პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წუთისოფლის გერები  

სააქაო შორსაა ჰარმონიისგან, რადგან, დოსტოევსკისა არ იყოს, ბავშვის ერთი ცრემლიც კი არღვევს მას. მავანს აღაზევებს, მავანს კი გარიყავს წუთისოფელი. ცხოვრებას არ მოსწონს ის, ვინც მის ჩარხზე არ გამოიჭრება. განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში შემომაწვება ხოლმე გულზე ნაღველი, როცა ვგრძნობ: დრო იცვლება, გარემო კი – თითქმის არა. ღამღამობით ყინავს, ქუჩაში კი უსახლკარო ადამიანები და მიუსაფარი ცხოველები დაეხეტებიან. სასოწარკვეთილნი, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულნი, უილაჯონი. წუთისოფლის ამ „უცხოთა“ წინაშე ყველანი უდანაშაულო დამნაშავეები ვართ. გროშები, რომლებსაც ვუწილადებთ, დიდი ვერაფერი დახმარებაა. უფრო ქმედითია, ალბათ, გვქონდეს საკუთარი ცოდვების შეგრძნება ხანდახან მაინც, ფიქრი, რომ არაფრით ვჯობივართ მათ, რადგან ყველანი ვიმსახურებთ სითბოს, სიყვარულს, მომავალს… ასე ნაკლები იქნება აგრესია, მეტი ცრემლი გაქვავებული, გაამპარტავნებული, დახშული გულების გასალღობად, ჩვენიც და სხვისიც, ასე რომ სწყურიათ დაკარგული ღმერთის პოვნა და თავშესაფარი.

ყველას გვიფიქრია, ალბათ: რა არის ტანჯვის არსი? ზრდასრული ადამიანის ტანჯვა შეიძლება იობის წიგნის მოშველიებით აიხსნას: ღვთისგან მოვლენილი განსაცდელი, რომელიც იწვევს განახლებას, კათარზისს, ღმერთთანვე მიახლოებას. აქ ჩეხოვის „მკვლელობა“ მახსენდება – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობს, ზედმიწევნით აღასრულოს საღვთო ლიტურგია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღვიძლ ძმას იმის გამო წაეჩხუბება, რომ ეს უკანასკნელი არ მარხულობს და უნებლიეთ შემოაკვდება, ჭეშმარიტებას მხოლოდ კატორღაში პოვებს, შეიგრძნობს ღმერთს. ყველაფრის ახსნა შეიძლება, მაგრამ ბავშვის ტანჯვა თუ სიკვდილი თითქოს აუხსნელია. კარგა ხანია, საქართველო ტანჯული მოხუცებისა და ბავშვების ქვეყნადაც იქცა, რადგან მრავალი მათგანია მიუსაფარი და არ აქვს პური არსობისა.

ჩვენში მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. სპეციალისტთა აზრით, ამის შესაჩერებლად ორი მიმართულებითაა საჭირო გადაწყვეტილების მიღება: უპირველესად, უნდა გამარტივდეს შვილად აყვანის პროცედურა, რომ ბევრმა უშვილო ოჯახმა აისრულოს ნატვრა, ხოლო ბავშვთა სახლებში ბავშვის დატოვება, პირიქით, გართულდეს. თუმცა ყველაფრის თავიდათავი მაინც ეკონომიკური სიდუხჭირეა. ბავშვებს უმეტესად ღარიბი ოჯახები ტოვებენ. ცხადია, არიან ისეთებიც, რომლებსაც მშობლები ციხეში ჰყავთ ან დედა პროსტიტუციას ეწევა და ა.შ., მაგრამ ბავშვთა სახლებს უმთავრესად მაინც სოციალურად დაუცველები მიმართავენ. საჭიროა, შეიქმნას სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის ბავშვების საზღვარგარეთ გაშვილებას, როცა ჩვენსავე ქვეყანაში შვილად აყვანის ამდენი მოსურნეა. ამისთვის ნაკლებად კორუფციული კანონმდებლობაა აუცილებელი. უნდა შეისწავლონ სავარაუდო მშობლების ფინანსური მდგომარეობაც, რასაც ახლაც ითვალისწინებს კანონი. უნდა შემოწმდეს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რადგან ხშირად მომხდარა, რომ პატარები უკან დაუბრუნებიათ და მათ მძიმე მდგომარეობას ახალი სტრესი დამატებია. რაც შეეხება ბავშვთა სახლებში დატოვებას, სახელმწიფო პოლიტიკა ამ შემთხვევაშიც სწორად უნდა იყოს მიმართული. მშობელი არ უნდა დარჩეს უფუნქციოდ, რათა საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულება შეძლოს – ბავშვთა სახლების ბინადართა დიდ ნაწილს მშობლები საზღვარგარეთ, იძულებით ემიგრაციაში, ან ციხეში ჰყავს. უნდა შემუშავდეს კონცეფცია და ამოქმედდეს პროგრამები, რომ დაწესებულება ღია ტიპისა არ იყოს, რომ ბავშვს არ შეეძლოს საკუთარი სურვილით იქიდან გასვლა, ისევ ქუჩაში ყოფნა და ა.შ.

კიდევ ერთი უბედურება ის არის, რომ ზრდასრული, ბავშვთა სახლებიდან წასული ბენეფიციარები ვერც სამსახურს შოულობენ, არც სახლი აქვთ და ისევ ქუჩაში ხვდებიან. „ქუჩის ბავშვი“ ის კატეგორიაა, რომლისთვისაც ქუჩა გახდა სახლი ან საარსებო წყარო. ისინი დაუცველები და საზოგადოებისგან უყურადღებოდ მიტოვებულები არიან. გაეროს ამ დეფინიციაზე დაყრდნობით ქართველმა პრაქტიკოსებმა საკუთარი განსაზღვრება ჩამოაყალიბეს. ისინი ქუჩის ბავშვების სამ ჯგუფს განასხვავებენ:

  • ქუჩის ბავშვები _ ბავშვები, რომლებიც ღამეს ქუჩაში ან ადამიანის საცხოვრებლად შეუსაბამო ადგილას ატარებენ (სძინავთ) ერთი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არ ჰყავთ ოჯახი და მათზე არ ზრუნავენ;
  • ბავშვები ქუჩაში – ისინი ყოველთვის ან უმეტესად სახლში იძინებენ, მაგრამ დროის უდიდეს ნაწილს ქუჩაში ატარებენ. მათ აქვთ კავშირი ოჯახთან და ხშირად საკუთარ თავსაც და ოჯახსაც არჩენენ;
  • ქუჩის ოჯახების ბავშვები – ბავშვები, რომლებიც ოჯახის წევრებთან ერთად ქუჩაში ცხოვრობენ და შემოსავალსაც იქვე მოიპოვებენ. საქართველოში ეს ცნება უარყოფითი კონოტაციითაა დატვირთული და, ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამ კატეგორიის ბავშვებს საკუთარი თავის აღსაწერად სურთ გამოიყენონ ტერმინი „უბრალოდ ბავშვები“. ეს გასაგებიცაა, რადგან სტიგმა მათ თითქოს ბავშვობას ართმევს. არც უფროსებს უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: ის, რომ ფიქციაა კატეგორიებად ადამიანთა ნებისმიერი დაყოფა, რადგან ყოველი ჩვენგანი თავისი ნიჭითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა.

როგორც უკვე ვთქვით, ქუჩაში მოხვედრა, ნორმალური ცხოვრებისგან მოწყვეტა, ისევ საზოგადოების მიზეზითაა, მის სისუსტედ აღიქმება – იმის დასტურად, რომ იქ ეკონომიკური კონტექსტის გამო უთანასწორობა იზრდება. ამერიკული გამოცემა Global Finance Magazine-ის ვერსიით, საქართველო 185-დან 113-ე ადგილზეა მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების ჩამონათვალში. ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 365 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 9,7%-ია. არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც ბავშვები სიცოცხლესაც ამთავრებენ ქუჩაში:

  • ოჯახების მცირე შემოსავალი – ბევრი ბავშვი ქუჩაში იმისთვის გადის, რომ ოჯახი გადაარჩინოს განადგურებას;
  • უსახლკარობა – ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობის ბავშვთა სახლი;
  • საზოგადოებისგან უარყოფა და დამცირება – აქ მშობლების ფაქტორიცაა, რომლებიც ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე ხდებიან დამოკიდებულნი და შვილებს საკმაო დროს არ უთმობენ;
  • სკოლაში წარუმატებლობა;
  • შეიარაღებული კონფლიქტის, უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის გამო მშობლების დაკარგვა ან ლტოლვილობა.

ქუჩის ბავშვების პრობლემა საქართველოში 90-იან წლებში გაჩნდა. ძალიან ბევრი არასრულწლოვანი აღმოჩნდა სახლის გარეთ. თბილისში უამრავი ასეთი ბავშვია, რომლებიც პატარა მაწანწალებად ქცეულან, მოწყალებას ითხოვენ (იქნებ უფრო სითბოს?). ისინი არ დადიან სკოლაში და ხშირად არანაირი საბუთი არ აქვთ. სახელმწიფო მათხოვრობას ბავშვთა ექსპლუატაციად არ განიხილავს და პოლიციაც, რომელიც ყველა მეტროსადგურის პლატფორმაზე მორიგეობს, გულგრილად შეჰყურებს ქუჩის ბავშვებს. საქართველოში ცნება „უსახლკარო ბავშვები“ აქამდე არ არსებობდა. იუსტიციის სამინისტრომ ახლახან წამოაყენა წინადადება, ეს ტერმინი შევიდეს საქართველოს კანონმდებლობაში. დაიწყო სხვა ძვრებიც: საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროეტი, რომლის მიხედვით, სოციალური მუშაკები ასეთ ბავშვებს ოჯახებს ჩამოართმევენ; მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა და საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტომ უსახლკარო ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრი გახსნა, სადაც მათ დღეში ორჯერ გამოკვებავენ. ბავშვებს აქ შეუძლიათ იზრუნონ თავიანთ ჰიგიენაზე და სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარებაც მიიღონ. გაეროს სპეციალური მომხსენებლის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არა მხოლოდ მატერიალური დახმარება უნდა გაუწიონ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც იძულებულები არიან, ქუჩაში „იმუშაონ“, არამედ ასეთი ბავშვების განათლებასაც მიაქციონ ყურადღება. საქართველოს სახალხო დამცველი „ქუჩის ბავშვების“ პრობლემის მოგვარებას შსს-ს გაძლიერებულ მუშაობაში ხედავს, რომელმაც უსახლკაროთა ცენტრთან უნდა ითანამშრომლოს, ასეთ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისა თუ სოცმუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებაცაა საჭირო და ა.შ.

ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა შეიგნონ, რომ ეს ბავშვები ჩვენი ნაწილია, ჩვენი მომავალი. მათაც აქვთ განათლების, ნორმალური ცხოვრების, ბედნიერების უფლება. უკვე უბედურებაა, როცა ასეთ ბავშვებს საეჭვო რეპუტაციის ადამიანები ზედამხედველობენ, რომლებიც მათ როგორც ნივთებს, ისე იყენებენ, სცემენ, თუ საკმარის ფულს ვერ იშოვიან, სჯიან. ხშირად ისმის, რომ მაწანწალა ბავშვები უხეშები და უკულტუროები არიან. იქნებ ჩვენივე გულგრილობა და უმოქმედობაა ამის მიზეზი? იქნებ ჩვენ ვაგრძნობინებთ მათ თავს ზედმეტებად? იქნებ ჰგონიათ, რომ არსებობენ დაძველებული ნივთებივით უსარგებლო ადამიანები: მობეზრებულები, გამოუსადეგარები, უშნოები, გულმიუსვლელები? ფიქრობენ, რომ არც ისე ადვილია მათი თავიდან მოცილება – მათში ხომ სიცოცხლეა, შინაარსი, ცხოვრების ისტორია, თავგადასავალი, ნაღველი და… სულისშემძვრელი მარტოობაც. მათ სჭირდებათ ყურადღება, მოვლა, მათი არსებობა ერთ დიდ კითხვის ნიშნად ქცეულა. სამყაროს წესია, ხვნეშით მოიცილოს ყველაფერი განწირული. მაგრამ ჩვენ, სწორედ ჩვენ, რამენაირად უნდა ვაგრძნობინოთ მათ სიყვარული და არა სიბრალული, ვაგრძნობინოთ, რომ ისინი საჭირონი არიან – ქვეყნისთვის, ახლობლებისთვის, საკუთარი თავისთვის. ყოველი მათგანი ხომ უნიკუმია, მიკოროსამყარო, რომელიც არასდროს გამეორდება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ დახმარება ზედმეტი ხურდის მიჩეჩება ან გამონაცვალი ტანსაცმლის გამეტება არ არის. სულ უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რომ ცხოვრებამ არ გარიყოს ისინი…

ნუგზარ შატაიძის მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში“ პერსონაჟი, ქუჩის ბიჭი, უსახელოა, ალბათ იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული ბავშვის სახე არ არის. მერე რა, რომ მისთვის ცხოვრება ბოროტ დედინაცვლად ქცეულა – აფხაზეთში მამის საძებნელად მიდის და თავისი გაპარტახებული სახლიდან წაღებულმა, ტკბილი ბავშვობის სახსოვარმა, ნაჭრის დათუნია გერასიმემ თავისი დაძენძილი მხრებით უნდა იტვირთოს მისი გათბობაც, დაპურებაც, დარიგებაც, მოფერებაც, დატუქსვაც, რომ მან, სულ რაღაც თხუთმეტი წლისამ, უკვე იგემა ბოროტებისა და სიკვდილის სიმწარე, რომ „აცეტონზე ზის“ და წამლის ზმანებების სამყაროში, აფრიკაში „მოგზაურობს“, რომ აფხაზეთი, მისი სამშობლო, უფრო შორსაა, ვიდრე აფრიკა… ის ოდესმე აუცილებლად გამოვა მუყაოს ყუთიდან და საზოგადოებას იქ გატარებული წლების გამო პასუხს მოსთხოვს, და იქნება უკვე ძლიერი კაცი, რათა დაიცვას საკუთარი თავიც და ქვეყანაც, და მტკივან სულიერ სიცარიელეს ამოივსებს, და კეთილი მომავლის იმედი ექნება. ასეთია მწერლის წინასწარმეტყველებაც…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი