სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი“ სემიოტიკური გამჭოლი კომპეტენციის განმავითარებელ გაკვეთილზე

ყველაზე ხანდაზმული „ცისფერყანწელი“, ლეგენდარული დასის უკანასკნელი მოჰიკანი, 1990 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა, 95 წლისა. მისი გარდაცვალების დღეს საბჭოთა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა და კომუნისტურმა პარტიამ ქვეყნის მმართველობა დათმო. სიმბოლურია უკანასკნელი სიმბოლისტის ბიოგრაფიისთვის. გარკვეულწილად ამ დღემ შვა დამოუკიდებელი საქართველოც 1991 წლის 9 აპრილს. რეჟიმმა, რომლის დასაწყისს კოლაუმ თავისი უკვდავი ლექსი „25 თებერვალი, 1921“ მიუძღვნა, საქართველოში მისი გარდაცვალების დღეს დაასრულა არსებობა. პოეტის მეგობრებისთვის ეს დიდი ზეიმი იქნებოდა, მაგრამ ისინი შორეულ 30-იანებში მოინელა მოდერნიზებულმა რუსულმა იმპერიამ, სიკვდილის ცელით მოსულმა, სისხლს მოწყურებულმა და დაუნდობელმა. ხოლო უკანასკნელ „ცისფერყანწელს“ თურმე ამ დღეს წუთისოფლიდან გასვლა ეწერა ბედად.

1989 წლის გვიანი შემოდგომა თუ ზამთარი იდგა. თვე არ მახსოვს. იქნებ დეკემბერიც იყო, ან უკვე 1990-ის იანვარი. თსუ-ს პირველ კორპუსთან დავინახე კაცი, რომელიც მელიქიშვილიდან ჭავჭავაძისკენ მოდიოდა. ღრმად მოხუცი იყო, მაგრამ რაღაცნაირად წელგამართული, აშოლტილი და კუშტი. მაღალს, არისტოკრატულს, გრძელი ლურჯი პალტო ეცვა და ყავისფერი კაშნე მოეხვია მოხდენილად. პალტოს ქვეშ ჩანდა კარგად დაუთოებული ყავისფერი შარვალი. არავის ჰგავდა. ასეთი არავინ მინახავს თბილისის ქუჩებში. მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. თვალი ვერ მოვაცილე. მოაბიჯებდა ამაყად, მტკიცედ, ურყევად. არავის უყურებდა. თითქოს ამ ქვეყნისა არც იყო. გამვლელებიც ინტერესით აჩერდებოდნენ. ვიფიქრე, ახლა რომ ვერ გავიგო, ეს კაცი ვინ არის-მეთქი და ჩამწყდა გული გაწყვეტილი სიმივით… ვიფიქრე, თავი ხომ არ მოვიგიჟიანო, წინ გადავუდგე, გამოველაპარაკო და ვინაობა ვკითხო-მეთქი. 17 წლის სტუდენტის, ახალბედა პირველკურსელის ინტუიციით მივხვდი, რომ ჩემ წინ ლეგენდას უნდა ჩაევლო. საბედნიეროდ, თსუ-ს ჟურნალისტთა კორპუსიდან გამოსული ლექტორებიც იქვე იდგნენ. „კოლაუ, კოლაუ ნადირაძე!“ – გადაულაპარაკეს ერთმანეთს.

ეს სილუეტი არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან, ლურჯი, გაუხუნარი მოგონებაა, ტიტე-ტიციანის, პავლე-პაოლოს, ნიკოლოზ-კოლაუს ლექსებივით სულის ამაფორიაქებელი, დაუვიწყარი…

ამ ლექსის ბედიც ისეთივე უცნაურია, როგორიც „ცისფერყანწელთა“ ორდენის საოცარი წევრებისა. 1985 წელს ის ქართველ პოეტთა ანთოლოგიაში „გაეპარა“ საბჭოთა ცენზურას და, როგორც ამბობდნენ, წიგნის მაღაზიებში გასაყიდად შესატანი კრებულის მრავალათასიანი ტირაჟის ყველა ეგზემპლარიდან ერთი ფურცელი ამოხიეს, ხოლო პოეტის შემოქმედებას „მკაცრი პარტიული შეფასება“ მისცეს და ლექსი მონათლეს „დიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად“.

ლექსის შემოქმედებით ისტორიას ავტორი ასე იხსენებს: „1969 წლის 25 თებერვალი გათენდა და მე და ჩემი მეგობრები: შალვა დემეტრაძე, ლელი ხოტივარი, შალვა კაშმაძე, ლადო გველესიანი, – ქაშვეთში წავედით, სანთლები დავუნთეთ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ თავდადებულთა სულებს, მოვინახულეთ გრიგოლ ორბელიანის საფლავი. კაეშანი შემომაწვა გულზე, შინ რომ დავბრუნდი, დავწერე ეს ლექსი და შალვა დემეტრაძეს გადავეცი – შენ ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა ხარ, იქნება ჩემ შემდეგ მაინც დადგეს ლექსის დაბეჭდვის დრო-მეთქი! არადა, შალვა გარდაიცვალა, მე კი ცოცხალი დავრჩი. მისი არქივი ლიტერატურის მუზეუმმა წაიღო, მათ შორის – ჩემი ლექსიც… და ეტყობა, არ ენება განგებას ამ ლექსის დაკარგვა! ასე მოხდა ეს ამბავი, ეტყობა, ლექსსაც, ადამიანისა არ იყოს, თავის ბედი აქვს“ (წიგნიდან „უკანასკნელი ცისფერყანწელი“, ციტატა მოხმობილია ია აბულაშვილის სტატიიდან, რომელიც გაზეთ „რეზონანასში“ გამოქვეყნდა 2017 წლის 25 აპრილს და განთავსებულია ბმულზე: https://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=35247).

ამავე სტატიაში მწერალი რევაზ მიშველაძე იხსენებს ლექსის პირველი გამოქვეყნების ამბავს: „რაც შეეხება ლექსს, რომელიც გახმაურდა 80-იან წლებში და რომელსაც ჰქვია „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“, მისი ისტორია ასეთია: გამომცემლობა „მერანმა“ შეადგინა პატრიოტული ლექსების კრებული და სთხოვა მხცოვან მგოსან კოლაუ ნადირაძეს, ერთი ლექსი მაინც მიეტანა. კოლაუმ მიიტანა ეს ლექსი, რომელიც, როგორც მაშინ ამბობდნენ, აშკარად არასაბჭოური ხასიათისაა, მაგრამ კრებულის შემდგენლებმა გამოიჩინეს გამბედაობა და დაბეჭდეს კოლაუს ეს ლექსი, სადაც დახატული იყო ავად სახსენებელი მე-11 არმიის შემოსვლა თბილისში და ის წითელი ტერორი, რომელიც მოჰყვა ბოლშევიკურ ანექსიას საქართველოში. კრებულის გამოსვლის შემდეგ ფხიზელმა იდეოლოგიურმა სამსახურებმა დაარბიეს „მერანი“, აკრძალეს კრებული და სამსახურიდან დაითხოვეს „მერნის“ სამი თანამშრომელი – იზა ორჯონიკიძე, მამუკა წიკლაური და გრიგოლ ჯულუხაძე. ხელი არ ახლეს გამომცემლობის დირექტორ გურამ გვერდწითელს, მხოლოდ საყვედურის გამოცხადებით დაკმაყოფილდნენ. ასეთი იყო კოლაუ ნადირაძე – პოეტი, რაინდი, „ცისფერყანწელთა“ საძმოს ღირსეული წევრი“.

1988 წელს, ეროვნული მოძრაობის იატაკვეშეთდან ამოსვლისთანავე, ეს ლექსი თავისუფლებისთვის მებრძოლი აქტივისტების საყვარელ ტექსტად იქცა. ქართულ პოეზიას არ აკლია იდეური და პატრიოტული, მეამბოხე სულისკვეთების ლექსები, მაგრამ „25 თებერვალი“ დარჩება ყველა დროის ყველაზე თამამ და თავისუფლებისმოყვარე ქმნილებად. მეოცე საუკუნის სამოციან წლებში, საბჭოთა იმპერიის „დიდების“ ხანაში, საქართველოს გასაბჭოების ამგვარი პოეტური ემოციით გადმოცემა ნამდვილი მოქალაქეობრივი გმირობა იყო.

როცა მეცხრე კლასში ამ ტექსტის სწავლება მომიწია, გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის, უპირველესად, გადამეცა ლექსის ღირებულება, პათოსი, კონტექსტები და ქვეტექსტები და უკვე შემდგომ ფანტაზიის უკიდეგანო უნარით დაჯილდოებულ ჩემს მოსწავლეებთან ერთად გამევლო ლექსის სიმბოლოთა დეკოდირების საამური პროცესი. დავგეგმეთ სემიოტიკური გამჭოლი კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი და შევუდექით სიმბოლოთა კვლევას. კლასის ორგანიზების ფორმად წყვილებში მუშაობა შევარჩიეთ. გაკვეთილის შესავალ ფაზაში, გამოწვევის ნაწილში, ორმა მოსწავლემ დაფაზე კლასის დახმარებით ლექსის სახე-სიმბოლოები გამოიტანა. ბავშვებს მასწავლებელი მიმართულების მიმცემადაც კი არ დასჭირვებიათ, ისე ამოწერეს უკლებლივ ლექსის სემიოტიკური სიმბოლოები:

  1. მგლოვიარე (თალხით მოსილი) თბილისი/მღვიძარე ქალაქი
  2. მდუმარე სიონი
  3. გრდემლი (შდრ.: „გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა“)
  4. გოლგოთა
  5. სისხლი, ცრემლი
  6. გაყიდული დედა
  7. წამების ჯვარი
  8. კოჯორი და ტაბახმელა/თებერვლის ღამე (ლექსის ქრონოტოპი)
  9. თოვლი
  10. გმირების გვამები/განგმირული მკერდები/დალეწილი მკლავები
  11. გზა/კრწანისის ველი
  12. სამასი გმირი
  13. ქართლის დედა და მისი ცრემლები
  14. ჩვენი ალამი/ქართული დროშა
  15. (საბჭოთა) წითელი დროშა
  16. თეთრ ცხენზე მჯდომი სიკვდილი ცელით

ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ეს სიმბოლოები გარკვეული ნიშნით დაგვეხარისხებინა და ბავშვებმა ისინი ამგვარად დააჯგუფეს:

  • სამშობლოს გამომხატველი სიმბოლოები
  • მტრის გამომხატველი სიმბოლოები
  • გმირების გამომხატველი სიმბოლოები
  • გლოვის (რეკვიემის პოეტური განწყობის) გამომხატველი სიმბოლოები

დასასრულ, წყვილებს უნდა აერჩიათ სახე-სიმბოლოები და მათი დეკოდირება და აღძრული ემოციის გადმოცემა ფერად პოსტერებზე ეცადათ.

სამუშაო საოცრად სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითი აღმოჩნდა. გაკვეთილმა ნამდვილად შეუწყო ხელი სემიოტიკური გამჭოლი კომპეტენციის განვითარებას, რასაც მოწმობდა გაკვეთილზე დამსწრე კოლეგის კომენტარი გაკვეთილის დასასრულს: „თქვენ შეუძლებელი შეძელით!“ – და საკუთარი მიგნებებით აღტაცებული ბავშვების კომენტარები: „აუ, მას, ხშირად გავაკეთოთ რა ასეთი აქტივობები!“ წყვილები ერთმანეთთან ადარებდნენ და აჯერებდნენ სიმბოლოთა სემიოტიკურ ქვეტექსტებს.

კლასის მიერ გაკეთებული აღმოჩენები სიურპრიზი იყო ჩემთვის. ბავშვებმა შეძლეს ნიშან-სიმბოლოების უღრმეს შრეებში წვდომა, ავტორისეული მიზანდასახულობის ამოცნობა, საკუთარი ემოციების ორიგინალურად გადმოცემა. დაუვიწყარი იყო თალხით მოსილი დედაქალაქის მხატვრული სახის გახსნა… გრდემლი გაიაზრეს როგორც საბჭოთა იმპერიის იდეოლოგიური სამჭედლო, რომელმაც 25 თებერვლის ტრაგედია დაატეხა თავს ქართველ ხალხს.

ზემოთ მოხმობილ სიმბოლოებში მოსწავლეებმა დაინახეს ისტორიული და ბიბლიური ალუზიებიც, გახსნეს ლექსის მხატვრული ქრონოტოპი, როგორც მოცემული ტრაგიკული მოვლენის დრო-სივრცული მოდელი, დამაჯერებლად წაიკითხეს მოცემული ისტორიული მოვლენის აქტორების როლი და მნიშვნელობა, ყველა სიმბოლოში ამოიკითხეს ტროპული ელფერი: გაპიროვნება, ჰიპერბოლა-ლიტოტესი, მეტაფორა…

ლიტერატურის სახეობრიობა მასწავლებლებს, საზოგადოდ, მდიდარ რესურსს გვთავაზობს ბავშვებისთვის სემიოტიკური კომპეტენციების განსავითარებლად, მაგრამ სიმბოლისტური ლექსი, განსაკუთრებით კი კოლაუსეული ექსპრესიით და ემოციებით გაჯერებული ტექსტი, საამისოდ საუკეთესო მასალაა.

კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი“ მრავალი ტიპის გაკვეთილის დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. ასევე ძალზე ეფექტური იქნებოდა ისტორიასთან ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება. თემა ასევე მდიდარ მასალას იძლევა ისტ-თან ინტეგრირებისთვის, პროექტ-გაკვეთილისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთ გაკვეთილზე მოსასწრები ნაჩქარევი პოსტერების ნაცვლად პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები ნამდვილად საგულისხმო გამოვიდოდა, ხოლო მათი პრეზენტაცია და გამოფენა ძლიერ სტიმულს მისცემდა მოსწავლეებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი