პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სწავლების საწყის ეტაპთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების გზები

მთელი სასკოლო პერიოდი, პირველი კლასიდან სკოლის დამთავრებამდე, სირთულეებითაა აღსავსე. ამაში ბრალი უმთავრესად აღნიშნული პერიოდისთვის დამახასიათებელ ასაკობრივ თავისებურებებს მიუძღვის. 

პირველ სერიოზულ პრობლემას სასკოლო ცხოვრების დასაწყისშივე ვაწყდებით და ის ბავშვის სკოლისათვის მზაობის საკითხს უკავშირდება.

ნებისმიერი მშობელი მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა მისი შვილი სკოლის ზღურბლს გადააბიჯებს. პირველი დღე ბავშვისთვისაც დიდ მღელვარებასთან არის დაკავშირებული – იწყება მისი ცხოვრების ახალი ეტაპი. რამდენად საინტერესო და მიმზიდველი იქნება მომავალში მისთვის სკოლა, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ არის მომზადებული ის სწავლის დასაწყებად. ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ თუ ბავშვს შეუძლია წერა-კითხვა და თვლა, ის სკოლისთვის მზად არის, განურჩევლად იმისა, შეუსრულდა თუ არა სასკოლო ასაკი და აქვს თუ არა ფიზიკური და სოციალური მზაობა სწავლის დასაწყებად. წერა-კითხვის ცოდნა ხშირად ხელის შემშლელ ფაქტორადაც კი იქცევა და მნიშვნელოვნად აქვეითებს ბავშვის სასწავლო მოტივაციას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთ ბავშვს იმ მოწაფეების გვერდით უწევს სწავლა, რომლებიც ახლაღა, სკოლაში შესვლის შემდეგ, იწყებენ ანბანის შესწავლას. უმჯობესია, წერა-კითხვის სწავლების ნაცვლად სკოლამდელ პერიოდში მშობლებმა ყურადღების, აზროვნების, მეხსიერების, ნებისყოფისა და მოსმენის უნარის განვითარებაზე იზრუნონ. ამით ისინი დიდ სამსახურს გაუწევენ სკოლასაც და საკუთარ შვილსაც, ვინაიდან სასწავლო საქმიანობა სწორედ აღნიშნული უნარების განვითარებას მოითხოვს. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა სკოლაში სიხარულით მოსული ბავშვი სწრაფად კარგავს სწავლისადმი ინტერესს. ამ მოვლენის მიზეზთა ძიებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სკოლაში შემოსვლისა და მოსწავლის როლის მიღების შემდეგ ბავშვის ცხოვრების რეჟიმი და უფროსების მიერ მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები თითქმის სრულიად იცვლება. სკოლამდელ პერიოდში ბავშვის ძირითადი საქმიანობა თამაშია, ის თამაშით ცხოვრობს და თამაშით ვითარდება. სკოლაში შემოსვლის შემდეგ თამაშს სწავლა ენაცვლება. ბავშვს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება თავისი საყვარელი საქმიანობისათვის. უფრო მეტიც, ხშირად მას საერთოდ უკრძალავენ თამაშს იმ მიზეზით, რომ გაკვეთილები აქვს მოსამზადებელი და საშინაო დავალება – დასაწერი. ბავშვის უარყოფითი დამოკიდებულება სწავლისადმი შეიძლება გამოიწვიოს ასევე უფროსების მხრივ მისი სასწავლო საქმიანობის მუდამ უარყოფითმა შეფასებამ და გაუთავებელმა შენიშვნებმა. სასკოლო სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების შესამუშავებლად და ცხოვრების ახალ ეტაპზე უმტკივნეულოდ გადასასვლელად სასურველია საშუალება მივცეთ ბავშვს, დროის გარკვეული ნაწილი კვლავ თამაშს დაუთმოს. უფრო მეტიც – გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ, თუ სასწავლო საქმიანობაში და დავალებების შესრულების დროს აქტიურად გამოვიყენებთ თამაშის ელემენტებს. ამით საგრძნობლად გავაძლიერებთ ბავშვის სასწავლო ინტერესს და სწავლას მისთვის უფრო მიმზიდველს გავხდით. სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნებაში დაგვეხმარება ასევე რაც შეიძლება მეტი დადებითი კომენტარის გამოყენება ბავშვის სასწავლო საქმიანობის შეფასების დროს და უარყოფით კომენტარებსა და საყვედურებზე უარის თქმა. უნდა გავითვალისწინოთ: დაწყებითი კლასების მოსწავლე, სწავლების პირველ წელს მაინც, თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად ამოქმედებით ცდილობს მიცემული დავალებების შესრულებას, და თუ, ასეთი დიდი მცდელობის მიუხედავად, მან მაინც ვერ მოახერხა დავალების ჩვენთვის მოსაწონად შესრულება, მას გაკიცხვა და საყვედურები კი არა, დახმარება სჭირდება. ნებისმიერ მშობელს სურს, მისი შვილი საუკეთესო იყოს, საუკეთესო განათლება მიიღოს და რაც შეიძლება მეტს მიაღწიოს ცხოვრებაში, ამ მიზნის მიაღწევად კი სკოლაში შეყვანის პირველივე დღეებიდან მაქსიმალურად ტვირთავს ბავშვს და ნაკლებად ითვალისწინებს მის ასაკობრივ თუ ინდივიდუალურ თავისებურებებს. შესაძლებლობებითა და პიროვნული მახასიათებლებით ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. თუ გვსურს დავეხმაროთ ბავშვს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაში, ვეცადოთ, მისი სულ მცირე წარმატებაც კი არ დავტოვოთ უყურადღებოდ და სათანადოდ შევაფასოთ მისი საქმიანობა. დადებითი კომენტარები დაეხმარება ბავშვს, ერთი მხრივ, საკუთარი ძალების რწმენის გაძლიერებაში და, მეორე მხრივ, განვითარების ხელშემწყობი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. დადებითი კომენტარები ბავშვს თანატოლთა წრეში თვითდამკვიდრებასა და ჯგუფთან სოციალური ადაპტაციის წარმატებით განხორციელებაშიც დიდ დახმარებას გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დაწყებით კლასებში, უფროსების შეფასების სფუძველზე მოპოვებული სოციალური სტატუსი განსაზღვრავს უახლოეს მომავალში ბავშვის როგორც ქცევას, ასევე სასწავლო საქმიანობასაც. ხელსაყრელი სოციალური სტატუსი და თანატოლთა მხრივ აღიარება, რომელსაც სასკოლო სწავლების პირველივე დღეებში ეყრება საფუძველი, წარმატებების მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ განწყობა-დამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების სწორად ჩამოყალიბება გაცილებით ადვილია, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებულის შეცვლა. კორექციული მუშაობა საკმაოდ რთულ პროცესად არის მიჩნეული და სასურველი შედეგის მიღწევაც, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება. თუ სწავლების პირველ წლებში აქტიურად დავეხმარებით ბავშვს, უმტკივნეულოდ და წარმატებით გაიაროს სკოლასთან ადაპტაციის პროცესი, უახლოეს მომავალში მის განვითარებაში შედარებით ნაკლები პრობლემები გვექნება. 

მაგრამ იმისთვის, რომ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე პედაგოგმა შეძლოს ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესისთვის სწორი გეზის მიცემა და იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომლებიც სასკოლო სწავლების წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს, მას გარკვეული წინაპირობები სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სასკოლო ასაკის სწორად განსაზღვრა. ბოლო წლებში ხუთწლიანთა სწავლებაზე გადასვლამ სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა როგორც სკოლა და მასწავლებელი, ასევე მშობელიც. სასკოლო ასაკის ხუთ წლამდე შემცირება იმ პირობებში, როდესაც პირველი კლასის მოქმედი სასწავლო სტანდარტი და პირველკლასელთა სასკოლო სახელმძღვანელოები ექვსწლიანებისთვის არის შექმნილი, დიდ თავსატეხს უჩენს ჩვენს პედაგოგებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხუთწლიანებთან სასწავლო პროცესში სერიოზული ცვლილებების შეტანის უფლება მიეცათ და ამისთვის მრავალი მათგანი სპეციალურად გადამზადდა კიდეც, ისინი ხშირად გაურბიან ძირეულ ცვლილებებს, ვინაიდან ხვდებიან, რომ ასეთ პირობებში შესაძლოა დროის დეფიციტმა იჩინოს თავი და წლის ბოლოს პირველი კლასის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა გაუჭირდეთ. ფსიქოლოგიაში ხუთიდან ექვს წლამდე პერიოდი სერიოზული ცვლილებების ხანად არის ცნობილი. ამ პერიოდში ერთ თვეში კი არა, შეიძლება ერთ კვირაშიც ისეთი ცვლილებები მოხდეს ბავშვის განვითარებაში, რომ მისი სკოლისათვის მზაობის დონე სრულიად შეიცვალოს. ამდენად, ხომ არ აჯობებდა, რომ ბავშვს არასასკოლო გარემოში მშვიდად გაევლო სასკოლო სწავლისთვის მოსამზადებელი პერიოდი, რათა უფრო მომზადებული შეხვედროდა სკოლაში სწავლის დაწყებას? 

საყურადღებოა, რომ მშობლები ხშირად ძალიან ჩქარობენ ბავშვის, განსაკუთრებით კი პირველი შვილის სკოლაში მიყვანას. შესაძლოა, ეს მათ ქვეცნობიერად ბავშვთან დაკავშირებული გეგმების სწრაფად განხორციელების ილუზიას უქმნის. ბევრი მშობელი ხუთი წლის ბავშვის სკოლაში შეყვანას მაშინაც ახერხებდა, როდესაც კანონით სასკოლო სწავლების საწყისი ასაკი 6 წელი იყო, თუმცა მოგვიანებით, როცა ბავშვის სასკოლო სწავლებისას სერიოზულ პრობლებებს წააწყდებოდნენ, სამართლიანად ეჭვქვეშ აყენებდნენ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეს. იქნებ ღირდეს ასეთი შემთხვევების გაანალიზება და მათი სათანადოდ შეფასება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ერთი წელი უფროსებისთვის ბევრს არაფერს წყვეტს, ბავშვისთვის კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ამდენად, ალბათ საჭიროა, სერიოზული ანალიზისა და განსჯის საგნად ვაქციოთ ხუთწლიანთა სწავლების საკითხი, იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ სასკოლო სწავლების საწყისი ასაკი და პირველკლასელთა სასწავლო პროცესი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო გავხადოთ როგორც ბავშვისთვის, ასევე მასწავლებლისთვისაც, ყოველივე ეს კი მომდევნო სასკოლო ეტაპზე უამრავი სირთულის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი