სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

დროის სული და სხვა თავბრუდამხვევი ამბები

თემურ ბაბლუანის რომანი  „მზე, მთვარე და პურის ყანა“  (მანუშაკა მელოდება)

მსოფლიო ლიტერატურის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარადიგმა გზაა, რომელსაც თანაბარი გატაცებით, განსხვავებული მიზნითა და სურვილით გაჰყავს შინიდან ბიბლიური  უძღები შვილიცა და ჰომეროსის ოდისევსიც, სერვანტესის  დონ კიხოტიცა და ჯოისის ლეოპოლდ ბლუმიც და კიდევ ბევრი სხვა. მრავალფეროვანი და ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად გამოვლენილი სიყვარული კი არის გზა, რომლითაც ადამიანები შინ ბრუნდებიან: ეს შინ პალიმფსესტური სიმბოლოა. „შინ“ საკუთარი თავიცაა, ღმერთიც, ოჯახიც, ბავშვობაც, სამოთხეც, სამყაროცა და სიცოცხლეც. ამიტომაც ნებისმიერი „დაბრუნება“ გულისხმობს მითოლოგიური, ბიბლიური თუ ლიტერატურული პარადიგმების ალუზიებს. შინიდან გასვლა სამყაროსა თუ საკუთარი თავის შესაცნობად დიდი თავგადასავლების, ოცნებათა და სურვილთა,  იმედების ილუზიური ხორცშესხმის დასაწყისად იქცევა. დაბრუნება უამრავ სულიერ-მატერიალური ხიფათის გადალახვასა და გადარჩენას გულისხმობს.

თემურ ბაბლუანის ამ რომანის („მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ მხატვრული სამყარო მდიდარია სათავგადასავლო დროსივრცული პერიპეტიებით, პიკარესკული ჟანრისთვის დამახასიათებელი თაღლითური ისტორიებით. მთავარი კი ადამიანის ბედის წარმოჩენაა, რომელიც შემთხვევით, მოულოდნელ თუ ლოგიკურ და კანონზომიერ მოვლენათა კვალდაკვალ იქმნება, მხატვრულ ტექსტში გაუჩინარებული ავტორის ხელით იქსოვება და იხლართება. მწერალი კარგად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას, მისი სულის უფსკრულებს, ამიტომაც მკითხველი რომანის გმირებთან ერთად იხეტიალებს ნათელი იდეალებისა და ბნელი ინსტინქტების საუფლოებში და შეშფოთების, გაოცების, აღტაცებისა და გაოგნების წყალობით კიდევ ერთხელ ჩაუფიქრდება ეგზისტენციალურ, „წყევლა-კრულვიან“ საკითხავებს.

მკითხველი რომანის პერსონაჟებთან ერთად გზას გაიკვალავს ცხოვრებისეულ ლაბირინთებში და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ადამიანური ნების სიმტკიცესა და სიყვარულის ძალაში. ამ რომანის მთავარ გმირსაც ერთი უბრალო, ცხოვრებისგან გათელილი, ადამიანებისაგან შეურაცხყოფილი, მაგრამ მაინც ყველაზე წმინდა და შეუბღალავი სიყვარული  გადაარჩენს. თემურ ბაბლუანის რომანი კიდევ ერთხელ არწმუნებს ადამიანს პავლე მოციქულის სწავლებაში: „სიყვარული არასოდეს მთავრდება“. მისი ეს დაუსრულებლობა კი ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული. ჯონ სტაინბეკმა თავისი სანობელო გამოსვლა ასე დაამთავრა: „ადამიანი გახდა ჩვენი უდიდესი საშიშროება და ერთადერთი იმედი. ასე რომ, დღეს შესაძლოა წმინდა იოანე მოციქულის ამგვარი პარაფრაზირება: ბოლო არის სიტყვა და სიტყვა არის ადამიანი, და სიტყვა ადამიანთანაა“. ადამიანს შეუძლია ანგელოზადაც იქცეს და დემონადაც, ორივესკენ თანაბრად უბიძგებს საკუთარი თავი, გარემო და სამყარო. ამიტომ სჭირდება ზნეობრივ-მორალური საყრდენები, რომ ბრძოლა არასოდეს შეწყვიტოს. მწერალმა თანამედროვე ადამიანს, ტექნოლოგიური განვითარების თავბრუდამხვევ პროცესში ჩართულს, ღვთისგან მიტოვებულობის განცდით რომ ეხეთქება არარაობას,  სიცოცხლის გადამრჩენის ვალდებულება და პასუხისმგებლობა დააკისრა.

თემურ ბაბლუანის რომანის გმირი გაივლის ყოფის ისეთ ჯურღმულებს, დანტესეული  ჯოჯოხეთის ყველა შრე რომ ერთდროულად გაგახსენდება და მაინც რჩება ადამიანად. თითქოს გაცვეთილი, გაშაბლონებული, ჩაფერფლილი თვალსაზრისი კი სიყვარულის მხსნელი და ამაღორძინებელი ძალისა ამ რომანშიც კვლავ ფენიქსივით წამოიმართება ნაცრიდან და ფერადოვან იმედად გადაიშლება. რომანის ფარდობითობებითა და პირობითობებით სავსე სივრცეში სიყვარული ერთადერთი აბსოლუტური მუდმივაა, ღერძია, ცენტრია, რომელიც კრავს და ამთლიანებს, თავისკენ იზიდავს გაბნეულ ენერგიასა და ძალებს.

თემურ ბაბლუანი ცნობილი რეჟისორია, რომლის ფილმებიც („ბეღურების გადაფრენა“, „უძინართა მზე“, „ძმა“ და სხვ.) აღიარებულია საქართველოსა და უცხოეთში, როგორც ჰუმანიზმით გამსჭვალული ნიმუშები, რომლებიც მაყურებელს ადამიანის რწმენას უნერგავენ. ეს რომანიც ეხმიანება მის მიერ გადაღებული ფილმების მთავარ სათქმელს. ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის დამახასიათებელი გამომსახველობითი საშუალებების  გამოყენებით ავტორი თანაბარი ოსტატობით აღწევს ერთსა და იმავე შედეგს: მაყურებელსა თუ მკითხველს დაბეჩავებულის, შეურაცხყოფილის, უსამართლოდ დევნილის თანამგრძნობელად აქცევს, მასში ემპათიის გრძნობას აღვიძებს.

რომანი ამბების მოზაიკური პრინციპითაა აგებული. თითოეული ნატეხი დამოუკიდებელიც არის და ერთიანი კომპოზიციის აუცილებელი ელემენტიც. თავბრუდამხვევია მწერლისეული ნარატივი, ამბების მოყოლა მისი სტიქიაა, ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და მკითხველიც, დამუხტული მოლოდინებით, დაუღალავად მიჰყვება ავტორს და მოგზაურობს ადამიანის შინაგან სამყაროში და მატერიალურ გეოგრაფიულ სივრცეებშიც.

რომანის მთავარი გმირი  ჯუდე ანდრონიკაშვილია, ერთი თბილისელი ბიჭი, სიხარულისა და ბედნიერებისთვის დაბადებული, მაგრამ გარემოებათა წყალობით უბედურებისა და ტანჯვისთვის განწირული. მწერალი თანაბრად აქცევს ყურადღებას ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების განმაპირობებელ შინაგან  და გარეგან ფაქტორებს. რომანის გმირი მკითხველის თვალწინ გაივლის გრძელ გზას ბავშვობიდან შუა ხნის ასაკამდე და, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომლებიც ვლინდებიან ადამიანის სისასტიკის, მხეცობის, გაუტანლობის, ღალატის, ავანტიურის, ათასგვარი წარმოუდგენელი სიბინძურის მაგალითებით, მაინც ინარჩუნებს ადამიანობას. ამ რთულ გზაზე მწერალი გამოკვეთს პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტებს, რომლებიც გვეხმარება მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე დროის სულისკვეთების გაგებასა და გააზრებაში. ვასილ კანდინსკი თავის წიგნში „სულიერების შესახებ ხელოვნებში“ გამოკვეთდა ხელოვანის სამ მნიშვნელოვან უნარს: 1. ინდივიდუალურობას; 2. ეპოქის სულის წარმოჩენას;  3. ზოგადის გამოხატვას (ხელოვნების წმინდა და მუდმივი ელემენტისას, რომელიც ყოველ ადამიანს, ხალხს, სივრცესა და დროს გამსჭვალავს). რომანში მწერლის ეს უნარები  მჟღავნდება, ამიტომაც ყველა ამბავი, რომლებსაც ის მოგვითხრობს, გვაფორიაქებს, გვაღელვებს და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს არსებობის აზრსა და მიზანზე.

რომანის, ერთი შეხედვით, ყოველგვარი სილამაზისაგან დაცლილ  სამყაროში მთავარი მაინც ის მშვენიერებაა, რომელიც მთავარი გმირისა და მანუშაკას სიყვარულს შემოაქვს და ტექსტის ღერძად, ხერხემლად იქცევა. მანუშაკას სიყვარული გადაარჩენს გმირს პირუტყვად, მხეცად ქცევისგან და ეს სიყვარული დააბრუნებს მას შინ, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, თანაბრად არის სამშობლოც, ღმერთიცა და საკუთარი თავიც. ამიტომ აღარაა გასაკვირი, რომ მწერალმა სიტყვა „მიყვარხარ“ თხრობის ერთგვარ კამერტონად აქცია (რომანი მეუღლეს მიუძღვნა).  მანუშაკას, უბრალო სომეხი გოგონას, სიყვარული არიადნეს ძაფივით გამოუძღვა მთავარ გმირს ბნელეთის სამეფოდან და სინათლეზე გამოიყვანა. მთელ რომანში უდანაშაულო გმირს საბჭოთა ციხეების გაუსაძლის პირობებში ერთადერთი რამ ასულდგმულებს, მანუშაკას სიყვარული, რომელიც არ ხუნდება, არ ძველდება. სიზმრებში გამოცხადებული მანუშაკა მთავარ გმირს იმ ჟანგბადივით მიეწოდება, რომელიც უკანასკნელ ძალას მოაკრებინებს და შინისაკენ გზას გამოაგნებინებს. ამგვარად, მანუშაკა მკითხველის თვალში, ერთგვარად და პარადიგმულად, მეძავიცაა და წმინდანიც, მარიამ მაგდალინელიცა და ბეატრიჩეც, ჯულიეტაც და ლაურაც.

რომანი სათავგადასავლო ჟანრის კანონებს მიჰყვება და ამიტომაც მწერალი მთავარი გმირის ცხოვრების ოღროჩოღოებზე დიდხანს ატარებს, თბილისურ ქუჩებში ხეტიალს  მოსკოვს, ლენინგრადს, ოდესას, ციმბირსა თუ  ტაიგას მოაყოლებს და მკითხველსაც ამ თავბრუდამხვევი ბორიალის, დანაშაულისა და სასჯელის, შურიძიებისა და პატიების, ცოდვით დაცემისა და მონანიების ბნელი და ნათელი შეგრძნებების მონაწილედ აქცევს.

რომანი 1968 წლის ზაფხულში იწყება. სწორედ ამ წლის 21 აგვისტოს პრაღაში საბჭოთა ტანკები შეიჭრნენ და ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს წინ აღუდგნენ. საბჭოთა სისტემა ამ დროს ზეობის ხანაში იყო. ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც მხოლოდ მოჩვენებითად ზრუნავდა საბჭოთა მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, კარგად ამხელს და წარმოაჩენს ამ რომანის არაერთი ეპიზოდი. მათ შორის, დასაწყისიც, რომელიც დახეულშარვლიან ბიჭს გვიხატავს, მოპარული ჯინსით რომ ცდილობს ღატაკი და უსახური ყოფის  შეცვლას. ამას ის მართლაც ახერხებს, რადგან გაყიდული შარვლიდან აღებული ფულით არა მხოლოდ თავისთვის იყიდის სამოსს, არამედ შეყვარებულსაც გაახარებს იასამნებით მოქარგული თეთრი ჟაკეტით (ეს ლამაზი ჟაკეტი რომანის ბოლოს წარმოსახულ ნახატზე ისევ ამოყვინთავს, როგორც სიმბოლო იმისა, რომ წარსული არსად იკარგება, პირიქით, მომავლისკენ ერთგვარ სანიშნად იქცევა).

წვრილმანი დაუსჯელი ხულიგნობა, ქუჩური გარჩევა, ძალადობა _ ჯუდე ანდრონიკაშვილისა და მისი ნაცნობ-მეგობრების ცხოვრების თანმდევია, შესაბამისად, მათი ზნეობრივ-მორალური ღირებულებებიც ქუჩის მენტალიტეტითაა განპირობებული. ეს კი უცნაური ნაზავია ლაჩრობისა და სიმამაცისა, სიკეთისა და ბოროტებისა, თანაგრძნობისა და სისასტიკისა. ამიტომაც რომანში ბევრი ეპიზოდია მოთხრობილი, რომლებშიც ქუჩა წარმოჩნდება, როგორც ჯუდეს პიროვნების მთავარი ჩამომყალიბებელი.

ჯუდეს მოყოლილი ამბებით იხატება მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ძველი თბილისის უბნები.  გმირი  წარმოჩნდება თავისი ვნებებით, ოცნებებით, საკუთარი მეთი განსაზღვრული კოსმოსით. მის სამყაროს წარმართავს უბრალო, უამბიციო ადამიანების სურვილები, რომლებიც, ერთი შეხედვით, სრულიადაც არ არის მიუღწეველი _ სიყვარულით შექმნილი ოჯახი თავისი ყოველდღიური საზრუნავებით. ჯუდესა და მისი სამეგობროს გარშემო ტრიალებენ მზეც, მთვარეც და ვარსკვლავებიც, როგორც ოცნებათა ფრთაშესხმის სიმბოლოები. აქვე ჩნდება მანუშაკა, რომელიც ჩვეულებრივი მოსულელო გულუბრყვილო გოგონადან რომანის ბოლოსკენ ერთგვარ სიმბოლოდ იქცევა, სიწმინდედ, რომელიც, მიუხედავად გათელვისა, ღირსების შეურაცხყოფისა, პატივის აყრისა და ტალახში ამოსვრისა, მაინც  საყრდენია მთავარი გმირისა, ცხოვრებასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ძაფია,  არსებობისთვის აზრის მიმცემია. მართალია, როგორც ნებისმიერი სიწმინდე, მანუშაკაც უაზრო შემთხვევას შეეწირება, მაგრამ დარჩება შვილიშვილი, ისიც სახელად მანუშაკა, რომელსაც ჯუდე წამოიყვანს, შვილივით უპატრონებს და მასთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას. ცხოვრების ავ-კარგზე მორიგი ჩაფიქრებისას ერთ ეპიზოდში დაუნდობელი რეალობა ჯუდეს, ცაზე გაწელილ წეროების გუნდს რომ გააყოლებს მზერას, ათქმევინებს: „ღმერთო ჩემო, ნეტა რატომ გამოგვიგონე ეს საცოდავი ადამიანები, რაში გჭირდებით?“

მწერალი გვიხატავს, როგორ იზრდება მთავარი გმირი სულიერ-ხორციელად,  როგორ შეიცნობს სამყაროსა და საკუთარ იდენტობას. მისი ბედი თითქოს ამ სისტემამ განსაზღვრა, წინასწარ „დაწერა“ უხილავმა ხელმა. იგი რეპრესირებული ოჯახის შვილია, უძველესი არისტოკრატიის წარმომადგენელი, ბაბუა 1924 წელს კომუნისტებმა დაუხვრიტეს. მაგრამ ისტორია მხოლოდ მითი და ლეგენდაა, მეზობელი ქალის, პოლონელი ბარონების შთამომავალი, მუსიკის მასწავლებელი მაზავეცკაიას მოყოლილი, რეალურად კი ჯუდე მეჯღანე გოგია ანდრონიკაშვილის შვილია. მეჯღანეობა ხაზს უსვამს იმ დამამცირებელსა და შეურაცხმყოფელ მდგომარეობას, რომელშიც ეს ოჯახია ჩავარდნილი. მწერალი ჯუდეს ოჯახის ამბების  წარმოჩენით მკითხველს უახლესი ისტორიის სურათებსაც უხატავს. მამამისი ბავშვთა სახლში გაიზარდა, ერთ უიღბლო და უხერხემლო, მორჩილ, მშრომელ კაცად ჩამოყალიბდა. ცხოვრებამ თითქოს მხოლოდ მის გასათელად მოიცალა. ცოლი,  ჯუდეს რუსი დედა ვიღაც კაცთან ერთად გაიქცა. უდედობა მას დაჰყვა, როგორც მარადიული ობლობა, უპატრონობა და მიუსაფრობა. ამიტომაც მანუშაკას სახეში გაერთიანდა დედაც, დაც, ცოლიცა და ის სითბოც, რომელიც სულს სჭირდება გასაზრდელად და გასავითარებლად. მამამისს, უიღბლოსა და უპერსპექტივოს, მეორე ცოლი, მეძავი, სხვის შვილებს აზრდევინებდა. თუმცა, საზოგადოებისგან ერთგვარად გარიყული და ფსკერზე მოქცეული კაცი ოჯახს საკუთარი შრომით არჩენდა. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ ჯუდე, რომელმაც ციხეებში უსამართლოდ გაატარა ახალგაზრდობა, შინ დაბრუნებული გზას მაინც არ ასცდა, მამის ხელობას მიჰყო ხელი და შრომით გადაწყვიტა ყოველდღიური სარჩოს მოპოვება.

რომანში სუბკულტურის სახით იჭრება ქურდული სამყარო, რომელთანაც, ნებით თუ უნებურად, ურთიერთობა აქვს ჯუდე ანდრონიკაშვილს. ეს სამყარო გავლენას ახდენს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. საბჭოთა ეპოქაში კანონიერი ქურდების ძლიერი ინსტიტუტი შეიქმნა. ისინი იყვნენ ციხეებშიც და მის გარეთაც. კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის ქონა ქუჩის ცხოვრებაში ადამიანს პრივილეგიებს ანიჭებდა. ასეთებად იხატებიან რომანში რაფიკა, ტროკადერო და მისი ძმაკაცები. 12 წელი მიუსაჯეს ჯუდეს იმისთვის, რომ ორი კაცის მკვლელობა დაიბრალა. ეს „მკვლელობა“ მეგობარ ხაიმასთვის  თავგანწირვად, შურისძიებად მოინათლა, ამიტომ ციხეში კანონიერი ქურდების მფარველობაში მოექცა. მათ ღირსეულ კაცად აღიარეს და დახმარება აღუთქვეს. ჯუდეს მათთან დაჯდომა და სმა-ჭამა „დიდ პატივად“ მიაჩნია. მწერალი კარგად იცნობს ამ სამყაროს და მის კანონებს ზედმიწევნით და დამაჯერებლად წარმოაჩენს. ეს ფენა, როგორც „კასტა, როგორც კრიმინალური სამყაროს პროფესიონალთა კავშირი“, ისე გამოიკვეთება. მათ აქვთ თავიანთი „კოდექსი“, რომლითაც არეგულირებენ სადავო საკითხებს, სჯიან თუ ამართლებენ ადამიანებს: „საბჭოთა კავშირში პატიმრებზე დიდი გავლენა ჰქონდათ და იმ უზარმაზარ ტერიტორიაზე ციხეებისა და საპატიმრო ბანაკების თითქმის ნახევარს აკონტროლებდნენ. მათი დევიზი იყო: ღირსება და სამართლიანობა“. რომანში ისიც ნათქვამია, რომ მათი ნაწილი თანამშრომლობდა პოლიციასთან.

ჯუდეს  მხატვრობა იტაცებდა, რადგან ნიჭი ჰქონდა. რომანში გაბნეული მისი ნახატები მის რეალურ-სულიერ ყოფას წარმოაჩენენ. ციხეში გახდა ჯუდე სრულწლოვანი. მან მოითხოვა ციმბირში, ისეთ ზონაში გადაყვანა, ერთ წელს სამად რომ  უთვლიდნენ.  აღმოსავლეთ ციმბირში, უკიდურეს ჩრდილოეთში რეციდივისტები არაადამიანურ პირობებში მოიპოვებდნენ ოქროს. აქ ლენინის დახატვა დაავალეს. ტრაგიკომიკური ის იყო, რომ ლენინის პორტრეტი წელიწადში ოთხჯერ უნდა დაეხატა: 7 ნოემბერს, 5 დეკემბერს, კონსტიტუციის დღეს და 1 მაისს, თანაც ყოველთვის ახალი და განსხვავებული. თვითნასწავლ ჯუდეს პირველივე ნახატი დაუწუნეს, ვიღაც მახინჯი ქართველი დაგიხატავს ლენინის ნაცვლადო და კარცერში უკრეს თავი. ხშირად სხვა პატიმრებსაც ანუგეშებს თავისი გაუწაფავი ნახატებით. ჭიანჭველებიანი ნახატი კი მის სასოწარკვეთილებასა და გამოუვალობის განცდას კარგად ამხელს.

რეალისტური თუ სიურრეალისტური სიზმრების საშუალებით მწერალი კარგად წარმოაჩენს ციხეებში სასიკვდილოდ განწირული ჯუდეს სულიერ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს. სიზმარი, ერთი მხრივ, ირეკლავს სასტიკ რეალობას, მეორე მხრივ კი წარმოაჩენს მის სურვილებსა და ოცნებებს.  ყველაზე რთულ ვითარებებში კი მაინც მანუშაკა ესიზმრება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ უკანასკნელი ძალა მოიკრიბოს და ფეხზე წამოდგეს, ცხოვრების საზრისზე დაფიქრდეს, ზნეობრივი ძალისხმევით მხოლოდ ბიოლოგიური არსებობა გადალახოს და ადამიანის სახე არ დაკარგოს.

რომანში უხვად გხვდება თაღლითური ისტორიები, რომლებიც ჯუდეს თავგადასავალს  სხვადასხვა ამბის შენაკადებით უკავშირდებიან და, ერთი მხრივ, ამდიდრებენ, მწერლისეულ წარმოსახულ სამყაროს,  მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვან გარემოებებს ქმნიან მთავარი გმირის სულიერ-ზნეობრივი განვითარებისა და გარდასახვის გზაზე. სხვადასხვა ჯურის პერსონაჟი, მოსყიდული პოლიციელი თუ იდეოლოგიზებული კომუნისტი, ქურდი, ნარკომანი, მასწავლებელი და პარიკმახერი, პროფესორი და დამლაგებელი _ ყველანი ერთად და ცალ-ცალკე ქმნიან რომანის ცხოვრებისეულ მრავალფეროვან ცოცხალ, მფეთქავ სამყაროს. ბოროტებისა და სიკეთის თანაბრად გამოვლენა რომ შეუძლია ადამიანს, რომანში ეს არაერთი ისტორიით დასტურდება. მათ შორისაა პატიმარი „იავნანას“ ზედმეტსახელით, რომელიც ოქროს საბადოებზე მუშაობისას შეხვდება ჯუდეს. ამ კაცისა ყველას ეშინოდა, რადგან დაუნდობელი და სასტიკი იყო, ხუთი კაცი ჰყავდა მოკლული.  ერთხელ სხვა პატიმრები მძინარეს თავს დაესხნენ, ისე სცემეს, მკვდარი ეგონათ და ორმოში ჩააგდეს, თუმცა გადარჩა, მოულოდნელად ღამით გამოჩნდა, მაგრამ შური აღარ უძიებია, თითქოს გარდაქმნილიყო, დაჯდა და: „დაბეგვილი, დასახიჩრებული ხორცის მასა მღეროდა შემაძრწუნებლად სუფთა, ხავერდოვანი ხმით“.  სწორედ ამ კაცმა დაუმატა ჯუდეს სამი გრამი ოქრო და ამგვარად ამ „ჯოჯოხეთიდან“ გათავისუფლებაში დაეხმარა. გარემო ყველანაირად ცდილობს პერსონაჟის მიმსგავსებას, შესაბამისად, ჯუდეც ვერ უძლებს ცდუნებას და თაღლითად ტრანსფორმირდება, მაგრამ იმდენი ძალა შერჩება, რომ კაცისმკვლელთა შორის მკვლელად არ იქცევა. ეს კარგად ჩანს, ოქროს მოპარვის, ჯერ ერთი ციხიდან გაქცევის დაგეგმვის, გაპარვის, ჩუქჩასთან ერთად ხეტიალის, შემდეგ უკვე სხვა ციხიდან თავდაღწევისას. თუმცა  საბოლოოდ, ვერც მკვლელობას გაექცევა და მანუშაკასთვის იძიებს შურს.

მისი ბედი, რა თქმა უნდა,  ქვეყნის ცხოვრებას არის გადაჭაჭვული. ამიტომაც მკითხველის თვალწინ კინოკადრებივით ჩაივლიან წარსულის მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სოციალური, საზოგადოებრივი თუ კულტურული მოვლენები.  მწერალი 1959 წლის 9 მარტის ტრაგედიასაც  აცოცხლებს, როგორც საქართველოზე საბჭოთა რუსეთის მორიგ ძალადობას. რომანში შემოიჭრება სტალინის სახელთან გაიგივებული ქართველის ღირსების დასაცავად მიტინგზე გამოსული ხალხის სასტიკი  დარბევა.  ამ დროს  ჩამოსულა ჩინეთის მარშალი, სახელად ჯუდე. სწორედ მასთან „შეხვედრის“ შემდეგ „მონათლეს“ იოსები ჯუდედ და ეს მეტსახელი შერჩა.

ჯუდემ, ქუჩური მორალის გათვალისწინებით, სხვისი მკვლელობა დაიბრალა. სამი მკვლელობის გამო, რომლებიც არა ჩაუდენია, სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. რა აღარ გადახდა თავს, ოქროს საბადოებზე კატორღულ სამუშაოებზე კაციჭამიებთან ერთად იჯდა, მაგრამ თავი დააღწია, მერე ისე დაავადდა, 13 წელი უგონოდ იყო და მონასტრის ბერები უვლიდნენ. მაინც გადარჩა და, რაც მთავარია, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად. თუმცა ერთადერთხელ მაინც იძია შური და ისიც მანუშაკასთვის: მისი გამაუპატიურებელი, თავზეხელაღებული კაცისმკვლელი ტროკადერო მოკლა. თუმცა შეძლო, კვალი დაეფარა. მკითხველი გრძნობს, ბედისწერის უხილავმა ხელმა როგორ ატარა ცხოვრების ოღრო-ჩოღროებზე იმისთვის, რომ მანუშაკას ობოლ შვილიშვილს მფარველად და პატრონად მოვლენოდა. ამბობს კიდეც: „ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩემს განვლილ ცხოვრებაში მარტო განცდებით მივიღე მონაწილეობა და სხვა დანარჩენის შესახებ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს“. კითხულობ რომანს და პერსონაჟისთვისაც კი გეზედმეტება ამდენი უბედურება, ჯუდეს რომ თავს დაატყდა. მკითხველი თვითმხილველი გახდება იმ ამბებისა, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში, ციხეებსა თუ მის გარეთ ხდებოდა. მწერალი არაერთი საინტერესო პერსონაჟს ხატავს გამოკვეთილი და დასამახსოვრებელი ხასიათებით.

რომანის ერთ-ერთი მთავარი თემაა ჯუდესა და ხაიმას, ებრაელი ბიჭის მეგობრობა. მწერალი ხატავს, როგორ ებრძოდა საბჭოთა რეჟიმი კერძო საკუთრებას, როგორ დაუხოცეს ხაიმას ბიძები, თუმცა ხაიმას ნათესაობამ მოასწრო და მილიონობით დოლარი დაწვა, ვიდეოზე გადაიღო ყველაფერი და კასეტების უცხოეთში გატანა მოახერხა. როგორც შემდეგ გაირკვა, ამერიკის ბანკებმა სრულად აუნაზღაურეს ებრაელებს დამწვარი დოლარები. ხაიმამ არ დაივიწყა მეგობარი და ორი მილიონი დოლარი აჩუქა, რამაც ჯუდეს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მისცა.

რომანში კარგად წარმოჩნდება მეოცე საუკუნის 90-იანი წლების საქართველო, კრიმინალურ ბანდათა თარეში, გუშინდელ ყაჩაღთა გაბიზნესმენება და გამინისტრება. ჯუდე პოლიტიკისგან შორსაა, მაგრამ ხედავს, როგორ ატერორებენ ადამიანებს, მთავრობები იცვლება, მაგრამ ვითარება იგივეა: „მდიდარი კაცი მშიერ ქვეყანაში დაჭრილ მგელსა ჰგავს, რომელსაც თავისიანები ირგვლივ შემოხვევიან, სისხლის სუნი სცემთ და შეჭმას უპირებენ“ . ამიტომაც პატარა მანუშაკასთან ერთად თურქეთში წავიდა, გვარი გამოიცვალა, სასტუმრო იყიდა და ასე გაააგრძელა ცხოვრება. ანდერძიც შეადგინა და ყველაფერი მანუშაკას დაუტოვა. „სადღაც წავიკითხე, ჩვენ ადამიანები ვიტანჯებით იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგვიძლიაო. სხვისი არ ვიცი და ჩემს შემთხვევაში  პირიქითაა“, _ ამბობს ჯუდე (გადაძახილია დოსტოევსკისთან: „ჯოჯოხეთი არის ტკივილი იმის გამო, რომ აღარ ძალგიძს სიყვარული“).

ერთ ეპიზოდში ჯუდე ფიქრობს: „გაკვირვებული ვარ: რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რაც მოხდა? თანაც მაინცდამაინც ასე, როგორც მოხდა. რაშია საქმე? პასუხი არა მაქვს. არსებობს კი პასუხი?“.  ბოლოს დაასკვნის: „უცნაურია ეს ცხოვრება“. ის სახელოსნოსაც ააშენებს და ბავშვობის შთაბეჭდილებების ხატვას იწყებს, მაგრამ ეს ყველაფერი მზადებაა იმ ნახატისთვის, რომელიც ასე შთამბეჭდავადაა რომანის ფინალურ ეპიზოდში აღწერილი და რომელმაც სიზმარი ფერადოვან ტილოდ უნდა აქციოს: „მაღალი, ხრიოკი გორაკების ზემოთ, ერთ მხარეს მთვარე ანათებს, მეორე მხარეს – მზე. სამანქანო გზა გორაკს გადმოივლის და პურის ყანაში ეშვება. პურის ყანაში მანუშაკა დგას. ის ჩემი ნაჩუქარი იასამნებით მოქარგული ჟაკეტი აცვია და გზას გაჰყურებს. სახეზე მოუთმენლობა აწერია და აშკარად ეტყობა, რომ იმ გზაზე ვიღაცის გამოჩენას ელოდება. ესაა სულ. თუ ისე მოხდება, რომ იმ ნახატს ისეთი ვინმე ნახავს, ვინც ჩემი და მანუშაკას ამბავი იცის, ის ალბათ მიხვდება, რომ მანუშაკა მე მელოდება“. უნებურად მირზა გელოვანის ცნობილი ლექსის სტრიქონები გვახსენდება:

„მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები

და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.

მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,

მე შენი თმები დამაბრუნებენ“.

სამყაროს უამრავ გამოცანათაგან მწერლობას საფიქრალად ესეც უქცევია: როგორ იტევს გული ღვთაებრივსა და დემონურს, სიყვარულსა და სიძულვილს, სიკეთესა და ბოროტებას. რუსთველისეული შეგონება _ გულს „ვერცა პატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი“_ მარად აქტუალურია. ფოლკნერისთვის მწერლობის მთავარი საქმე ამიტომაც „გულის ჭიდილის“ წარმოჩენაა, რადგან ის გამოავლენს საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებულსა თუ დამარცხებულ ადამიანს, რომელიც ხან ღვთისკენ იხრება და ხან ეშმაკისკენ, როგორც დოსტოევსკი ამბობს. თემურ ბაბლუანის რომანის მთავარი თემაც ეს არის, წარმოაჩინოს, როგორ იკვალავს სიყვარული გზას ცხოვრების ლაბირინთებში, როგორ იკლებს თუ იმატებს მისი შუქი ადამიანური ყოფის ჯურღმულების გასანათებლად, როგორ მიინავლება და იბჟუტება სიბნელესთან შეხლა-შემოხლისას ძალაგამოცლილი, მაგრამ ბოლოს მაინც როგორ მოიკრებს ძალას და აღსდგება ჯვარცმულ ქრისტესავით, რადგან სხვანაირად შეუძლებელია. ეს სიცოცხლის კანონია. სული, რომელიც გალაკტიონის ლექსს თუ გავიხსენებთ, ერთდროულად „ლაჟვარდზე უსპეტაკესიც“ არის და „დემონზე უბოროტესიც“, სიყვარულის გზით მაინც ხსნისა და გადარჩენისკენ უბიძგებს ადამიანს, ოღონდ ეგ არის, ზოგს იმდენად აყრუებს და აბრმავებს ცხოვრებისეული გარემოებანი, რომ ვეღარც ხედავს და ვეღარც გაიგონებს ამ გადამრჩენელი ძალის ხმას.

რომანში მკაცრად რაციონალური სამყაროა დახატული, მაგრამ ირაციონალური, მისტიკური ელემენტებიც შემოიჭრება, რომლებიც წინასწარმეტყველურად მიგვანიშნებენ გმირის დაღუპვისა თუ გადარჩენის აუხსნელ, გაუგებარ და გამოუცნობ გზებზე.   ჩაბნელებულ ციხეებს ხანდახან სხვა რაკურსით, რაღაცნაირი სიმსუბუქით წარმოაჩენს მწერლის მოულოდნელი და მახვილგონივრული ირონიით შეზავებული პასაჟები.  რომანში ციხე იხატება, როგორც ერთგვარი მიკრომოდელი, რომელიც თავისუფალი საზოგადოების ყველა ნაკლსა და ღირსებას, რადიკალურად განსხვავებულ ვნებასა თუ საძაგლობას, გარყვნილებას, აგრესიას, სისასტიკეს, ფარისევლობასა და თანაგრძნობას ირეკლავს.

რომანის ლექსიკა არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ მთავარი გმირი ჰყვება ამბებს, ის კი პერსონაჟია, რომელიც მეტყველებს და ფიქრობს  ქუჩასა და ციხებში მიღებული „სწავლა-განათლების“ შესაბამისად, მწირი ლექსიკისა და ჟარგონის გამოყენებით, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ,  გარემო პირობების მიუხედავად, ჯუდე ცდილობდა თვითგანსწავლასა და განვითარებას, რაც მას გამოარჩევდა კიდევაც ქუჩისა თუ ციხის ამხანაგ-მეგობრებისაგან.

ჯუდესა და მანუშაკას სიყვარული, დაბზარულ-დალაქული ნივთივით ცხოვრებისაგან სანაგვეზე მოსროლილი, მაინც გადარჩება და დრო-სივრცეს გამოღწეული მკითხველის გულში განაგრძობს არსებობას, როგორც კიდევ ერთი დასტური ადამიანის ღვთაებრივთან წილნაყარობისა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი