ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სანამ მოსწავლე წერას დაიწყებდეს

წერითი მეტყველება – ეს არის წერის საშუალებით კომუნიკაცია, რომელიც გულისხმობს: 

• ავტორს, ანუ ადრესანტს – ვინც წერს;
• ადრესატს, ანუ მკითხველს – ვისთვისაც წერენ/ვისაც სწერენ; 
• კომუნიკაციის მიზანს – რისთვისაც წერენ. 

წერა ადამიანს საშუალებას აძლევს, გამოხატოს თავისი აზრები და ფიქრები და თვალსაჩინო გახადოს ისინი მკითხველისთვის. ხშირად ხდება, რომ მოსწავლე საინტერესო აზრებს გამოთქვამს, მაგრამ იმავე აზრების წერილობით გამოხატვა უჭირს. წერის პროცესი პროდუქტიული რომ იყოს, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი. ეს ფაქტორებია:

• არჩევანის თავისუფლება. მოსწავლემ, საკუთარი გამოცდილებიდან, დაკვირვებებიდან, ინტერესებიდან გამომდინარე, თავად უნდა შეარჩიოს თემა და ფორმა. ამით მას უყალიბდება საკუთრების განცდა, რაც ზრდის პასუხისმგებლობასა და ინტერესს.

• რეგულარული წერა. „თუ გინდა წერო კარგად, წერე ხშირად”. ცნობილია, რომ საუკეთესო აზრები ადამიანს წერის დროს მოსდის, რეგულარული წერა კი ამ აზრების უკეთ ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.

• საინტერესო საწერი თემა. წერა საუკეთესო საშუალებაა ახალი იდეებისა და თემების გასაშლელად. თუ საკვლევი საკითხი მოსწავლეს აინტერესებს, წერა სახალისო პროცესად გადაიქცევა.

• წერის მაგალითი. იშვიათია მწერალი, რომელსაც საკუთარი ნაწერი არ შეესწორებინოს. მაგალითად, ცნიბილია, რომ ილია ჭავჭავაძის “აჩრდილის” სამი ვარიანტი არსებობს. ამგვარი მაგალითები მოსწავლეს არწმუნებს, რომ წერა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. მოსწავლეთათვის იმის ჩვენება, როგორ იქმნება ტექსტი, არის წერის პროცესისადმი ინტერესის გაღვივების საშუალება.

• მხარდამჭერი გარემო. მართალია, ბავშვები ხშირად წერენ თავისთვის და არავის აჩვენებენ ნაწერს, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში აუცილებლად დგება მომენტი, როცა მას უჩნდება თავისი ნაწერების სხვისთვის გაზიარების სურვილი. ასეთ დროს მოსწავლეს სჭირდება ისეთი გარემო, სადაც მას მოუსმენენ, აზრს გაუზიარებენ, წაახალისებენ, ურჩევენ.

• ნაწერის გადახედვა და კორექტირება. წერის პროცესი ჰგავს ხატვისა და ძერწვის პროცესს – თავდაპირველად იქმნება შავი ვარიანტი, რომელიც მერე და მერე იხვეწება. 
წერის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: წერის დაწყებამდელს, უშუალოდ წერისას და წერის შემდგომს. ამჯერად გთავაზობთ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ განვაწყოთ მოსწავლეები წერიათვის, რა შეიძლება გააკეთონ წერის დაწყებამდე. 
წერის დაწყებამდე

ეს წერის პროცესის პირველი ეტაპია და ის გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე მოსწავლე წერას შეუდგებოდეს. გამოცდილება, დაკვირვებები, ურთიერთობები გავლენას ახდენს იმაზე, რას და როგორ დაწერს ის. ამიტომ წერის დაწყებამდე საჭიროა მოსწავლის წინარე ცოდნისა და სუბიექტური გამოცდილების გააქტიურება, აზრებისა და იდეების გენერირება. ეს ერთგვარი გამოწვევაა, რათა მოსწავლეს ფიქრის სურვილი აღეძრას, რის გარეშეც წერა შეუძლებელია.

ფიქრის ინიცირებისკენ, საწერი თემისთვის იდეების, აზრების გენერირებისკენ არის მიმართული შემდეგი აქტივობები:
• გონებრივი იერიში:

. დაწერეთ ან უთხარით პარტნიორს იმ ადამიანთა სახელები, რომელთა აღწერაც შეგიძლიათ, მერე კი სწრაფად და მოკლეთ აღწერეთ ყოველი მათგანი;

. ჩამოთვალეთ რამდენიმე ადგილი, სადაც ნამყოფი ხართ და ჩამოწერეთ ყველა ის სიტყვა, რომელიც ამ ადგილთან დაკავშირებით გახსენდებათ;

. აღწერეთ გრძნობები, რომლებიც ყველაზე უკეთ გახსოვთ და სიტუაცია, რომელშიც ეს გრძნობები დაგეუფლათ.
ინტერვიუ/გასაუბრება პირთან, რომელიც კარგად იცნობს არჩეულ საკითხს (მაგალითად, გინდათ დაწეროთ გურამ რჩეულიშვილის შესახებ – მოამზადეთ კითხვები ნუგზარ წერეთელთან ინტერვიუსთვის).
• დისკუსია ამ საკითხზე მოსწავლეებს ან მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის, საუბარი და მოსმენა წყვილებში ან ჯგუფებში:

. რიგრიგობით ილაპარაკეთ საინტერესო პიროვნების, ამბის, შემთხვევის ან მოვლენის შესახებ;

. დასვით შეკითხვები და გამოთქვით აზრები სადისკუსიო საკითხის შესახებ, ჩაიწერეთ დისკუსიის დროს წამოჭრილი მოსაზრებები.
მუსიკის მოსმენა. მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. უსმინეთ თვალდახუჭულმა და გონებაში წარმოსახული სურათები ჩაინიშნეთ უშუალოდ მუსიკის მოსმენისას ან გამორთეთ მუსიკა და სწრაფად ჩაწერეთ თქვენი აზრები. შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენ მიერ წარმოსახული ამბის მოყოლა მეწყვილისთვის ან ჯგუფისთვის. მაგალითად, მეხუთეკლასელებს მოვასმენინე სენ-სანსის „მომაკვდავი გედი” და ვთხოვე, აღეწერათ მუსიკის მოსმენისას წარმოსახული სურათები. 
• სქემებისა და დიაგრამების შედგენა:

. გონებრივი რუკა. ქაღალდის შუაგულში უნდა დაიწეროს ერთ- ან ორსიტყვიანი თემა, შემდეგ – ამ თემასთან დაკავშირებული ქვესაკითხები. ეს ქვესაკითხები ხაზებით უკავშირდება ძირითად თემას. თავის მხრივ, ქვესაკითხებს აქვს სატელიტი ქვესაკითხები და ა. შ. იქმნება აბლაბუდას ტიპის აზრობრივად დაკავშირებულ საკითხთა ქსელი.

. T სქემა და ვენის დიაგრამა. T სქემა გამოიყენება ერთი საკითხის ორი ასპექტის/ორი პოზიციის შესადარებლად. სქემაში, რომელსაც T-ს ფორმა აქვს, ერთ მხარეს იწერება ერთი პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები, მეორე მხარეს – საწინააღმდეგო პოზიციისა. ვენის დიაგრამა გამოიყენება ორი ცნების/პერსონაჟის და სხვ. შესადარებლად. ეს არის ორი ერთმანეთზე გადაბმული წრე. ერთი წრის მარცხენა მხარეს იწერება ერთის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, მეორე წრის მარჯვენა მხარეს – შესადარებელი ობიექტისა, ხოლო წრეების გადაკვეთის ადგილას – საერთო.

• საწერ თემასთან დაკავშირებული მასალების ნახვა/დათვალიერება. დაათვალიერეთ და შეისწავლეთ თემასთან დაკავშირებული ნახატები, სურათები, ფოტოები ან სკულპტურები ჟურნალებში ან ხელოვნების ალბომებში, ჩამოწერეთ ასეთი ხელოვნების ნიმუშებისა თუ სხვა ნივთების სახელწოდება და, საერთოდ, ამ თემასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა შენიშვნა და/ან შეკითხვა. მაგალითად, რაზე შეიძლება ფიქრობდნენ რემბრანდტის ნახატზე „უძღები შვილის დაბრუნება” გამოსახული ადამინები?

• თემის შესახებ თავისუფალი წერა (მოსწავლე არ ფიქრობს სტრუქტურაზე, ენობრივ ფორმებზე, მართლწერის საკითხებზე). გააცნობიერეთ ყოველივე, რაც ხდება თქვენ გარშემო: საკლასო ოთახში, სახლში, რესტორანში, მაღაზიაში, – ყველგან, სადაც წახვალთ. ყურადღებით მოუსმინეთ იმ ადამიანების საუბარს, რომლებსაც აკვირდებით და ეცადეთ დაიჭიროთ მათი საუბრის დეტალები, მანერები. დააკვირდით თქვენ ირგვლივ არსებულ პრობლემებს. შენიშვნები, აღძრული გრძნობები, თქვენი დაკვირვებები ჩაიწერეთ რაც შეიძლება სწრაფად და იქვე გააკეთეთ კომენტარები ისე, რომ სხვაზე არაფერზე იფიქროთ. 

მედიის განხილვა, ფილმების ნახვა, ტელეგადაცემების ყურება, მოსმენა და ინფორმაციის კატეგორიზაცია. წაიკითხეთ პრესაში//მოისმინეთ ტელევიზიით ამბები, რომლებიც თქვენს ყურადღებას იპყრობს. ჩამოწერეთ აზრები, რომლებიც დაგებადათ საგაზეთო წერილის წაკითხვის, გადაცემის/ფილმის ნახვის დროს ან შემდეგ. შეეცადეთ, მოსმენილ/ნანახ ინფორმაციას გაუკეთოთ კატეგორიზაცია პოზიციების, პრობლემის, მისი გადაჭრის გზებისა და სხვ. მიხედვით.

საწერი საკითხის შესახებ არსებული ლიტერატურის კომენტირება. წაიკითხეთ ლიტერატურა: რომანები, მოთხრობები, ჟურნალ-გაზეთები. ჩაიწერეთ აზრები, შენიშვნები/კომენტარები იმ სახით, როგორითაც ისინი მოგდით თავში კითხვისას და ჩამოწერეთ საკითხები, რომლებმაც შეიძლება მომავალში დაგაინტერესოთ. 

როლური თამაშები და დრამა. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე პერსონაჟი ხართ. სთხოვეთ თანატოლებს, მოიქცნენ ისე, როგორც სხვა მოქმედი პირები მოიქცეოდნენ. მოაწყვეთ მოვლენის ან შემთხვევის ინსცენირება და ჩაიწერეთ, რა მოხდა ამ ამბის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ ვერსიაში.

• ხუთი შეკითხვის დასმა: ვინ, რა, სად, როდის და რატომ? – და მათზე ზეპირად (გონებაში) პასუხის გაცემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი