პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის ცხოვრება და შეცდომები

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პიროვნული ზრდა მნიშვნელოვანი რამაა. ყოველი გაკვეთილის ჩატარება ნიშნავს, ასწავლო და ისწავლო, გაუზიარო და გაიზიარო და მაინც, მასწავლებლის ცხოვრება „ცდისა და შეცდომის“ ერთი დაუსრულებელი ამბავია.

ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეკითხები, რა სწყინთ პედაგოგებისგან, რა უხარიათ, რა ახსოვთ და როგორი მასწავლებლები იქნებოდნენ თვითონ, ეს პროფესია რომ აერჩიათ. პასუხები გონივრული და დამაფიქრებელია. როგორც ჩანს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა საერთო ადამიანური სიკეთეცაა და შეცდომებიც, რომლებიც ნაგვაზაოს მათემატიკის მასწავლებელმაც და ლუცერნის ქიმიის პედაგოგმაც ერთნაირად შეიძლება დაუშვან.

გთავაზობთ, ერთგვარ ვარიაციას რიჩარდ ფელდერის „მასწავლებლის 10 ცნობილი შეცდომის შესახებ“.

 

  1. „დავიწყოთ ბოდიშით!“ – მოსწავლეები ვერ იტანენ დაუმსახურებელ შენიშვნას. ეს ადამიანურია, მაგრამ განსაკუთრებით აწუხებთ შემთხვევები, როდესაც პედაგოგი საკუთარ შეცდომას არ აღიარებს. მოსწავლემ მითხრა, რომ არ ავიწყდებოდა ისტორიის მასწავლებლის შეცდომა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისის თარიღად მასწავლებელმა 1942 წელი დაასახელა. შევუსწორე და 1939 წელი ვუთხარი, არ დამიჯერაო. მასალაც მივუტანე და ყვირილი დამიწყო, როგორ ბედავ შესწორებას, როგორც გასწავლი ისე ისწავლეო. არადა, რა მარტივია აღიარო, რომ შეგეშალა და პატიება ითხოვო?
  2. მასწავლებლის ხელწერა – მახსოვს, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ლექციიდან გამოსულს უფროსკურსელი ნაცნობი შემხვდა. იქეთური, აქეთური და მკითხა, მოგწონს სწავლაო? ვუპასუხე, რომ მომწონდა. თამილა თუ გასწავლისო? დავეთანხმე და უცებ, ლექტორის ხმით დაიწყო პირველი ლექციის იმიტირება. ზუსტად ერთი-ერთში, იგივე „ხუმრობა“, ემოცია და სიტყვები. 15 წელია ამ საგანს კითხულობს და ამოოხვრაც კი დაზეპირებული აქვსო, იცინოდა.
  3. განვითარება – მასწავლებლების ნაწილს გვავიწყდება, რომ ცხოვრების დინებასთან ერთად თითქოს სტატიკური და უცვლელი ამბები იცვლება. ფერმას თეორია შეიძლება ვინმეს ამოხსნილი ჰქონდეს, როცა შენ ამოუხსნელი გეგონა, მხატვრული ლიტერატურის ათასჯერ გააზრებული ტექსტი შენშივე შეიცვალა, შენი მსოფლმხედველობა გადახალისებას საჭიროებს. ეს დინამიკასაც ჰმატებს გაკვეთილს და პროცესიც საინტერესო ხდება. აბა, როგორი მშვენიერი სავარჯიშოა ხან ვარსქენის მხარეს იდგე და ხანაც მისი უტეხი ცოლის?
  4. არასწორი ინფორმაცია – ხშირად, ნებით თუ უნებურად, პედაგოგი უშვებს შეცდომას. არასწორად ისწავლა, დაავიწყდა, ცუდი ინტერპრეტაცია მოახდინა საკითხის ან არ იცის სიღრმისეულად რაზეც ლაპარაკობს. ასეთი „ცოდნის“ მიცემას სჯობს პასუხისგან თავი შევიკავოთ. მქონდა შემთხვევა, როდესაც ძალიან ცნობილ მხატვრულ ტექსტზე მითხრა სტუდენტმა, თქვენი აზრი გვითხარითო. ჩემი გამოუცდელობით და იმით, რომ წაუკითხაობის შემრცხვა, ისეთი ფაქტობრივი არეულობები დავაბრეხვე, გვარიანად შევრცხვი. მოგვიანებით გადავიკითხე ეს ტექსტი და მოვუბოდიშე.
  5. საკუთარ თავზე ზედმეტის აღება – ადამიანური რესურსი ამოწურვადია. მასწავლებლები ყველაზე დაუნდობლად ვექცევით საკუთარ ჯანმრთელობას. ცხადია, ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ცნობილი გამოთქმა Workaholic თუ ვინმეს მისადაგება ხოლმე, ეს რეპეტიტორებია. ემოციური და შრომითი გადაღლა კი შედეგზეც აისახება. სწავლა უპირველესად ბედნიერების პროცესია, გადაღლილი ადამიანი კი ბედნიერებას ხშირად შორდება. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა დაისვენოს.
  6. პირდაპირი პასუხები ყველა შეკითხვაზე – ბავშვებს მოსწონთ, როდესაც სააზროვნო სივრცეს ვუტოვებთ. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიიყვანოს მოსწავლე/სტუდენტი გზის გასაყართან, მაგრამ საბოლოო პასუხების გადაჭრით და უპირობოდ მიწოდება სხვისი პიროვნების დათრგუნვას იწვევს. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც მინდობილია პედაგოგს, ეს უკანასკნელი კი თავს ახვევს ღირებულებებს (ზოგჯერ გაუგებარსაც კი). დათრგუნული და უპიროვნებო ნასწავლი ბავშვის აღზრდა დიდი ბედენა საქმე არ მგონია.
  7. გაუთავებელი ლაპარაკი საკუთარ თავზე – ცოტა რამ თუ აღიზიანებთ მოსწავლეებს ისე, როგორც თქვენი რძლის მულის ისტორიების მოსმენა. მოსწავლეები დიდად არც საკუთარ წარსულზე ამბების მოყოლით ტკბებიან. გაკვეთილიდან „გადახვევა“ და ცოცხალი დიალოგი სწავლის აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ ამას თუ პერმანენტული ხასიათი აქვს, თქვენი მოსწავლეები ძალიან დაითრგუნებიან.
  8. განსხვავებული აზრი – რაც ძალიან აწუხებთ მოზარდებს, საკუთარი, თუნდაც სრულიად დაუსაბუთებელი აზრების გამოთქმის პრობლემაა. როგორც გავარკვიე, ბევრ პედაგოგს უბრალოდ არ შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა და ამის გამო ნიშანსაც აკლებს მოსწავლეს. ბავშვები კი დასკვნებამდე სწორედ ასეთი სწორი/არასწორი მსჯელობებით მიდიან. ცხოვრების გზა ხომ მრავალფეროვანია. განსხვავებული და მიუღებელი აზრის მოსმენა კი დემოკრატიული და განვითარებული საზოგადოების ნიშან-თვისებაა.
  9. გამიჯნეთ ცოდნა ქცევისგან – რთული ბავშვები ნიჭიერებიც არიან ხოლმე. ბევრ მათგანს აწუხებს, რომ მასწავლებელი მათი ცოდნის შეფასებისას „ხმაურობდი და ნიშანს დაგაკლებ“ მეთოდოლოგიას იყენებს. ეს ქცევის კორექციისკენ კი არა სწავლის მოტივაციის დაქვეითებისკენ მიმართული ნაბიჯია.
  10. ილაპარაკეთ გასაგებად – მოსაწყენი გაკვეთილების დიდი ნაწილი პედაგოგის დანაშაულია. მახსოვს, ქიმიას სახელმძღვანელოს ავტორი მასწავლიდა. კლასის უმეტესობა მის ახსნილს ვერ იგებდა. ერთხელ პირდაპირ ვთხოვე პედაგოგს, უფრო გასაგები და ცხადი მაგალითები მოეშველიებინა და კლასიდან გამაგდო. ბოლოს ისე მოხდა, გაგდებულები დარჩენილებზე მეტნი აღმოვჩნდით და მასწავლებელიც შეგვიცვალეს.
  11. მოუწესრიგებელი მასწავლებელი – მოსწავლეები დიდ ყურადღებას აქცევენ მასწავლებლის ქცევას. რამდენად ხშირად აგვიანებს, იყენებს თუ არა ტელეფონს კლასში ყოფნისას. ხომ არ ჭამს მზესუმზირას ან გოგრის მარცვლებს მოსმენისას, ხომ არ იქექება ცხვირში და მეტიც, ხომ არ აგდებს სიგარეტის ნამწვს (ცხადია, სკოლის გარეთ) ძირს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ბავშვები ყველაფერ ამას „ლუპით“ აკვირდებოდნენ.
  12. ირიბი შეურაცხყოფა – მქონდა შემთხვევა, როდესაც მოსწავლემ ასეთი ამბავი მოგვიყვა კლასს – ემოციურ ნიადაგზე გოგონამ საჯაროდ იტირა. ამბავი განხილვის საგანი გახდა და პედაგოგმა შენიშვნა მიიღო, მაგრამ წყენა ვერ დაივიწყა. როდესაც სხვა მოსწავლეს დაფასთან იძახებდა, დაამატებდა ხოლმე, ოღონდ ბღავილი არ ატეხო, შენი ჭირიმე, ხომ იცი ამის გამო სკოლიდან გამაგდებენო. ამ გადაკრული, „ნართაული“ ნათქვამის სამიზნე ოდესღაც ატირებული გოგონა იყო. ბავშვი სტრესის ქვეშ აგრძელებდა სწავლას. თითქოს პირდაპირ მას შეურაცხყოფას არავინ აყენებდა, მაგრამ, როცა კლასი იცინოდა, ყველამ იცოდა, ვის გულისხმობდა პედაგოგი.
  13. მოსწავლის სახელი და გვარი – „შენ, წითელკაბიანო“, „გამოახედე ერთი ეგ, შენ გვერდით რომ ზის, ბოლოს წინა მერხზე, მარჯვნივ!“. რაც ძალიან მაგრად მიჭირს სახელების დამახსოვრებაა, მაგრამ მასწავლებელმა მაინც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა მოსწავლის სახელი და გვარი. ამისთვის საუკეთესო მეთოდი ბავშვებთან პირადად და დიდხანს საუბარია. ასეთი კონტაქტისა და გახსნილობის შემდეგ, სახელები უფრო ადვილად გვამახსოვრდება.
  14. მუქარა – მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ყველა გაუგებრობა უნდა გადაიჭრას, თუნდაც ამას რამდენიმე გაკვეთილის ჩაშლაც დასჭირდეს. პედაგოგებს ხშირად ადამიანური სისუსტე და ემოციურობა წაგვძლევს ხოლმე და ბავშვს, მოსწავლეს ირიბად ვემუქრებით „გნახავთ წლის ბოლოს“, „ნიშანზე ჩემთან მოხვალ“ და სხვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი სტრესი მოსწავლისთვის ძალიან დამთრგუნველია. არასოდეს დაემუქროთ მათ, ვისაც ასწავლით.
  15. მოსთხოვეთ მოსწავლეს ოდნავ მეტი, ვიდრე შეუძლია – გურამ დოჩანაშვილის რომანში „სამოსელი პირველი“ არის გენიალური და ერთი შეხედვით გაუგებარი ადგილი, როდესაც მენდეს მასიელი როხასს, ვისაც ტვიაც მოხვდა, ცხენმაც გადმოაგდო და მზემაც დააჭირა, რთული დავალების შესასრულებლად უშვებს. ადამიანმა უნდა ირწმუნოს, რომ მეტი შეუძლია. ეს „მეტი“ აუცილებელი წინაპირობაა განვითარებისთვის, რომელშიც, აუცილებლად ჩვენ, მასწავლებლები უნდა დავეხმაროთ ბავშვებს.
  16. განუმარტეთ ბავშვებს ცუდი ნიშანი – ყველა ადამიანს ჰგონია, რომ მისი შრომა ისე არ ფასდება, როგორც იმსახურებს. მოსწავლეებს განსაკუთრებით ედარდებათ ხოლმე დაბალი ნიშანი. არ დაიზაროთ და დეტალურად განუმარტეთ ბავშვებს, რატომ უწერთ დაბალ ქულას.
  17. იდარდეთ ბავშვების ნაცვლადაც – ხშირად მსმენია, რომ მასწავლებელი იტყვის „არ მაინტერესებს, როგორ გააკეთებ ამას, გააკეთებ!“ ბავშვისთვის გაუგებარია თანაგანცდის ასეთი უუნარობა ადამიანისგან, ვისაც ის აზრს ეკითხება. ხშირად ჰკითხეთ მოსწავლეებს, რამე პრობლემა ხომ არ აქვთ. შეიძლება ასეთ დროს თქვენ სიცოცხლე გადაარჩინოთ.
  18. გაკვეთილზე მოუმზადებელი მისვლა – თითქოს რაღა მომზადება სჭირდება მასწავლებელს, ვინც ტარაკნის თვალის აგებულებაზე უნდა ელაპარაკოს მოსწავლეს და ეს ამბავი კი 1000-ჯერ მაინც მოუყოლია, მაგრამ ასე არაა. გაკვეთილზე შესვლა განწყობით იწყება. სწორი განწყობა კი გადამდებია და მოტივაციას აათმაგებს.
  19. ხისტი წესრიგი – „დანელია, როდესაც მე ვლაპარაკობ, მაგ რვეულში კუბიკები კი არ უნდა ხატო, თავი უნდა ასწიო და თვალებში მიყურო, რომ მაგ უტვინო თავში რაღაც შევიდეს. მე მეორედ აღარ ავხსნი!“ ამ გადამეტებულად გამძაფრებულ მაგალითში 3 სიმართლე და 2 ტყუილია. ტყუილი გვარი და თვალებში ყურებაა და ეს ისტორიაც მოსწავლემ მოჰყვა. ყველა ჩვენგანს მოსმენისა და ფიქრის, დაღლილობის გამოხატულებისა და თავის გართობის ჩვენეული ხერხი გვაქვს. ხისტად მოწესრიგებული გარემო ასევე სტრესია ბავშვისთვის და შინაგანი რესურსის სწრაფ განლევას იწვევს. მასწავლებლის მთავარი დანიშნულება კი ბავშვის გადატვირთვა არაა. მახსოვს, ჩემი საყვარელი მათემატიკის მასწავლებელი მეუბნებოდა ხოლმე – ცოდნის მიღება იმ პრეპარატივითაა, ზომიერად რომ კურნავს და უზომოდ წამლავსო.
  20. დისტანციის დარღვევა მოსწავლესთან – „ჯიგარი მასწავლებელი“ ზედმეტად გაშინაურებული მასწავლებელი არაა. რაც უნდა იყოს, მოსწავლესა და პედაგოგს შორის აუცილებელია ფარული დისტანცია. ამ ზღვრის დადგენა შინაგან სენსორებზეა დამოკიდებული. თუ ზედმეტად შორია ეს დისტანცია, გაუცხოებას იწვევს, ზედმეტი სიახლოვე კი – გაუბრალოებას!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი