ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სკოლა სახლში

საინტერესო მოვლენად მიმაჩნია ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც homeschooling-ი – განათლების შინ მიღება – ჰქვია. პირადად ჩემთვის ეს განათლების მიღების საკმაოდ უცნაური გზაა და ერთგვარად მიუღებელიც კი. ამ საკითხით უფრო მეტად დავინტერესდი, როცა გავიგე, რომ ამჟამად ჰოუმსქულერები ამერიკელი მოსწავლეების 3%-ს შეადგენენ და მათი რაოდენობა იზრდება კიდეც. ძალიან კი მეეჭვება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ჰოუმსქულინგმა ჩვენთანაც მოიკიდოს ფეხი, მანამდე კი, მგონი, არაფერი დაშავდება, სხვადასხვა ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემების განხილვასთან ერთად ამ ფენომენზეც თუ ვისაუბრებთ. რასაკვირველია, ამ სტატიას სრულყოფილების პრეტენზია არ გააჩნია და მხოლოდ ზედაპირულად მიმოიხილავს საკითხს, უფრო სწორად, იმ არგუმენტაციას, რომლებსაც ჰოუმსქულინგის მომხრეები და მოწინააღმდეგეები უპირისპირებენ ერთმანეთს.


მოდი, ჯერ ჰოუმსქულინგის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს გავეცნოთ. უნდა ითქვას, რომ ჰოუმსქულინგი მათ ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მოვლენად არ მიაჩნიათ, მაგრამ აცხადებენ, რომ სწავლების ამ სტილთან დაკავშირებული უამრავი სირთულის წარმატებით დაძლევა ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელიც. ამიტომ, მათი აზრით, არ ღირს უზარმაზარი დროისა და ძალისხმევის გაღება საეჭვო წარმატების იმედით.


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ განათლების შინ მიღება კარგი გამოსავალია მათთვის, ვინც, ამა თუ იმ მოსაზრებით, ტრადიციული სკოლების პრინციპული მოწინააღმდეგეა; მიუხედავად ამისა, ჰოუმსქულინგი არ არის ყველასათვის მისაღები და არც მართებულ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს რამდენიმე მიზეზის გამო:

* მოითხოვს უზარმაზარ დროს


შინ სწავლა დიდ დროს მოითხოვს. მას დღის უმეტესი ნაწილი მიაქვს და თუ სახლში არ არის მოზრდილი ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ დროის გამონახვას, სწავლა შეუძლებელი გახდება. ამგვარად, ჰოუმსქულინგი უპირველესად ცხოვრების სტილია და არა განათლების მიღების გზის არჩევანი. გამოსავალია, მოზარდის განათლება თავის თავზე არა ერთმა, არამედ ორმა ადამიანმა აიღოს და მათვე გაინაწილონ დრო და პასუხისმგებლობა. მაგრამ მაინც დროის დიდი დეფიციტი შეექმნებათ, რადგან, სავარაუდოდ, სამსახურშიც მოუწევთ სიარული.


თუმცა ზოგიერთ შტატში კანონი მშობლებს შვილისთვის სპეციალისტის დაქირავების ნებას რთავს. ამრიგად, ზოგიერთ მშობელს აქვს არჩევანი, თვითონ ასწავლოს შვილს თუ სხვა დაიქირაოს.


ჰოუსქულინგის დრო გულისხმობს იმ დროსაც, რომელიც გაკვეთილების დასაგეგმავად და ჩანაწერების გასაკეთებლად არის საჭირო. ეს დრო ემატება სწავლის აქტუალურ დროს. ზოგჯერ საჭიროა სასწავლო პროცესის სახლიდან გატანაც. ესეც დამატებით დროს მოითხოვს. ამრიგად, თუ მშობელი დარწმუნებული არ არის, რომ შეძლებს ყოველივე ამისთვის დროის გამონახვას, იგი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა ტრადიციულ სკოლაზე უარის თქმა და მოახერხებს თუ არა შვილისთვის უკეთესი განათლების მიცემას შინ.

* პასუხისმგებლობა


შინ სწავლა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა მშობლებისათვის. მშობელი, როგორც მასწავლებელი, თავის თავზე იღებს იმ უზარმაზარ პასუხისმგებლობას, რომელიც სკოლაში არა მარტო მასწავლებელს, არამედ მთელ სასკოლო სისტემას აკისრია. მშობელი-მასწავლებელი პასუხისმგებელია არა მარტო გაკვეთილის დაგეგმვაზე, არამედ მთელი სასწავლო კურსის გამართულად წარმართვაზე და ამ კურსის საფეხურებად სწორად დაყოფაზე. მშობელსვე აკისრია აკადემიური მიღწევების ჩანაწერების წარმოება, პროგრესის ან რეგრესის პროცესზე დაკვირვება და ა. შ.


ამასთანავე, მშობელი იმაშიც უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მისი შვილის სასწავლო პროცესი სრულ თანხმობაშია შტატის საგანმანათლებლო კანონმდებლობასთან. ჰოუმსქულინგი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც იმ კონკრეტულ შტატში მოქმედ კანონებს შეისწავლიან და გაითვალისწინებენ – კანონის უგულებელყოფა ისჯება.


* ყველა მოსწავლე ვერ ამჟღავნებს შესაძლებლობათა მაქსიმუმს


ზოგიერთი მოსწავლე სრულ წარმატებას მხოლოდ ტრადიციული სასკოლო სწავლებისას აღწევს. მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შეჯიბრების მომენტი, რომელიც სკოლებში არსებობს და გამორიცხულია შინ სწავლისას. ასეთი მოსწავლეები შესაძლებლობათა მაქსიმუმს მხოლოდ მაშინ ამჟღავნებენ, როცა ირგვლივ სხვა მოსწავლეებიც ახვევიან. ეს მათ სტიმულს აძლევთ „მწვერვალზე ასაცოცებლად”. ასეთ ბავშვებს ჰოუმსქულინგი უზარმაზარ ზიანს მიაყენებს, რადგან შინ სწავლა, წესისამებრ, ერთ მოსწავლეზეა ორიენტირებული. მაშინაც კი, როდესაც სახლში რამდენიმე ბავშვია, მიზეზთა გამო (სხვადასხვა ასაკი და ა. შ.) ისინი ერთმანეთს უშუალო კონკურენციას ვერ უწევენ.

* აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის თანხმობა


როგორც დავინახეთ, შინ განათლების მიღება მოითხოვს უამრავ დროს, დიდ პასუხისმგებლობას, მოქნილ სასწავლო გეგმას და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებას, მაგრამ ყველა ამ პირობის დაცვის შემთხვევაშიც კი ჰოუმსქულინგი წარმატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაივლის, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი (უპირველესად – მშობლები) თანახმა იქნება, ბავშვმა განათლება სახლში მიიღოს. თუ ერთი მშობელი ჰოუმსქულინგის მომხრეა, ხოლო მეორე – სკოლაში სიარულის, ადვილი წარმოსადგენია, რა წინააღმდეგობები და შესაძლოა კონფლიქტებიც კი მოჰყვება ნებისმიერ წარუმატებლობას სახლში სწავლისას.


შინ განათლების მიღება ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ რამდენიმე მეთოდის მოსინჯვაა საჭირო თითოეული ბავშვისთვის საუკეთესოს საპოვნელად. ამიტომ ორივე მშობელმა უნდა იცოდეს, რომ დროებითი რეგრესი გამორიცხული არარის და ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი არ ნიშნავს საბოლოო წარუმატებლობას. თუ ორივე მშობელი არ იქნება თანახმა შინ სწავლებაზე, მცირე შეფერხებაც იკმარებს, რომ ჰოუმსქულინგი წარუმატებლად ჩაითვალოს.


როგორც დასაწყისში ვთქვით, ჰოუმსქულინგის მოწინააღმდეგები ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობის დაცვის შემთხვევაში წარმატებას არ გამორიცხავენ, მაგრამ ყველა ოჯახმა, რომელიც გადაწყვეტს, ბავშვს შინ მისცეს განათლება, უნდა იცოდეს, რომ ამ ტიპის განათლებას ძალიან ცოტა მოსწავლე იღებს. სწავლისას შესაძლოა მრავალმა დაბრკოლებამ იჩინოს თავი და, საერთოდ, სწავლის ეს სტილი ყველა ბავშვისთვის არ არის მიზანშეწონილი.


შესაძლოა გასაკვირიც მოგეჩვენოთ, მაგრამ ჰოუმსქულინგის მომხრეებს თავიანთ პოზიციას უფრო კატეგორიულად იცავენ. მათ მიაჩნიათ, რომ საჯარო სკოლები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და მომავალი მხოლოდ სახლის განათლებას აქვს. ქვემოთ მათ არგუმენტებს წარმოგიდგენთ.

* საჯარო სკოლებს ბევრი ახალგაზრდა ტოვებს იძულებით


ყოველწლიურად ათეულობით ათასი ამერიკელი ახალგაზრდა ანებებს თავს სკოლას მაღალ კლასებში, ე.ი. ათეულობით ათასი ახალგაზრდა რჩება სრულფასოვანი განათლების გარეშე. ჰოუმსქულინგის მომხრეთა აზრით, ეს საჯარო სკოლების დიდი ნაკლია და იმაზე მიუთითებს, რომ ისინი თავიანთ მთავარ მოვალეობას ვერ ან არ ასრულებენ. ამის თავიდან აცილება, მათი აზრით, განათლების შინ მიღებით არის შესაძლებელი.


სკოლას მრავალი მიზეზით ტოვებენ. მაგალითად, ეთნიკური წარმომავლობის გამო – ბევრი აფროამერიკელი, ესპანური წარმომავლობის თუ ინდიელი მოსწავლე ვერ ახერხებს სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევას. ბევრი სწავლას სამუშაოს გამო ანებებს თავს (დროებითი შემოსავალი მათთვის სწავლაზე მნიშვნელოვანია). ზოგიერთი ოჯახს მოეკიდა და მშობელი გახდა, ზოგი კი ოჯახის წევრის გამო გახდა იძულებული, მიეტოვებინა სკოლა, რადგან მას მუდმივი მზრუნველობა სჭირდებოდა. არსებობს სხვა მიზეზებიც.


* ჰოუმსქულერების აკადემიური შედეგები უკეთესია


ჰოუმსქულინგის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჰოუმსქულერებს უკეთესი აკადემიური შედეგები აქვთ. მათ არგუმენტად მოჰყავთ კვლევის შედეგები, რომლის დროსაც ძირითად საგნებში 16 000 ჰოუმსქულერის აკადემიური ცოდნა იქნა შესწავლილი. კვლევამ დაადასტურა, რომ ჰოუმსქულერებმა საჯარო სკოლის მოსწავლეთა 77%-ზე უკეთესი აკადემიური შედეგები აჩვენეს, ხოლო მათი 55% საუკეთესო 25%-ში მოხვდა (ეს მონაცემები ჰოუმსქულინგის მომხრის სტატიიდან ამოვიღე და არ ვიცი, რამდენად სანდოა, მაგრამ შედეგები თავისთავად შესაძლოა ასეთი ყოფილიყო კიდეც).

* ბიუჯეტის თანხების არაეფექტური ხარჯვა


ჰოუსქულინგის მომხრეთა კიდევ ერთი მთავარი არგუმენტი არაეფექტურად დახარჯულ ბიუჯეტს ეხმაურება. მათი აზრით, საჯარო სკოლებში სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი ფული იხარჯება, მაგრამ პრობლემები ძველებურად მოუგვარებელი რჩება.

დასასრულ, მოვიყვან ჰოუმსქულინგის მომხრეთა კიდევ რამდენიმე არგუმენტს. მათ სკოლები პოლიციურ ინსტიტუტებად მიაჩნიათ, სადაც მოსწავლეებზე ძალადობა ხდება. ისინი გულისხმობენ ძალადობის როგორც ფიზიკურ, ასევე – ფსიქოლოგიური ფორმებს (უმთავრესად – სწორედ ამ უკანასკნელს), რომელსაც შეფარული სახე აქვს და შესაძლოა, საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიღოს (გასულ თვეში ამ საკითხზე საკმაოდ დამაფიქრებელი სტატია გამოაქვეყნა ლევან ალფაიძემ). მათი აზრით, ასეთ ფონზე გასაკვირი აღარ არის, რომ საშინაო სკოლების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და ამის კვალდაკვალ აკადემიური შედეგებიც უმჯობესდება. ჰოუსქულინგის მომხრეებს დადებითად მიაჩნიათ ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა სახლის სკოლა ქრისტიანულ რელიგიებს ეყრდნობა. მათ სჯერათ, რომ ეს კიდევ ერთი მიზეზია ამ მიმართულებით სვლის თამამად გასაგრძელებლად.


ჰოუმსქულინგის მომხრეთა არგუმენტაციაში აგრეთვე მოხსენიებულია მთელი წლის განმავლობაში მოქნილი სასწავლო გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (მაგ., უქმეების ნებისმიერ დროს გამოყენება), მზრუნველი გარემო და საკმაოდ მოზრდილი დაზოგილი თანხა. მათ სჯერათ, რომ სახლის სკოლა არა მარტო საჯარო სკოლის სისტემას, არამედ კერძო სკოლებსაც კი დაამარცხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი