პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ამბავი საბავშვო ლიტერატურაზე

საბავშვო~ ისეთივე უძველესი მწერლობაა, როგორიც `სადიდო~. შუმერულ ტექსტებშიც კი არსებობს თურმე პერსონაჟი, ონავარი მაიმუნი, ლუსილუსი. სავარაუდოდ, ეს მაიმუნი, საბავშვო ლიტერატურის უძველესი პერსონაჟია.
საბავშვო ლიტერატურასთან ურთიერთობისას, ერთ დასკვნამდე მივედი: საბავშვო ლიტერატურა საერო ლიტერატურის ყველაზე სარწმუნოებრივი დარგია, რადგან იგი დაუეჭვებელი რწმენის მატარებელია, სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლაში სიკეთის უცილობელი გამარჯვებისა. სადიდო ლიტერატურა კი სულ ეჭვებს ებრძვის და ვერც ამარცხებს ასე პირწმინდად, როგორც საბავშვო; ადამიანი საბავშვოს წიაღში სულ გამარჯვებულია და ფსიქოლოგიურადაც, სულიერადაც, თავს დაცულად გრძნობს.

საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტი
დიახ, არსებობს! სტოკჰოლმის შუაგულში, ორგანიზაცია, რომელიც შვედეთის განათლების სამინისტროს ბიუჯეტზეა. იგი მთელ საბავშვო შვედურ ლიტერატურას იკვლევს. აქ მუშაობენ პროფესიონალი ექსპერტები. გარდა კვლევებისა, ბიბლიოთეკაცაა, 70 000-ზე მეტი საბავშვო წიგნით. ამ ბიბლიოთეკაში გროვდება მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ენაზე თარგმნილი და გამოცემული საბავშვო წიგნები, მათ შორისაა 90 ენაზე თარგმნილი ასტრიდ ლინდგრენის გამოცემები. აქ იმასაც გეტყვიან, რომ პირველი სამეცნიერო კვლევები საბავშვო ლიტერატურაში 1964 წლიდან დაიწყო, ხოლო 70-იანი წლებიდან სერიოზული სამეცნიერო კვლევის ობიექტად იქცა საბავშვო ტექსტები. მაგრამ ახლა ამ კვლევებიდან ერთ-ერთ მიმართულებაზე მინდა გითხრათ: ამ ინსტიტუტში ყოველწლიურად გამოიცემა დიდი ალმანახი, რომელშიც მთელი წლის საბავშვო წიგნებია წარმოდგენილი. ამ წიგნებს მინიჭებული აქვთ თავიანთი მახასიათებლები, რომელი ასაკისთვის, რა ინტერესთა სფეროსთვის, რა თემებისთვის არის რეკომენდირებული მათი გამოყენება. ამ დასკვნებს 4 დამოუკიდებელი ექსპერტი ადგენს. ეს ალმანახები მთელ შვედეთში უფასოდ ურიგდება ნებისმიერ სკოლას, ბიბლიოთეკას თუ მკითხველს და წარმოადგენს ყველაზე სანდო გზამკვლევს მათთვის, ვისაც აინტერესებს საბავშვო წიგნის შერჩევა. ამავე ინსტიტუტის თაოსნობით ტარდება კონკურსი „ბავშვების ჟიური“, რომლის პრიზი ყველაზე საპატიო ჯილდოდ ითვლება შვედი მწერლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფულად ჯილდოს არ წარმოადგენს და მხოლოდ სიმბოლური პრემიაა, რადგან მას მრავალნაირი გამოკითხვის საფუძველზე სწორედ მკითხველი ბავშვები ანიჭებენ მწერალს. თუმცა შვედეთში სხვა ბევრი კონკურსი, პრემია და პრიზიცაა დაწესებული საბავშვო მწერლებისთვის, და, არა მხოლოდ. მათ შორისაა დებიუტანტი მწერლებისთვის პრემია „შურდული“, რომლის საორგანიზაციო კომიტეტმა თავისი მუშაობის გაცნობისას იმით გამაკვირვა, რომ მექანიზმი იძლევა საშუალებას, კონკურენტი გამომცემლები თანაბრად ზრუნავდნენ მორალურადაც და ფინანსურადაც ნებისმიერი გამომცემლობის ავტორის წარმოსაჩენად.
პირველი საჩუქარი
შვედეთში დაბადებული ნებისმიერი ბავშვი, შვედეთის მოქალაქე, სახელმწიფოსგან პირველ საჩუქრად იღებს საბავშვო ბიბლიოთეკის კარგა მოზრდილ ფონდს, დაახლოებით 100 წიგნს, ხან მეტსაც. და სულ ერთია, ვინაა ეს მოქალაქე, რა სოციალური წრის წარმომადგენელი, სამეფო ოჯახის შთამომავალია, თუ კუნძულზე მცხოვრები მეთევზის შვილი. დაბადებიდან მე-3 დღეს ოჯახის წარმომადგენელი ვალდებულია გამოცხადდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში საჩუქრის მისაღებად. ამის მერე რაღა თეორიული მტკიცება სჭირდება იმას, თუ როგორ უნდა იქცეს წიგნი ღირებულებად? მაგრამ ეს ყველაფერი როდია. შვედეთის ბიბლიოთეკებში ნახავთ მღოღავი, პამპერსიანი ბავშვების ოთახებს, სადაც წიგნები უბრალოდ იატაკზე ყრია, და მშობლები (უფეხსაცმელოდ) ბავშვებთან ერთად სხედან იატაკზე, ხან აძინებენ, ხან აჭმევენ და საათობით ატარებენ დროს ასეთ დარბაზებში. ბავშვები კი წიგნს, როგორც სათამაშოს ეჩვევიან. მერე სხვა დარბაზებში ყველაფერი ასაკის შესაბამისად იზრდება, თაროს სიმაღლე, წიგნის შინაარსი და ა. შ. და ა. შ. და სტოკჰოლმის შუაგულში, კულტურის ცენტრის მე-5 სართულზე გამართულ ექსპერიმენტულ ბიბლიოთეკაში უზარმაზარი შუქნიშანია დამონტაჟებული, რომ ქუჩაში მომლოდინე ბიბლიოთეკაში შემოსვლის მსურველებს მაღლიდან ანიშნონ, წითელი ან მწვანე შუქით, არის თუ არა თავისუფალი ადგილი ბიბლიოთეკაში. დიახ, აი ასე. მსურველები კი დგანან და ელიან, როდის აინთება ფანჯარაში მწვანე…
იუნიბაკენი
რანაირ მუზეუმს არ შეხვდები მსოფლიოში, ნაგვისა და დამწვარი საჭმლის მუზეუმების ჩათვლით… თბილისში, სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი მუზეუმი, როგორიც არის გერმანიის ქალაქ ტროისდორფში, 1982 წელს, ვაჭარ ვილჰელმ ალსლებენის მიერ ულამაზეს ციხე-სიმაგრეში გახსნილი ილუსტრირებული საბავშვო წიგნების მუზეუმი, თავისი უამრავი ფონდებითა და ექსპონატებით, სადაც ერთ-ერთ ფონდში 800-მდე მარტო „წითელქუდას“ თემაზე დაწერილი და დახატული წიგნია და სხვა უამრავი რამ, მაგრამ რომ გვქონდეს მსგავსი მუზეუმი, დარწმუნებული ვარ, აქაც საინტერესო ექსპონატები შეგროვდებოდა. და გარდა ექსპონატებისა, სწორედ ასეთ მუზეუმში წარმომიდგენია, რომ იქნებოდა საინტერესო იმ ქართველ მწერალთა განყოფილებები, ან ოთახები, ან დარბაზები, რომელთა სახლ-მუზეუმები, სამწუხაროდ, არა გვაქვს. აქვე მოეწყობოდა პრეზენტაციები, საქმიანი შეხვედრები, სემინარები და სხვა უამრავი რამ… ერთი სიტყვით, ეს იქნებოდა `საბავშვო წიგნის სახლი~. მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ მუზეუმზე მინდა მოკლედ მოგითხროთ. ჯერ კიდევ ასტრიდ ლინდგრენის სიცოცხლეში, შეუთავაზებიათ მისთვის მისი შემოქმედების ამსახველი საბავშვო ლიტერატურის მუზეუმის დაარსება. მე წილად მხვდა ბედნიერება, უშუალოდ გამეცნო ამ მუზუმის შემქმნელი სცენოგრაფისტი , ასტრიდ ლინდგრენის კარგი მეგობარი. სწორედ იგი მოგვიყვა ამ მუზეუმის დაარსების პერიპეტიებზე. სახელმწიფოს სურდა, მწერლისადმი მადლიერების ნიშნად გაეხსნა ეს მუზეუმიო. ასტრიდ ლინდგრენმა კი სასტიკი უარი უთხრა მათ და შემდეგი მოთხოვნები წაუყენაო : `მე მხოლოდ მაშინ მოგცემთ ამ მუზეუმის გახსნის ნებას, თუ სხვა შვედი მწერლების საბავშო წიგნების სამყაროსაც ასახავთ მუზეუმშიო~. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაჰყვა თავისი სათაყვანო მწერლის ნებას და მალე მსოფლიოს შეემატა ადგილი, რომელიც ალბათ ყველა ბავშვმა ერთხელ მაინც უნდა მოინახულოს. ეს არის დიდი გემოვნებით გაცოცხლებული ლიტერატურული სამყარო, რომელშიც მოგზაურობთ ისევე, როგორც შეიძლებოდა ნაწარმოებების კითხვისას თქვენს ფანტაზიას წაეყვანეთ შორეულ მხარეებში და თავი პერსონაჟების გვერდით წარმოგედგინათ. ნამდვილი საოცრება, რომლის დათვალიერების შემდეგ, გამუდმებით ვფიქრობ, როდის იქნება მსგავსი მუზეუმი საქართველოში? ყველა წიგნის ყველა ეპოქა, ყველა გმირი, ყველა კუთხე-კუნჭული, ყველა სასწაული აქ ხილულად და მატერიალურადაა განხორციელებული. აქვეა უდიდესი წიგნის მაღაზია, სადაც მთელი შვედური საბავშვო წიგნის ინდუსტრია თვალნათლივაა წარმოდგენილი. წიგნების გარდა აქ უამრავი აქსესუარი, სათამაშო-პერსონაჟები, ღია ბარათები, სურათები, რას არ ნახავთ და შეიძენთ. და, რაღა თქმა უნდა, აქაა დიდი სასადილო-კაფე, სადაც მხოლოდ ის საკვები იყიდება, რაც სხვადასხვა წიგნებში გვხვდება კარლსონის გუფთებისა და პეპის მაჭკატების ჩათვლით… აქვეა თეატრი,პატარ სცენით, სადაც ნაწარმოებებს აცოცხლებენ ბავშვები, აქვეა ილუსტრატორების ძალიან საინტერესო გამოფენა,.. და აქვეა ვილა `ყიყლიყო~, ზუსტად იმ მდგომარეობაში და არეულობის იმ ხარისხში წარმოდგენილი, რომ იფიქრებ, ჩვენმა პიპი-პეპიმ ერთი ნაბიჯით გაგვასწროო…

მწერალი – ვინ იცავს მის უფლებებს?
სახელმწიფო და მოქალაქეები! აი, ასეთ ორგანიზაციას გადავაწყდი შვედეთში – „მწერალთა საბჭოს“, რომელიც 1964 წელსაა დაარსებული და უკვე თავისი წონა და ძალა აქვს. ამ ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი, მწერალი, ჰონორარს იღებს ნებისმიერი შეხვედრიდან, ლექციიდან, შეკრებაში მონაწილეობიდან. თან არსებობს ნიხრები, ტარიფები, რამდენი კილომეტრია მწერლის სახლიდან იმ დაწესებულებამდე, სადაც მას იწვევენ, რამდენი წუთი გრძელდება მწერლის ლექცია ან შეხვედრა, რა ასაკის და რამდენი წევრი უზის მწერალს აუდიტორიაში მსმენელად. გასაოცარ ამბავს ვყვები? არც ისე, რადგან გაოცება იმან უფრო გამოიწვია, რომ აღმოჩნდა მწერალი, რომელიც ჰონორარს არა მხოლოდ ამგვარი სამუშაოს შესრულებისას იღებს, არამედ მას თავის საბანკო ანგარიშზე ერიცხება თურმე ჰონორარი ყველა საავტორო წიგნის ბიბლიოთეკიდან გატანის მიხედვითაც. არადა, შვედეთში ბიბლიოთეკები ძალიან აქტიური რგოლია და ყველა სკოლას აქვს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა, რომ არაფერი ვთქვათ ქალაქებისა და უბნების ბიბლიოთეკების ქსელზე. ამ ორგანიზაციის გარდა, არსებობს სხვა შემოქმედებითი ორგანიზაციებიც, თუნდაც მწერალთა კავშირი, რომელიც წარმოადგენს ასევე ავტორის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას. რომელიც მწერალს ეხმარება იურიდიულად მომგებიან პირობებში გააფორმოს კონტრაქტები გამომცემლებთან, ასწავლიან (მიუხედავად ასაკისა) ყველა საინტერნეტო პროგრამას, რითაც ადვილად ახდენს ინტეგრაციას გარემოსთან ყველაზე ხანდაზმული მწერალიც კი, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ფესტივალებში და სხვა და სხვა. მე ქართველ მწერლებთან ერთად გავხდი მონაწილე ერთი საოცარი დღესასწაულისა, თავყრილობისა, რომელსაც ერქვა შვედეთის საბავშვო მწერლების `საგაზაფხულო შეკრება~. მწერალთა კავშირი წელიწადში ორჯერ, შემოდგომით და გაზაფხულზე თავისი ხარჯით ქირაობს საბავშვო ავტორებისთვის შენობას და იქ ჩამოდიან ყველა კუთხიდან და ყველა ქალაქიდან შვედი მწერლები. თავისი ხელით ამზადებენ კერძებს, ეროვნულ მენიუს: ხარშავენ კარტოფილს, ორაგულს, სალათებს და ჭიქა ღვინოზე ატარებენ დროს, ჰყვებიან საკუთარ მიღწევებზე, მღერიან, ეცნობიან ერთმანეთის სიახლეებს. ჩვენ კი ცოცხალი გვყავს თუ გარდაცვლილი მწერალი, ესეც ვერ გაგვიგია, არამც თუ მათი საქმიანობა აინტერესებდეს ვინმეს და მით უფრო, მათი წახალისება, გართობა და განტვირთვა. საკმაოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა შეხვედრას. უხუცესი 92 წლის მწერალი იყო. ვყურებდი მათ და ოცნებეში წასული, ვფიქრობდი, ნუთუ ამგვარი ამბები მხოლოდ ევროპაში ხდება?

ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია
ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია –Aალმა, 2003 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში დააარსა შვედეთის სახელმწიფოს მთავრობამ. ეს იყო მადლიერების და პატივისცემის გამოხატულება იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ბავშვს გააცნო და შეაყვარა თავისუფლება, ადამიანი, სამყარო, წიგნი და, რა თქმა უნდა, შვედეთი და შვედი ხალხი. მადლიერმა სახელმწიფომ როდი იკმარა, რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნები მსოფლიოს 90 ენაზე ითარგმნა და დაიპყრო პატარების გულები, მან ამ საოცარი მწერლის სახელს დაუკავშირა, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის მომავალი განვითარების სტრატეგიები და ინდუსტრია მსოფლიოს მასშტაბით. უდიდესი საპრემიო ფულადი ფონდი, ნახევარ მილიონზე მეტი ევრო, და უპირველესად წიგნიერებაზე გათვლილი სწორი დამოკიდებულებები ბავშვის სულიერი განვითარების საქმეში, ნებისმიერი ქვეყნის ავტორებისა თუ ილუსტრატორებისთვის, ორგანიზციებისთვის გულისხმობს გამარჯვების შანსს და მოტივაციას საბავშვო წიგნის სფეროში მუშაობისთვის. პრემია ყოველწლიურად გაიცემა. ოთხ ნომინაციაში წარდგენილი ნომინანტებისთვის ერთადერთი პრემია გაიცემა და ეს გამარჯვებული გამოვლინდება მარტის ბოლოს. ჯილდო კი ივნისის დასაწყისში, საზეიმო ცერემონიალზე გადაეცემა. თუმცა ამ ყველაფერს წინ უძღვის ჟიურის თითქმის ერთწლიანი სამუშაო პროცესი წარდგინებიდან გამარჯვებულის დასახელებამდე. შვედებს მიაჩნიათ, რომ ეს პრემია, მატერიალური წახალისების გარდა, იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის საბავშვო მწერალთა და ილუსტრატორთა დაახლოებას და მსოფლიო გამოცდილების გაზიარებას. ასევე, ამ დარგში მოღვაწე ნიჭიერი ადამიანების დიდ პოპულარიზაციას. საპრემიო საბჭო, ანუ კულტურის საბჭო, სერიოზული ორგანიზაციაა, რომელშიც 12-წევრიანი ჟიური მუშაობს. აქვთ თავიანთი ვებგვერდი და ნებისმიერს შეუძლია, გაეცნოს ამ საბჭოს მუშაობას (წწწ.ალმა.სე).
საბჭოს ყველა სახელმწიფოში ჰყავს თავისი ოფიცილური წარმომადგენელი, საქართველოში ეს ორგანიზაციაა _ საპარლამენტო ბიბლიოთეკა. საბჭოს უფლება აქვს, შეცვალოს წარმომადგენელი, მაგრამ უწარმომადგენლოდ არანაირ წარდგენას არ ღებულობს, ვთქვათ, კერძო პირთაგან ან სხვა ორგანიზაციისგან, რომლებიც იურიდიულად არ ფლობენ ლეგიტიმაციას ამ საბჭოსგან. თუმცა ეს ლეგიტიმირებული ორგანიზაცია ექვემდებარება როტაციას სიტუაციის შესაბამისად. ნომინაციებია: ა) მწერალი, ბ) ილუსტრატორი, გ) ზეპირსიტყვიერების ოსტატი, რომელიც სცენიდან უკითხავს ბავშვებს ლიტერატურასა და ფოლკლორს, დ) ორგანიზაცია ან პიროვნება, რომელიც მუშაობს კითხვისა და წიგნის პოპურაზაციისთვის ბავშვებში. ოთხივე ნომინაცია ივსება ყოველწლიურად მხოლოდ ერთი ნომინანტით და იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არა ჰყავს შესაფერისი კანდიდატები ყველა ნომინაციისათვის, მას შეუძლია წარადგინოს ორი თავისი და ორი სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ავტორი უნდა იყოს ცოცხალი და მეორე, მისი ნამუშევარი (სიტყვიერება იქნება ეს თუ მხატვრობა) უნდა იყოს ასტრიდ ლინდგრენის კრედოსა და მაღალი მხატვრული ღირებულებების მატარებელი. ამ ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დოტაციის კალთიდან „გადმოვსვით“ საბავშვო წიგნი, რაც მოვაშორეთ მას იდეოლოგიის ხუნდები, და რაც გავუშვით „თავის საპოვნელად“, `სახელის მოსაპოვებლად“ თუ ა. შ. და ა. შ., ათიოდე ადამიანმა შეძლო მყარად ფეხზე დადგომა თავის სფეროში. და მათგან არც ერთი არაა არც გამოცემული და არც თარგმნილი ისე, როგორც საჭიროა ეს დღევანდელ დღეს. ჩვენ საბავშვო ლიტერატურის კონკურსები არ გაგვაჩნია. მხოლოდ თითოჯერ ჩატარდა ასეთი კონკურსი პროზაში, 1996 წელს (`დიოგენეს~ მიერ), 2003 წელს (ჟურნალ `დილის~ მიერ) და ამ სამი წლის წინ `ოქროს ბუმბული~ (`გია ქარჩხაძის გამომცემლობისა~ და ბაზისბანკის მიერ) და სულ ესაა. რეალურად არავინ ზრუნავს ამ დარგის განვითარებაზე. ქვეყანაში არც ერთი ლიტერატურული ჟურნალი არ გამოიცემა, რომელშიაც ცოცხალ ლიტერატურულ პროცესს მიადევნებდი თვალს, ან თარგმანებს დაბეჭდავდი. ერთადერთი ნომინაცია `წლის საბავშვო წიგნი~ ჰქონდა თბილისის საკრებულოს მიერ დაარსებულ ლიტერატურულ კონკურსს, `გალას~ და ეს კონკურსიც აღარ არსებობს, სამწუხაროდ, პოლიტიკის მსხვერპლად იქცა. არანაირი გრანტები, დახმარება, პროექტები ამ სფეროში… ვერც ბიზნესად იქცა ქართული საბავშვო ლიტერატურა. გაჩხერილია სადღაც შუაში, წიგნსა და მწერლობას შორის. მხოლოდ ერთეულთა ინდივიდუალური მცდელობები აქა-იქ `გამოაშუქებს~ ხოლმე. დიდად სამწუხაროდ, საბავშვო მწერლები არ მიაჩნიათ მწერლებად, ასე რომ არ იყოს, ისინი აუცილებლად მოხვდებოდნენ საერთაშორისო საბავშვო წიგნების გამოფენებზე გამოცდილების გასაზიარებლად, თვალსაწიერის გასაფართოებლად. ჩვენს სახელმწიფოს ისე არ უჭირს, რომ მათ ვერ შეუწყოს ხელი. და თავი და თავი მათდამი უყურადღებობისა იმაშიც ჩანს, რომ 2006 წლიდან შეიძლებოდა კანდიდატების წარდგენა ამ პრემიაზე და ეს არ მომხდარა 2009 წლამდე. ვიყოთ გულახდილები: თანამედროვე საბავშვო მწერლის გვარსა და სახელს, ნაწარმოებს, პერსონაჟს ვერ დაგისახელებს წიგნის მოყვარული საზოგადოების 98 პროცენტი და ეს რეალობაა. ამ ბოლო დროს ლიტერატურულმა პორტალებმა და სოციალურმა ქსელებმა ბევრი რამ აიღეს თავის თავზე, მაგრამ ისინი მაინც ვერ აკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ ერთად, საერთო ძალისხმევით მწერლებმა, საგამომცემლო საბჭოებმა, რედაქტორებმა, მხატვრებმა, ფსიქოლოგებმა, განათლების სპეციალისტ-ექსპერტებმა და მეთოდისტებმა. რა თქმა უნდა, ლიტერატურა იქმნება, იწერება, მაგრამ შედეგი, უკუგება არის ძალიან ცოტა, ვიდრე ეს უნდა იყოს ყველანაირი თვალსაზრისით.
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი `ლიბო~ 2006 წელს დაარსდა. მე და ჩემი მეგობარი, ფონდის ხელმძღვანელი, მწერალი ირმა მალაციძე, დღემდე მხოლოდ ენთუზიაზმით ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. შეიძლება ბევრსაც ვერაფერს, მაგრამ მაინც ვეცადეთ, იმ მძიმე წლებში ქართველი ავტორების გარკვეულ პოპულარიზაციას. 2006 წელს დავაარსეთ „ქართული საბავშვო წიგნის დღე _ 27 ოქტომბერი“, ვცდილობთ ყოველ წელს აღვნიშნოთ ეს დღე, 2006-2007 წლებში გამოვეცით „საბავშვო ლიტერატურის ალმანახის“ სამი ნომერი (`სახალხო ბანკმა~ გაიღო სტამბის ფული, თორემ მთელი ეს სამუშაოც სრულ ენთუზიაზმს ეფუძნებოდა). 2006 წლიდან რადიო „ივერიით“ მიგვყავს საავტორო გადაცემა `საუბარი საბავშვო მწერლობაზე~ და უნიკალური ფონდი შევქმენით საბავშვო მწერალთა ჩანაწერებისა, 2009 წელს შვედი მწერლების დახმარებით ჩავატარეთ ორდღიანი სემინარი `ქართული და შვედური საბავშვო ლიტერატურის ისტორია, აწმყო, მომავალი~, რამდენიმე გამოფენა მოვაწყვეთ სხვადასხვა წლებში გამოცემული უნიკალური ქართული საბავშვო წიგნებისა, ქართული საბავშვო პერიოდიკის, ქართული და შვედური საბავშვო წიგნებისა, ასევე აქცია-გამოფენა `გამოუცემელი საბავშო წიგნები“, ვცდილობთ დავეხმაროთ მწერლებსა და გამომცემლებს ერთმანეთის `მოძიებაში~. 2011-2012 წლებში 15 საბავშვო ქართველი ავტორის წიგნი გამოვეცით გამომცემლობა „საუნჯის“ დახმარებით, სერიაში `ბიბა“ (ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის) თითქოს დაძრულია ყინული, მაგრამ იყო ურთულესი წლები, როცა ქართულ საბავშვო ლიტერატურას თითქოს მომავალი აღარ უჩანდა. შეიძლება ეს განცხადება საქმეში ჩაუხედავ ადამიანს გადაჭარბებულადაც მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასე იყო… ჩვენს მწერლებსა და ლიტერატურას აღმოაჩნდა ის ძალა, რომ მსოფლიო კონკურენციისთვის გაეძლო და თავისი სიტყვა ეთქვა, თუმცა ვფიქრობ, რომ უკეთესი კიდევ წინ გველის….
სწორედ იმ შვედი მწერლების დახმარებითა და `შვედეთის ინსტიტუტის~ მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ერთობლივი სემინარის მერე, ვორკშოპის ფარგლებში, ჩვენი ფონდიც მოხვდა ასტრიდ ლინდგრენის ქვეყანაში. საინტერესო ვიზიტი იყო, ძალიან საქმიანი და ერთი შეხვედრა ალმას საბჭოშიც შედგა. მათ კარგად გაგვაცნეს თავიანთი მუშაობის სტილი და დაგვავალეს კიდეც, რომ თბილისში დაბრუნებისას აუცილებლად წარგვედგინა ჩვენი ფონდის მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია საჯარო ბიბლიოთეკის დირექციისთვის. თუმცა მანამდე ჩვენ და საერთოდ არავინ საქართველოში, საჯაროს მაშინდელი დირექტორის გარდა, არ იცოდა, რომ `ალმა~ გამუდმებით, ყოველწლიურად გზავნიდა წერილებს ქართველი ნომინანტების წარდგენის მოთხოვნით თბილისში. ეს 2006 წლიდან გრძელდებოდა, რადგან ამ წელს გაფორმებული ქართულ-შვედური მემორანდუმით ქართველ ავტორებსაც ეძლეოდა მონაწილეობის უფლება `ალმაზე~. შვედეთში ჩვენმა სტუმრობამ ეს საკითხი ადგილიდან დაძრა და ფონდი `ლიბო~, ნომინაციით `ორგანიზაცია~ გახდა კიდეც პირველი `ალმას~ ნომინანტი საქართველოდან. იმ წელს ნომინანტთა შორის სხვა ქართველიც იყო, მხატვარი ლელა ტაბლიაშვილი, რომელსაც აგერ უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია, წარადგენს შვეიცარია. ზოგადად, მასალებს ამა თუ იმ წარსადგენ ნომინანტის საქმიანობისა და შემოქმედების შესახებ აბარებ `ალმას~ ქართველ წარმომადგენლებს და ივსება სპეციალური ბლანკი და სტოკჰოლმში ოფიციალურად 15 მაისამდე იგზავნება.
ერთი და იმავე ნომინანტების დასახელება უნდა გრძელდებოდეს რამდენიმე წელი. შვედებისთვის ამასაც აქვს მნიშვნელობა. ქართული მხარე დღემდე ცოტა სპონტანურად ეკიდება ამ საქმეს, რადგან ეს საკითხები ევალება მათ, ვინც ნაკლებად იცნობს ან საერთოდ არ იცნობს ამ დარგს. ამიტომ ხშირად მხოლოდ ვალდებულების შესრულებით შემოიფარგლებიან და სხვა მხრივ არაფერს აკეთებენ ხელშესაწყობად და ამ პრემიის პოპულარიზაციისთვის. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხშირად იღებს პრემიას ილუსტრატორი ან მწერალი-ილუსტრატორი, ე.წ. ინტეგრირებული ავტორი, ვინც თავად წერს და აფორმებს საბავშვო წიგნებს. ორგანიზაციასაც აქვს აღებული ორჯერ ეს პრემია, ერთადერთი ნომინაცია, რომელიც არასდროს დასახელებულა პრემიის მფლობელთა შორის, არის `ზეპირსიტყვიერების მთხრობელი~, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველომ ამ ნომინაციითაც უნდა სინჯოს მომავალში ბედი, რადგან ჩვენ გვყავს ამ საქმით დაკავებული მსახიობებიც, ადამიანები, რომლებიც 30-40 წელიწადია ამის მეტს არაფერს აკეთებენ, ვთქვათ, ელდინო საღარაძე, გოგა პიპინაშვილი და სხვა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს გაპიროვნებული მობილური პატარა ჯგუფი მაინც, ვთქვათ, 2-3 წევრით, რომელიც მაისის წინა დღეებში კი არ გაიხსენებს, რომ კანდიდატია წარსადგენი, არამედ მთელი წელიწადი იმუშავებს იმაზე, რომ სათანადოდ მოამზადოს წარსადგენი კანდიდატი, და ხელი შეუწყოს მის ნაწარმოებთა თარგმნას, სათანადო გამოცემებს, პოპულარიზაციას, შეხვედრებს, ვიდეო რგოლების დამზადებას, ამ ავტორის ან ორგანიზაციის ვებგვერდის მუშაობას და სხვა ათასგვარ რამეს, რითაც წარმოაჩენს კონკრეტული კანდიდატის მნიშვნელოვნებას ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენ კი არც ერთი ორგანიზაცია, საიტი, საბჭო ან რაც გენებოთ, დაარქვით არ გაგვაჩნია ქვეყანაში, რომლიც სწორ პასუხს გაგცემდათ, ვინ ვინაა დღეს საბავშვო დარგში მოღვაწე. ამიტომ მე არა მაქვს იმედი, რომ თუ კარგა ხანს ასე გაგრძელდება, ალმა ჩვენთვის იქნება მხოლოდ ერთი დღის ნიუსი, როცა კულტურის სამინისტროს ან საჯაროს დირექცია უზრუნველყოფს პრესსამსახურის მეშვეობით ყველა არხზე თუ არა, მთავარ არხებზე მაინც, თქმას, დღეს საქართველოდან ალმაზე წარადგინეს ესა და ეს პიროვნებაო. და აქ დაასრულებს ყველანაირ საქმეს, რაც ალმას ან ზოგადად საბავშვო დარგს უკავშირდება.
თუ გადავხედავთ ძველ გამარჯვებულებს, წინა წლების შედეგებს (ამის საშუალებას ზემოთ მითითებული ალმას ვებგვერდი იძლევა) ნახავთ, რომ ჩვენ ავტორებს არც ამდენი წიგნები აქვთ გამოცემული და არც ამდენად პოპულარულები არიან მსოფლიოსთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ნატო დავითაშვილი, თეა ლომაძე, თამრი ფხაკაძე, თეა თოფურია, ირმა მალაციძე, ან ვთქვათ, მხატვრები: სოფიკო კინწურაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, ნანა სამანიშვილი, რუსკა ყიფიანი და ბევრიც სხვა არ წარმოადგენენ კონკურენტებს სხვებისთვის. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. ევროპაში პოპულარული გახდა გამოცემები, რომელსაც წერს ავტორი და თავადვე აფორმებს, ჩვენც გვყავს ასეთი ავტორები: სანდრო ასათიანი, ნანა კაციაშვილი, ოლესია თავაძე, ზაზა აბზიანიძე და სხვები და გვყავს სულ ახალი ავტორებიც, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია წახალისება, მოტივირება თავიანთი მუშაობისა: თეა თოფურია, მაკა მიქელაძე, ლელა ცუცქირიძე, ვასიკო გულეური, და კიდევ და კიდევ სხვებიც.
რაც შეეხება „ძველ“ თაობას, მათ ძლიერი საფუძველი შექმნეს საიმისოდ, რომ ჩვენ ვისაუბროთ თამამად და ღირსების გრძნობით ქართული საბავშვო ლიტერატურის ტრადიციებზეც და მომავალზეც. რა თქმა უნდა, გამიხარდება, რომ ვთქვათ, ცირა ქიტიაშვილის საბავშვო ლექსებმა აიღონ ეს პრემია, ან გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებმა, ან ქეთევან ჭილაშვილის და მერი ბოლქვაძის მინიატურულმა პროზამ, ან დოდო ხიმშიაშვილის ნაწარმოებებემა მოზრდილთათვის, ან ნინო ბეზარაშვილის ზღაპრებმა, ან გუგული ტოგონიძის ზღაპრებმა და რომელი ერთი დავასახელო ცოცხალ ავტორთაგან (თუმცა ამათგან სულ ახლახან გარდაიცვალნენ მერი ბოლქვაძე, ნინო ბეზარაშვილი და ქეთევან ჭილაშვილი)… რეალისტები თუ ვიქნებით, ამ მწერლებს იმდენად გაუჭირდათ თანამედროვე გამომცემლებისგან მიეღოთ `ვიზა“ მათ ნაწარმოებებზე, რომ ვეჭვობ, თარგმნონ ან დაუმზადონ ამონარიდების თარგმანი, ან მათ ღვაწლზე ისაუბრონ და წარუდგინონ მსოფლიოს… ან გამოსცენ თანამედროვე ბრწყინვალედ ილუსტრირებულ კრებულებად… ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ არც ამ 15-20-წლიან `ჩავარდნაზე“ ვიწუწუნებდით… თუნდაც შვედეთიდან დაჟინებულ მოთხოვნას და წერილებს სიჩუმით კი არ ვუპასუხებდით, ავდგებოდით და ცოცხალ ოტია იოსელიანის წიგნებს წარვადგენდით, ის მაინც იყო თარგმნილიცა და პოპულარულიც კარგა ბევრ ქვეყანაში. ჩვენ როცა იმდენიც ვერ მოვახერხეთ, გაგვხსენებოდა, რომ გვყავდა ასეთი ავტორი, მეეჭვება, ძველი ლიტერატურის გამომზეურებაზე იფიქროს ვინმემ. აქ ალბათ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ისევ ახალ და თანამედროვე წიგნებზე იქნება აქცენტები გაკეთებული. თუმცა რამ გაყო `ძველი~ და `ახალი~, როცა საქმე ლიტერატურას ეხება? დაველოდოთ მაისს, იქნებ კიდეც ვიხილოთ კანდიდატთა შორის ჩვენი ღვაწლმოსილი ავტორები? თუმცა არც ერთ მათგანს, ვიცი, არ გააჩნია არც საკუთარი ვებგევრდები, არც ბლოგები, საიდანაც დაინტერესებული ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან უფრო ახლოს გაიცნობს მათ? არც ახალგაზრდებთანაა ეს ყველაფერი რიგზე, მაგრამ თურმე ამაზე ზრუნვაც საჭიროა, რადგან კონკურსში მონაწილე წლის ნომინატთა დასახელებისას (ეს ცხადდება ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე), `ალმას~ ვებგვერდზე ღია რეჟიმში იდება ყველა ნომინანტის საინტერნეტო გვერდების ლინკები და მას მთელი მსოფლიო ათვალიერებს და ეცნობა. სავარაუდოდ, ამ ნომინანტთა რიცხვი ასე 170-მდეა ხოლმე, ხოლო მონაწილე ქვეყნების რიცხვი 80-მდე. მასშტაბებს თავად წარმოიდგენთ. ოქტომბრიდან მარტამდე კი ჟიური სწავლობს მათ საქმიანობას და მარტის ბოლოს ასახელებენ ერთადერთ გამარჯვებულს. ჩვენ კი მხოლოდ წარდგენილთა დასახელებაც კი ნომინანტთა მრავალრიცხოვან სიაში დიდ საქმედ მიგვაჩნია და გვიხარია და ვართ ერთ მილოცვ-მოლოცვებში. და ამიტომაც ვავლენთ ჩვენ მამა-პაპურ თვისებას, რომ გვგონია, საქმე თავისით გაკეთდება, ჩამოივლის ქრისტე ღმერთი და ჩამოჰყრის პრემიებს…
თავად ალმას პრემიას სჭირდება პოპულარიზაცია ჩვენში. ალმა დიდი შანსია ბევრისთვის! და მე მიმაჩნია, რომ სავარაუდოდ გზის გახსნა სხვა საერთაშორისო პრემიებისკენაც უნდა მოხდეს: ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საერთაშორისო პრემიის საბჭოსთანაც საჭიროა გარკვეული კავშირის დამყარება და ქართველი ავტორების ამ საპატიო ჯილდოს მოსაპოვებელ „მარათონში“ ჩართვა.
ერთადერთი, ვინც არ იღებს პრემიას, ესაა გამომცემლობა, თუმც გამომცემლის მოუწადინებლად წარმოუდგენელია რაიმე საერთაშორისო წარმატებაზე ლაპარაკი. თავის მხრივ, გამომცემლობაც სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ცოდოა. ამიტომ სულ მიწევს ამის თქმა და ახლაც გავიმეორებ, რომ გამომცემლობა და ავტორი ერთად უნდა მუშაობდნენ. და მათ გვერდით უნდა ედგას სახელმწიფოს კულტურული განვითარების პოლიტიკა და დიდი ამბიცია (კარგი გაგებით), რომ ჩვენ არავიზე ნაკლები ვართ. უნდა მეტად აქტიურ ფაზაში გადავიტანოთ ქართული საბავშვო წიგნის საქმე. ისე კი, სანამ დიდ მსოფლიო გზაზე შედგებოდეს მწერალი, რამდენი რამ აქვს გასაკეთებელი საკუთარ სამშობლოში, საკუთარი მკითხველისთვის, საკუთარ ენაზე? და განა მარტო ალმასთვის გვაქვს საკეთებელი და სათარგმნელი?
ეჰ… ნეტარ არიან `მორწმუნენი~! და ოდესმე მაინც მას გაუმართლებს, ვინც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და კიდევ ცოტა მეტი გააკეთა საიმისოდ, რომ ბავშვები უფრო ბედნიერები იყვნენ ამ პლანეტაზე…

 

ფოტო გარეკანზე:  Bertil Alvtegen

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი