ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თომას გორდონი- “როგორ გავხდე კარგი მშობელი” მეშვიდე თავი

როგორ ავამოქმედოთ „მე–შეტყობინება”

 ჩვენი კურსების მსმენელი მშობლები დიდი ენთუზიაზმით
ეცნობიან საკუთარი შვილის მიუღებელი ქცევის შეცვლის გზებს. „მოუთმენლად ველოდები სახლში
მისვლას და ამ მეთოდის შედეგს ჩემი შვილის ისეთი ქცევის შესაცვლელად, რომელიც დიდი
ხანია მაღიზიანებს”, აცხადებს ზოგიერთი მათგანი.

სამწუხაროდ, „ახალბედა” მშობლები ხშირად ვერ იღებენ
მოსალოდნელ შედეგს. ყოველ შემთხვევაში, პირველ ჯერზე. ამიტომ უფრო დეტალურად ისეთ შეცდომებს
შევეხებით, რომლებსაც ხშირად უშვებენ „მე–შეტყობინების” გამოყენების მცდელობისას და
შემოგთავაზებთ მაგალითებს, რომლებიც მათ უნარებს განამტკიცებს.

 

შენიღბული
„შენ–შეტყობინება”

ბატონმა ჯ.–მ ორი მოზარდი ბიჭის მამამ გვაცნობა, რომ
„მე–შეტყობინების” გამოყენების პირველი მცდელობა ძალზე უიღბლოდ დამთავრდა.

„ჩემი შვილი პოლი, იმის საწინააღმდეგოდ მოიქცა, რასაც
გვასწავლიდით – საპასუხოდ, ჩვეულებისამებრ, საკუთარი „შენ–შეტყობინებების” გამოგზავნა
დაიწყო”.

„თქვენ გაუგზავნეთ „მე–შეტყობინება”? – ჰკითხა ინსტრუქტორმა.

„რა თქმა უნდა… მგონი, გავუგზავნე, ყოველ შემთხვევაში,
ვეცადე” – უპასუხა ბატონმა ჯ.–მ.

ინსტრუქტორმა სიტუაციის გათამაშება შესთავაზა – ის პოლის
როლს შეასრულებდა, ბატონი ჯ. კი საკუთარს. სიტუაციის მიმოხილვის შემდეგ, ბატონმა ჯ.–მ
მისი აღდგენა სცადა:

ბატონი
ჯ.: ვეჭვობ, რომ შენი საოჯახო პასუხისმგებლობები უყურადღებოდ გრჩება.

პოლი:
რაზე მეუბნები?

ბატონი
ჯ.: ავიღოთ, ბალახის მოვლის პასუხისმგებლობა. ყოველ ჯერზე ძალიან მწყინს, რომ თავის
დაძვრენას ცდილობ. გასულ შაბათსაც ასე მოხდა. გავბრაზდი, რადგან ისე გაიპარე სახლიდან,
რომ არ გაკრიჭე მოლი. ძალზე უპასუხისმგებლოდ მომეჩვენა შენი საქციელი და ხასიათი წამიხდა.

ამ ადგილზე ინსტრუქტორმა შეწყვიტა როლური თამაში და
ბატონ ჯ.–ს მიმართა: „თქვენს სიტყვებში ბევრი ინფორმაცია იყო თქვენი გრძნობების შესახებ,
მაგრამ, მოდით, ვკითხოთ მსმენელებს, კიდევ რა გაიგეს?”

ერთ–ერთმა მამამ მაშინვე განაცხადა: „რამდენიმე წამში
თქვენ პოლს უთხარით, რომ დაუდევარია, ზარმაცი, ქვემოდან გაძვრომა სჩვევია და უპასუხისმგებლოა”.

„ნუთუ, მართლა? შესაძლოა! უფრო „შენ–შეტყობინებას” ჰგავდა,
არა!” აღიარა ბატონმა ჯ.–მ დარცხვენით.

ბატონი ჯ. მართალი იყო. მან მრავალი მშობლისათვის დამახასიათებელი
შეცდომა დაუშვა – გაკიცხვასთან ერთად „განცდებით” შენიღბული „შენ–შეტყობინება” გაუგზავნა.

ზოგჯერ რეალური სიტუაციების ამგვარი გათამაშება ეხმარება
მშობლებს ცხადად დაინახონ, რომ „ვგრძნობ,დაუდევარი ხარ” ისეთივე „შენ–შეტყობინებაა”, როგორც „დაუდევარი ხარ”. მშობლებს ვასწავლით,
უარი თქვან ისეთი ფრაზის გამოყენებაზე, როგორიცაა „ვგრძნობ” და კონკრეტულად აღწერონ
საკუთარი გრძნობა – „იმედი გამიცრუა”, „მინდოდა, ჩვენი ეზო კვირისათვის მოწესრიგებული
ყოფილიყო”, „მეწყინა, რადგან გამახსენდა ჩვენი შეთანხმება, რომ შაბათს მოლს გაკრეჭდი”.  

ნუ
გაუსვამთ ხაზს უარყოფითს

მშობლების კიდევ ერთი შეცდომა ის გახლავთ, რომ „მე–შეტყობინებას”
აგზავნიან საკუთარი უარყოფითი ემოციების გამოსახატავად და ავიწყდებათ დადებითი ემოციების
გამოხატვა.

ქალბატონი კ. საკუთარ ქალიშვილს ლინდას შეუთანხმდა,
რომ პაემანიდან 12:30–ზე გვიან არ დაბრუნდებოდა. ლინდა 1:30–ზე გამოჩნდა. დედამ თვალი
ვერ მოხუჭა, ათასი უბედურება წარმოიდგინა და საშინლად ინერვიულა.

გთავაზობთ ამ სიტუაციას კლასში გათამაშებულს:

ქალბატონი
კ. (როგორც კი ლინდა დაინახა): გაბრაზებული ვარ შენზე.

ლინდა:
ვიცი, დავიგვიანე.

ქალბატონი
კ.: მართლა ძალიან ვბრაზობ, რადგან ვერ დავიძინე.

ლინდა:
რატომ ვერ დაიძინე? უნდა დაწოლილიყავი და არ გენერვიულა.

ქალბატონი
კ.: როგორ არ მენერვიულა? გაცოფებული ვიყავი და ვდარდობდი, რამე არ შეგმთხვეოდა. მართლა
გამიცრუე იმედი, რადგან პირობა არ შეასრულე.

ინსტრუქტორმა შეაწყვეტინა და ქალბატონ კ.–ს მიმართა:
„არ არის ურიგო – თქვენ რამდენიმე კარგი „მე–შეტყობინება” გადაეცით, თუმცა, მხოლოდ
უარყოფითები. სინამდვილეში რას გრძნობდით,
როცა ლინდა დაინახეთ? რა იყო თქვენი პირველი ფიქრი?

„საოცარი შვება ვიგრძენი, რომ ლინდა შინ მშვიდობით დაბრუნდა.
მინდოდა ჩამეხუტებინა და მეთქვა, რა ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალს და უვნებელს ვხედავ”,
სწრაფადვე უპასუხა ქალბატონი კ.–მ.

„მჯერა, თქვენი! ახლა ისევ ლინდა ვიქნები და კიდევ ერთხელ
ვცადოთ თქვენი რეალური გრძნობების „მე–შეტყობინებით” გადმოცემა”, სთხოვა ინსტრუქტორმა.

ქალბატონი
კ.: ოჰ, ლინდა, მადლობა ღმერთს, მშვიდობით დაბრუნდი. ისეთი ბედნიერი ვარ! რა შვებაა,
რომ გხედავ! [ეხუტება ინსტრუქტორს]. ისე ვშიშობდი, რომ რაღაც შეგემთხვა.

ლინდა:
დედი, მართლა გიხარია ჩემი დანახვა?    

აქ კი, მსმენელებმა საერთო ტაშით გაოცება და აღტაცება
გამოხატეს ქალბატონი კ.–ს მეორე, სრულიად განსხვავებული ხასიათის კონფრონტაციის გამო,
რომელიც მისი რეალური გრძნობების მძლავრი გამოხატვით დაიწყო. ცოცხალი დისკუსია დაიწყო
იმის შესახებ, თუ რამდენ შესაძლებლობას უშვებენ ხელიდან მშობლები საკუთარ შვილებს გულწრფელად
აჩვენონ საკუთარი დადებითი და სიყვარულით სავსე გრძნობები. „ჭკუის სწავლების” მისწრაფებისას
მათთვის უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილების სწავლების ფასდაუდებელ შესაძლებლობას ვკარგავთ
– მაგალითად, ვერ ვეუბნებით, რომ იმდენად გვიყვარს, რომ ვერ გადავიტანთ, თუკი მათ რაიმე
შეემთხვევათ.

საკუთარი გრძნობების გულწრფელად გამოხატვის შემდეგ ქალბატონი
კ.–ს უამრავი დრო ექნებოდა ეთქვა შვილისათვის, რომ იმედგაცრუებას გრძნობს სიტყვის შეუსრულებლობის
გამო. რამდენად განსხვავებული იქნებოდა ჩვენი დისკუსია თავდაპირველად დადებითი „მე–შეტყობინება”
რომ გაეგზავნა!

 

გრძნობის
შესატყვისი ინსტრუმენტი

ჩვენი კურსების მსმენელებმა კარგად იციან, რას ნიშნავს,
როდესაც „მე–შეტყობინება” მიზანს სცდება. ბევრ მშობელს თავიდან უჭირს ისეთი „მე–შეტყობინების”
გაგზავნა, რომელიც ზუსტად ასახავს მათი შინაგანი განცდების ინტენსიობას. ჩვეულებრივ,
თუკი შეტყობინება მიზანს ვერ აღწევს, ის ვერც ბავშვზე ახდენს გავლენას და შედეგად არც
ქცევა იცვლება.

ქალბატონმა ბ.–მ
გვიამბობ შემთხვევა, როცა მისმა შვილმა ბრაიანმა არ შეცვალა მიუღებელი ქცევა, მიუხედავად
იმისა, რომ დედამ თავისი ვარაუდით კარგი „მე–შეტყობინება”  გაუგზავნა. ექვსი წლის ბრაიანმა უმცროს ძმას ჩოგბურთის
რაკეტა ჩაარტყა თავში. დედამ „მე–შეტყობინება” გაუგზავნა, მაგრამ ბრაიანმა ქცევა გაიმეორა
და ძმას მეორეჯერ ჩაარტყა თავში. 

ამ ინციდენტის კლასში გათამაშებისას, მსმენელებისათვის
ცხადი გახდა, რომ ქალბატონმა ბ.–მ დამნაშავე იყო, რადგან შესატყვისად ვერ გადმოსცა
თავისი გრძნობები.

ქალბატონი ბ.: ბრაიან, არ მომწონს, როცა სემს თავში
ურტყამ.

„მიკვირს, ქალბატონო ბ., რომ ასეთი სუსტი განცდები გქონდათ,
როცა თქვენს პატარა შვილს ჩოგბურთის მძიმე რაკეტა მოხვდა თავში”, უთხრა ინსტრუქტორმა.

„რას ამბობთ, სისხლი გამეყინა იმის წარმოდგენაზე, რომ
შეიძლებოდა თავი გაეტეხა! დარწმუნებული ვიყავი, რომ მალე სისხლი წამოუვიდოდა”.

„მაშინ, „მე–შეტყობინებით” გამოვხატოთ ეს თქვენი ძლიერი
განცდები ისე, რომ სწორედ იმას შეესატყვისებოდეს, რაც განიცადეთ”, სთხოვა ინსტრუქტორმა.

მიიღო რა ნებართვა თავისი ჭეშმარიტი განცდების პირდაპირ
გამოხატვის შესახებ, ქალბატონმა ბ.–მ ასეთი მონოლოგი წარმოთქვა: „ბრაიან, ლამის მოვკვდი,
როცა სემს თავში ჩაარტყი! რა მეშველებოდა, რამე რომ მოსვლოდა! ძალიან ვბრაზობ, როცა
ვხედავ, რომ დიდი და ძლიერი პატარასა და სუსტს ურტყამს. ისე შემეშინდა, როცა გავიფიქრე
თავიდან სისხლი წამოუვიდოდა!”.

ქალბატონმა ბ.–მ და სხვა მშობლებმა ერთხმად აღიარეს,
რომ ამ ჯერზე „მე–შეტყობინება” გაცილებით „გულწრფელი” და ზუსტი იყო, მეტად შეესაბამებოდა
ნამდვილ გრძნობებს, სავარაუდოდ, ზუსტად მოხვდებოდა მიზანში და მეტად იმოქმედებდა ბრაიანზე.

 

ვეზუვის
ამოფრქვევა

ზოგიერთ მშობელს „მე–შეტყობინების” გაცნობისთანავე სურს
შვილებს დაუპირისპირდეს და ვულკანივით ამოაფრქვიოს დიდი ხნის შეკავებული გრძნობები.
ერთმა დედამ აღიარა, რომ მთელი კვირა ბრაზობდა საკუთარ ორ შვილზე,  ვულკანისებური ამოფრქვევით. შედეგად ახალი პრობლემა
გაჩნდა – ბავშვები საშინლად შეაშინა გრძნობების ამოფრქვევამ.

იმის აღმოჩენამ, რომ ზოგიერთმა მშობელმა ჩვენი რჩევა
დაპირისპირებოდა შვილებს, საკუთარი უარყოფითი გრძნობებისა და ბრაზის „გადმოღვრის” ნებართვად
გამოიყენა, მაიძულა ხელახლა შემესწავლა ბრაზის ფუნქცია მშობელი–შვილის ურთიერთობებში.
ბრაზის ასეთმა კრიტიკულმა შესწავლამ ჩემი შეხედულება უფრო ცხადი გახადა და მიკარნახა
ახლებური ახსნა იმისა, თუ რატომ გამოხატავენ მშობლები ბრაზს, რატომ არის ის საზიანო
ბავშვებისთვის და როგორ დავეხმაროთ მშობლებს მის თავიდან აცილებაში.

სხვა ემოციისაგან განსხვავებით ბრაზი თითქმის ყოველთვის
სხვა ადამიანისკენაა მიმართული. „ვბრაზობ”, როგორც წესი, აღნიშნავს, „შენზე ვარ გაბრაზებული” ან „შენ გამაბრაზე”. არსებითად ეს „შენ–შეტყობინებაა”
და არა „მე–შეტყობინება”. მშობელი ვერ შენიღბავს ამ „შენ–შეტყობინებას” თუკი იტყვის,
რომ „ბრაზს ვგრძნობ”. შესაბამისად, ბავშვი მას ყოველთვის „შენ–შეტყობინებად” აღიქვამს.
ბავშვი ფიქრობს, რომ მას ადანაშაულებენ, როგორც მშობლის ბრაზის გამომწვევს. სავარაუდო შედეგი ის იქნება, რომ
ბავშვი ისევე დამცირებულად, დამნაშავედ და გაკიცხულად იგრძნობს თავს, როგორც ნებისმიერი
სხვა „შენ–შეტყობინების” მიღებისას.

ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მრისხანება ის გრძნობაა,
რომელიც მშობელს რაღაც სხვა გრძნობის შემდეგ
უჩნდება. ბრაზი წარმოიქმნება რაღაც პირველადი გრძნობის შედეგად. აი, ამის ილუსტრაცია:

თავისუფალ გზაზე
მივდივარ. მეორე მძღოლი ისე მასწრებს, რომ ლამის ეხება ჩემი მანქანის მარცხენა ფრთას.
ჩემი პირველადი განცდა შიშია; მისმა ქმედებამ შემაშინა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩემი
შეშინების შედეგები იმაში გამოიხატება, რომ ვუსიგნალებ და „მრისხანებას გამოვხატავ”,
შესაძლოა ვუყვირო კიდეც „იდიოტო, მანქანის ტარება ისწავლე!” – რაც, ვერავინ უარყოფს,
რომ ნამდვილი „შენ–შეტყობინებაა”. ჩემს მიერ „ბრაზიანად მოქცევის” ფუნქცია იმაშია,
რომ დავსაჯო მძღოლი ან თავი დამნაშავედ ვაგრძნობინო ჩემი შეშინებისთვის, რომ ასე აღარ
მოიქცეს.

გაბრაზებული მშობელი, უმეტესწილად, თავის ბრაზს ანუ
„ბრაზიან ქმედებას” შვილისთვის ჭკუის სასწავლებლად იყენებს.

დედას სუპერმარკეტში
ეკარგება შვილი. მისი თავდაპირველი გრძნობა შიშია – ეშინია, რომ რაღაც უსიამოვნო არ
შეემთხვეს. თუკი ვინმე შეეკითხებოდა, რას გრძნობდა, როცა შვილს ეძებდა, დედა უპასუხებდა,
„შიშისაგან გავშეშდი” ან „ისე შევშინდი, რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა”. როცა საბოლოოდ
შვილს პოულობს, უდიდეს შვებას გრძნობს და გულში ამბობს, „მადლობა ღმერთს, კარგად ხარ”.
ხმამაღლა კი სავსებით განსხვავებულ სიტყვებს იმეტებს, რადგან ბრაზიანად მოქმედებს:
„საძაგელო!” ან „გაცოფებული ვარ შენზე! ასეთი სულელი როგორ ხარ, რომ დამეკარგე!” ან
„განა არ გითხარი, არ მომშორდე–მეთქი!” დედა ამ სიტუაციაში ბრაზიანად მოქმედებს (მეორეული გრძნობა), რომ შვილს ჭკუა ასწავლოს
ან დასაჯოს იმისთვის, რომ შეაშინა.

მრისხანება, გვევლინება რა მეორად გრძნობად, თითქმის
ყოველთვის „შენ–შეტყობინებად” გადაიქცევა, რომელიც ბავშვს გაკიცხვასა და დანაშაულს
ამცნობს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზი პოზაა, რომელსაც გამიზნულად და გააზრებულად
მიმართავს მშობელი, რომ გამოხატოს ბავშვის გაკიცხვა, დასჯა ან ჭკუის სწავლება იმის
გამო, რომ მისი ქცევა, რაღაც სხვა გრძნობის (პირველადიგრძნობის) მიზეზი გახდა. ყოველ ჯერზე, სხვაზე გაბრაზებისას, „კომედიას ვმართავთ”, თამაშს
ვიწყებთ, რომ ამ სხვაზე ვიმოქმედოთ, ვაჩვენოთ, როგორ მოიქცა, ჭკუა ვასწავლოთ, დავარწმუნოთ,
რომ აღარ გაიმეოროს. იმის თქმა არ მსურს, რომ ბრაზი ნამდვილი არ არის. პირიქით, ის
იმდენად რეალურია, რომ ადამიანი დუღს და ცახცახებს შინაგანად. მხოლოდ იმის თქმა მინდა,
რომ ადამიანები იწვევენ საკუთარ ბრაზს.

გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

ბავშვი რესტორანში
მაგიდასთან ჭირვეულობს. დედის პირველადი ემოცია უხერხულობის გრძნობაა, მეორადი – მრისხანება: „ნუ იქცევი ორი წლის ბავშვივით”.

შვილს მამის დაბადების
დღე ავიწყდება, არც საჩუქარს აძლევს და არც ულოცავს. მამის პირველადი გრძნობა წყენაა, მეორადი – ბრაზი: „შენც თანამედროვე
თავქარიანებს გავხარ!”

ბავშვი სკოლიდან
დაბალი სემესტრული შეფასებებით ბრუნდება. დედის პირველადი გრძნობა იმედგაცრუებაა, მეორადი
– ბრაზი: „მთელი სემესტრი იზარმაცე. შეგიძლია, იამაყო”.

როგორ ვასწავლოთ მშობლებს მრისხანე ”შენ–შეტყობინებების”
გაგზავნაზე უარის თქმა? ჩვენი კურსების გამოცდილება იმედისმომცემია. ჩვენ მშობლებს
პირველადი და მეორეული გრძნობების განსხვავებას ვასწავლით. შემდეგ ისინი უფრო უკეთ
ერკვევიან საკუთარ პირველად გრძნობებში ოჯახში შექმნილი სხვადასხვა სიტუაციისას. საბოლოოდ,
სწავლობენ შვილებისათვის თავიანთი პირველადი ემოციების გაგზავნას და არა მეორეული მრისხანების
„ამოფრქვევას”. ვეხმარებით, უკეთ გაიგონ, სინამდვილეში რა ხდება მათში ბრაზის დროს
– ისინი პირველად გრძნობას განსაზღვრავენ.

ქალბატონმა კ.–მ,
ძალზე შეგნებულმა დედამ გაგვანდო, რომ 12 წლის ქალიშვილის მიმართ მისი მრისხანების
ხშირი აფეთქებები იმედგაცრუების მეორეული რეაქცია იყო იმის გამო, რომ გოგონა ისეთივე
ბეჯითი და მონდომებული არ იყოს, როგორც დედამისი ბავშვობაში. ქალბატონმა კ.–მ იმის
გაცნობიერება დაიწყო, თუ რამდენს ნიშნავდა მისთვის ქალიშვილის წარმატება სკოლაში და
როგორც კი შვილის აკადემიური მოსწრების გამო იმედგაცრუება დაეუფლებოდა, მრისხანე „შენ–შეტყობინებებით”
ატყდებოდა თავს.

 ბატონი გ.–მ პროფესიონალმა ადვოკატმა გვიამბო, რომ
მხოლოდ ახლა გაიგო, რატომ ბრაზობდა თავის 11 წლის გოგონაზე სტუმრად ყოფნისას. გოგონა
თავისი ძალზე კომუნიკაბელური მამისაგან განსხვავებით, მორცხვი იყო. მამის მეგობრების
გაცნობისას ის არც ხელს ჩამოართმევდა და არც მიღებულ ფრაზებს – „ძალიან სასიამოვნოა”
ან „მოხარული ვარ, რომ გაგიცანით” – იტყოდა. ამის ნაცვლად მისი დახშული, ჩუმი „გამარჯობა”
მამას უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. მან აღიარა, რომ ეშინოდა მეგობრებს არ გაეკიცხათ
როგორც უხეში და მომთხოვნი მშობელი, რომელმაც თვინიერი და დაშინებული შვილი გაზარდა.
როგორც კი ეს გააცნობიერა მან ასეთ მომენტებში საკუთარი სიბრაზის დათრგუნვა სცადა.
მან აღიარა იფ ფაქტიც, რომ საკუთარი ქალიშვილი უბრალოდ მისგან განსხვავებული ადამიანი
იყო. როგორც კი მან სიბრაზე დაძლია, გოგონა გაცილებით უფრო თავდაჯერებული გახდა. 

იმ მშობლებს, რომლებიც ხშირად „აფრქვევენ” მრისხანე
„შენ–შეტყობინებებს” ვურჩევთ ხოლმე საკუთარ შინაგან სარკეში ჩახედვას და კითხვის დასმას,
„რა მემართება?” „ჩემს რომელ მოთხოვნილებებს დაემუქრა საფრთხე ჩემი შვილის ქცევით?”
„როგორია ჩემი პირველადი ემოციები?” ერთ–ერთმა დედამ ვაჟკაცურად აღიარა, რომ ძალიან
ხშირად ბრაზობდა საკუთარ შვილებზე იმ იმედგაცრუების გამო, რომ შვილების გაჩენამ ხელი
შეუშალა ჩაებარებინა მაგისტრატურაში და სკოლის მასწავლებელი გამხდარიყო. მან აღმოაჩინა,
რომ ბრაზი სინამდვილეში კარიერის შეწყვეტით გამოწვეული გულგატეხილობის გამოხატულება
იყო.

 

რა
შეუძლია ეფექტურ „მე–შეტყობინებას”

„მე–შეტყობინებას” გასაოცარი შედეგების მოტანა შეუძლია.
მშობლები ხშირად ყვებიან, თუ როგორ უკვირთ შვილებს, როცა იგებებ, სინამდვილეში, რას
განიცდიან მშობლები. აი, რას ამბობენ ისინი:

„არ მეგონა, თუ ასე გაბეზრებდი თავს”.

„არ მეგონა, თუ მართლა გწყინდა”.

„აქამდე რატომ არ მითხარი, რას გრძნობდი”.

„ნუთუ, ასე გატკინე გული”.

ბავშვებმა, ზრდასრულების მსგავსად, ხშირად არ იციან
როგორ ზემოქმედებს მათი ქცევა სხვებზე. საკუთარი მიზნისაკენ სწრაფვისას, არც კი ფიქრობენ
ქცევის შესაძლო შედეგებზე. თუკი ვეტყვით, როგორც წესი, ცდილობენ უფრო მეტი ყურადღება
გამოიჩინონ. უზრუნველობა ხშირად ზრუნვად გადაიქცევა, როგორც კი ბავშვი საკუთარი ქცევის
გავლენის შესახებ იგებს.

ქალბატონმა ჩ.–მ
ოჯახური შვებულების დროს მომხდარი შემთხვევა გვიამბო. მათი პატარა ბავშვები აგზნებულები
ძალზე ხმაურობდენენ ავტომობილის უკანა სკამზე. ქალბატონი ჩ. და მისი მეუღლე აღშფოთებულები
იტანდნენ ამ ხმაურს, თუმცა ბატონმა ჩ. ბოლოს ვეღარ გაუძლო. მან მოულოდნელად დაამუხრუჭა
მანქანა, გზიდან გადაიყვანა და განაცხადა: „მე აღარ შემიძლია უკანა სკამზე ხმაურისა
და ჭიდაობის ატანა. მინდა ვისიამოვნო შვებულებით და მანქანის ტარებით. მაგრამ, ეშმაკმა
დალახვროს, როცა უკანა სკამზე ასეთი ხმაურია, ნერვები მეშლება და მანქანას ვეღარ ვატარებ.
მეც ხომ მაქვს უფლება, დავტკბე ჩვენი ერთად მგზავრობით”.  

ბავშვებმა აღიარეს, რომ გააოცა ამ გაცხადებამ. მათ გააცნობიერეს,
რომ მათი ღრიანცელი მანქანის უკანა სკამზე აღიზიანებდა მამას, თუმცა, დარწმუნებულები
იყვნენ, რომ მამა ვერც კი ამჩნევდა მათ საქციელს. ქალბატონმა ჩ.–მ გვითხრა, რომ ამ
შემთხვევის შემდეგ ბავშვები უფრო ყურადღებიანები გახდნენ და უსაქციელობა შეამცირეს.

ეს ამაღელვებელი ამბავი რთული ყოფაქცევის ბავშვთა სკოლის
დირექტორმა ბატონმა ჯ.–მ გვიამბო:

„რამდენიმე კვირის
განმავლობაში ნაწყენი ვცდილობდი შევგუებოდი იმ ბიჭების ქცევას, რომლებიც მუდმივად არად
აგდებდნენ სკოლის წესებს. ერთ დილად ოთახის ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე მოლზე მოსეირნე
ბიჭები როგორ ეწეოდნენ სიგარეტს, რაც, რა თქმა უნდა, აკრძალული იყო სკოლის შინაგანაწესით.
კურსებზე ნასწავლი „მე–შეტყობინება” გამახსენდა, მივედი მათთან და ვცადე საკუთარი გრძნობების
გაზიარება: „ვერც წარმოიდგენთ, როგორ მთრგუნავს თქვენი საქციელი! ვცდილობდი ყველაფერი
გამეკეთებინა, რომ სკოლა დაგემთავრებინათ! ამ საქმეში სულსა და გულს ვდებდი! თქვენ
კი არაფერს აკეთებთ წესების დარღვევის გარდა! თქვენი თმის სიგრძის შესახებ კომპრომისსაც
კი მივაღწიე, მაგრამ ესეც არაფრად გიღირთ! ახლა აქ დგახართ და ეწევით, თან მშვენივრად
იცით, რომ აკრძალულია. უკვე იმაზე ვფიქრობ, რომ თავი დავანებო აქაურობას და ისევ ჩვეულებრივ
სკოლაში დავბრუნდე, სადაც თავს საჭიროდ ვგრძნობ. თავს საშინლად დამარცხებულად ვგრძნობ!

იმავე საღამოს
გაოცებულ დირექტორს ბიჭების ჯგუფი ესტუმრა. „ბატონო ჯ. დილანდელ ამბავზე ვიფიქრეთ.
არ ვიცოდით, თუ ასე გაბრაზდებოდით. ასე არასდროს მოქცეულხართ. სხვა დირექტორი არ გვინდა;
ის თქვენნაირი კარგი ვერ იქნება. გადავწყვიტეთ, არასოდეს მოვწიოთ სკოლაში. გვინდა,
სკოლის სხვა წესებიც დავიცვათ”.

გაოგნებულ ბატონ
ჯ.–ს ბიჭებმა თმის დამოკლების სურვილიც განუცხადეს. როგორც ბატონმა ჯ.–მ აღნიშნა, ამ
ამბის მთავარი მოვლენა ის სიხარული და ხალისი იყო, რომელიც თმის ნებაყოფლობით შეჭრას
ახლდა. „არაჩვეულებრივად გავერთეთ”. ბიჭები უფრო დამიახლოვდნენ მეც და ერთმანეთსაც.
ოთახიდან მეგობრებად გავიდნენ, ერთმანეთის მიმართ ისეთ სითბოსა და სიახლოვეს განიცდიდნენ,
რომელიც მხოლოდ პრობლემების ერთობლივ გადაჭრას მოაქვს ხოლმე.     

ბატონი ჯ.–ს ისტორიის მოსმენისას გაგვაოცა „მე–შეტყობინების”
ძალამ. მან კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა, რომ ზრდასრულები ხშირად სათანადოდ ვერ ვაფასებთ
ბავშვების მზაობას ყურადღებიანები იყვნენ უფროსების მოთხოვნილებების მიმართ, თუკი გულწრფელად
და პირდაპირ ვეტყვით ჩვენი გრძნობების შესახებ. ბავშვებს შეუძლიათ ყურადღებისა და პასუხისმგებლობის
გამოვლენა, თუკი უფროსები შეძლებენ სათანადოდ გამოიყენონ მომენტი და მათ ტოლებივით
დაელაპარაკონ.

გთავაზობთ ეფექტური „მე–შეტყობინების” კიდევ რამდენიმე
მაგალითს, რომელიც არ შეიცავს არც დადანაშაულებას, არც შერცხვენას და არც „მზამზარეულ
გადაწყვეტილებას”:

სამსახურიდან
დაბრუნებულ დედას სურს გაზეთი წაიკითხოს და დაისვენოს. ბავშვი ცდილობს კალთაში ჩაუჯდეს
და გაზეთს უჭმუჭნის. დედა: „ვერ ვკითხულობ
გაზეთს, როცა კალთაში მიზიხარ. არა ვარ თამაშის განწყობაზე, რადგან დავიღალე და მინდა
ცოტა დავისვენო”.

ბავშვი კინოში
წაყვანას ითხოვს, თუმცა პირობა არ შეასრულა და თავისი ოთახი არ დაალაგა. დედა: „იცი, არც მე მინდა შენი სურვილის შესრულება,
როცა შენ არ ასრულებ პირობას და ოთახს არ ასუფთავებ”.

ბავშვი ისე ხმამაღლა
უსმენს მუსიკას, რომ ხელს უშლის გვერდით ოთახში მშობლების საუბარს. დედა: „ნაწყენები ვართ, რადგან მუსიკა ისეთ
ხმაზე გაქვს ჩართული, ვერ ვსაუბრობთ”.

 ბავშვი დედას დაპირდა, რომ სტუმრების მოსვლამდე დაალაგებდა
სააბაზანოს. მთელი დღის განმავლობაში უსაქმურობდა; სადაცაა სტუმრები უნდა მოვიდნენ
და არც ახლა აპირებს დალაგებას. დედა: „თავს დათრგუნულად ვგრძნობ. მთელი დღე ვიმუშავე,
რომ წვეულებისთვის ყველაფერი მომესწრო და ახლა სააბაზანოც ჩემი დასასუფთავებელი გახდა”.

დედას ფეხსაცმელის
საყიდლად უნდა წაეყვანა, მაგრამ ბავშვს დაავიწყდა სახლში დაპირებულ დროს მოსვლა. დედა ჩქარობს: „არ მიყვარს, როცა ჩემს დღეს
დავგეგმავ, რომ ახალი ფეხსაცმელი გიყიდო, შენ კი იგვიანებ”.

 

მცირეწლოვანებისთვის
არავერბალური „მე–შეტყობინების” გაგზავნა

მცირეწლოვანების მშობლებს აინტერესებთ, როგორ შეიძლება
„მე–შეტყობინება” გაუგზავნონ თავიანთ შვილებს, რომლებიც ჯერ ვერ იგებენ ვერბალურ შეტყობინებებს.

გამოცდილება გვარწმუნებს, რომ მშობლები სათანადოდ ვერ
აფასებენ მცირეწლოვანთა შესაძლებლობებს. 2 წლის ასაკისთვის ბავშვების უმრავლესობა არჩევს,
მოსწონს თუ არ მოსწონს მისი საქციელი მშობელს, კარგად არის თუ ცუდად მშობელი. ამ დროსათვის
მათ არაჩვეულებრივად იციან ისეთი შეტყობინებების მნიშვნელობა, როგორიც არის: „ოჰ, მტკივა”,
„არ მომწონს”, „მამას არ უნდა თამაში”, „ეს მარკუსის სათამაშო არ არის”, „ცხელია”,
„მარკუსმა შეიძლება ხელი გაიჭრას”.

მცირეწლოვანები იმდენად მგრძნობიარენი არიან არავერბალური
შეტყობინებებისადმი, რომ მშობლებს უამრავი უსიტყვო სიგნალის გამოყენება შეუძლია ბავშვისათვის
საკუთარი გრძნობების გადასაცემად.

რობი იგრიხება
ტანსაცმლის ჩაცმისას. დედა ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ აჩერებს და აგრძელებს ჩაცმას.
(შეტყობინება: „ვერ გაცმევ, როცა იგრიხები”).

მო დივანზე ხტის,
დედას ეშინია, მაგიდის ლამპა არ გატყდეს. დედას ფრთხილად და მტკიცედ ჩამოჰყავს მო დივნიდან
და მასთან ერთად იწყებს ხტუნვას იატაკზე. (შეტყობინება: „არ მომწონს დივანზე რომ ხტუნავ,
მაგრამ თავისუფლად შეგიძლია იხტუნო იატაკზე”).

ტომასი ზოზინობს
და ვერ ჯდება მანქანაში, მამას აგვიანდება. ის ფრთხილად და მტკიცედ ჰკიდებს ტომასს
ხელს და მანქანისაკენ მიჰყავს. (შეტყობინება: „მეჩქარება და მინდა, მალე ჩაჯდე მანქანაში”).

რენდი დედას ახალ
კაბაზე ქაჩავს, რომელიც წვეულებისთვის ჩაიცვა. დედა რენდის ხელებს იცილებს. (შეტყობინება:
„არ მინდა, კაბა დაჭმუჭნო”).

მამას ტიმი სუპერმარკეტში
მიჰყავს, ის კი მუცელში ურტყამს ფეხებს. მამა დაუყოვნებლივ სვამს მიწაზე. (შეტყობინება:
„არ მინდა შენი ტარება, როცა მირტყამ”).

მარისონი იხრება
და დედის თეფშიდან იღებს საჭმელს. დედა საჭმელს იბრუნებს და შვილს კუთვნილ პორციას
უდებს თეფშზე. (შეტყობინება: „მე ჩემი პორცია მინდა და არ მომწონს, როცა საჭმელს ჩემი
თეფშიდან იღებ”).

ამგვარ ქცევით შეტყობინებებს მცირეწლოვანები კარგად
იგებენ. ეს შეტყობინებები ამცნობს მათ რა მოთხოვნილებები აქვთ მშობლებს, თუმცა, იმავდროულად
არ კიცხავს ბავშვს იმისათვის, რომ მასაც აქვს მოთხოვნილებები. ცხადია ისიც, რომ როდესაც
მშობელი ასეთ არავერბალურ შეტყობინებებს აგზავნის, ის არ სჯის შვილს.    

  

„მე–შეტყობინებასთან”
დაკავშირებული პრობლემები

მშობლები მუდმივად აწყდებიან პრობლემებს „მე–შეტყობინების”
გამოყენებისას. დაუძლეველი არც ერთი მათგანი არ არის, თუმცა, დამატებით უნარებს მოითხოვს.

ბავშვების რეაქცია „მე–შეტყობინებაზე” ხშირად მისი უგულებელყოფაა,
განსაკუთრებით მისი გამოყენების საწყის ეტაპზე. არავის, მათ შორის ბავშვებსაც, არ სიამოვნებს
იმის მოსმენა, რომ მისმა ქცევამ ხელი შეუშალა სხვა ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
მათ ზოგჯერ ურჩევნიათ „არ გაიგონ” როგორ გრძნობებს აღუძრავს მათი ქცევა მშობლებს.

იმ შემთხვევაში, როცა პირველი „მე–შეტყობინება” ვერ
აღწევს მიზანს, მშობლებს მეორე შეტყობინების გაგზავნას ვურჩევთ ხოლმე. შესაძლოა მეორე
შეტყობინება უფრო ძლიერი, ინტენსიური, ხმამაღალი ან მგრძნობიარე აღმოჩნდეს. მეორე შეტყობინება
თითქოს ახსენებს ბავშვს, „მომხედე, ნამდვილად ამის თქმა მსურდა”.

ზოგიერთი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს „მე–შეტყობინებას”,
მხრებს იჩეჩავს, თითქოს გვეუბნება „მერე რა!” მეორე უფრო ძლიერმა შეტყობინებამ შესაძლოა
თავისი საქმე გააკეთოს ან მშობელს დასჭირდეს შემდეგი შინაარსის მონოლოგი:

„იმას გიხსნი,
რას ვგრძნობ! ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია! არ მომწონს, როცა არ მისმენ. მეჯავრება, როცა
ყურადღებას არ მაქცევ და არც კი გინდა გაიგო, რას ვგრძნობ. ასე არ მიყვარს. ვფიქრობ,
რომ ასე მოქცევა უსამართლობაა ჩემს მიმართ, მაშინ, როცა პრობლემა მაქვს”.

ამგვარი შეტყობინება ზოგჯერ ბავშვის ყურადღებას იპყრობს,
თითქოს აფრთხილებს, „სერიოზულად გეუბნები!”.

ასევე ხშირად ბავშვები „მე–შეტყობინებას” „მე–შეტყობინებითვე”
პასუხობენ. იმის ნაცვლად რომ დაუყოვნებლივ შეცვალონ ქცევა, მათ სურთ გაგაგებინონ საკუთარი
გრძნობების შესახებ:

დედა:
ვერ ვიტან, როდესაც დალაგებული სასადილო ოთახი შენი სკოლიდან დაბრუნებისთანავე ირევა.
ძალიან მწყინს, რადგან ბევრი ვიწვალე დალაგებაზე.

შვილი: ვფიქრობ,
ზედმეტად წუხარ სახლის სისუფთავეზე.

ამ დროს ბევრი მშობელი (რომელსაც ჩვენი კურსები არ გაუვლია)
თავის დაცვას იწყებს და ღიზიანდება: „არა, სულაც არა”, „შენი საქმე არა არის”, „არ
მადარდებს, რას ფიქრობ ჩემი სტანდარტების შესახებ”. ასეთი სიტუაციების ეფექტურად მოსაგვარებლად
მშობლებს უნდა გავახსენოთ ჩვენი პირველი ძირითადი პრინციპი – როცა შვილს რაღაც აწუხებს
ან პრობლემა აქვს, გამოიყენეთ აქტიური მოსმენა. ჩვენ ამას „კბილანების შეცვლას” ვუწოდებთ
– კონფრონტაციის მდგომარეობის მოსმენის მდგომარეობით შეცვლა. განხილულ სიტუაციაში დედის
„მე–შეტყობინებამ” პრობლემა გაუჩინა შვილს (როგორც ხდება ხოლმე ამგვარი შეტყობინების
მიღებისას). ამიტომ სწორედ ახლა დროა შვილს აჩვენოს, რომ მისი ესმის და აღიარებს:

დედა: შენი აზრით,
ძალიან მაღალი სტანდარტები მაქვს და ზედმეტად ვდარდობ?

შვილი: კი.

დედა:
შესაძლოა, ასეა! ვიფიქრებ ამაზე. მაგრამ სანამ შევიცვლები, მანამდე ყოველთვის ძალიან
მეწყინება, როცა მთელ ჩემს შრომას წყალში გადაყრილს ვნახავ. ახლა ძალიან ნაწყენი ვარ
ამ ოთახის გამო.

ხშირად, როგორც კი ბავშვი მიხვდება, რომ მშობელს ესმის
მისი გრძნობების, ქცევას ცვლის. როგორც წესი, ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მისი გრძნობები ესმოდეთ – მხოლოდ მაშინ იწყებს
კონსტრუქციულ ქმედებას თქვენი გრძნობების
სასარგებლოდ.

მშობელთა უმრავლესობა გაოცებული მოწმეა იმისა, თუ როგორ
უწყობს ხელს აქტიური მოსმენა ბავშვს საკუთარი გრძნობების გამოხატვაში. თავის მხრივ,
ეს გრძნობები უკვე გასაგები ხდება მშობლისათვის და თავდაპირველი მიუღებლობის განცდა
ქრება ან იცვლება. წაახალისებს რა შვილის გრძნობების გამოხატვას, მშობელი სიტუაციას
სრულიად სხვაგვარი კუთხით განიხილავს. ჩვენ ვისაუბრეთ ბავშვზე, რომელსაც დაძინების
ეშინოდა. დედა ნერვიულობდა შვილის გამო და სცადა „მე–შეტყობინების” გამოყენება. როგორც
ბავშვთან საუბრით გაირკვა, მას ეშინოდა დაძინების, რადგან ეგონა, რომ თუკი ძილისას
პირს დახურავდა, დაიხრჩობოდა. ამ შეტყობინებამ მყისიერად იმოქმედა სიტუაციაზე და დედის
მიუღებლობის განწყობა გაგებითა და მიღებით შეიცვალა.

მშობლის მიერ აღწერილი კიდევ ერთი სიტუაცია გვიჩვენებს,
როგორ შეუძლია აქტიურ მოსმენას მშობლისეული „მე”–ს განცდის შეცვლა.

მამა:
ნაწყენი ვარ, რადგან სადილის შემდეგ ჭურჭელი დაურეცხავი დამხვდა. განა არ შევთანხმდით,
რომ ამ საქმეს შენ მიხედავდი?

იანი:
ისეთი დაღლილობა ვიგრძენი სადილის შემდეგ – წუხელ ღამის სამ საათამდე ვამზადებდი კვლევას.

მამა:
ესე იგი, არ იყავი სადილის შემდეგ ჭურჭლის რეცხვის ხასიათზე.

იანი:
არა. თერთმეტის ნახევრამდე ჩავთვლიმე და დაძინებამდე ვაპირებდი ჭურჭლის დარეცხვას.

მამა: ეგ სხვა
საქმეა.

 

„მე–შეტყობინების”
სხვაგვარი გამოყენება

შექების
ალტერნატივა

თავდაპირველად „მე–შეტყობინება” მშობლებს მხოლოდ მიუღებელი
ქცევის დროს ბავშვებთან კონფრონტაციის მიზნით გავაცანით. მრავალ მათგანს აინტერესებდა,
რატომ იყო შეზღუდული „მე–შეტყობინების” გამოყენება: „რატომ არ შემიძლია ასეთი შეტყობინების
გამოყენება შვილის მისაღები ქცევისას დადებითი გრძნობების გამოსახატავად?”

ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი დადებითი შეფასების
შემცველი შეტყობინებებს, ძირითადად ჩემი შეხედულების გამო, რომ ბავშვის შექება ხშირად
მანიპულაციური, ხოლო ზოგჯერ დესტრუქციულიც კი არის მშობელი–შვილის ურთიერთობისათვის.
ჩემი არგუმენტი დაახლოებით ასეთი იყო:

ხშირად ბავშვის
შექების მოტივაციას განაპირობებს მშობლის სურვილი გააკეთებინოს ის, რაც მისი აზრით
საუკეთესოა ბავშვისათვის. ან პირიქით, მშობელი აქებს შვილს იმ იმედით, რომ ბავშვი არ
გააკეთებს მშობლის აზრით არასასურველს და გაიმეორებს იმ „კარგ” ქცევას, რომლისთვისაც
დაჯილდოვდა მშობლის ქებით.

ფსიქოლოგებმა
ადამიანებსა და ცხოველებზე ჩატარებული ათასობით ექსპერიმენტით დაადასტურეს, რომ ჯილდოს
მიცემა კონკრეტული ქცევის განხორციელებისთანავე „განამტკიცებს” ამ ქცევას, ანუ ზრდის
ამ ქცევის განმეორების შანსს. ამრიგად, ჯილდოს შედეგი მოაქვს. ყოველი ჩვენგანი სიცოცხლის
განმავლობაში იმეორებს იმ ქცევებს, რომლებმაც წარსულში გარკვეული ჯილდო მოუტანა. ეს
ლოგიკურია. ჩვენ ვიმეორებთ ქცევას, რადგან წარსულში მათი საშუალებით საწადელს მივაღწიეთ,
სურვილი დავიკმაყოფილეთ – ჯილდო მივიღეთ.

შექება, რა თქმა
უნდა, ჯილდოს ერთ–ერთი სახეა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს უმრავლესობა. მაშინ რატომ
არ უნდა გამოვიჩინოთ სისტემატური ძალისხმევა და ბავშვები „კარგი” ქცევისათვის შევაქოთ?
რატომ არ უნდა დავსაჯოთ ბავშვები „ცუდი” ქცევისათვის, რაკი ვიცით, რომ სასჯელი სპობს
ქცევას – ამცირებს მისი გამეორების შანსს. (აქ დასჯაზე არ შევჩერდებით, მასზე მოგვიანებით
ვისაუბრებთ).

მშობელი–შვილის
ურთიერთობაში ერთ–ერთი ყველაზე დამკვიდრებული მოსაზრებაა, რომ ბავშვები უნდა შევაქოთ
„კარგი” ქცევისათვის. ბევრი მშობლისათვის მწვალებლობის ტოლფასია თვით ამ პრინციპის
ეჭვქვეშ დაყენება. მშობლის დამხმარე წიგნებისა და სტატიების უმრავლესობა ამ პრინციპის
გამოყენებას გვირჩევს.

მიუხედავად ამისა,
მრავალი მახე ელოდება მშობელს, რომელიც შექებას (და დაჯილდოების სხვა ფორმებს) ბავშვის
ქცევის ფორმირების საშუალებად იყენებს. პირველ ყოვლისა, ეფექტური რომ იყოს, ბავშვმა
შექება ჯილდოთ უნდა აღიქვას. ხშირად ასე არ ხდება. თუ მშობელი შვილს აქებს კონკრეტული
აქტივობისათვის, რომლიც მშობლის აზრით „კარგია”, ხოლო შვილის აზრით – არა, მაშინ ბავშვი
ხშირად უარყოფს, არ იღებს მას. 

მშობელი: შენ
ისეთი კარგი პატარა მოცურავე ხარ!

ბავშვი: იმის
ნახევარიც კი არ შემიძლია, რაც ლაურას.

მშობელი: ძვირფასო,
არაჩვეულებრივად ითამაშე!

ბავშვი: არაფერიც,
თავს საშინლად ვგრძნობ. უნდა მომეგო!

ბუნებრივია, ჩნდება
კითხვა: „თუკი „მე–შეტყობინება” უფრო კონსტრუქციული გზაა, რომ ბავშვს მშობლისათვის
მიუღებელი ქცევა შევაცვლევინოთ, შესაძლოა თუ არა ის დადებითი გრძნობების (მადლიერება,
სიამოვნება, მოწონება, შვება, ბედნიერება) კომუნიკაციის უფრო კონსტრუქციული გზაც გახდეს?” 

ჩვეულებრივ, თითქმის გამონაკლისის გარეშე, როდესაც მშობელი
შვილს აქებს, ეს „შენ–შეტყობინებაა”:

„ისეთი არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ!”

„არაჩვეულებრივად იმუშავე!”    

„რესტორანში ისე კარგად იქცეოდი!”

„სკოლაში გაცილებით უკეთესი შედეგები გაქვს!”

ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა შეტყობინება შეიცავს
ბავშვის განსჯას, შეფასებას.

შევადაროთ ეს შეტყობინებები „დადებით მე–შეტყობინებას”:

„ძალიან ვაფასებ, რომ ჩემი საქმე გააკეთე და ნაგავი
გაიტანე – დიდი მადლობა!”

„მადლობა, რომ შენს ძმას აეროპორტში დახვდი და მე აღარ
მომიწია წასვლა. ძალიან ვაფასებ შენს დახმარებას!”

„როცა მეუბნები, როდის დაბრუნდები სახლში, მშვიდად ვარ
და აღარ ვდარდობ შენზე”.

როგორც წესი, ალბათობა იმისა, რომ „დადებითი მე–შეტყობინება”
მანიპულაციისა და კონტროლისათვის გამოვიყენოთ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შექებისა,
რადგან გვაქვს ორი პირობა:


1.     

მშობელი შეგნებულად არ ცდილობს შეტყობინების გამოყენებას,
რომ ბავშვმა სასურველი ქცევა გაიმეოროს (ბავშვის მომავალი ქცევის შესაცვლელად).


2.     

შეტყობინება დროებითი, სპონტანური განცდის კომუნიკაციის
საშუალებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძნობა ნამდვილი და რეალურია აქ და ახლა. 

მშობლების ეფექტურობის წვრთნის (P.E.T.) მოდელის ამ კონცეფციით
გამდიდრება მშობელს არწმუნებს, რომ შეუძლია საკუთარი სპონტანური დადებითი გრძნობების
გაზიარება შექებისათვის დამახასიათებელი რისკების გარეშე. სამწუხაროდ, ადრე, როცა მშობლებს
შექების გამოყენების რისკების შესახებ ვაფრთხილებდი, მათ თავსატეხი გავუჩინე, იმედი
გავუცრუე და დადებითი გრძნობების კომუნიკაციის კონსტრუქციული გზა ვერ შევთავაზე.

 

როგორ
ავიცილოთ თავიდან ზოგიერთი პრობლემა?

შვილებთან უღრუბლო ურთიერთობისას (როცა ურთიერთობა ქცევის
ფანჯარაში უპრობლემო არეშია), შესაძლოა გსურდეთ ისეთი შეტყობინების გაგზავნა, რომელიც
მიუღებელ ქცევას მომავალშიც აგაცილებთ თავიდან.

ამგვარი პრევენციული, გამაფრთხილებელი მე–შეტყობინების
მიზანია ბავშვებს წინასწარ აცნობოს მშობლის გეგმების, მოთხოვნილებებისა და სხვათა შესახებ:

„ჩემი ონლაინ კურსი მაქვს დასამთავრებელი, ამიტომ უნდა
მოვილაპარაკოთ, როგორ „გავიყოფთ” კომპიუტერს ამ შაბათ–კვირას”.

„სანამ სამოგზაუროდ წავალთ,  უნდა გადავწყვიტოთ, რისი გაკეთებაა საჭირო, რომ
დრო გონივრულად გავანაწილოთ”.

„მინდა ვიცოდე, როდის ვაპირებთ სადილს, რადგან ტელეფონით
მაქვს მოსაგვარებელი ერთი საკითხი”.

ამგვარი დაჟინებული შეტყობინებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის
ისეთი შედეგიანი არ არის, როგორც მშობელს სურს, მაგრამ უკეთესია, ბავშვებმა წინასწარ
იცოდნენ, რის გაკეთებას ვაპირებთ, ვიდრე მიუღებლად მოიქცნენ და არ გაითვალისწინონ ჩვენი
მოთხოვნილებები. პრევენციულ მე–შეტყობინებას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ბევრი კონფრონტაცია.

ბავშვები ხვდებიან, რომ მათი მშობლები ადამიანები არიან
– ეს არის პრევენციული მე–შეტყობინების კიდევ ერთი ცხადი შედეგი; სხვების მსგავსად
მათაც აქვთ მოთხოვნილებები, სურვილები, პრიორიტეტები. ასეთი შეტყობინების საფუძველზე,
კონკრეტული მითითების გარეშე, ბავშვი ისე იქცევა, რომ მშობელს ასიამოვნოს.

ქმართან გაშორებულმა დედამ, რომელიც მარტო ზრდის სამ
თინეიჯერ ვაჟს, გვიამბო, როგორც გაუგზავნა პრევენციული შეტყობინება ერთ–ერთ მათგანს
სასკოლო ღონისძიების შესახებ:

„დენი უფრო ახლოსაა
ჩემთან – შემიძლია ვუთხრა საკუთარი განცდების შესახებ. დენს სურდა საღამოს სკოლაში
წავსულიყავი, რადგან გიტარაზე უნდა დაეკრა და ემღერა. მანამდე არასოდეს ვყოფილვარ სკოლაში
და ვგრძნობდი, რომ წასვლა არ მინდოდა – მეგონა მარტო ვიგრძნობდი თავს, რადგან არავის
ვიცნობდი. „დენ, აქამდე არასდროს ვყოფილვარ შენს სკოლაში შეხვედრაზე და ვნერვიულობ,
რადგან არავის ვიცნობ. იქნება, დამეხმარო!” ჰოდა, დამეხმარა! ბევრი უცნობი გამაცნო
და ჩაიც მომიტანა. მან ნამდვილად იზრუნა ჩემზე!”

 

როგორ
გვეხმარება მე–შეტყობინება პრობლემის გადაჭრაში?

დავუბრუნდეთ სამ–ნაწილიან კონფრონტაციულ მე–შეტყობინებას.
პრობლემა, რომელსაც მშობლები ამგვარი შეტყობინების გამოყენებისას აწყდებიან იმაშია,
რომ ზოგჯერ ბავშვი უარს ამბობს საკუთარი ქცევის შეცვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად
ესმის მისი გავლენა მშობელზე. ზოგჯერ ყველაზე მკაფიო მე–შეტყობინებაც კი უშედეგოა
– ბავშვი არ ცვლის იმ ქცევას, რომელიც ეწინააღმდეგება მშობლის მოთხოვნილებებს. ბავშვის
კონკრეტული ქცევის მოთხოვნილება ეჯახება მშობლის მოთხოვნილებას შეაცვლევინოს მიუღებელი
ქცევა.

ჩვენ ამას მოთხოვნილებათა
კონფლიქტს ვუწოდებთ. ასეთი კონფლიქტი გარდაუვალია პიროვნებათაშორის ურთიერთობაში
და ჭეშმარიტების მომენტად არის ცნობილი.

ამგვარი კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიება ჩვენი წიგნის
მთავარი მიზანია და მის განხილვას მეცხრე თავიდან დავიწყებთ.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი