ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ტრანსფერის სწავლება

ჩემ მიერ მოგვარებული ყოველი პრობლემა იქცევა წესად, რომელიც სამომავლოდ სხვა პრობლემების მოგვარებაში მეხმარება.
რენე დეკარტი

ლირიკა და, საზოგადოდ, მხატვრული ლიტერატურა ხშირად მიმართავს შედარებასა და ალეგორიას, რაც ერთგვარი ტრანსფერია. პოეტი მით უფრო შემოქმედებითია, რაც უფრო ვირტუოზულად ახერხებს ამას. მაგრამ ტრანსფერისთვის არ არის აუცილებელი, პოეტი ან მწერალი იყო. ადამიანი სწავლობს მსუბუქი მანქანის მართვას და ერთ მშვენიერ დღეს, ერთი ბინიდან მეორეში გადაბარგებისას, აღმოაჩენს, რომ ნაცნობისგან ნათხოვარი სატვირთოს მართვაც არანაკლებ კარგად შეუძლია. ამრიგად, მსუბუქი მანქანის მართვის უნარი თავისუფლად შეიძლება გადატანილ იქნეს სატვირთო მანქანის მართვაზე. ანდა მავანი სწავლობს უცხო ენას, მაგალითად, ფრანგულს, მერე კი გადაწყვეტს, ესპანურიც ისწავლოს და შეამჩნევს, რომ ზოგიერთი სიტყვა უსწავლელადაც ესმის. ენის სწავლის სტრატეგიებიც ადვილი გამოსაყენებელია. სხვა რა არის, თუ არა ტრანსფერი, როდესაც და-ძმასთან ერთად იზრდები და სწავლობ, როგორ მოთოკო თავი, არ აჰყვე გამაღიზიანებლებს… მომავალში საკუთარი ემოციების მართვის უნარი სამუშაო ადგილზე გამოგადგება.

დევიდ პერკინსის ნაშრომებში ხშირად წავაწყდებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ტრანსფერის შესახებ. ამ თემის გვერდის ავლით საგანმანათლებლო სწავლა-სწავლების პროცესი წარმოუდგენელია. ის ერთგვარი ბაზისია მოზარდთა და მოზრდილთა განათლებისთვის.

ტრანსფერს, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ხშირად ვიყენებთ. მას ვიყენებთ ყველგან, სადაც კი გვჭირდება რაიმე ტიპის ცოდნა, უნარი, სტრატეგია. ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც ცოდნის ერთ სფეროს მეორესთან ვაკავშირებთ. ტრანსფერის უნარი რომ არა, კაცობრიობა ვერ მოახერხებდა წინსვლას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, რადგან მას ყოველგვარ ვითარებაში ახალი ცოდნის მიღება დასჭირდებოდა.

ამდენად, ტრანსფერი განათლების საძირკველია. ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს საშინაო დავალების კითხვას, გაზეთის კითხვას მსოფლიოში მომხდარი ამბების გასაგებად, საქმიანი დოკუმენტაციის კითხვას წარმატებული საქმიანობისთვის, ლიტერატურის კითხვას სიამოვნების მისაღებად ან თვალსაწიერის გასაფართოებლად – ჩვენ უბრალოდ ვასწავლით კითხვას, რომელსაც ის ნებისმიერ ვითარებაში გამოიყენებს და ამის წყალობით ყველა ცალკეული შემთხვევისთვის სწავლებაზე დროს აღარ ვკარგავთ.

მოსწავლეებს მათემატიკას იმისთვის კი არ ვასწავლით, რომ მომავალშიც გააგრძელონ საავარჯიშოების შესრულება, მაგალითების ამოხსნა, არამედ იმისთვის, რომ შეძლონ გადასახადების გააზრება, ოჯახის ბიუჯეტის გონივრულად დაგეგმვა, საყიდლებზე სიარული, აითვისონ ინჟინერია ან სხვა პროფესია, რომლისთვისაც მათემატიკური საფუძვლები მნიშვნელოვანია; ბუნებისმეტყველებას ან საზოგადოებრივ მეცნიერებებს იმისთვის კი არ ვასწავლით, რომ ტესტები და კროსვორდები ავსონ, არამედ იმისთვის, რომ შეძლონ აზროვნება, სამყაროს სხვადასხვა კუთხით აღქმა. განათლება ვერ შეასრულებს თავის დანიშნულებას, თუკი ტრანსფერი არ ასწავლა სტუდენტებს.

როგორც უკვე ვთქვით, ტრანსფერი სწავლებისა და აზროვნების ფუნდამენტური უნარია. ის თან ახლავს ცოდნის შეძენას, სტრატეგიების გააზრებასა და განწყობათა გამოხატვას – ყველაფერს, რასაც შევისწავლით ერთი კონტექსტისთვის, ხოლო გამოყენება შესაძლოა განსხვავებულ ვითარებაში დაგვჭირდეს.

ტრანსფერის მექანიზმი სხვადასხვანაირია. არსებობს ახლო და შორი ტრანსფერი. მათ შორის საზღვარი არც ისე მკაფიოა, მანძილი კი უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად განსხვავებულ კონტექსტში ვიყენებთ ჩვენს ცოდნასა თუ უნარებს. ახლო ტრანსფერი, უხეშად რომ ვთქვათ, ხდება მაშინ, როდესაც ახალ ცოდნას მსგავს გარემოში ვიშველიებთ. მაგალითად გამოდგება ავტომობილის მართვა. განსხვავებული მანქანის საჭესთან გადაჯდომა მართვის უნარის ტრანსფერია, თუმცა მაინც მცირედ განსხვავდება კარგად ნაცნობი სიტუაციისგან. ახლო ტრანსფერად შეგვიძლია ჩავთვალოთ საგნობრივი უნარებიც, რომლებიც განსაზღვრული საგნის ფარგლებში მოიპოვება მოსწავლის არსენალში და რომლებსაც იგი საჭიროებისამებრ იყენებს. საზოგადოდ, სასკოლო საგნობრივი დავალებები ერთმანეთის მსგავსია და, ამდენად, ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია.
შორი ტრანსფერის გამოყენება ხდება კონტექსტისგან ძლიერ განსხვავებულ სიტუაციაში. მაგალითად, თუ კარგად თამაშობ ჭადრაკს, იგივე სტრატეგიები, რაც საჭადრაკო პარტიას სჭირდება, შეიძლება ბიზნესშიც გამოიყენო.

ჭადრაკის ძირითადი პრინციპი, აკონტროლო ცენტრი, შესაძლოა გამოგადგეს, მაგალითად, ინდუსტრიაში ინვესტიციების დაბანდებისას. გარდა ამისა, ბიზნესში, როგორც ჭადრაკში, წინასწარ უნდა გათვალო მოსალოდნელი შედეგი და აარჩიო საუკეთესო სვლა, რომელიც უმოკლეს ხანში მოგიტანს მოგებას ან გადაავადებს წაგებას.

საზოგადოდ, ჭადრაკი და ბიზნესი ერთმანეთისგან შორიშორს დგას, ამიტომ ეს შორი ტრანსფერია. სწავლა-სწავლებასთან მიმართებით ეს ცნება გულისხმობს სკოლაში ნასწავლის გამოყენებას არასასწავლო გარემოში, მაგალითად, მათემატიკის ცოდნა ინვესტიციების დაგეგმვისას სხვადასხვა ალტერნატივის გამოსათვლელად გამოგადგება.

ფსიქოლოგები ასევე განასხვავებენ პოზიტიურ და ნეგატიურ ტრანსფერს. პოზიტიური ეწოდება ისეთ ტრანსფერს, რომელსაც პოზიტიური შედეგი მოჰყვება ან წინარე გამოცდილებიდან ნასწავლის სხვა კონტექსტში გადატანის შესაძლებლობას გაძლევს. მაგალითად, თუ ერთხელ უკვე მოგიწია მონაცემებთან მუშაობა და იცი მათი დამუშავების გზები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორედ სხვა შინაარსის მონაცემებთან მუშაობა გაცილებით გაგიადვილდება. ეს შეიძლება პოზიტიურ ტრანსფერად ჩავთვალოთ. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება.

მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს სტუმრებს, რომლებიც მარცხენა საჭეს არიან მიჩვეული, ავტომობილის დაქირავებისას უჭირთ მარჯვენაზე გადართვა და ავტომობილით გზის მარცხენა მხარეს მოძრაობა. ამდენად, ადრე ნასწავლი, ძვალ-რბილში გამჯდარი მოდელები ზოგჯერ საფრთხის შემცველია.

გამოყოფენ აგრეთვე ტრანსფერის მარტივ და რთულ სახეობებს. მარტივი ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც მცირე ძალისხმევაა საკმარისი ტრანსფერის განსახორციელებლად. მაგალითად, თუ მოსწავლეებმა ამინდზე დაკვირვება ისწავლეს და იმავდროულად მასწავლებელმა აჩვენა, სად შეიძლება ამინდის მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზის მოძიება, ექსკურსიისთვის დღის დაგეგმვა, რომ ამინდმა არ აურიოს – ეს შეიძლება მარტივ ტრანსფერად მივიჩნიოთ, რთული ტრანსფერი კი ხდება უფრო კომპლექსური დავალებების შესრულებისას, როდესაც შედეგის მისაღწევად მრავალმხრივი, მრავალჯერადი ტრანსფერია საჭირო.

ასევე შეიძლება გამოიყოს ავტომატური (გაუაზრებელი) და გააზრებული ტრანსფერი. პირველ შემთხვევაში ადამიანი სპონტანურად პასუხობს სიტუაციას, რომელიც ძალიან ჰგავს გარემოს, რომელშიც მან საჭირო ცოდნა აითვისა. მაგალითად, კითხვის უნარს ყოველგვარ გარემოში დაუფიქრებლად ვიყენებთ. გააზრებული ტრანსფერი კი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, მაშინ, როდესაც მასწავლებელი ტრენინგზე სწავლობს კლასის მართვას და შემდეგ ეს ცოდნა პრაქტიკაში გადააქვს. კლასში კონფლიქტის წინა პირობის დანახვისას ის ჰკითხავს საკუთარ თავს, რა ახსოვს თეორიიდან იმის თაობაზე, რა უნდა გაკეთდეს ასეთ ვითარებაში, ანდა რას ამბობდნენ ტრენინგზე კოლეგები ამის შესახებ, რა მაგალითები მოჰყავდათ საკუთარი გამოცდილებიდან. ეს უკვე გააზრებული ტრანსფერია.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითები არცთუ უცნობია ჩვენთვის, შესაძლოა, მარტივი და მეტისმეტად ცხადიც კი გვეჩვენება, ეს მხოლოდ ზედაპირული შეფასებაა. სინამდვილეში კვლევები მოწმობს, რომ ტრანსფერის უნარი არ არის თანდაყოლილი და არც თავისთავად ვითარდება. ამდენად, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ უნარის შეძენაში, რათა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება სრულიად განსხვავებულ ვითარებაშიც, რომელიც ჯერ არ მომხდარა.

ეს ყველაფერი – კარგი, მაგრამ როგორ ვასწავლოთ ტრანსფერი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მომდევნო სტატიაში შევეცდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი