ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ ნიჭიერ ბავშვებს შესაძლებლობათა რეალიზებაში

ნიჭიერ ბავშვთა აღზრდა და მათი განვითარების სწორად წარმართვა ნებისმიერი საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხია, ვინაიდან საზოგადოების პროგრესი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გამოიყენებს ის ნიჭიერი ადამიანის შესაძლებლობებს, მის გონებრივ პოტენციალს.

ნიჭიერი ბავშვის გამოვლენისა და მისი სწავლა-აღზრდის პროცესში განსაკუთრებით დიდია მშობლის როლი, ვინაიდან ადრეულ ასაკში შეუმჩნეველი და განუვითარებელი ესა თუ ის უნარი შესაძლოა თანდათანობით გაქრეს და ბავშვმა ვერ მოახერხოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება. ამდენად, ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესო უნდა იყოს ის ნიშნები, რომლებიც ნიჭიერ ბავშვს თანატოლებისგან გამოარჩევს და რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მის სწორ განვითარებას, მისი შესაძლებლობების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

პირველ სირთულეებს ნიჭიერი ბავშვის მშობლები მისი დაბადებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ აწყდებიან. ასეთ ბავშვებს ნაკლები სძინავთ, ცუდად ჭამენ, უჭირთ ერთსა და იმავე მდგომარეობაში შედარებით დიდხანს ყოფნა. მალე თავს იჩენს მომეტებულ შემეცნებით აქტივობასთან დაკავშირებული სირთულებიც. ასეთ აქტივობას ხშირად არასასიამოვნო შედეგები მოსდევს: დამსხვრეული ტელეფონები და ელექტრომოწყობილობები, დაშლილი საათები… ყველაფერი, რაც ხელში მოხვდება ნიჭიერ ბავშვს, შესაძლოა მისი მუდმივად დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობის მსხვერპლად იქცეს. ამ თვისებისა და გარე სამყაროს შეცნობის დაუოკებელი სურვილის გამო ასეთი ბავშვები გაუთავებელი შეკითხვებით ხშირად თავს აბეზრებენ უფროსებს, რაც, თავის მხრივ, ართულებს მშობლებისა და შვილის ურთიერთობას.
ნიჭიერი ბავშვის ძირითადი მახასიათებლები

1. შემეცნებითი პროცესების წინმსწრები განვითარება:

·ადრე ამეტყველება და მდიდარი ლექსიკური მარაგი;
·რთული სიტყვების გამოყენება მეტყველებისას; 
·თვლისა და კითხვის უნარის ადრე დაუფლება;
·უჩვეულო ყურადღების გამოჩენა, რაიმეზე ყურადღების მომეტებული კონცენტრაცია, დაჟინება იმ სფეროში წარმატების მისაღწევად, რომელიც მას აინტერესებს;
·მისთვის საინტერესო საქმის კეთებისას საქმეში ჩაღრმავება;
·დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობა;
·შესანიშნავი მეხსიერება;
·კარგად განვითარებული აღქმა და წარმოსახვა.

2. საოცარი იუმორის გრძნობა;

3. მათემატიკური უნარების დომინირება;

4. ძლიერ განვითარებული სამართლიანობის გრძნობის საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოვლენა – ასეთი ბავშვები მტკივნეულად აღიქვამენ საზოგადოებრივ უსამართლობას და დიდ მოთხოვნებს უყენებენ საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს;

5. საკუთარ ღირებულებათა ფართო სისტემა;

6. იმ პრობლემების მოგვარების მცდელობა, რომელთა გადაჭრა ჯერჯერობით მათ შესაძლებლობებს აღემატება;

7. მომეტებული მგრძნობიარობა;

8. „გაზვიადებული” შიშები.

ნიჭიერი ბავშვის შესაძლებლობათა მაქსიმალური რეალიზებისთვის, ასევე – მისი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესის სწორად წარმართვისთვის სასურველია, მისი სწავლა-აღზრდის პროცესში პედაგოგებმა და მშობლებმა გაითვალისწინონ რამდენიმე რეკომენდაცია:

1. გააანალიზეთ საკუთარი ღირებულებათა სისტემა ბავშვის აღზრდასთან მიმართებით – უწყობს ის ხელს ბავშვის პიროვნებისა და ნიჭის რეალიზაციას?

2. იყავით გულწრფელი ბავშვთან – ტყუილის მიმართ ყველა ბავშვი მგრძნობიარეა, ნიჭიერი კი განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს ყოველგვარ ტყუილზე.

3. თავი არიდეთ ხანგრძლივ ახსნა-განმარტებებს და საუბრებს.

4. ეცადეთ, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ბავშვის განვითარებაში მომხდარი ცვლილებები – არაორდინარული კითხვები და ქცევა ხშირად ნიჭიერების მაჩვენებელია.

5. პატივი ეცით ბავშვის ინდივიდუალურობას, ნუ ეცდებით მასზე თქვენი პირადი ინტერესებისა და გატაცებების პროეცირებას.

6. გახსოვდეთ, ამა თუ იმ სფეროში წარმატება არ არის იმის საწინდარი, რომ ბავშვი წარმატებით დაძლევს მის წინაშე დასმულ ნებისმიერ ამოცანას, როგორი ნიჭიერებითაც არ უნდა გამოირჩეოდეს ის.

7. სასურველია, ნიჭიერი ბავშვი არ იყოს დედისერთა და ჰყავდეს და-ძმა – ეს მას ჯანსაღი თვითაღქმისა და სრულფასოვნების გრძნობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

8. გახსოვდეთ, არ არსებობს ნიჭიერების სტერეოტიპი. თითოეული ბავშვი თავისებურად ავლენს საკუთარ უნარებს. მართალია, ნიჭიერი ბავშვის ერთ-ერთი თავისებურება ადრე ამეტყველებაა, მაგრამ ყველა ასეთი ბავშვი ადრე არ იდგამს ენას, მაშინაც კი, როცა საამისოდ შესაფერისი პირობები აქვს. შესაძლოა, სამ წლამდეც კი არ ალაპარაკდეს, მერე კი ერთბაშად საკმაოდ რთული წინადადებებით დაიწყოს საუბარი.

9. ერიდეთ ბავშვის ნიჭის მუდმივ, ბავშვისთვის შემაწუხებელ დემონსტრირებას და, მით უმეტეს, ექსპლუატაციას.

10. ნუ დააყენებთ ნიჭიერ ბავშვს კვარცხლბეკზე და სხვა ბავშვების თვალში ვუნდერკინდად ნუ წარმოაჩენთ. რასაკვირველია, ნიჭიერი ბავშვი სათანადოდ უნდა იქნეს დაფასებული, მაგრამ მისი მიღწევების განსაკუთრებულობის ხაზგასმა ხშირად ბადებს გაღიზიანებას, ეჭვიანობას, შუღლს და მტრობას, რამაც შესაძლოა ნიჭიერ ბავშვს ხელი შეუშალოს თანატოლებთან ურთიერთობაში. ასევე მიუღებელია მეორე უკიდურესობაც – განზრახ საჯარო დამცირება, უნიკალური უნარების დაუფასებლობა და სარკაზმი მასწავლებლის მხრივ.

11. იმ კლასში, სადაც ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ, რაც შეიძლება იშვიათად უნდა იქნეს გამოყენებული თამაშით სწავლების ფორმები მკაფიოდ გამოხატული შეჯიბრების ელემენტებით – ნიჭიერი ბავშვი, რა თქმა უნდა, ხშირად გაიმარჯვებს, რამაც შესაძლოა მისდამი შური და მტრობა გამოიწვიოს.

12. გახსოვდეთ, მიუღებელია ბავშვის ნიჭის როგორც იგნორირება, ასევე მისით უზომო აღფრთოვანება. ეცადეთ, გაზვიადებულად არ შეაფასოთ ასეთი ბავშვების ნამუშევრები, თუნდაც საუკეთესო; არ გამოარჩიოთ ნიჭიერი ბავშვი ინდივიდუალური წარმატებების გამო. უმჯობესია, წაახალისოთ მისი სხვა ბავშვებთან ერთად მუშაობისას მიღწეული წარმატებები.

13. გაითვალისწინეთ, „ნიჭიერის” იარლიყი ცვლის როგორც გარშემო მყოფთა დამოკიდებულებას ბავშვისადმი, ასევე ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმას.

14. ნიჭიერი ბავშები ძნელად აღიქვამენ მკაცრად რეგლამენტირებულ, განმეორებად მეცადინეობებს. სასურველია სასწავლო პროგრამის გამრავალფეროვნება ნიჭიერი ბავშვის მოთხოვნილებების გათვალისწინებებით.

15. ნიჭიერი ბავშვისადმი გარშემო მყოფთა სწორი დამოკიდებულება საწინდარია იმისა, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მისი სოციალური ადაპტაციის სირთულეებს.

ზემომოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინება ნიჭიერი ბავშვის შესაძლებლობებისა და უნარების ზედმიწევნით გამოვლენის, მისი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესის სწორად წარმართვის, ასევე – მასთან ურთიერთობისას მრავალი გართულებების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი