ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვინ ვარ მე – კარგი მასწავლებელი

მშობლებს უნდათ, რომ მათ შვილებს კარგი მასწავლებლები ასწავლიდნენ. მაგრამ ვინ არის კარგი მასწავლებელი? ის, ვინც სწავლების თანამედროვე მეთოდებს იყენებს, ვისაც ეხერხება მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის ამაღლება, მათი სააზროვნო უნარების განვითარება თუ ორიგინალური საშინაო დავალებების მიცემა? ანდა მე, მასწავლებელს, რა შემიძლია, რა ცოდნისა და უნარ-თვისებების მატარებელი ვარ? საკუთარ თავს ამ კითხვებს არა მხოლოდ ახალბედა, არამედ გამოცდილი მასწავლებელიც უნდა უსვამდეს.

 

ჩვენს რეალობაში რთულია იყო კარგი მასწავლებელი. ამისთვის შენი საქმე, რომელსაც ყოველდღიურად არცთუ მარტივ პირობებში ეჭიდები, უპირობოდ უნდა გიყვარდეს. თანაც მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო პროფესიაა – ის ირიბად გავალდებულებს, იყო ავტორიტეტული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება. მასწავლებელს თითქოს მეტი მოეთხოვება, თუნდაც არასასკოლო საკითხებთან მიმართებით. მისი ყოველი სიტყვა ორმაგად საპასუხისმგებლო ჭრილში განიხილება.

მასწავლებლობა ბუნებრივად ასოცირდება გონიერებასთან, ინტელექტთან, თავისუფალ აზროვნებასთან, სწორ გადაწყვეტილებებთან. ალბათ ამიტომ მასწავლებლის შეცდომას საზოგადოება ხშირად ძალიან მტკივნეულად აღიქვამს.

 

„ვარ თუ არა კარგი მასწავლებელი? ყველაფერი ისე გამომდის, როგორც საჭიროა? ნამდვილად ის პროფესიაა მასწავლებლობა, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შევძლებ?“ – ეს კითხვები დროდადრო ყველა პედაგოგს უჩნდება და უკლებლივ ყველას სურს, იყოს თანამედროვე მასწავლებელი, თავის საგანს აყვარებდეს მოსწავლეებს, თვითონაც უყვარდეს ბავშვებს, იმსახურებდეს კოლეგებისა და მშობლების გულწრფელ პატივისცემას.

მასწავლებელი მუდამ დგას უამრავი პროფესიული გამოწვევის წინაშე. ის მოთმინებით ეგუება შეზღუდვებს. ავტორიტეტული პროფესიული სტატუსის გამო ხშირად თავშეკავებას იჩენს ბევრ ყოფით საკითხში. მასწავლებლის გარდერობიც კი სპეციფიკურია. მასწავლებელი იშვიათად დადის კლუბებში, სოციალურ ქსელში კი სიფრთხილით დებს პოსტებს. რასაკვირველია, ამგვარი „მასწავლებლური“ ცხოვრება საბჭოთა გადმონაშთია. 40 წელს გადაცილებულ სკოლის მასწავლებლებს დღესაც ვიცნობთ საუბრისა და ჩაცმის თავშეკავებული მანერით. ცხადია, ეს ყველა მასწავლებელს სულაც არ ეხება, თუმცა ჩვენი მეხსიერება ჯერ კიდევ ცოცხლად ინახავს მითიურ წარმოდგენებს იმაზე, რომ „მასწავლებელი საპირფარეშოში არ დადის“.

 

დროსთან ერთად იცვლება სასკოლო განათლების სისტემაც და მასწავლებელიც. იცვლება კარგი მასწავლებლის პირობითი განმარტებაც. უპირველეს ყოვლისა, კარგ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის სწავლით დაინტერესება და იმ საოცარ კონდიციამდე მიყვანა, როდესაც მოსწავლეს სწავლა გაიტაცებს. ტექნოლოგიების განვითარების უსწრაფეს საუკუნეში ეს მართლაც რთული ამოცანაა. თანამედროვე მოსწავლე, რომელიც ფლობს ინფორმაციის მოძიების ლამის თანდაყოლილ უნარს, თავად არის დიდი გამოწვევა მასწავლებლისთვის.

მასწავლებელმა მოსწავლე არა მხოლოდ ცოდნით, არამედ პიროვნული უნარ-თვისებებითაც უნდა მოხიბლოს. ხშირად სწორედ მასწავლებლის ადამიანურობა, მისი სწორი ღირებულებები იზიდავს მოსწავლეებს, აყვარებს რთულ საგანს. მასწავლებელი მოსწავლეებისთვის სანდო და საიმედო საყრდენი ხდება. მცოდნე, თავადაც აქტიურ, განვითარებისკენ მსწრაფ მასწავლებელს, რომელსაც ძალადობრივი სასწავლო მიდგომები არ ახასიათებს, შეუძლია სასარგებლო და კრეატიული გაკვეთილის ჩატარება. სკოლის მასწავლებელი საგნის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის მცოდნე და, რაც მთავარია, მისი უბადლო „გადამცემი ხაზი“ უნდა იყოს.

 

კარგი მასწავლებლის კრიტერიუმები ალბათ ნაკლებად სადავოა. დაფრთიანებულ, ზრდასრულ ყოფილ მოსწავლეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვს კარგი მასწავლებელი, ღიმილით და მადლიერებით იგონებს მას. კარგი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, მისი თუნდაც მხოლოდ ხმა, კლასთან ურთიერთობის მეთოდები, მისი სითბო და ყურადღება, გარეგნობა და ჩაცმის სტილიც კი ყოფილ მოსწავლეს არ ავიწყდება.

 

დღეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ თავს, რას ვგულისხმობთ კარგ მასწავლებელზე საუბრისას, როგორია კრიტერიუმების ჩამონათვალი, რა მოგვეთხოვება იმისთვის, რომ სიმორცხვის გარეშე ვთქვათ: „დიახ, მე კარგი მასწავლებელი ვარ“.

 

კარგი მასწავლებელი კრეატიულია. კრეატიულობას უამრავი განმარტება აქვს, მაგრამ ყველა მათგანი გულისხმობს შაბლონური, სტერეოტიპული აზროვნების წინააღმდეგ გალაშქრებას, საინტერესოს, ახლის შექმნის, ბანალურობისთვის გვერდის ავლის უნარს, ორიგინალური გადაწყვეტილებებისა და იდეების გენერირებას. მასწავლებლის სამუშაო არეალიც სავსეა შემოქმედებითი ამოცანებით, რომლებსაც თვითონვე ისახავს. კარგი მასწავლებელი თავად იგონებს გაკვეთილებს, სავარჯიშოებს, პროექტებს, რადგან ამოცანებისა და სხვადასხვა ფორმულირების არაორიგინალურობა ინტერნეტის საუკუნეში ისედაც წარმოშობს პლაგიატის შემთხვევებს.

 

მასწავლებელი თანამედროვე სკოლაში, მისი გამოწვევებითა და გარე ზეწოლებით, ჰგავს ასტრონავტს, რომლის ხომალდიც გაურკვეველი მიმართულებით მიქრის და იმისთვის, რომ გადარჩე, სწრაფად უნდა გადაწყვიტო, რომელ ღილაკს დააჭერ: „შემოქმედებითობას“ თუ „კონტროლის გაძლიერებას“. სწორედ შენ წყვეტ, რა იქნება სკოლა ბავშვისთვის: ციხე თუ თავისუფალი, სიცოცხლისთვის საჭირო ჟანგბადით სავსე სივრცე.

კარგმა მასწავლებელმა იცის, რომ ის ყოველთვის არ არის სწორი, მაგრამ მას შეუძლია საკუთარი წარუმატებლობის პოზიტიურ გამოცდილებად განხილვა. იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს გაუგოს, არა მხოლოდ უნდა იცოდეს, არამედ გრძნობდეს კიდეც მის საჭიროებებს, საკუთარი თავთან ჰარმონიაში უნდა იყოს. სკოლის ჯანსაღი ატმოსფეროსთვის აუცილებელია მისი უზრუნველყოფა პროფესიონალი ფსიქოლოგებით, რომლებიც პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან არა მხოლოდ ბავშვებს, მასწავლებლებსაც.

კარგი მასწავლებელი მახვილგონიერია. კარგ მასწავლებელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, იცის, როგორ იხალისოს მოსწავლეებთან ერთად, თავს უფლებას აძლევს, იყოს თვითირონიულიც. ხუმრობა, სიცილი დიდი ძალაა, ემოციური განტვირთვის საშუალებაც, ნდობით აღსავსე ურთიერთობების მაჩვენებელიც, პედაგოგიური პათოსისგან გათავისუფლების გზაც.

კარგი მასწავლებელი ემპათიურია. კარგმა მასწავლებელმა ზუსტად უნდა იგრძნოს, როდის განიცდის მოსწავლე დაბალი ქულის მიღებას. მას არ გამოეპარება არაფერი, რაც მოსწავლისადმი დამატებით ყურადღებას მოითხოვს. კარგი მასწავლებელი არასოდეს გამოიყვანს სოციოფობ მოსწავლეს დაფასთან, არ მოსთხოვს ხმამაღალ პასუხს სუსტხმიან ბავშვს, დინჯს არ აიძულებს აჩქარებას და სხვა. ბავშვებსაც, ზრდასრულთა მსგავსად, აქვთ რთული დღეები, მათაც უყვარდებათ, ისინიც განიცდიან ახლობლების სიკვდილს. ზოგჯერ მოსწავლეებს მასწავლებლისგან ცოდნაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდებათ – Wikipedia-ში მას ნამდვილად ვერ იპოვიან.

კარგ მასწავლებელს სკოლის გარეთ საინტერესო ცხოვრება აქვს (არ ვგულისხმობთ რეპეტიტორობას), აქვს გატაცება, ჰობი.

კარგი მასწავლებელი აქტიურია, „ცოცხალი“, არა იმ გაგებით, რომ სკოლაში დიდ დატვირთვას უძლებს. ახალი თემის ახსნის დროს მან შეიძლება შეცდომა დაუშვას, გაცხარდეს და აწყენინოს მოსწავლეს, ხმას აუწიოს. ცოცხალ ადამიანს აქვს შეცდომის, სისუსტის და დაღლილობის, ემოციური რეაქციის უფლება, მაგრამ კარგ პედაგოგს ამის აღიარება და ბოდიშის მოხდაც შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი