შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სასკოლო განათლება სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეაში (სხვაგვარად – კორეის რესპუბლიკა) დაწყებითი სკოლა ექვსწლიან სავალდებულო საწყის განათლებას აძლევს 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს. საშუალო სკოლაში 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ სამი წლის განმავლობაში, უფროსი კლასები კი 15-დან 17 წლამდე სწავლას გულისხმობს.
ქვეყანაში არსებობს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სკოლები, სადაც მოზარდებს სხვადასხვა ხელობის ათვისება შეუძლიათ. არის, თუმცა არც ისე ბევრი, ე.წ. ერთიანი სკოლებიც, სადაც შესაძლებელია ზოგადი განათლების მიღებაც და იმავდროულად პროფესიის დაუფლებაც.

სამოქალაქო სკოლები, რომლებიც თავდაპირველად წერა-კითხვის გავრცელებისთვის შეიქმნა, ამჟამად საწყის და საშუალო განათლებას აძლევს ძირითადად ღარიბი ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებს. მაგრამ სავალდებულო ექვსწლიანი განათლების შემოღების შემდეგ ასეთმა სკოლებმა თანდათან დაკარგა ფუნქცია და საჯარო სივრციდან გაქრობა დაიწყო. სხვადასხვა ფიზიკური და გონებრივი ნაკლის მქონე მოსწავლეებისთვის კორეაში არსებობს სპეციალური დაწყებითი და საშუალო სკოლები.

მიუხედავად იმისა, რომ კორეაში 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სავალდებულო განათლების შესახებ კანონი 1948 წელს მიიღეს, ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობის გამო პრაქტიკაში მისი განხორციელება დაიწყო მხოლოდ 1953 წლიდან. კონსტიტუციის 31-ე მუხლი მშობლებს ავალდებულებს, უზრუნველყონ 6-დან 11 წლამდე ასაკის შვილები საწყისი განათლებით, რომელიც უფასოა. იგეგმება სხვა საფეხურებზე უფასო სწავლების შემოღებაც. „იმ სკოლების რაოდენობა, რომლებშიც სწავლა უფასოა, ყოველ წელს 25 პროცენტით გაიზრდება”, – განაცხადა დეპუტატმა კიმ ჰი ჩონმა. მისი განმარტებით, 2017 წელს ყველა სკოლაში, სამივე საფეხურზე, სწავლა უფასო იქნება. კორეის განათლების სამინისტრო ამისთვის უკვე გეგმავს ბიუჯეტის ცხრა ტრილიონი ვონით (8.1 მილიარდი დოლარი) გაზრდას. ეს სახსრები იმ ხარჯის კომპენსირებისთვის არის განსაზღვრული, რომელსაც უფასო საშუალო განათლების შემოღება გამოიწვევს.

ვინაიდან 1953 წლიდან ქვეყნის დაწყებით სკოლებში ბავშვების შეყვანამ სტიქიურად იმატა, – ზოგიერთ კლასში 90 ბავშვიც კი ირიცხებოდა, – მრავალ სკოლაში სწავლების ორ- და სამცვლიანი ციკლიც კი შემოიღეს. ამჟამად ვითარება საგრძნობლადაა გაუმჯობესებული ამ თვალსაზრისით.

სამხრეთ კორეის განათლების კანონის თანახმად, სასკოლო განათლებამ მოსწავლეს უნდა მისცეს ცოდნის ის საფუძვლები, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებული და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის. 94-ე მუხლი კი ჩამოთვლის საშუალო განათლების შემდეგ ამოცანებს: მოსწავლეთათვის მშობლიური ენის უკეთესად გაგების ხელშეწყობა; ზნეობრივი საწყისის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება; მოვლენათა არსის ამოცნობისა და მათზე ადეკვატური რეაგირების უნარის განვითარება; მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ჰიგიენის წესების დაცვის სწავლება და სხვა. 
ამის კვალობაზე, სკოლის ძირითადი პროგრამა მოიცავს რვა მთავარ დისციპლინას: ზნეობრივი აღზრდა, კორეული ენა, საზოგადოებათმცოდნეობა, არითმეტიკა, ბუნებისმეტყველება, ფიზიკური აღზრდა, მუსიკა და სახვითი ხელოვნება. პირველ და მეორე კლასებში ზოგიერთი საგანი გაერთიანებულია. მეოთხე კლასიდან მოსწავლეებს ემატებათ საგნები, რომლებიც გულისხმობს პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და ხელობათა სწავლას.

სასკოლო პროგრამას განათლების სამინისტრო ადგენს და იგი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ გადაიხედება. თითოეულ სკოლა ვალდებულია, ამ პროგრამაში დასახული პრიორიტეტები გაითვალისწინოს, თუმცა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას შეუძლია სხვა დისციპლინების დამატებაც.

2011 წლიდან, კორეის განათლების სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ორ მილიარდ დოლარზე მეტი ბეჭდური სახელმძღვანელოების ელექტრონული პლანშეტებით ჩასანაცვლებლად. ამ პროექტის ავტორთა აზრით, სახელმძღვანელოების ამ ფორმატით გამოცემის შემთხვევაში დიდი ოდენობის თანხა დაიზოგება.

დღევანდელ კორეელ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლასთან ერთად დამატებით კურსებსა და წრეებზეც დადიან, ხშირად ზრდასრულ ადამიანებზე დატვირთული გრაფიკი აქვთ. საზოგადოდ, კორეული (როგორც ოჯახური, ისე სასკოლო) პედაგოგიკის დამახასიათებელი ნიშანია სიმკაცრე, რომელიც ბავშვს აჩვევს პასუხისმგებლობას და შრომას. ათი მოსწავლიდან ცხრა დამატებით კერძო გაკვეთილებზე დადის. მათ ცოტა დრო აქვთ დასასვენებლად. შენიშნულია, რომ კორეელი მოსწავლეები უფრო ნაკლებს თამაშობენ, ვიდრე მათი დასავლელი თანატოლები. ამასთან, ისინი, როგორც წესი, ჯანსაღ გარემოში იზრდებიან (არასრული ოჯახები, ალკოჰოლიზმი, მოზარდთა კრიმინალი და ნარკომანია კორეაში თითქმის არ არსებობს) და იძულებულნი არიან, საკმაოდ ადრე დაიწყონ ზრდასრული ადამიანის ცხოვრება, ეს კი გამოწვეულია სოციალური მობილობის სპეციფიკურად კორეული სისტემით, რომელშიც კარიერული წინსვლის ერთადერთი გზა არსებობს – განათლება, რომლის მიღებაც არ არის ადვილი. ამ პირობებში კორეელი ბავშვი ძალიან ადრე ეჩვევა საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას და სწავლა-განათლებისთვის უფრო მეტი დროისა და ენერგიის დახარჯვას, ვიდრე ეს არაკონფუციანურ ქვეყნებშია. ამასთან, როგორც კორეელი სოციოლოგები აღნიშნავენ, განათლებაზე ასეთი მკაცრი ორიენტაცია უფრო მეტად ქალაქურ გარემოში გაზრდილ მოსწავლეებს ახასიათებთ. სოფლად ამ საკითხისადმი შედარებით მშვიდად არიან განწყობილნი.

კორეელები სკოლაში 12 წელიწადს სწავლობენ. იქ გამუდმებით დგება რეიტინგები და ყველა მოსწავლე მიისწრაფის, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს მასში – წინ ხომ უნივერსიტეტში ჩარიცხვა ელით, უმაღლეს სასწავლებლებში კი სკოლის მონაცემებს სერიოზულად ეკიდებიან.

კორეელ მშობლებს შვილები სხვადასხვა სახის ზოგადსაგანმანათლებლო კურსებზე შეჰყავთ. ამჟამად განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მუსიკა, ბალეტი, ხატვა და ტრადიციული კალიგრაფიის სწავლება. რასაკვირველია, ინგლისური ენაც. კორეელებს კარგად ესმით, რომ ამ ენის გარეშე მომავალ თაობას გაუჭირდება წარმატების მიღწევა თანამედროვე სამყაროში.

სკოლის ბოლო 3-4 წელი კორეელი მოსწავლისთვის ინტენსიური გამოცდების პერიოდია. ამ დროს მოზარდი დღეში დაახლოებით ათ საათს უთმობს მეცადინეობას რეპეტიტორებთან ურთიერთობის ჩათვლით.

კორეული სკოლის დაწყებით კლასებში, წესისამებრ, 50-60 მოსწავლეა, რაც დასავლეთის ქვეყნებისთვის ფანტასტიკური ციფრია, კორეაში კი ასეთი კლასი ადვილი სამართავია, მასწავლებლებს დისციპლინასთან დაკავშირებული არავითარი პრობლემა არ გააჩნიათ. მათი ავტორიტეტი, რომელიც მშობლების გავლენითაც არის გამყარებული, საკმაოდ მტკიცეა.

ამ ქვეყანაში ბავშვების აღზრდისას პურიტანულ ტრადიციებსაც მიმართავენ. კორეის საშუალო სკოლების უმრავლესობა გენდერული ნიშნითაა დაყოფილი – ვაჟები და გოგონები სხვადასხვა სკოლებში სწავლობენ. ეს გარემოება არ აღიქმება უჩვეულოდ, რადგან სავსებით შეესაბამება კორეელი ხალხის ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს. კორეული საზოგადოების მაღალ ფენებშიც მიღებულია ბიჭებისა და გოგონების განცალკევებული აღზრდა.

სამხრეთ კორეის მთავრობის მიერ განათლებაზე დახარჯული თანხა ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში. ზოგიერთი მონაცემებით, ის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტს უახლოვდება. ეს რიგით მეორე მაჩვენებელია დანიის შემდეგ. ასეთ მაღალ ხარჯს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ თითოეული ოჯახი გაიღებს. ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების კორეული ინსტიტუტის გამოკითხვით, კორეელთა ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ სწორედ შვილების განათლებისთვის დახარჯული ფულია ყველაზე დიდი ტვირთი მათი ოჯახური ბიუჯეტისთვის. კერძოდ, იმ თანხის 56 პროცენტზე მეტი, რომელსაც ყოველთვიურად ხარჯავს საშუალო კორეული ოჯახი, ბავშვების აღზრდა-განათლებასა და შენახვას ხმარდება.

მასწავლებლობა სამხრეთ კორეაში დაფასებული პროფესიაა. ის გულისხმობს შრომისთვის საუკეთესო პირობებს, სტაბილურობას და მაღალ ხელფასს. მასწავლებელი საშუალოდ 41 000 ევროს ეკვივალენტს იღებს წელიწადში, ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს თანხა 60.000 ევრომდეც აღწევს. ყველა მასწავლებელი ვალდებულია, ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი, შერჩეული მასწავლებლები კი უნივერსიტეტდამთავრებულთა მხოლოდ საუკეთესო 5 პროცენტს შეადგენენ.

მოამზადა დავით თინიკაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი