პირველი“, გივი გეგეჭკორის ლექსი „ნათურა დღისით“, ოფელია „ჰამლეტიდან“, „მარტოობის ასი წელიწადის აურელიანო“, რომელსაც ოქროს თევზი აქვს, იმ ოქროს თევზების სიმბოლო, რომელსაც ამზადებენ მაკონდოში, თავისთავად ოქროს თევზი ასევე რემინისცენციაა ცნობილი ზღაპრისა ჯადოსნურ თევზზე, არჩილ სულაკაურის რომანისა „ოქროს თევზი“ და ოქროს თევზთან დაკავშირებული მრავალი კადრისა ლიტერატურიდან. ბიჭი უყურებს ყანას, რომელიც სელინჯერის ომანის „თამაში ჭვავის ყანაში“ რემინისცენციაა და ასევე, ცნობილი ეპიზოდისა ეგზიუპერის უკვდავი წიგნიდან,  სადაც პატარა პრინცი ამბობს, რომ ოქროსფერი ყანა ავტორს მის თმას მოაგონებს, გზა – კერუაკის „გზაზე“ და  ასევე, მრავალი „ლიტერატურული გზა“,  კაცს საბარგულში ამობეჭდილი წიგნები  აქვს, ასახიერებს მონტეგს, ბრედბერის „451 გრადუსი ფარენჰეიტით“ პერსონაჟს, ბოლოს ჩანს ქალაქი, რომელიც თან მაკონდოა, თან სტივენ კინგის ნაწარმოებების მოქმედების ადგილი, თან უსახელო ქალაქი,ს ადაც ნებისმიერი მოქმედება შეიძლება განვითარდეს. ბოლო კადრი ისევ ზღვაა სადაც იხსნება, რომ მკითხველია ამ სამყაროს დემიურგი.

მნიშვნელოვანია ფრაზებიც, რომელსაც მთხრობელი თუ ვიდეოს პერსონაჟები ამბობენ – ამონარიდები ცნობილი ნაწარმოებებიდან.

ეს ვიდეო მშვენიერი რესურსია ლიტერატურის გაკვეთილისთვის, უამრავი საინტერესო აქტივობა შეგიძლიათ დაგეგმოთ,  ჯერ გამოაცნობინეთ ფრაზები ან დეტალები წიგნებიდან,  გამართეთ ვიქტორინა, ფურცლებზე დაწერილი კითხვებითა და პასუხებით,  ამოარჩიეთ წიგნები, რომლებიც ნახსენებია ვიდეოში და დაგეგმეთ მათი ( ასაკობრივად)  წაკითხვა, იმსჯელეთ პერსოინაჟებზე, რამდენად ზუსტად არის ამორჩეული რომელიმე პერსონაჟის შესაბამისი საეკრანო სახეები, თქვენ რას შეცვლიდით, ეთანხმებით თუ არა რეჟისორის არჩევანს.  მოამზადეთ პრეზენტაციები თქვენი არჩეული ნაწარმოებებისა თუ ავტორების შესახებ. ეცადეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად შეამჩნიოთ მეტი დეტალი, ეპიზოდი, მინიშნება თუ ლიტერატურული საგანი ამ ვიდეოში. მოიფიქრეთ, თქვენ როგორ ვიდეოს გადაიღებდით? მოამზადეთ სცენარი, რომელიმე ნაწარმოების ასეთი  მცირე ფორმატით წარმოდგენისთვის, აირჩიეთ გადასაღები სივრცე, იქნებ სამოყვარულო კამერით გადაღებაც მოახერხოთ? მერე ისევ ლიტერატურის გაკვეთილზე უყურეთ და განიხილეთ. ამ პროცესში სხვა საგნების ინტეგრირებაც შეიძლება, მეტიც, შეგიძლიათ სხვადასხვა ასაკის მკითხველებიც გააერთიანოთ.

შედეგიანი და სასარგებლო წიგნიერების გაკვეთილი გამოგივათ, ლიტერატურული პარალელებით, წარმოსახვითა და საინტერესო დისკუსიით გაჯერებული.

კომენტარები

comments