შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოჩვენებებს სისხლი აქვთ?

ერთ ლამაზ პლანეტაზე მოჩვენებები ცხოვრობდნენ (ჯანი როდარი, „მოჩვენებების პლანეტა“). საერთო გასაჭირი აერთიანებდათ, ადამიანებს მათი აღარ ეშინოდათ. დამავიწყდა მეთქვა, იმ პლანეტაზე ხალხიც იყო. დაიწყებდა ერთი მოჩვენება ღამ-ღამობით ჯაჭვებით თამაშს და ბიძია კალიონტე დაუძახებდა:

  • დაზეთე ეგ ოხერი ჯაჭვი, დაგიძველდა, ვერ ხედავ?

არადა, წესით, კალიონტეს შიშისგან ცახცახი უნდა დაეწყო.

ან აგერ მეორე მოჩვენება დაიწყებდა თეთრი ზეწრის ფრიალს და იქითა კუთხეში მცხოვრები პატარა ბიჭი მთელ საქმეს აფუჭებდა:

  • გარეცხე დეიდა ნამი, ეგ ზეწარი, გაშავდა უკვე.

ჰოდა, ერთ ღამესაც შეიკრიბნენ პლანეტის მოჩვენებები და თქვეს, რა ვქნათო?

დიდი ბჭობისა და კამათის შემდეგ გადაწყვიტეს სხვა პლანეტაზე გადაბარგებულიყვნენ. ერთმა მხცოვანმა მოჩვენებამ უთხრა, ბავშვობაში გამიგია, პლანეტა დედამიწა არსებობს და იქ ძალიან მშიშარა ხალხი ცხოვრობსო. ჰოდა, მაგას რა სჯობიაო, აყაყანდნენ მოჩვენებები, წავიდეთ და შევაშინოთო.

– არც მასე მარტივად არის საქმე, განაგრძო მოჩვენებამ. იმ პლანეტაზე ადამიანებთან ერთად კატებიც ცხოვრობენ…

– კატებიიი? აკანკალდნენ სხვები.

– დიახ, კატები, რომლებიც ინტუიციით ყველგან მოგვაგნებენ და აქეთ შეგვაშინებენ.

– და განაგრძო, დედამიწაზე ადამიანებს გოგირდი აქვთ.

– აუუუფფფ, – ერთხმად აღმოხდათ დანარჩენებს.

ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინათ, რადგან, თურმე, გოგირდის ფხვნილით ძველთაგანვე მოჩვენებებს აშინებდნენ.

გოგირდი დედამიწაზე მართლაც არის. დედამიწის ქერქის მასის 0,05%-სა და ზღვის წყლის 0,08%-ს შეადგენს. გვხვდება როგორც თავისუფალი (თვითნაბადი), ისე ნაერთების სახით. სამრეწველო მნიშვნელობის ნაერთებია პირიტი (FeS2), თუთიის კრიალა (ZnS), თაბაშირი, გლაუბერის მარილი  (CaSO4•2H2O) (Na2SO4•2H2O).

გოგირდს შეიცავს აგრეთვე, ნავთობი, ბუნებრივი აირები, ქვანახშირი, მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმები. ადამიანის ორგანიზმში მისი შემცველობა 0,16%-ია (მასით).

გოგირდის მარაგის შევსება ადამიანს ხახვით, პრასით, ნივრით შეუძლია. სამივე უძველესი დროის ბოსტნეულია და უამრავი სიკეთის მომტანი ჩვენი ორგანიზმისთვის.

თავად გოგირდზე ალქიმიკოსების დროიდან ლეგენდები დადიოდა. სწორედ მას თვლიდნენ ოქროს მიღების ერთ-ერთ უტყუარ საშუალებად და მასსა და ვერცხლისწყალს შორის მიმდინარე რეაქციაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.  წინა წლების სტატიებში ამაზე უამრავჯერ დამიწერია და აქ თავს აღარ შეგაწყენთ.

თუმცა, ის კი ნამდვილად უნდა დავწერო, რომ ქართველი ქიმიკოსი მეფე ვახტანგ მეექვსე გოგირდს თავის წიგნში არაერთ ჩანაწერს უძღვნის.

მეფე წერს, რომ…

„გოგირდი, ერთი ქარვას გავს, ერთი ყვითელია, ერთი მოშაო და ტრედის ფერი. იტყვიან, წითელიც იყოს მადანი, მაგრამ ქიმიანიც გააკეთებს წითელს და ყვითელიც ბევრ რიგია: ზოგი ნაჭეია, ზოგი მრგვალი და გრძელია, ზოგი სხვა როგისა, მაგრამ ამ ყვითელს, ყველას ერთი ხასიათი აქვს და რაც ზეთი, რომ დაგვიწერია, ამ ყვითლის მეტი სხვა არ ვარგა, თუმცა თეთრიც კარგია“.

გოგირდის გასუფთავების არაერთი მცდელობაა აღწერილი. თუმცა, ზოგიერთი გადაუმოწმებელია.

„მოიტანე ქერის ფქვილი და ცომად მოზილე. მერმე საოქრომჭედლოს კოჭობსავით გააკეთე, შიგ ხაში გოგირდი ჩაყარე. მერმე იმავ ქერის ფქვილით კოჭობის პირი მოუგლისე, მერმე მოიტანე ან ქვის ქვაბი, ან თიხისა, საპნის წყლით აავსე. მერმე მოიტანე ის ქერის ფქვილის კოჭობა და მჩვარი შემოახვიე, რომ წყალში არ გაიშალოს. მერმე იმ ქვაბის პირზედ ჩხირი გასდევ. შიგ მასთულით ასე ჩაჰკიდე ეს კოჭობი, რომ იმ წყალში შუაზედ იდგეს. მერმე ცეცხლზედ შემოდგი. ადუღე ცხრა საათს. მერმე გარდმოსდგი. ის კოჭობი ამოიღე, გახსენ ფიალაში, ასე, რომ შიგ არა გაერიოს-რა. გოგირდის ზეთი იქნება, შეინახე“.

აქ გოგირდის გაწმენდის თავისებური მეთოდია მოცემული. გამდნარი გოგირდის მინარევები (ქვიშის ნაწილაკები და სხვა) მიეკვრება ქერის ცომიდან გაკეთებული კოჭობის შიგა კედლებს. თუმცა, ამისთვის საჭიროა გოგირდის გადნობა. გოგირდი 115.2 გრადუსზე დნება, ამიტომ გასადნობად არ იკმარებს საპნიანი წყლის დუღილის ტემპერატურა, რომელიც დიდად არ აღემატება 100 გრადუსს. ამრიგად წარმოდგენილი მეთოდი ვახტანგ VI-მ ალბათ  შეუმოწმებლად შეიტანა თავის კრებულში.

ან კიდევ:

„მოიტანე ის გოგირდი ქარვას, რომ ჰგავს მისხალი სამი. ოთხი-ხუთი კვერცხის გინდა ყვითელი გული, გინდა ცილა შიგ აურიე, კარგა ერთმანეთში დაზილე. მერმე მოიტანე ერთი მინა შემომიწე და შიგ ჩაყარე. იმ მინას შიგ ქალის თმა დაუცევ პირში ფომფლეთ და გარეთ იმ თმას წვერები ჩამოაშვებინე. მერმე ერთი ქურსის ჯამის ძირი გახვრიტე და მაღლა დადგი. იმ მინის ყელი თავდაღმა შიგ გაუყარე და იმ მინისა და იმ ჯამის შეწყობაში ტალახი მიწისა შემოაკარ, ქვეშ არა ჩაცვივდეს რა. ქვეიდან იმ მინის პირს ფიალა შეუდგი. ზეიდამ იმ ჯამში ნახშირის მიწა და ფეინი მშრალი დააყარე; ცეცხლი მიეც, რომ გათენებამდინ ცეცხლი არ დააკლდეს. იმ ფიალაში ზეთი ჩამოვა და შეინახე“.

აქ გოგირდის ზეთის ქვეშ ნაგულისხმევია გამდნარი გოგირდი. აღწერილია გოგირდის გასუფთავების ორიგინალური გზა. მართლაც, თუ კვერცხის გულში ან ცილაში გოგირდს ავურევთ, გაცხელებისას კვერცხის გული/ცილა შეიკვრება. გამდნარი გოგირდის გამოჟონვის დროს მექანიკური მინარევები შეკრული კვერცხის გულსა ან ცილაში დარჩება. 115.2 გრადუსზე გამდნარი გოგირდი მიიღება მოძრავი სითხის სახით, რომელიც ადვილად ჩამოედინება თმის ბეწვებზე.

რამდენიმე ექსპერიმენტი გოგირდის გაწითლებას ეხება:

„ერთი რიგი გოგირდის გაწითლება ასე არის: მოიტანე ზეთისხილის ზეთი, რა ერთიც გინდოდეს, მინაში ჩაასხი და შიგ სინგური წმინდად გალესილი ჩაასხი. მერმე დანაყილი გოგირდი ჩაყარე, კარგად ადუღე ბევრი. მერმე გადმოიღე, გააციე, ზეთი გარდმოასხი. შიგ წითელი ყურსი იქნება. თბილი წყლით ამთენი რეცხე, ზეთი აღარ ეცხოს. წითელი გოგირდი იქნება“.

ზეთის დუღილის ტემპერატურა აღემატება გოგირდის დნობის ტემპერატურას. ამიტომ, გოგირდი გადნება მდუღარე ზეთში. გამდნარი გოგირდი შეერევა სინგურს (წითელი ფერის ბუნებრივ მინერალს). გაცივების შემდეგ გოგირდი გამყარდება. სინგურის შემცველობის გამო მას წითელი შეფერილობა მიეცემა.

გაკვეთილის მსვლელობისას ვახტანგისეულ ცდებს, ბუნებრივია, ვერ გააკეთებთ, თუმცა, ალბათ მოსწავლეებმა ქართველი ქიმიკოსი მეფის ნააზრევი უნდა იცოდნენ. მით უმეტეს, რომ ისტორიას ასეთი სულ ორი მეფე ჰყავს (სხვა არ შემხვედრია მრავალრიცხოვან ჩანაწერებში) – ვახტანგ მეექვსე და ესპანელი ფილიპე მეორე. ეს მეფეები ლაბორატორიაში ექსპერიმენტებზე თავადაც მუშაობდნენ. სხვა მეფეები კი უბრალოდ ალქიმიკოსებსა და შემდეგ უკვე ქიმიკოსებს ამუშავებდნენ და შესაბამისი ანაზღაურებით უზრუნველყოფდნენ.

ჰოდა, იმას ვამბობდი: მოდით, გაკვეთილზე გოგირდი გავალღოთ. ავიღოთ სინჯარა, ჩავყაროთ გოგირდის ყვითელი ფხვნილი და სპირტქურის ალი მივუმარჯვოთ. ძალიან მალე გოგირდი ლღობას დაიწყებს და ყვითელი ფერი მოყავისფრო შეფერილობით შეიცვლება. ბოლომდე გავალღოთ და შედეგად შავი ფერის წელვად ბლანტ მასას მივიღებთ, რომელიც ჩავასხათ ცივი წყლით სავსე ჭიქაში. მიღებული მასა პლასტიკური გოგირდი იქნება. პლასტიკური გოგირდი იწელება და თავისი თვისებებით რეზინას წააგავს. გაცივებისას პლასტიკურობა იკარგება და გოგირდი ჩვეული, რომბული გოგირდის  მდგომარეობაში გადადის. ამაზე ფერის ცვლილებაც მიუთითებს, ყვითელი ფერი ნელ-ნელა კვლავ დაბრუნდება.

 

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მოჩვენებებმა რა გადაწყვიტეს?

შესაძლო ფინალი #1

გამოფრინდნენ პლანეტა დედამიწაზე და მას შემდეგ კარგადაც ხალისობენ, რადგან დედამიწელები მართლაც მხდალები აღმოჩნდნენ და მოჩვენებების დღემდე ეშინიათ.

 

შესაძლო ფინალი #2

გამოფრინდნენ პლანეტა დედამიწაზე, მაგრამ შუა გზაზე მოჩვენებათა სხვა გუნდი შეხვდათ, რომლებიც დედამიწიდან გამორბოდნენ.

რად გამორბიხართო, ეს ჩვენი გუნდი დაინტერესებულა. იქ აღარ დაიდგომებაო, იმ სხვებს უპასუხიათ. ჰაერში გოგირდის ოქსიდებია და წყლის ორთქლთან ერთად მჟავასაც წარმოქმნიანო. კიდევ, გოგირდის ოქსიდი (SO2) ძლიერი მათეთრებელი მოქმედებით ხასიათდება. ამ აირით სავსე ჭურჭელში ჩაშვებული წითელი ვარდიც კი  ფერს კარგავსო. ჰოდა, ისედაც თეთრები ვიყავით და სულ გავიცრიცეთ. სანამ მთლიანად  უფერულები არ  გავმხდარვართ, გავრბივართო.

ჩვენი მოჩვენებები შეშინებულან, თუმცა უარესიც მოისმინეს: გოგირდწყალბადიც ბლომად არისო. გოგირდწყალბადის მომწამლავი მოქმედება ის გახლავთ, რომ მეტალებისადმი დიდი ქიმიური სწრაფვის გამო, შლის ჰემოგლობინს და მასში არსებული რკინა სულფიდში გადაჰყავსო, რომლის დამახასიათებელი ნიშანია მოშავო-მწვანე ფერის წარმოქმნა. გოგირდწყალბადით მოწამლულს ჟანგბადს ასუნთქებენ, ზოგ შემთხვევაში კი ხელოვნური სუნთქვაა საჭიროო.

არ ვიცი, მოჩვენებებს სისხლი აქვთ თუ არა; ან გინდაც ჰქონდეთ – არის თუ არა მასში ჰემოგლობინი და რკინა. ფაქტი კი ისაა, რომ მაინც შეშინებიათ და უკან მოუხედავად გაფრენილან.

სად გაფრინდნენ?

რა ვიცი, სადმე კოსმოსში…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი