პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ვაჟა და ნიცშე

არც ერთ ნაწარმოებს არ გამოუწვევია ჩვენს ლიტერატურულ წრეებში აზრთა ისეთი სხვადასხვაობა, როგორიც „გველის მჭამელს“. დღემდე არ მომხდარა ამ პოემის საფუძვლიანი ანალიზი. ვერც მის დეადააზრზე მოხერხდა შეთანხმება. იდეის პოვნის სიძნელე რომ მხატვრული ნაწარმოების ნაკლებღირებულებოვნებაზე არ მიუთითებს, ამას მოწმობს ცნობილი ფაქტები მსოფლიო ლიტერატურიდან, როცა სხვადასხვა ისტორიკოსი და ფილოსოფოსი განსხვავებულ აზრს დებდა საყოველთაოდ ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებში. „გველის მჭამელი“ გამოხატავს ვაჟა-ფშაველას ეთიკურ-ესთეტიკურ შეხედულებათა მოწიფულობას და მკითხველიც უშუალოდ განიცდის ამ დიდებული პოემის საოცარ ფილოსოფიურ სიღრმეს, მიუხედავად ამისა, ლიტერატურულ წრეებში ეჭვქვეშ იდგა ამ პოემის სრულფასოვნების საკითხი და ქართველ კრიტიკოსთა ერთი ნაწილი თუ იწონებდა მასში აღძრულ დიდ პრობლემებს, სხვებს ეჭვი შეჰქონდათ პოემის მხატვრულ ღირსებებში.

XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში თავი იჩინა ინდივიდუალიზმის სხვადასხვა თეორიამ. ინდივიდუალიზმის პრობლემამ მიიზიდა იმ დროის შემოქმედთა უმეტესობა, ამ ინტერესმა მოიცვა ხელოვნების თითქმის ყველა სფერო. ვაჟა-ფშაველას – ხელოვანისა და თავის დროის შვილის – ნაწარმოებებშიც აირეკლა ეს პრობლემა. მით უმეტეს, რომ მწერლის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობოდა ინტერესი არაჩვეულებრივი პერსონაჟებისადმი. „გველის მჭამელის” გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა საფუძველი, ვაჟას თანამედროვე თუ შემდგომი დროის ქართველ კრიტიკოსთა ერთ ნაწილს მწერალი ფრიდრიხ ნიცშეს იდეათა გავლენის ქვეშ მყოფად წარმოედგინა. ამ თვალსაზრისს იზიარებდა, მაგალითად, ვახტანგ კოტეტიშვილი. რაც შეეხება მკვლევართა მეორე ნაწილს, მათ დასაბუთებულად გამიჯნეს პრობლემა ინდივიდუალობისა და ინდივიდუალიზმისა, ხოლო „გველის მჭამელი” სწორედ ინდივიდუალიზმის ყოველგვარ გამოვლინებას დაუპირისპირეს. გრიგოლ კიკნაძის აზრით, ვაჟა-ფშაველასათვის აქტუალურია პრობლემა ინდივიდუალობისა, ხოლო „ინდივიდთა მიმართ სიმპათიურ დამოკიდებულებას უეჭველად ინდივიდუალისტურ კონცეფციამდე როდი მივყევართ… ვაჟა-ფშაველას გმირები ინდივიდუალისტები არ არიან, ისინი სოციალურ პიროვნებებს წარმოადგენენ“.

ვაჟა-ფშაველას ნაწერებში არ არის პირდაპირ მითითებული, რომ პოეტი აკრიტიკებდეს ან იწონებდეს და იღებდეს ნიცშეს შეხედულებებს. ვაჟას შესახებ არსებულ მოგონებებში ავტორები მრავალგზის მიუთითებენ, რომ იგი ცხარედ ეკამათებოდა ამ ფილოსოფოსს. თუმცა, ამ მოგონებების არასერიოზული ტონიდან გამომდინარე, ნაკლებად სარწმუნოა, ვაჟას მსგავსი ფორმით გაეკრიტიკებინა ნიცშე. აქვე უნდა ითქვას, რომ „ზარატუსტრას” ავტორის მრწამსი თავისებურად აირეკლა გამოჩენილი ქართველი მწერლების კონსტანტინე გამსახურდიასა და გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაშიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაჟა-ფშაველასა და ფრიდრიხ ნიცშეს შეხედულებათა შორის ერთგვარი პარალელების გავლებაც შეიძლება. ასე, მაგალითად: ვაჟა თითქოს უარყოფს მისი დროის ცივილიზაციის მონაპოვარს, როცა წერს: „ვარდი ვარდია, მაინც არ ვაქებ, ტყეში მოსული მიჩვენეთ ია”, ან როცა ეიფელის კოშკს ამჯობინებს, „ხევში რომ შავი ლოდები ჰყრია”. ნიცშეს თხზულებაშიც რჩეული ადამიანი ცივილიზაციას უპირისპირებს ბუნებრივ, დიონისურ – ველურ საწყისს. ნიცშეს აზრით, სამყაროს ძირიც სწორედ დიონისურია, ამ საწყისს დაწაფებული ადამიანი ანტიპოდია თანამედროვე ადამიანისა და მისთვის სიცოცხლის სავსეობაა დამახასიათებელი, რაც მის არსებაში მოცემული პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციას ნიშნავს. ნიცშეს აზრით, სიცოცხლე უნდა იყოს სისხლსავსე, მძაფრი, ჰეროიკული. ქართულ სულთან და ვაჟა-ფშაველას გმირებთანაც ნიცშეს ერთგვარად ანათესავებს სიძულვილი ჯოგური ცხოვრებისა და მასში გათქვეფილი უსახური ადამიანისა, რომლის მონური სურვილი მხოლოდ საკუთარი „პაწია“ ბედნიერებითა და კეთილდღეობით შემოიფარგლება. ქართულ სულიერ სწრაფვებთან ასევე ახლოსაა ნიცშეს თაყვანისცემა მოძრაობით, ბრძოლით, ხიფათით, რისკით აღსავსე „დიონისური“ ცხოვრებისადმი. სიბრძნე და სიმამაცე ანგარიშიან განსჯის მოთხოვნათა უარმყოფელი, ლაღი, უშურველი და ხელგაშლილი ადამიანისა. ამასთანავე, ვაჟა ერთგან წერს: „მინამ არწივი და კაკაბი არიან, კაკაბი მუდამ იქნება სანადირო არწივისა“. მას არ ავიწყდება, რომ სამყაროს გვირგვინად მიჩნეულ ადამიანს სიკეთის, სილამაზის დიდ უნართან ერთად, სისხლის მოყვარული ვნებებიც ამოძრავებს. მწერალს მიაჩნია, რომ ნათელ მხარეებთან, სილამაზის სიყვარულთან ერთად, ადამიანს ბნელი მხარეებიც, ველური, ბილწი ბუნებაც აქვს, რომელიც კლავს და ანადგურებს ამ სილამაზეს. ამ შემთხვევაში იგი თანამედროვე თვალთახედვით სიკეთისა და ბოროტების მძაფრ დაპირისპირებას აჩვენებს მკითხველს, რაც სამყაროს, ტრაგიზმით აღსავსე ყოფიერების წონასწორობის პრინციპია. ნიცშეს თვალსაზრისითაც, ძლიერი ნთქავს უსუსურს, სუსტს. ნიცშეს იდეალია არა თანასწორუფლებიანი საზოგადოება, არამედ საზოგადოება, რომელსაც მართავს რჩეულთა, ძლიერთა, ზეკაცთა ელიტა და ცხოვრების, არსებობის მიზანი, შინაარსი და საფუძველიც ბატონობის სურვილია.

„შენ, ჩემო სამშობლო მარტოობა“, – ამბობს ზარატუსტრა. მარტოობაა ხვედრი და თანამდევი ვაჟა-ფშაველას გმირებისაც, რომელნიც ნიცშეს გმირივით გამორჩეულნი არიან სხვათაგან; ნიცშეს ზარატუსტრას საქმედ ადამიანებთან მისვლა და მათი „მოქცევა“ მიაჩნია. ასეთივე ფუნქციას გაუცნობიერებლად კისრულობენ ვაჟას პერსონაჟებიც. ისინი ზნეობრივი გმირები არიან, რომლებიც აკეთილშობილებენ გარემოს: მათი მაგალითით ადამიანები იცვლებიან, უკეთესნი ხდებიან. ეს გმირები შეგნებული თანმიმდევრულობით მისდევენ თავიანთსავე აღმოჩენილ ჭეშმარიტებას და ეწირებიან მას. ეს ის შემთხვევებია, როცა გმირის შეგნება უსწრებს მასის შეგნებას და იგულისხმება, რომ მასა უნდა დაეწიოს გმირს, რომელიც წინამავლის როლში აღმოჩნდა. ასეთი ადამიანები, ამერიკელი ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგის უილიამ ჯემსის აზრით, „წარმოადგენენ უკუნის გამარღვეველ სინათლის სხივს. ისინი არიან წინამორბედნი ახალი ცხოვრებისა… მათი ცხოვრების მოწოდებაა გაანაყოფიერონ მსოფლიო, გამოაცოცხლონ სიკეთის ის მარცვლები, რომლებიც უიმათოდ ვერ გაიხარებს. მას შემდეგ, რაც (ასეთი კაცი) გაივლის ჩვენ წინაშე, ჩვენ მეტად აღარ შეგვეძლება ისეთნაირები ვიყოთ, როგორებიც მანამდე ვიყავით“.

ნიცშეს და ვაჟას თვალსაზრისთა მსგავსებას ქმნის ისიც, რომ „გველის მჭამელის“ მინდიას სხვათათვის მიუწვდომელი უნარი, გზა ბუნების წვდომისა, ინსტინქტურია. მინდიას ხედვა არის გულის როგორც პიროვნების შინაგანი განცდის და არა გონების, სამყაროს შემეცნების საფუძველზე მოპოვებული უნარი. მინდიას შემთხვევაში ცოდნას ვერ ვიგულისხმებთ, რადგან მისი გონება ცოდნაზე არ არის ორიენტირებული, ცოდნის მოპოვების მოცემული გზა არ შეესაბამება ცოდნის ბუნებას. ნამდვილი ცოდნა სხვა გზით შეიძინება და მისი დაკარგვაც შეუძლებელია ისე, როგორც მინდიას დაემართა. ამგვარად, მინდიას მოქმედებას ინტელექტუალური სფერო არ განაგებს. „გველის მჭამელში“ მოცემულია ბუნების ინტუიციურად წვდომის პრობლემა. ეს არის თემა ამ ნაწარმოებისა. ის, რომ გონების გარდა არსებობს რაღაც სხვა საშუალება (ზოგ შემთხვევაში – საუკეთესოც) გარემოში გარკვევისა, წვდომისა. პოემაში ლაპარაკია ისეთ ინტუიციაზე, ინსტინქტზე, რომელიც გვაგრძნობინებს, რა არის ცუდი და რა – კარგი. როცა ადამიანი გრძნობს, ვის მხარეზეა სიმართლე, თუმცა არ შეუძლია ამის ლოგიკურად დასაბუთება. ვაჟა გვიჩვენებს, რომ გონების გვერდით ამ გზითაც შეიძლება ქვეყნის საკეთილდღეოდ მოქმედება. ნიცშეც, რომელიც უარყოფს სოკრატეს გონიერებას, ინსტინქტის პრიორიტეტს აღიარებს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, არის არსებითი განსხვავებებიც ამ ორი ავტორის ნაწარმოებთა შორის. ადამიანის პიროვნული ქრობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ნიცშესთან ქრისტიანობის უმთავრესი მცნებები – სიყვარული და თანაგრძნობაა. მისი აზრით, ღვთისმოშიში ადამიანი ზღუდავს პიროვნულს და თავის ქცევას უქვემდებარებს იდეალურ ღირებულებათა სამეფოს – ღმერთს. ზარატუსტრამ სამყაროს ჩამოაშორა რწმენა იმისა, რომ ჩვენს არსებობას განაგებს ღმერთი, რომ ჩვენი ქცევა უნდა შეფასდეს „სიკეთისა“ და „ბოროტების“ კრიტერიუმებით. ყოველი ნივთი, ზარატუსტრას აზრით, ამ კრიტერიუმების მიღმაა, „მარადიული მიზნის“, ღმერთის მონობისგან თავისუფალ სამყაროში ადგილია „როკვისა“, „თამაშისა“… ვაჟა- ფშაველასთან, მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებაში არ არის მძაფრი, გამოკვეთილად რელიგური განწყობილებანი, ყველგან: სამყაროში, ადამიანში, – ღმერთის ძიებაა მთავარი. გავიხსენოთ „ალუდა ქეთელაური“, რომელშიც ხატობაზე აშკარავდება, რომ მომწიფებული კონფლიქტი ალუდას ახალი რწმენით გაზრდილ პიროვნებასა და შატილის კონსერვატიულად შეზღუდულ საზოგადოებას შორის კულმინაციას აღწევს. ამ საზოგადოების ტრადიციულ ღმერთს უპირისპირდება ალუდა ქეთელაურის ინდივიდუალობა, მისგან მოპოვებული, უშუალოდ განცდილი სრულყოფილი ღმერთი და კაცის პიროვნებასაც ამ ღმერთთან მსგავსება ქმნის. ალუდა ქეთელაური ვაჟას უმშვენიერესი გმირია, რომელიც იბრძვის არა საკუთარ ინტერესთა დასაცავად, თავისი განსაკუთრებული ადგილის დასამტკიცებლად, არამედ სიკეთის, ჭეშმარიტების სახელით გამოდის. იგი იბადება თემის კოლექტივიდან როგორც პიროვნება, არღვევს გაქვავებულ რელიგიურ დოგმებს და აღწევს თავისუფლებას, მიდის ღმერთამდე. ალუდას მიერ წვდომილი ღმერთისთვის არ არსებობს მტრად და მოყვრად, რჯულიანად და ურჯულოდ, ცოდვიანად და უცოდველად გაორებული საწუთრო. ყველა ერთი ღმერთის საუფლოშია შეყვანილი. აქვე უნდა ითქვას „გველის მჭამელზეც“, რომელიც მოგვითხრობს ტრაგიკულ ბედზე იმ ადამიანისა, რომელიც ბუნებასთან, მთელ სამყაროსთან, ღმერთთან თანაზიარობის შინაგან, ინტუიციურად მოპოვებულ უნარს კარგავს და იღუპება, რადგან მისთვის, როგორც ოჯახისა და საზოგადოების წევრისთვის, ე.ი. სოციალურად შემოსაზღვრული არსებისათვის, შეუძლებელი აღმოჩნდა შეენარჩუნებინა თავისი არსებობის განსაკუთრებულობა, ღვთიური სიბრძნისა და ადამიანური ყოფის ურთიერთმორგება კრახით დამთავრდა. მინდია ეზიარა ღმერთს, გახდა უნივერსალური, მაგრამ დარჩა, ამავე დროს, ადამიანურად შემოსაზღვრული. სამყაროს პირველდასაბამს მოწყვეტილი ადამიანი თავს იკლავს და ეს ბუნებრივი დასასრულია, რადგან ღმერთთან თანაზიარებულისთვის ამ თანაზიარობის დაკარგვა თავისთავად უდრის სიკვდილს. რაც შეეხება ნიცშეს, იგი უკუაგდებს ღმერთს და ადამიანის სულის უკვდავებას. მისი აზრით, სამყარო მოკლებულია ღვთაებრივ საწყისს, საყრდენს, წესებს. იგი ამაოდ ცდილობს გამონახოს ისეთი ავტორიტეტი, რომელიც დაიკავებს დამხობილი ღმერთის ადგილს. („მე ვარ უღმერთო ზარატუსტრა… და ჩემგან უნდა იშვას ზეკაცი“). ნიცშეს აზრით, კეთილმოქმედებითა და თანაგრძნობით ადამიანი აუქმებს თავის თავს და სხვისი ტანჯვის მოსარჩლე ხდება. ეს ზღუდავს მას გამორჩეულობისა და სიძლიერისკენ მიმავალ გზაზე, ამიტომ საჭიროა ამ შეზღუდვისაგან თავის დაღწევა. ზნეობა, სიკეთე და ბოროტება ადამიანთა გამოგონილია. ეს ღირებულებები სუსტი, უღონო, დაავადებული სიცოცხლის ნაყოფად ესახება ნიცშეს. ამგვარად, სიკეთე უღელია, რომელიც სულიერთ სუსტთა კისერზე დაუდვიათ. თუმცა, ზარატუსტრას ბოროტი მოსწონს, რადგან მასში მეტი ენერგიაა. ნიცშეს ზარატუსტრა სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგას. იგი არის არა „მორალისტი“, არამედ „იმორალიტი“. გზა „ზეკაცობისკენ“ მოითხოვს უზომო სიძულვილს ყველა ძველი ღირებულებისა – ტრადიციულად გაგებული ბედნიერებისა, გონებისა, სიკეთე-ბოროტებისა.

ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედება ხოტბაა სიცოცხლისა, რომლის უმნიშვნელო გამოვლინებასაც კი შეჰხარის პოეტი. სულის სიღრმემდე განიცდის ბუნების სულიერ და გასულიერებულ არსებათა ტკივილს, ფიქრობს მათს საფიქრალს.

ნიცშესთან უნდა წარიღვნას ყოველივე, რაც ცოცხლობს, შეუბრალებელია ზარატუსტრა, მის სულს არ ეკარება ადამიანთა ტანჯვა, ის სიხარულის მაყარია, მროკავი, ლაღი, უდარდელი (აქვე გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას თითქოს მსოფლიო სევდით შეპყრობილი გმირებიც).

რაც შეეხება მინდიას, მან ქაჯთა ტყვეობაში გველის ხორცი ჭამა (30 წლის ზარატუსტრა შეუდგა განდეგილის ცხოვრებას და ათი წელიწადი ცხოვრობდა გამოქვაბულში თავის საყვარელ ცხოველებთან – არწივსა და გველთან ერთად. ერთი შეხედვით, „გველის მჭამელშიც“, ზარატუსტრას მსგავსად გველთან, სიახლოვე სძენს ადამიანს სასწაულებრივ უნარს) და საოცარ სიბრძნეს, ქაჯთა ყველა არაადამიანურ საიდუმლოს ეზიარა, თუმცა, ქაჯებისგან განსხვავებით, რომელთაც ეს სიბრძნე დემონებად აქცევდა, მინდია ბოლომდე სიკეთისა და ადამიანურობის ერთგული დარჩა. მან უმაღლეს სიკეთეს მიაღწია, იგი ხალხის მოკეთეა.

მართალია ნიცშესთან პოეტი მომავლის მეგზურია, მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ეს მოაზროვნე სოციალურ მიზანს უქვემდებარებდეს ხელოვანის როლსა და ადგილს საზოგადოებაში. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას, იგი სოციალურად მომართული პოეტი იყო. ნიცშეს „ზეკაცი“ იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნის, რომელიც საკუთარ „მე“- ს აყენებს სამყაროს ცენტრში, მას არ სურს მორჩილება, სურს იყოს ყოველივეს ბატონ-პატრონი, მცნებას „შენ ხარ მოვალე“ (გავიხსენოთ, რომ ეს არის უმთავრესი მცნება ვაჟას მინდიასათვის, რომლითაც იგი თავს ივალდებულებს თითქმის მთელი სამყაროს წინაშე) უპირისპირებს თავის თავისუფლებას – „მე მსურს“. ეს არის ნიჰილიზმი, რომლის განცდა უცხოა ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყაროსთვის, რომელსაც მყარი მორალური საფუძველი აქვს. ნიცშეს „ზეკაცი“, საზოგადოებას მოწყვეტილი, კმაყოფილდება მხოლოდ სამყაროს მედიდური ჭვრეტით, მაგრამ, არისტოტელეს თქმით, ადამიანი დაბადებულია არა ჭვრეტისთვის, არამედ მოქმედებისთვის. „გველის მჭამელის“ გმირ მინდიას, მიუხედავად ყოფასთან მისი შეურიგებლობისა, მოქმედება არ აკლია, ნიცშეს ზარატუსტრასგან განსხვავებით, ის მაინც სოციალური პიროვნებაა და სულ იმის ფიქრითაა შეპყრობილი, რითი არგოს ქვეყანას, რადგან მისი ამქვეყნიური ბედნიერებისათვის აუცილებელი ოცნებაა: „ნეტავი იმას, ვისაც კი მადლიერი ჰყავს ქვეყანა“… მინდიას მარცხიც ყოველდღიური ცხოვრების ჭირ-ვარამში ჩაფლულ საზოგადოებაში არა ინდივიდუალისტის, არამედ მაღალი სოციალური იდეალების მქონე პიროვნების მარცხია. ამგვარად, „გველის მჭამელშიც“, ისევე როგორც ვაჟა-ფშაველას სხვა პოემებში, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის მოტივია ნაჩვენები. ურთიერთობა დიდებული, თუმცა, ამავე დროს, უცნაური, უნიადაგო პიროვნებისა და საზოგადოებისა, რომელიც ამ პიროვნებაზე დაყრდნობით ცდილობს წინსვლას. ვაჟა-ფშაველას იდეალი კი ჯანსაღი, ძლიერი პიროვნებისა და გონიერი საზოგადოების შეხედულებათა და სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დამთხვევაა, რადგან მხოლოდ ასეთ პირობებში ვითარდება სრულფასოვნად პიროვნებაცა და საზოგადოებაც.

ვაჟა-ფშაველას ძლიერი, ამაღლებული პოეზიისთვის, ისევე, როგორც საზოგადოდ ქართული ცნობიერებისთვის, ქრისტიანული მსოფლხედვაა დამახასიათებელი, რომლისთვისაც მიუღებელია სამყარო, სადაც „ღმერთი მკვდარია“, სამყარო, რომელიც ასეთი სიღრმით არის მოცემული ნიცშეს თხზულებაში „ესე იტყოდა ზარატუსტრა“. ნიცშე ახორციელებს XIX საუკუნის ანტირელიგიურ ტენდენციას. იგი უარყოფს ტრანსცენდენტურ ჭეშმარიტებას როგორც ილუზიას, ფანტასმაგორიას. საყრდენს, წესებს მოკლებული სამყარო, მოვლენათა უმიზნო, დაუსრულებელი ცვალებადობა, უაზრო და ცარიელია _ ასეთია ნიცშეს სკეპტიციზმი. ნიცშეს ზარატუსტრა ნიჰილიზმით სავსეა, ბოროტი გენიის მატარებელი, დემონს დამსგავსებული, სოციალური მიზნებისაგან თავისუფალი, ყოველგვარი ზნეობრივისგან დაცლილი. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას იდეალურ პერსონაჟებს (ალუდა, მინდია), მათ კონკრეტული სოციალური მისია აკისრიათ. ისინი, როგორც ზნეობრივი გმირები, იბრძვიან საზოგადოების გაჯანსაღებისთვის, სრულყოფისთვის, თავისუფალი სამყაროს ასაშენებლად, სიკეთის (რომელიც ნიცშესთან სრულიად გაუფასურებულია, ხოლო, ვაჟას რწმენით, ადამიანის სულის არსებით თვისებას წარმოადგენს), ღვთაებრივი ჭეშმარიტების დასამკვიდრებლად.

თითქოს ძნელი შესადარებელიცაა ვაჟა-ფშაველას რთული, მაგრამ, ამავე დროს, ნათელი პოეტური სამყარო და სამყარო, რომელიც ნიცშეს ბნელით და წყვდიადით მოსილი გონების შექმნილია. „ვმუშაობ წელში მოხრილი, ჩემს საკუთარ, „მე“-ში გამომწყვდეული, როგორც გამოქვებულში, მე თვითონ ვისამარებ ჩემს თავს და ჩემი საკუთარი საფლავი ვარ მე. უძლური, გაშეშებული ლეში“, – წერდა ფრიდრიხ ნიცშე უკანასკნელად.

„ორი რამ მაფიქრებს და მაღელვებს, როდესაც მათზე შეჩერდება ჩემი გონება: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზევით და ზნეობრივი კანონი ჩემში“, – ამბობდა ფილოსოფოსი ემანუილ კანტი. ეს არის ღმერთის ძიება და აღიარება სამყაროში და თავად ადამიანში. ეს იყო ვაჟა-ფშაველას – ფშავის იშვიათი ინტელიგენტის, როგორც მას ვახტანგ კოტეტიშვილი უწოდებდა – ძირითადი ამოცანაც და მთელი მისი შემოქმედებაც ამას ეძღვნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი