შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კაკო

„იცოდეს, ყველამ იცოდეს,

ღვინის ტრფიალი როდი ვარ,

მე სიყვარულის ლოთი ვარ…“

კაკო თოლორაიას, ბებიაჩემის ძმას, ჰყვარებია ამ ლექსის შემოძახება სუფრაზე და მე კი იმდენად არ მახსენდება, ჩვენი თანდასწრებით ეთქვას, მაგრამ შეხუმრებული დისშვილ-ძმისშვილები რომ წამოახსენებდნენ, კეთილი ღიმილი გადაეფინებოდა ხოლმე სახეზე.

ლექსის ავტორი არ მიძებნია. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებდა. მგონი, არც კაკო ბიძიას ახსოვდა. სტუდენტობიდან ჩარჩენოდა და ტკბილ, ბოჰემურ დროს აგონებდა, როცა მას, როგორც მისი თაობის ბევრ სტუდენტს, წილად ხვდა პატივი და ბედნიერება, შინამდე მიეცილებინა ნამთვრალევი გალაკტიონი.

– ლომი ვიყავ, დოდო, ლომი! – უფრო მეუღლის გასაგონად კი არა, თავისი სიჭაბუკის, აუშლელი ქეიფებისა და დაუვიწყარი წუთების მოსაგონებლად შემოსძახებდა და ყველას აიტაცებდა თავისი დარდიმანდული გულგახსნილობით.

სიცოცხლის ბოლო თხუთმეტი წელი ნამდვილი ქრისტიანის ყოველდღიურობით იცხოვრა. ცდილობდა, შვილებს მიმსგავსებოდა – სამი ვაჟიდან სამივე ეკლესია-მონასტრის გზაზე რომ შეიგულა, თვითონაც აენთო მოშურნეობით: მეუღლესთან ერთად წირვა-ლოცვებზე საათობით იდგა თავის ამორჩეულ ადგილას და ყურადღებით უსმენდა მსახურებასა და ქადაგებას; მახსოვს, ერთხელ, ტრაპეზობისას, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი როგორ შეეხუმრა: კაკო, თქვენ ისეთი მადლიანი კაცი ხართ, ასე რომ ცხოვრობთ და ასეთი შვილები რომ ლოცულობენ თქვენთვის, როცა იქნება, სამოთხეში სულ სიმღერით შეხვალთო – „ეს წყარო და ეს მინდვრები ჩემია…“

არქიმანდრიტის ეს სიტყვები გამახსენდა, როცა ბიძაჩემთან ერთად უკანასკნელად ვნახე კაკო თოლორაია. ვიცოდი, რომ უკვე მოწევნილ იყო ჟამი, მაგრამ ბერიკაცისგან ასეთ სიმშვიდეს, ამა სოფლიდან განსვლისწინა გონების სიწმინდეს და ღმერთთან მიახლებული კაცის არაამქვეყნიურ სიბრძნეს მაინც არ მოველოდი. უცებ თითქოს ერთმანეთს შეენივთა ის თოვლის ბაბუა, რომლის გამოჩენაც სულ პატარაობისას და მერეც გამოუთქმელ სიხარულს გვანიჭებდა, საიმედო კაცი, რომელიც ჩვენი ოჯახების სიდუხჭირესა და უიმედობას ერთი ნუგეშიანი სიტყვით ამსუბუქებდა, ქეიფისა და პურობის მადლასხმული ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ – და განსაკუთრებით იმ ერთხელ, აბაშაში, თავისი ქალიშვილის ოჯახში – ნამდვილი მოლხენის, სიცოცხლის სიყვარულისა და მოყვასის პატივისცემის გაკვეთილი ჩაგვიტარა. იმ დღეს კი – სიცოცხლის მიმწუხრს – ხმადაბლა ლაპარაკობდა და ვცდილობდი, სიტყვა არ დამკარგვოდა მისი ნათქვამიდან. ეს სიტყვები სეფისკვერის ნამცეცებივით უბრალო და განუმეორებელი იყო, თან მხოლოდ ჩემი, მხოლოდ ჩვენ ორ შორის დარჩენილი, ისეთი, გამხელისთანავე რომ ფერმკრთალდება, მაგრამ საიდუმლოდ კი მთელი ცხოვრება შეგიძლია ატარო.

– გეთ თაქ, პატონ სი ჩქიმ რექინ! – უყვარდა და უხაროდა, თავისი საქმის მცოდნე, წარმატებული ადამიანების ამბავს რომ გაიგებდა ან შენ შეგატყობდა წინსვლის, რაღაცის შეცვლის, შემეცნების, უმოქმედობისგან გაღწევის სურვილს. „მორჩა, ესეც ასე, შენ ხარ ჩემი ბატონი!“ – შეგაგულიანებდა და შეგაქებდა, საქმეს და მხნეობას მოგიწონებდა, მაგრამ მთელ ამ ამბავში მთავარი მაინც დამაგვირგვინებელი, თითქოს სიმბოლური, მაგრამ აუცილებელ ფრაზად ნაგულისხმევი სიტყვები იყო:

– მარა ღორონთიშ უმშო, ღორონთიშ ნებაშ უმშო… ღორონთიშით!

ვიცი, ნიჭიერი ხარ, ჭკვიანი, იღბლიანი, წარმატებულიც იქნები, მაგრამ არასდროს დაგავიწყდეს, რომ ღმერთისგან გაქვს ეს მოცემული. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება და არც არაფერი მოხდებაო.

საბჭოთა ყოფაში გაზრდილთა და დაკაცებულთაგან ბევრი არ ყოფილა, ჩვენ თვალწინ ისე ბოლომდე ექციოს ზურგი უღმერთობისა და ბოლშევიკური იდეოლოგიის სხვა სიმბოლოებისთვის და ეროვნულ, სარწმუნოებრივ წიაღში დაბრუნებულიყოს, როგორც კაკო თოლორაიამ შეძლო. ის არ ყოფილა ხმალამოღებული მებრძოლი, მაგრამ სწამდა ყველა ადამიანში არსებული სიკეთისა, რომელიც, ცოდვებისგან ვნებული, მაინც ამოიკვირტება და მთელ სხეულს, მთელ ჩვენს არსებას განწმენდს წყლულებისგან.

„იცოდეს, ყველამ იცოდეს,

ღვინის ტრფიალი როდი ვარ,

მე სიყვარულის ლოთი ვარ

და ახლაც, ფეხარეული,

შენი სახლისკენ მოვდივარ“.

და ისე მოხდა, რომ ერთ დღესაც, ჩემი საყვარელი პოეტის წიგნში, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ თურმე 1949 წელს 16 წლის ოთარ ჭილაძეს დაუწერია ეს ლექსი, რომელიც კაკო თოლორაიას – და ვინ იცის, კიდევ რამდენი კეთილი კაცის – ცხოვრების საგალობლად იქცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი