ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პასუხისმგებლობიდან თავისუფლებამდე- სწავლა-სწავლების მთავარი პრინციპი

ერთგვარი მარადიული „ მისტერიაა“ ჩემთვის ანდერსენის შექმნილი მართლა გენიალური  მხატვრული ხატი: როგორ მედიდურად თავაწეული დადის ქალაქის ქუჩებში დედიშობილა მეფე, გარშემო ყველა მას შესცქერის, ისტერიულად უკრავენ ტაშს და ისმის შეძახილები: რა ლამაზია! რა მშვენიერია! მაგრამ ხალხის სახეები შეუსაბამოა ამ რეპლიკებთან – ისინი გაოცებასა და დაბნეულობას  უფრო გამოხატავენ, ვიდრე აღფრთოვანებას. ეს სულელად წარმოჩენის შიშით რეალობასა და საკუთარ შეხედულებებზე უარისმთქმელი ადამიანების ისტერიაა . მათი ,,მხსნელი“ პატარა ბიჭი აღმოჩნდება, რომელიც ბუნებრივი გულწრფელობით ამბობს მარტივ ფრაზას: მეფე ხომ შიშველია?! აქ მთავრდება ზღაპარი, რომლითაც ანდერსენი გვეუბნება, რომ სიმართლე ყოველთვის მარტივი და ადვილად შესამჩნევია, მაგრამ უფროსებს ჩვენი მანკიერებანი გვაკარგვინებს მისი დანახვის უნარს. შეპყრობილები ვხდებით. ბავშვი კი თავისუფალია „უფროსული“ კლიშეებისგან და თავისუფალი ადამიანი ხომ სიმართლეს ადვილად ამჩნევს.

სწორედ ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე წერს ვაჟა- ფშაველა თავის წერილში ,,რას ჰქვიან თავისუფლება“:

,, ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი დ ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსამზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფის…

გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად უჩნდება გარეთ სხვა უფროსი – საზოგადოება აუარებელი ზნე-ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უვარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მშობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები აჩვევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი. ასე: ადამიანი მოსისხლე მტერი ხდება ბუნებისა; იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს და განავითაროს ეს ძვირფასი განძი – თავისუფალი გრძნობა, მისცეს მას გონივრული მიმართულება, ცდილობს დაახშოს, მოსპოს იგი, სრულიად ამოაგდოს ძირიან-ფოჩვიანად ადამიანის გულიდან“.

მგონი, ეს მცირე ლიტერატურული ექსკურსიც საკმარისია იმის დასანახავად, რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნების სწორად ჩამოყალიბებისთვის თავისუფლების მაღალი ხარისხი ბავშვობიდანვე.

რაც მასწავლებელი ვარ, სულ ვფიქრობდი, რომ თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სწავლა-სწავლების დროს, მაგრამ ყოველთვის, როცა თავისუფლებას ვაძლევდი ბავშვებს, ძალიან მალე ვხვდებოდი, რომ მათ ურთიერთობაში ბალანსის დაჭერა უჭირდათ და მოვალეობებიც ავიწყდებოდათ. ამიტომაც ყოველთვის „მოზომილ თავისუფლებას“ ვირჩევდი ხოლმე.

როცა ერთ მშვენიერ დღეს ესტონეთში აღმოვჩნდი პროფესიული ვიზიტით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ზოგადად ევროპული განათლების განმსაზღვრელია, არის მოსწავლეთა თავისუფლების უმაღლესი ხარისხი. ამაში იგულისხმება როგორც ყოფითი, ისე მენტალური თავისუფლება.

თავიდან სკოლების ინფრასტრუქტურებისა და კეთილმოწყობის შემხედვარეს, საშინლად შემეცოდნენ ჩვენი ბავშვები.

მაგრამ მალევე გახდა ჩემთვის ნათელი, რომ არავითარი ინფრასტრუქტურა, არავითარი უფასო სადილები, დიდი ეზოები და მოედნები ისე მიმზიდველს არ ხდის სკოლას ბავშვებისთვის, როგორც იმის აღქმა, რომ ისინი აქ შემბოჭველ, დამთრგუნავ, სხვისი კანონებით მართულ სივრცეში კი არ არიან, არამედ მათთვის და მათ მიერვე დიდი სიყვარულითა და რუდუნებით შექმნილ თავისუფალ, სასურველ გარემოში. ის ინფრასტრუქტურაც ამ განცდის გამყარებას ემსახურება.

ყოფითი თავისუფლების მაგალითებიდან: სკოლის შენობის თითქმის ნახევარი ეთმობა თავისუფალ, მოსასვენებელ სივრცეებს, რომლებიც განკუთვნილია მოსწავლეებისთვის. იქნება ეს მუსიკალური ინსტრუმენტების კუთხე, წიგნების, კომპიუტერების, უბრალოდ რბილი სავარძლებით მოწყობილი თუ სასადილო სივრცეები, რომელთაც ერთმანეთისგან სქელი კედლები კი არა, სიმბოლური, პირობითი ბარიერები მიჯნავთ ( სკოლის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, ბავშვებისთვის სკოლა იყოს არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ დასვენების, თავისუფალი დროის  შინაარსიანად და სასიამოვნოდ გატარების ადგილი. ზოგჯერ მთელი დღე სკოლაში რჩებიანო)

მენტალური თავისუფლების მაგალითები:

  • დავიწყოთ ელემენტარულით, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანით: გიმნაზიაში, სადაც მხოლოდ უფროსკლასელები არიან, ზარი არ ირეკება: ისინი საკმაოდ დიდები არიან იმისთვის, რომ დროითა და თავიანთი სურვილით იხელმძღვანელონ და არა კონკრეტული მაუწყებელი ნიშნით.
  • მოსწავლეები თავად ირჩევენ სასწავლი საგნების უმეტესობას, რადგან ყველა მეათეკლასელმა იცის, სავარაუდოდ, რომელ პროფესიას აირჩევს, რომელი საგნებია მისთვის საჭირო.
  • ხელოვნება ყველაზე დიდი დოზით გულისხმობს თავისუფლებას, დაწყებითი კლასებიდანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფერწერის, დრამის, ცეკვის, ხელსაქმის გაკვეთილებს/წრეებს, რომელთა არჩევანი დიდია.
  • ზეიმები ეწყობა ბავშვებისთვის ფერად, მყუდრო და უცხო თვალს მორიდებულ სივრცეში და არა მშობლებისა და სხვა მასწავლებლებისთვის თავის მოსაწონებლად …

აი, ასეთი თავისუფლება მომინდა ჩვენი მოსწავლეებისთვის. მაგრამ ამ თავისუფლებისთვის (ისევე, როგორც ნებისმიერისთვის) უმნიშვნელოვანესია მზაობა, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას ეფუძნება. გზა ჭეშმარიტ თავისუფლებამდე აუცილებლად პასუხისმგებლობაზე გადის – მივხვდი, აი, ამის გააზრება აკლიათ და ეს უნდა გაითავისონ ჩვენმა ბავშვებმა. ახლა პასუხისმგებლობის მაგალითებიდან:

  • დაწყებითი კლასებიდანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებში თვითშეფასების უნარის განვითარებას. თვითშეფასება, ერთგვარი კითხვარებისა და საგანგებო ფორმების დახმარებით, წელიწადში ორჯერ პირველი კლასიდანვე სავალდებულოა. მიზანი: თვითკრიტიკულმა ადამიანმა აუცილებლად იცის პასუხისმგებლობის ფასი.
  • დაწყებითი სკოლაში ფეხშიშველა მოტანტალე ბავშვების დანახვაზე თვალები შუბლზე აგვივიდა. გაოცებაზე ასე გვიპასუხეს: ბავშვები თავად ზრუნავენ დღის განმავლობაში საკლასო ოთახების, დერეფნების, ტუალეტების სისუფთავეზე და იციან, რომ ყველაფერი სუფთააო…
  • მაღალ კლასებში ხელსაქმისა და კულინარიის გაკვეთილებზე რასაც ქმნიან ბავშვები, იმის რეალიზებაზეც თავადვე ზრუნავენ. მაგალითად, სკოლაში იდგა ძლიან კომპაქტური, საინტერესო სავაჭრო დახლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოსწავლეებმა თავად დაამზადეს და ახლა სხვა თაობის ბავშვები იყენებდნენ…

ყველგან იგრძნობოდა, რომ ეს ყველაფერი მათთვის უკვე ყოველდღიური კულტურის ნაწილი იყო და არა თავსმოხვეული დროებითი მოვალეობები.

მერე ის იყო, ჩამოვედი და ვუყვებოდი ბავშვებს იქ ნანახ საოცრებებზე, თვითონაც მოიხიბლნენ, მოუნდათ, მაგრამ კარგად ვიცი, კიდევ დიდი და ძალისხმევით სავსე გზა უნდა გაიარონ, რომ პასუხისმგებლიან და თავისუფალ საზოგადოებად ჩამოყალიბდნენ.

ისინი ჯერ ვერ ამჩნევენ, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაკლი თავისუფლებაში საკუთარი პასუხისმგებლობის ვერგაცნობიერება და სხვისი თავისუფლების ვერდანახვაა.

ნელ-ნელა უნდა ვასწავლო, რომ ნამდვილი საზოგადოება საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადამბრალებელი, ახალგაზრდების დამაბრმავებელი, სხვისი შემბოჭველ- გამმათრახებელი, სოციალური ჩირგვებიდან მლანძღველ- მაწყევარი ადამიანებისგან ვერ შედგება. და თუ სურთ, უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, პასუხისმგებლები აქედანვე თავად უნდა გახდნენ.

***

სტატიას რომ ვწერდი, უფროსკლასელთა საერთო ჩატში ჩავწერე: რა არის თავისუფლება? ( მიპასუხეთ გულწრფელად და სხვისი ბრძნული გამონათქვამების გარეშე, თქვენი ყოფითი ცხოვრებიდან გამომდინარე -მეთქი)

ნელ-ნელა მომდიოდა პასუხები, ზოგი იქვე წერდა, ზოგი პირადად მიგზავნიდა:

– ჩემთვის თავისუფლება არის დრო, როდესაც ზიხარ, ფილმს უყურებ და არავინ გაწუხებს. (ან როდესაც ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედს დაამთავრებ 🙂 )

– თავისუფლება ის კი არაა მომთვინიერებლის ხელიდან დაგდებული მათრახი არ ავიღოთ, არამედ ავიღოთ და ჩვენი წილი მოთვინიერების შესაძლებლობა გვქონდეს.

– არ ვიცი, ზოგადად როდის ვგრძნობ თავს თავისუფლად, მაგრამ თავისუფლება, ალბათ, იმას ნიშნავს, როცა შემიძლია ფიქრი და არავინ მიშლის ხელს.

– თავისუფლება ჩემთვის არის მრავალფეროვნება ყველგან და ყოველთვის.

ერთგულება ადამიანების და ცხოველების უფლებებისადმი. სიმშვიდე და თანასწორობა. უსასრულობის ერთი ჯაჭვი, რომელიც სხვას ეჭიდება და ყველა ერთად დიდ წრეს ქმნის.

აი, ჩემი თავისუფლება.

– ჩემთვის თავისუფლება არის აი, ის გრძნობა, როცა იცი, კარგი ადამიანი ხარ, როცა სინდისი სუფთა გაქვს, თავისუფლებაა ფლობდე საკუთარ თავს. და ბოლოს თავისუფლებაა, იყო ის, ვინც ხარ…

კი გაიელვა სტრიქონსა და სტრიქონს შორის, მაგრამ თვითონ სიტყვა „პასუხისმგებლობა“ მაინც არც ერთს არ უხსენებია. ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიკითხოთ ერთად, ვისაუბროთ და ვწეროთ ამ რთული  და საჭირო სიტყვის მრავალმხრივი გააზრებისთვის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი