ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ წერა (გაგრძელება)

წერის პროცესი

წინა წერილში საუბარი გვქონდა წერისთვის მოსწავლეების მომზადების შესახებ. ამჯერად გთავაზობთ მოსაზრებებს უშუალოდ წერის პროცესის ეფექტიანად წარმართვის თაობაზე.

წერის პროცესი იწყება ვარიანტების შექმნით. ეს არის წერამდე გენერირებული აზრების ფურცელზე გადატანის პროცესი. სასურველია, მოსწავლეებმა ხალვათად (თუნდაც ხაზის გამოტოვებით) წერონ. ეს მათ გადასწორებისა და დამატების საშუალებას მისცემს. ერთზე მეტ ვარიანტზე ფიქრი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დახვეწონ აზრები, იპოვონ მათი გამოხატვის უკეთესი ფორმა. ამ ეტაპზე ისინი არ ფიქრობენ მართლწერასა და კალიგრაფიაზე. 

მას შემდეგ, რაც პირველი ვარიანტი დაიწერება, მოსწავლეები იწყებენ მის დახვეწას. ისინი უზიარებენ ნაშრომს მასწავლებელს და/ან თანაკლასელებს, რომლებიც, თავის მხრივ, კითხვებს უსვამენ ავტორს და ამით ნაწერის დახვეწაში ეხმარებიან. ამ ეტაპს პირველი ვარიანტის განხილვის ეტაპი ეწოდება.

ვარიანტის განხილვის შემდეგ ხდება მისი რედაქტირება და კორექტირება. რედაქტირებისა და კორექტირების ეტაპი ნაყოფიერია მაშინ, როდესაც მოსწავლემ იცის, რომ ნაშრომი მხოლოდ ნიშნისთვის არ იწერება და მას სხვებიც გაეცნობიან. ამ შემთხვევაში მოსწავლე ცდილობს, მისი ნაწერი არ იყოს სავსე ენობრივ-გრამატიკული შეცდომებით, ყურადღებას აქცევს წერის კულტურას, კალიგრაფიას. იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი და სხვისი შეცდომების შემჩნევა და გასწორება, სასურველია, მას ჩამოწერილი, კატეგორიზებული და კლასიფიცირებული ჰქონდეს მართლწერის წესები. ამისთვის შეიძლება თითოეულ მათგანს სამუშაო მაგიდაზე დავუდგათ პატარა ყუთი ან თუნდაც ხელსაწმენდების ჩასადები, რომელშიც სხვადასხვა ფერის ფურცლებით გამოყოფილი იქნება ბარათებზე ჩამოწერილი მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, სტილისტიკური ხასიათის გავრცელებული შეცდომები, მათ გასწვრივ – მართებული ვარიანტები და იქვე – მოკლე ახსნა ან წესი. მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად უნდა შექმნას და განიხილოს ნაწერის შეფასების კრიტერიუმები. სასურველია, ეს კრიტერიუმები ხელთ ჰქონდეს ყველა მოსწავლეს. 

ჩვენს სინამდვილეში ყველაზე გავრცელებული ფორმატი ანალიტიკური თხზულებაა, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ იმ ასპექტებზე საუბარი, რომლებიც მოსწავლეებს თხზულების წერაში დაეხმარება.


რა უნდა გვახსოვდეს, სანამ თხზულების წერას შევუდგებით

ერთი მჭევრმეტყველი ისე აგებდა თავის გამოსვლას, რომ მისი აზრები ყველასათვის ნათელი და ადვილად აღსაქმელი იყო. ერთხელ ჰკითხეს: როგორ ახერხებთ სათქმელის ისე გამოხატვას, რომ ის ყველას გონებამდე აღწევდესო? მან უპასუხა:

– პირველი – ვიცი, ვის ველაპარაკები, რა მინდა ვუთხრა და მარტივად ვეუბნები იმას, რის თქმაც მინდა;

მეორე – შემდეგ სათქმელს ვასურათხატებ / მაგალითებით ვამდიდრებ;

მესამე – ბოლოს კი ვუმეორებ იმას, რაც თავიდან ვუთხარი.

ამ მჭევრმეტყველის ნათქვამის პერიფრაზირებას რომ მივმართოთ, შეიძლება, იგი ასე ჩამოვაყალიბოთ:
თხზულება შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან. ესენია:

1. შესავალი / თეზისი;
2. თეზისის გაშლა / განვრცობა / დასურათხატება;
3. დასკვნა.

შესავალი: სასურველია, თეზისი პირველივე წინადადებით ჩამოყალიბდეს, პირდაპირ, მოურიდებლად დაისვას საკითხი და ამას მოჰყვეს რამდენიმე განმარტებითი ხასიათის ფრაზა.

თეზისის გაშლა: ამ ნაწილში თეზისის გასამყარებლად / დასადასტურებლად, სულ მცირე, სამი არგუმენტი უნდა მოვიყვანოთ.

დასკვნა / შეჯამება: აქ სათქმელი ჯამდება. მეორდება თეზისი და ხაზი ესმება პოზიციის სისწორეს / მნიშვნელოვნებას.
რა შეიძლება ვურჩიოთ მოსწავლეებს?
* მოერიდეთ ზოგად მსჯელობას. ეცადეთ, თქვენი ნაწერი ფოკუსირებული იყოს ზოგადი საკითხის ერთ კონკრეტულ ასპექტზე (მაგალითად, ზოგადი საკითხი: პიროვნება საზოგადოების პირისპირ. კონკრეტული ასპექტი: ალუდა ქეთელაურსა და თემს შორის კონფლიქტის საფუძველი).
* დასაწყისი განაპირობებს თქვენი ნაწერის მიმართულებასა და სტილს. შექმენით დასაწყისის რამდენიმე ვარიანტი და ამოარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე უკეთ დაგანახვებთ, როგორ განავითაროთ აზრი / მსჯელობა.
* უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დასკვნას. ეფექტურად ჩამოყალიბებული დასკვნითი ნაწილი = ძირითად ნაწილში მიმოხილული ყველა კონკრეტული საკითხის რეზიუმეს + აზრი, რომელიც შემდგომი ფიქრისკენ უბიძგებს მკითხველს.
* ნაწერის დასახვეწად გამოიყენეთ შემდეგი სტრატეგია: ფურცლის ერთ სვეტში ჩამოწერეთ ის სიტყვები და ფრაზები, რომლებითაც იწყებთ აბზაცებს. დააკვირდით და იფიქრეთ, მეტი კონკრეტიკისა და ეფექტისთვის ხომ არ შეცვლიდით ზოგიერთს. მათ გასწვრივ, მეორე სვეტში, დაწერეთ ალტერნატივები.
* თქვენი ნაწერი მაშინ იქნება საინტერესო და დამაჯერებელი, თუ მას დატვირთავთ (მაგრამ არ გადატვირთავთ): ა) ფაქტებით, მაგალითებით; ბ) ჩანართებით, ციტატებით; გ) მიზეზის დასახელებით, ახსნა-განმარტებით, შეჯამებით / რეზიუმირებით; დ) პერიფრაზით, შედარებით, პარალელებით.
* დათვალეთ წინადადებებში სიტყვების რაოდენობა. ჩამოწერეთ ეს რიცხვები ფურცელზე წინადადებების ნაცვლად და დააკვირდით, უსაშველოდ გრძელი წინადადებები ხომ არ გამოგივიდათ? შემოკლება ხომ არ არის საჭირო?
* ნაწერი რომ მოსაბეზრებელი არ იყოს, პარაგრაფში შეანაცვლეთ წინადადებების სიგრძე. გრძელი წინადადების / წინადადების შემდეგ ჩართეთ მოკლე და სხარტი წინადადება, შემდეგ ისევ გრძელს დაუბრუნდით და ა.შ.
* ეცადეთ, ნაწერი „სუნთქავდეს”. გახსოვდეთ: თავისუფალი სივრცე ნაწერს უფრო ადვილად აღსაქმელს ხდის. 

წერის პროცესის მხარდაჭერა და მართვა

მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, თავი დაცულად, მშვიდად იგრძნონ „რისკის გაწევისას” (იგულისხმება ორიგინალური აზრების თამამად და შეუზღუდავად გამოთქმა). კლასში უნდა შეიქმნას „მწერალთა” თანამეგობრობა, რომელშიც მოსწავლეები ერთმანეთს მხარს დაუჭერენ და აზრებს გაუზიარებენ (მასწავლებელიც ამ თანამეგობრობის წევრია). სასურველია, ჯერ კიდევ წერამდე მოსწავლეებმა თავად დაადგინონ წესები ასეთი უსაფრთხო და თანამშრომლობითი გარემოს ჩამოსაყალიბებლად (მაგალითად, „არ დავცინოთ მეგობარს”; „მოვერიდოთ წითელი კალმით ჩასწორებას”; „მივცეთ მეგობარს საშუალება, თავად ჩაასწოროს” და ა.შ.).

მერხები შეიძლება ისე დალაგდეს, რომ მათზე სამი-ოთხი მოსწავლე მოთავსდეს (შეიქმნას თანამეგობრობის მინიჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს გააცნობენ ნაწერებს, დაეხმარებიან რედაქტირება-კორექტირებაში). კედლის თაროზე შეიძლება რესურსების (მაგ., ლექსიკონების, სასწავლო ტექსტების, ლიტერატურის) განთავსება, რათა მათ დახმარება გაუწიონ მოსწავლეებს წერის დროს.
 
უწყვეტი საწერი დრო

მოსწავლეებს წერისთვის გახანგრძლივებული დრო ეძლევათ. მასწავლებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მოსწავლეებს წერის სხვადასხვა ტემპი აქვთ. ზოგი წერამდელ საფეხურზე იქნება მაშინ, როდესაც სხვები გადახედვას (რედაქტირებას), საბოლოო ვარიანტის მომზადებას შეუდგებიან. მასწავლებელი გამუდმებით უნდა აკვირდებოდეს მოსწავლეებს, აკეთებდეს ჩანაწერებს, ჩანიშვნებს და ამის საფუძველზე არჩევდეს მოსწავლეებთან მუშაობის ფორმებს წერის ტემპის გათვალისწინებით, აძლევდეს მათ რჩევებს. 

უწყვეტი საწერი დროის განმავლობაში მასწავლებელი უმეტესად საკლასო ოთახში უნდა მოძრაობდეს და უზიარებდეს აზრს თითოეულ მოსწავლეს, აწვდიდეს ინსტრუქციას მას, ვისაც ეს სჭირდება. უწყვეტ საწერ დროში უნდა შევიდეს დრო თანატოლთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვისაც. წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მოწყობილ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში შეიძლება მონაწილეობდეს მასწავლებელიც. მისი მონაწილეობა შეიძლება რამდენიმე წამს გაგრძელდეს, მაგალითად, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა დაადგინონ გარკვეული ცნების მნიშვნელობა, იპოვონ სინონიმი. შეიძლება, საუბარი უფრო მეტხანსაც, თუნდაც რამდენიმე წუთს გაგრძელდეს, მაგალითად, იმისთვის, რომ მოიძებნოს მოსაზრების დამამტკიცებელი უკეთესი არგუმენტი. 

აზრთა გაცვლა-გამოცვლა წერის პროცესში საჭიროა იმისთვის, რომ:

* ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს საკუთარი ნაწერის განხილვაში, მისთვის უცხო თვალით შეხედვაში; 
* მივცეთ მოსწავლეებს ნაწერის გაუმჯობესების საშუალება; 
* ჩავაბათ მოსწავლეები საუბარში, რათა მეტი შეიტყონ საკუთარი თავისა და სხვების შესახებ. 
მოსწავლეთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფეხურები
 
1. მოსწავლე გადაწყვეტს, როგორ გაუზიაროს პარტნიორს / პარტნიორებს წერითი ნამუშევარი. ეს გზა შეიძლება იყოს:

* პარტნიორის/ების მიერ ჩუმად წაკითხვა; 
* თავად ნაწერის ავტორის მიერ ხმამაღლა წაკითხვა; 
* ორივე ზემოხსენებულის კომბინაცია. 
2. მოსწავლე წყვეტს, წერითი ნამუშევრის რომელ ასპექტებზე მოხდეს ფოკუსირება (მაგალითად, აბზაცებად დაყოფაზე, მხატვრულ ხერხებზე, სტილზე, სათქმელის მკაფიოობაზე).

3. პარტნიორი მოსწავლეს (ნაწერის ავტორს) ეუბნება, სულ მცირე, ერთ რამეს, რაც, მისი აზრით, ნაწერის ავტორმა ყველაზე უკეთ გააკეთა და რაც მას განსაკუთრებით მოეწონა. 
რჩევები პარტნიორებს აზრთა გაცვლის პროცესის ნაყოფიერად წარმართვისთვის

1. დაეხმარეთ თანაკლასელს მისი პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ გახსოვდეთ: ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ თავად მას შეუძლია.

2. გაუზიარეთ შთაბეჭდილებები, მიეცით რჩევები, მაგრამ მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კრიტიკისაგან.

3. ყურადღებით მოუსმინეთ იმას, რაც ავტორისთვის მნიშვნელოვანია, რაც მას აწუხებს და წერითი ნამუშევრის კითხვის ან მოსმენის დროს გაითვალისწინეთ.

4. ნაწერის შესახებ მოსაზრებების გამოთქმისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
* დასაწყისი 
საინტერესოა იგი? მიიპყრო თქვენი ყურადღება?
* შუა ნაწილი
მნიშვნელოვანი დეტალები ხომ არ გამოუტოვებია?
* დასასრული 
შთამბეჭდავია? 
* სტილი
ენა ნათელია და ადვილად გასაგები? არის გამოყენებული ადეკვატური ლექსიკა?
* ტექსტის ორგანიზება
აბზაცები მართებულად არის გამოყოფილი? არის მათ შორის ლოგიკური კავშირი?
* გრამატიკული მხარე
ხომ არ არის დაშვებული მორფოლოგიური, პუნქტუაციური და სინტაქსური ხასიათის შეცდომები?
მას, ვინც ნაწერის შესახებ მოსაზრებებს უზიარებს ავტორს, სასურველია, ახსოვდეს ნაწერის შეფასების ამგვარი სქემა: რა მომეწონა? / დასახვეწია / როგორ შეიძლება ამის უკეთესად გაკეთება? ამგვარად ის არა მარტო ხედავს ნაწერის პოზიტიურ მხარეს, არამედ სთავაზობს მეგობარს სხვა ვარიანტს, ანუ თვითონაც ფიქრობს, აანალიზებს, ეძებს და აყალიბებს ვერსიებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი