ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საროს მეგალითები – უნიკალური კულტურულ-საგანმანათლებლო ტურისტული რესურსი

„ექსკურსია“ ჯადოსნური სიტყვაა და გართობასთან ერთად შემეცნებასაც გულისხმობს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჭკვიანურად დაგეგმავ, თუ კარგად იცი, სად მიდიხარ, რატომ და როგორ გაატარებ დროს, რომელიც ამ ჯადოსნურ ამბავს დაუთმე.

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ექსკურსია ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ მხარეში, დაბასა თუ ქალაქში, მთასა თუ კონცხზე შეგიძლია მოაწყო. თანაც ახლა, როცა ზაფხულია და თავგადასავლები გვიხმობს.

ჰოდა, ერთ რჩევას მოგცემთ და ისეთ ადგილს მიგასწავლით, რომელზეც თუ აქამდე არ გიფიქრიათ, თქვენი ინტერესების დავთარში ახლა მაინც უნდა შეიტანოთ:

აუცილებლად ესტუმრეთ მესხეთში, ასპინძის რაიონში, სოფელ საროს. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, თბილისიდან დაახლოებით 250 კმ-ზე მდებარეობს. გზად სამცხის მარგალიტები შემოგხვდებათ, შეგიძლიათ, მანამდე ან მერე (თუღა დაგრჩებათ დრო) ისინიც მოინახულოთ, მაგრამ სარო თქვენი მოგზაურობის ეპიცენტრად აქციეთ და გვერდი არ აუაროთ!

რატომ?

მთავრით დავიწყებ და ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს დავიმოწმებ: სარო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია ჩვენს ქვეყანაში, რადგან აქ არის ის, რაც ჩვენს არსებობას, ჩვენს კულტურულ ყოფას მრავალი ათასი წლით ათარიღებს.

გაგიგონიათ რამე მეგალითების შესახებ? ეს არის უზარმაზარი, დაუმუშავებელი თუ დამუშავებული ლოდებისგან შექმნილი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და ნაგებობათა კომპლექსები: დოლმენები, მენჰირები, კრომლეჰები და სხვა, – რომლებიც კონკრეტულ ადგილას უძველესი ცივილიზაციების არსებობას მოწმობს. ასეთი არქიტექტურული ძეგლები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, უმთავრესად – ზღვისპირეთში. მათი დანიშნულება ყოველთვის აშკარა არ არის – ისინი სხვადასხვა ფუნქციას ითავსებდნენ: ხან სამარხებისას, ხან საკულტოს, ხან კი საყოფაცხოვრებოს. მეგალითური კულტურის ნიმუშები გვხვდება კავკასიაშიც, მათ შორის – საქართველოს სამხრეთში, ქვემო ქართლსა და აფხაზეთში.

სარო სწორედ მეგალითების სამფლობელოა. მეგალითები ამ სოფლის ბეჭედია. მეცნიერება დღემდე თავს იმტვრევს, ვისმა ხელებმა, ვისმა ვნებამ აღმართა ეს ვეებერთელა კომპლექსები, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც უძველეს დროში, ყოველგვარი ტექნიკის დაუხმარებლად, შეძლეს და ლამის ქოხისოდენა ლოდებისგან ეს ძეგლები ააგეს.

მეგალითებს ძველად გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებს და ქვაკაცებსაც უწოდებდნენ. ზუსტად შერჩეული სახელებია – პირველი სწორედ დევები და გოლიათები მოგაგონდება მათ შემხედვარეს.

საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში იყო განვითარებული ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ-ის II ათასწლეულის შუა ხანებიდან ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.

საროს მეგალითების კომპლექსს ციხესიმაგრეებსაც უწოდებენ და სამად ყოფენ: ქვეუბნის ციხედ, რომელიც სოფლის ბოლოს, დასავლეთით (ქვეუბანი) მდებარეობს, ზედა ანუ საყდრის ციხედ, რომელიც მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვესაა და ახალ ციხედ, რომელიც საყდრის ციხის ჩრდილო-დასავლეთით აღმართულ კოშკს წარმოადგენს.

სოფელ საროს შემოგარენში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები (სამარხ-სამაროვნები, ციხესიმაგრეები, უძველეს საცხოვრებელთა ნაშთები, საკულტო სალოცავები და ა.შ.) დასტურია იმისა, რომ ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდში ისტორიულ ჯავახეთში, კერძოდ, ჯავახეთის ზეგანის ქვედა პლატოზე (სარო-ხიზაბავრის მიდამოები), ინტენსიური ცხოვრება ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ აქ ცხოვრება არ ჩამქრალა სულ ცოტა ძვ. წ. III ათასწლეულიდან დღემდე.

ქვედაციხე კლდეზეა (ქარაფზე) აგებული. ნაგებობას საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. კედლის წყობაში გამოყენებულია შერჩეული და დამუშავებული დიდი ზომის (დაახ. 1,0-1,5 მ სიგრძისა და 0.8-1,0 მ სიმაღლის) ბაზალტის თლილი ქვები. კედლის შუა ნაწილი, ქვებს შორის, ქვების წვრილი ნატეხებით, ე.წ. ხურდითაა შევსებული. კედლები მშრალი წყობითაა ნაგები (რაც მეგალითური კულტურისთვისაა დამახასიათებელი). განსაკუთრებით საყურადღებოა შესასვლელი კარის კონსტრუქციები, რომლებშიც გამოყენებულია დამუშავებული უზარმაზარი ქვის ლოდები.

ციხის გალავნის კედლები კლდის მასივზე, როგორც ჩანს, საძირკვლის გარეშეა აგებული, ეს კი მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ კედლები მაინცდამაინც მაღალი არ უნდა ყოფილიყო. დღეისთვის 2,5-3 მეტრამდე სიმაღლის ნაშთებია შემორჩენილი. გალავნის კედლების სისქე 2,4 მეტრია.

XX საუკუნის ბოლოს ქვეუბნის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს საკმაოდ დიდი ფართობის დარბაზი, ოროთახიანი ნაგებობა, დარანები და ხაროები (ხორბლის შესანახი ორმოები), ძვ. წ. აღ-ის XV-XIV საუკუნეების ელინისტური ხანის სამაროვანი.

ზემო, ანუ საყდრის ციხე უზარმაზარი ლოდებისგანაა ნაშენი. მის პირდაპირ კი მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტერია – საროს მთელი კომპლექსის მშვენება.

სოფლის განაპირას, დასავლეთით, სამცხის ქვაბულის სამხრეთით, წამოზრდილ გორაკზე, შემორჩენილია ციხის ნანგრევები, რომლებსაც მოსახლეობა „კოშკის“ სახელით მოიხსენიებს. კოშკი სამი მხრიდან (ჩრდილოეთი, სამხრეთ-დასავლეთი) მიუვალია, მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან აქვს მისასვლელი. სოფლის ამ უბანში, კოშკის ციხის სიახლოვეს, დღესაც ნახავთ მოზრდილი ქვებით მშრალად (კირხსნარის გარეშე) ნაგები უძველესი საცხოვრისების ნაშთებს.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს განვმარტეთ თითოეული ციხის პირვანდელი დანიშნულება და თეორიული აზრის გამოთქმაც შეგვიძლია, მაინც ძალიან ჭირს დაბეჯითებით იმის მტკიცება, რასთან, რა ტიპის კომპლექსთან გვაქვს საქმე, რა ფუნქციებს ითავსებდა უმთავრესად ეს ძეგლები – საყოფაცხოვრებოს, საკულტოს, სამარხისას თუ თავდაცვითს? რატომ არის, რომ ამ უზარმაზარ ლოდებს დღემდე ისეთი ენერგეტიკა აქვს, რომ დიდხანს ამაოდ ვცდილობდით გარემოს გადასაღებად დრონის გაშვებას – მაგნიტურ ტალღებს უახლესი აპარატურაც კი ვერ ერეოდა და მხოლოდ კომპლექსისგან მოშორებით შევძელით საფრენი კამერის ჩართვა? ემოცია კი, რომელიც ამ თავგადასავალს ახლდა, დღემდე გაუნელებლად მომყვება და ყველაზე გაბედული გადაწყვეტილებების მიღებისას მახსენებს თავს – მხნეობას მმატებს და ცნობიერების სპირალურ სიხშირეზე მრთავს. ამ ნაკადს ნებისმიერი უფსკრულიდან შეგიძლია ამოჰყვე, სწორედ ისე, როგორც მეგალითების ქარაფებში ხეობის ფსკერიდან ამოფრინდა არწივი. ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენა იყო, რაც კი ოდესმე მინახავს და რომელიც კი ბუნებას შეუძლია გაითამაშოს – მუქი წაბლისფერი დედა არწივი ორ მართვესთან ერთად სწორუპოვარი სიმშვიდით, ფრთააუქნევლად მოჰყვებოდა სივრცის სპირალს, ნება-ნება კრავდა კამარას, ჯერ – პატარას, მერე – უფრო ვრცელს, ბოლოს მთელ ხეობას ასე, გაშლილი და გაურხეველი ფრთებით შემოუარა და ამოვიდა, ამოანათა, შეერია ცის ტალღებს.

მონასტრის მორჩილმა გვითხრა, რომ ეს მათი მეგობარი არწივი იყო, სამი მართვე ჰყავდა. მღვიმეებიც გვაჩვენა, სადაც დედას მართვეები დაებინავებინა. ამ სცენის ნახვა ალბათ ყველას შეუძლია, ვინც საროში მოგზაურობას გადაწყვეტს.

და კიდევ _ არ გამოგრჩეთ მესხური დარბაზის, ყოფითი კულტურის ამ უნიკალური ძეგლის ნახვა. ისიც ციხესიმაგრეების კომპლექსის განაპირასაა, ასპანიძეების საგვარეულო დარბაზი, ულამაზესი ხის თაღით, დედაბოძით, საცხობებით.

სარო ისტორიაა და, როგორც ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში, ისიც ბოლომდე შეუსწავლელი, აუთვისებელი, მოუვლელი. უამრავი აქტივობა შეიძლება მოიფიქროს კაცმა, რათა აითვისოს მისი პოტენციალი, იკვლიოს და გააზიაროს აღმოჩენის, შემეცნების სიხარული.

მანამდე კი უბრალოდ მოინახულეთ ის. ამბობენ, რამდენი თვალიც შეხედავს, იმდენი საიდუმლო აქვსო.

საიდუმლოები კი, საბედნიეროდ, ისევ იზიდავს ადამიანებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი