პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

იღბალა

იჯდა. ეგდოო, ვერ იტყვი. ფეხი ფეხზე გადაედო. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, ირონიაშეპარული. თითქოს ბედს შეგუებოდა. სახეზე მტვრისფერი ედო. არ ვიცი, რამდენ ხანს იჯდა შუა ქუჩაში ამოთხრილ ამ ორმოში. გარეგნობით დიდი ხნის მოსულს ჰგავდა…

სამივემ მანქანის გაჩერებისთანავე შევამჩნიეთ. მისი ჯდომის მანერა და მტვერში ამოგანგლული იდუმალი ღიმილი უმალვე მოგვხვდა თვალში. მერე ჩვენი მზერა შეხვდა ერთმანეთს და სამივემ ერთი და იგივე რამ გავიფიქრეთ. ჩვენ შორის ყველაზე უმცროსმა ითავა მისი ორმოდან ამოყვანა. ძნელი აღმოჩნდა. ქუჩაზე წუთში ათი მანქანა მაინც ჩაივლიდა ხოლმე. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა ლოდინი, რომ სწრაფი გადარბენით ორმომდე მიგვეღწია და ამოგვეყვანა. ეს რამდენიმე წუთი ლამის საუკუნედ იქცა. ყოველი მანქანის გამოჩენისას სუნთქვა გვეკვროდა: – აი, ახლა კი აღარ გაუმართლებს და მის ღიმილს რეზინის პროტექტორის ანაბეჭდი შეცვლის… ის კი იჯდა ამაყად და იღიმებოდა.

როგორც იქნა, ვიხელთეთ რამდენიმე წამი და მივირბინეთ…

შინ მიყვანილს მთელი ქალაქის მტვერი ჩამოვბანეთ. თურმე ნაცრისფერი სულაც არ ყოფილა. ფერთან ერთად თითქოს ღიმილიც შეეცვალა – ირონიის ადგილი ბედნიერებამ დაიკავა. მას შემდეგ არათუ ჩვენი ოჯახის წევრი, არამედ ცხოვრების თანამგზავრი გახდა. სახელიც შევურჩიეთ – იღბალა დავარქვით.

პირველად 2017 წელს წავიყვანეთ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ტაილანდში. იმ წელს ჩვენი ქვეყანა მეოთხედ ასპარეზობდა დიდ არენაზე, რომელზეც ქვეყნები მედლების მოპოვებას ექვს-შვიდწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ იწყებენ. ჩვენ გაგვიმართლა – ოთხიდან სამმა მედალი აიღო. მომდევნო წელსაც ჩვენი ნაკრების „შემადგენლობაში“ შედიოდა იღბალა და ოთხი მონაწილიდან ოთხივე გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში.

მას შემდეგ ის ჩვენი გუნდის თილისმად იქცა და უკვე ერთი წელია ემზადება პაზირში წასასვლელად… კვირის ბოლოს გავფრინდებით და ერთად დაველოდებით ჩვენი გუნდის შედეგებს.

ისე, იმ დღეს ქუჩაში იღბალა გასრესისთვის მარტო იღბალს არ გადაურჩენია – „გეოპოლიტიკურმა“ მდებარეობამ იხსნა. მძღოლები ორმოში ჩავარდნასა და კისრის მოტეხას არიდებდნენ თავს და არა მის სათნო ღიმილს…

ეს ჩვენი მტვერში, ოფლში, ცრემლსა და სისხლში ამოსვრილი სამშობლოც იღბალასავით არის მიგდებული მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე. ჯერ კიდევ შეგვრჩენია თბილი ღიმილი და თბილი გული, მაგრამ მათ იმედად ყოფნა გადარჩენის დიდი ვერაფერი გარანტიაა. რკინის მუხლუხოებს არც თვალი აქვს და არც გული. იღბალასავით არც ხავერდის სათამაშო ვართ, რომ ერთხელაც კეთილმა ძია სემმა ჩამოიაროს, შეამჩნიოს ჩვენი მომხიბვლელობა და თან წაგვიყვანოს. არც „ჩინეთის დიდი კედლის“ შემოვლება გვარგებს რამეს – დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მტერს ასეთი მარტივი „მექანიკური“ მოწყობილობები აკავებდა… მაშ, სად არის გამოსავალი? დიდ საერთაშორისო პროექტებში. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი რომ არა, დღეს შიდა ქართლში მავთულხლართები სულ სხვაგან იქნებოდა გავლებული. ამიტომ სიმშვიდისა და მეტი დაცულობისთვის ბევრი „ანაკლიაა“ საჭირო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი