პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სცენარით სწავლების მეთოდი

მეთოდის მოკლე აღწერა:
სცენარით სწავლების მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები აწმყოზე, არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ურთიერთკავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულებების ანალიზით, შემოქმედებითი და წარმოსახვითი აზროვნებით აყალიბებენ მომავლის ხედვას, ქმნიან სცენარებს, განიხილავენ საკითხის ხედვისა და განვითარების ალტერნატიულ შესაძლებლობებს, კრიტიკულად აფასებენ ერთმანეთის თვალსაზრისს.
წესისამებრ, გამოყოფენ სცენარით სწავლების სამ ძირითად ტიპს, რომელთა მეშვეობით შეიძლება აღწერილ იქნეს ყველა შესაძლო და ემპირიულად სავარაუდო/მოსალოდნელი სცენარი (Albers, O. & Broux, A. (1999). Zukunftswerkstatt und Szenariotechnik. Ein Methodenbuch für Schule und Hochschule. Weinheim: Beltz. S. 12):
·ექსტრემალურად პოზიტიური სცენარი (ხელსაყრელი სამომავლო განვითარებისა);
·ექსტრემალურად ნეგატიური სცენარი (არახალსაყრელი სამომავლო განვითარებისა);
·ტენდენციის სცენარი (არსებული ვითარების გაგრძელებისა მომავალში).
აღმოცენებულ სცენარებზე დაყრდნობით შეიძლება დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები და სტრატეგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს სასურველი მიზნის რეალიზებას.
სასწავლო პროცესში სცენარების განვითარება მოსწავლეებს ეხმარება მომავალზე ორიენტირებული საკითხების კონსტრუქციულად მოგვარებაში, თვალსაწიერის გაფართოებაში, კომპლექსური, ჰოლისტური (ერთიანი) მიდგომის ჩამოყალიბებაში. 
მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება
სცენარით სწავლების მეთოდს საფუძველი ჩაეყარა მე-20 საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში სამხედრო სტრატეგიულ დაგეგმვაში. დროთა განმავლობაში მეთოდმა გავრცელება პოვა ინდუსტრიასა და ბიზნესში. განათლების სფეროში მან მოგვიანებით შემოაღწია, თავდაპირველად – უმაღლეს განათლებაში, შემდეგ – ზოგადსაგანმანათლებლო სწავლებაში.
სცენარით სწავლება ეკუთვნის კონსტრუქტივისტულ მეთოდთა რიცხვს. იგი წარმოადგენს ერთიან და ტრანსფარენტულ მეთოდს, რომელიც მოითხოვს კრეატიულობას, მონაწილეობასა და კომუნიკაციას. იგი მოწოდებულია კრიტიკისთვის და გვთავაზობს ინტერდისციპლინური და მულტიგანზომილებიანი გამოყენების შესაძლებლობას. ამ მეთოდით მოსწავლეთათვის ინფორმაციული ტექსტებითა თუ მაგალითებით ადვილი გასაგები ხდება პირადი, საზოგადოებრივი, პროფესიული, სოციალური თუ პოლიტიკური ცხოვრების პრობლემები. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში ქმედების კომპეტენციის, კერძოდ, ცვალებად სიტუაციებში კომპეტენტურად მოქმედების უნარის განვითარებას. მეთოდი გვთავაზობს ასევე თვითმართვადი სწავლის შესაძლებლობასაც.
სცენარით მუშაობა წარმოადგენს მომავლის ანალიზის საუკეთესო ინსტრუმენტს. იგი არის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მოხაზონ რამდენიმე ალტერნატიული მოსაზრება სიტუაციის სამომავლო განვითარების თაობაზე. ამ სააზროვნო მოდელზე ვიზუალური წარმოდგენა შეიძლება შეგვიქმნას ე.წ. სცენარის ძაბრიმა, რომელიც გრაფიკულად გამოხატავს სცენარის განვითარებას აწმყოდან მომავალში.
აწმყო სიტუაცია (to) წარმოადგენს ძაბრის მწვერვალს, რომელიც ერთმნიშვნელოვანია და, ამდენად, შედარებით ადვილად აიხსნება და გაანალიზდება. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად რთულდება მომავალი სიტუაციის ერთმნიშვნელოვნად ახსნა, რადგან უფრო და უფრო მეტი მოულოდნელობა და ხელისშემშლელი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ნახაზზე ეს თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი: რაც უფრო მივდივართ მომავლისკენ, მით უფრო იზრდება ძაბრის დიამეტრი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, შესაძლოა განვითარდეს განსხვავებული სცენარები, რომლებიც დროის დინებისას სხვადასხვა მიმართულებით იცვლება (König, M. (1988). Szenariotechnik. Unterrichtsgegenstand und Unterrichtsmethode in kaufmännischen Schulen. In M. Becker & U. Pleiß (Hrsg.), Wirtschaftspädagogik im Spektrum ihrer Problemstellung (S. 260-279). Baltmannsweiler: Schneider)

 
არსებული სიტუაციის სამომავლო განვითარების ალტერნატივებს რომ ჩასწვდნენ, მასწავლებელი მოსწავლეებს ამუშავებს შემდეგი ტიპის სცენარებზე: 
·არსებული ტენდენციის გაგრძელების სცენარი. აქ ლაპარაკია უკვე არსებულის განვითარებაზე მომავალში – რა მოხდება, თუ ყველაფერი ძველებურად წარიმართა;

·სიტუაციის ექსტრემალურად პოზიტიური და ნეგატიური განვითარების სცენარები, ე.ი. სიტუაციის განვითარების საუკეთესო და ყველაზე უარესი შესაძლებლობები;

·კონტრასტული სცენარი – არსებული/რეალური სიტუაცია უპირისპირდება, ედარება სასურველ სცენარს, მერე კი მოიხაზება გზები, როგორ მივაღწიოთ არსებულიდან სასურველს. 
მაშასადამე, ერთმანეთისგან განვასხვავებთ „იდეალურ” და „რეალურ” სცენარებს. იდეალურ სცენარში ლაპარაკია სასურველ მომავალზე, ესე იგი ყველაფერზე, რასაც ვისურვებდით მომავალში. ექსტრემალურად ცუდი სცენარი ვითარების ყველაზე არასასურველი განვითარების შესაძლებლობებს ასახავს. მათი გათვალისწინება და განსჯა მოსწავლეებს დაეხმარება, შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილონ იგი. რეალური სცენარის შემთხვევაში კი საქმე ეხება სავარაუდო მომავალს არსებული ფაქტებისა და ტენდენციების გათვალისწინებით.

სცენარის ტიპის არჩევისას, უპირველესად, ყურადღებას ვაქცევთ იმას, რის მიღწევას ვისურვებდით. მაგალითად, თუ გვსურს დავინახოთ განსხვავება სასურველსა და არსებულს შორის, რეალური და იდეალური სცენარები პარალელურად უნდა განვავითაროთ, მერე კი ერთმანეთს შევადაროთ. იდეალური სცენარის შექმნა შესაძლოა დაგვეხმაროს სამომავლოდ სრულიად ახალი შესაძლებლობების დასახვაში. რეალურ სცენარებს მაშინ მივმართავთ, როცა, ასე თუ ისე, ვიცით, რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა განვითარდეს მომავალში მოვლენები.

თითოეული სცენარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

·მაქსიმალური ჰარმონიულობა და წინააღმდეგობათა არარსებობა სცენარის შიგნით;

·სცენარის ზედმიწევნითი სტაბილურობა, რაც იმას გულისხმობს, რომ ცალკეული ფაქტორების შეცვლამ არ უნდა დაანგრიოს სცენარი;

·ძირითადი ტიპის სცენარების განსხვავებულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსტრემალური სცენარები ძაბრის კიდეებთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს  (Reich, K. (Hg.): Methodenpool. In: URL: https://methodenpool.uni-koeln.de 2010 ff).

მეთოდის მიმდინარეობა
სცენარით მუშაობის მეთოდი მოიცავს შემდეგ ძირითად ფაზებს:
1. დავალებისა და პრობლემის ანალიზი
ამ ფაზაში მასწავლებელი განსაზღვრავს და აღწერს საკვლევი საკითხის შესახებ არსებულ ვითარებას, რაც ფაქტებით უნდა იყოს ილუსტრირებული, რადგან სწორედ არსებული ვითარება წარმოადგენს განსავითარებელი სცენარების ბაზისს. ამ ეტაპზე მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდნენ საკითხის შესახებ. ცოდნა, საჭიროებისამებრ, უნდა გამდიდრდეს, შეივსოს აუცილებელი ინფორმაციით. ამისთვის მასწავლებელმა მოსწავლეთა სამსახურში უნდა ჩააყენოს ვრცელი საინფორმაციო მასალა და წყაროები. ამ ფაზის დასასრულს მოსწავლეები წარმოადგენენ პრობლემის ზუსტ აღწერილობას.
2. გავლენის ანალიზი
ამ ფაზაში უნდა განისაზღვროს ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოვლენათა განვითარებაზე. ამ აქტივობისთვის განსაკუთრებით მოხერხებულია გონებრივი იერიშის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც გავლენის ფაქტორები ჯამდება, გამოიხშირება და დაჯგუფდება გავლენის სფეროებად. როცა ყველა გავლენის სფერო შესაბამისი ფაქტორებითურთ დაწვრილებით აღიწერება, მათი წარმოადგენენ ქსელური მატრიცის საშუალებით, რომელმაც თვალნათლივ უნდა დაგვანახვოს, როგორ ახდენს გავლენას ერთმანეთზე ცალკეული ფაქტორები.
3. სცენარის განვითარება
წინა ორი საფეხურის შედეგებზე დაყრდნობით ამ ფაზაში იქმნება დაწვრილებითი სცენარები სამივე ზემოხსენებული მიმართულებით, რომლებიც თვალსაჩინოს ხდის მომავლის შესაძლო განვითარებას და შედეგებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, სცენარები მრავალნაირად ააგონ და წარმოადგინონ, მაგ., როლური თამაშის, მოგზაურის ჩანაწერების, ესეს და სხვა ფორმით.
უმჯობესია, სცენარები მოსწავლეებმა განავითარონ მცირე ჯგუფებში.
4. სტრატეგიებისა და ღონისძიებათა შემუშავება პრობლემის მოსაგვარებლად
ამ, უკანასკნელ ფაზაში ხდება წარმოდგენილ სცენარებში დასახული პრობლემების ანალიზი და მოიხაზება მოქმედების სტრატეგიები, რომლებიც ამოსავალი სიტუაციის პოზიტიურ განვითარებას გახდის შესაძლებელს. აქვე განისაზღვრება, რის გაკეთება შეუძლია თითოეულ მოსწავლესა თუ ჯგუფს, როგორ მოიქცევა შესაბამისი ორგანიზაცია/ინსტიტუცია მომავლის პოზიტიური განვითარებისთვის. 
ჩვენს მიერ წარმოდგენილი მეთოდი განსაკუთრებით ნაყოფიერია ეკონომიკური, ეკოლოგიური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლებისას. მისი გამოყენება შეიძლება როგორც თემის დასაწყისში, ასევე შუალედური ანალიზისა და შეჯამების დროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი