პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჰონკონგის სასკოლო განათლება

მსოფლიოს ყველაზე განვითარებული საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყანათა ოცეულის სათავეში ფინეთი, სამხრეთ კორეა და ჰონკონგი მოხვდნენ. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Pearson-მა განახორციელა ჟურნალ Economist-ის დაკვეთით, კვლევის შედეგები კი გაზეთ Times-ში გამოქვეყნდა. აღნიშნულ რეიტინგში, მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო რუსეთმა – უკანასკნელი. რეიტინგი 2006-2010 წლებში სკოლის გამოსაშვებ საერთაშორისო ტესტებში მიღებული შედეგების გათვალისწინებით შედგა (სხვათა შორის, Pearson-ის შედეგებში გათვალისწინებულია სხვა მსგავსი საერთაშორისო კვლევის – Pisa-ს შედეგებიც). რეიტინგის ერთ-ერთი ავტორის, მაიკლ ბარბერის თქმით, ყველაზე წარმატებული ის ქვეყნები აღმოჩნდნენ, სადაც მასწავლებლის სტატუსი მაღალია და განვითარებული საგანმანთლებლო კულტურა არსებობს.

ფინეთის, სამხრეთ კორეისა და დიდი ბრიტანეთის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” გვერდებზე. ამჯერად გთავაზობთ მონაცემებს ჰონკონგის განათლების სისტემის შესახებ, რომელიც ბევრი რამით სამხრეთკორეულ ვარიანტს ჩამოჰგავს. აქ ბავშვი ექვსი წლის ასაკში დაწყებით სკოლაში მიდის, თორმეტი წლისა გადადის არასრულ საშუალო სკოლაში, სადაც 15 წლამდე სწავლობს. ამ ეტაპზე მოსწავლე გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელ ჰონკონგურ სერტიფიკატს იღებს, რაც GCSE-ს ეკვივალენტია. ამის შემდეგ ორი წელიწადი ის სრულ საშუალო სკოლაში სწავლობს, სასკოლო განათლების შემდეგ კი მათთვის გზა ხსნილია უმაღლესი განათლების მისაღებად. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სავალდებულოა სპეციალური უნიფორმის ტარება.

ჰონკონგის განათლების სისტემა ცდილობს, ზედმიწევნით შეინარჩუნოს ყოველივე ის, რაც მან დიდი ბრიტანეთისგან იმემკვიდრევა. 1861 წელს ჰონკონგის განათლების სისტემის რეფორმირება ინგლისელებმა განახორციელეს. ამის წყალობით მისი განათლების სისტემა კონკურენტუნარიანია მსოფლიოში. 

1841 წლამდე ჰონკონგი ცინის იმპერიის ნაწილი იყო. იმ დროისთვის უკვე არსებობდა საგანმანათლებლო დაწესებულებების გარკვეული ჩანასახები – დაწყებული სოფლის სკოლებით, სადაც უბრალოდ წერა-კითხვას ასწავლიდნენ, დამთავრებული სხვადასხვა სახელობო სასწავლებლებით, რომლებიც ძირითადად მონასტრებში იყო განთავსებული, თუმცა ზუსტი ისტორიული მონაცემები ამგვარი სკოლების რაოდენობისა და ფუნქციების შესახებ არ არსებობს. პირველი სკოლა, რომელზეც ცნობებია შემორჩენილი, დაარსებულ იქნა 1075 წელს. 1860 წლისთვის კი ჰონკონგში 20 სოფლის სკოლა იყო. თუმცა ჩინელებმა, რომლებიც იმ დროისთვის ჰონკონგის ტერიტორიაზე სახლობდნენ, ამჯობინეს, შვილებისთვის სამშობლოში მიეცათ განათლება. 1861 წელს, ჰონკონგში ინგლისელების მოსვლიდან მოყოლებული, მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა.

საინტერესოა სასკოლო სწავლის ხანგრძლივობის ისტორიული განვითარების დინამიკა ჰონკონგში. 1960 წლიდან სასკოლო განათლება გულისხმობდა ოთხწლიან დაწყებით და ხუთწლიან საშუალო განათლებას, 1971 წლის შემდეგ – ექვსწლიან სავალდებულო საწყის განათლებას და სამწლიან საშუალო განათლებას (ორივე საფეხური, 1971 წლის მონაცემებით, სახელწიფოსგან ფინანსდებოდა), 2007 წლიდან – სამწლიან საბავშვო ბაღს, ექვსწლიან დაწყებით განათლებას, სამწლიან საშუალო განათლებას, ორწლიან უფროს კლასებს და ორწლიან მოსამზადებელ კურსს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. 

ჰონკონგის სკოლებში დიდ ყურადღებას აქცევენ მოსწავლის დისციპლინას. სკოლების უმეტესობა საჯარიმო ქულების სისტემას იყენებს. მოსწავლის ანგარიშზე აღირიცხება შინაგანაწესის ყოველი დარღვევა. დისციპლინის მესამე სერიოზული დარღვევის შემდეგ მოსწავლე სკოლიდან ირიცხება. უდისციპლინობამ კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მის მომავალ კარიერას. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჰონკონგის სკოლებში მოსწავლეებს ერთნაირ დისციპლინურ მოთხოვნებს არ უყენებენ. შეინიშნება მასწავლებლების მხრივ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებიც – ანგარების მიზნით საჯარიმო ქულების არდარიცხვასთან დაკავშირებით.

დაწყებითი განათლება. ამ საფეხურზე სასწავლო პროგრამა გულისხმობს ჩინური და ინგლისური ენების, მათემატიკის, მუსიკისა და ფიზიკური კულტურის შესწავლას. მანამდე სწავლა ორიენტირებული იყო სამ კომპონენტზე – საზოგადოებრივ მეცნიერებებზე, მედიცინასა და ზუსტ მეცნიერებებზე. 1996-1997 სასწავლო წელს შემოღებულ იქნა რელიგიური განათლებაც.

საშუალო განათლება. ჰონკონგში საშუალო განათლება განსაკუთრებით არის ორიენტირებული ინგლისური განათლების სისტემაზე. გიმნაზიის მოსწავლეთა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სპეციალიზაცია – მეცნიერების, ხელოვნების ან ბიზნესის სფეროში. სწავლის დასრულებისთანავე მოსწავლეს ეძლევა სერთიფიკატი HKCEE, რომელიც ეკვივალენტია ბრიტანული GCSE-ს სერთიფიკატისა. თუ მოსწავლემ განსაკუთრებული ცოდნა გამოამჟღავნა და მიიღო HKALE-ს სერთიფიკატი, მას თავისუფლად შეუძლია უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩარიცხვა. 

საერთაშორისო სკოლები, რომლებიც დაწყებით და საშუალო განათლებას იძლევა, ჰონკონგში წარმოდგენილია შემდეგი დაწესებულებების სახით: International institutions like Li Po Chun United World College, Hong Kong International School, German Swiss International School, Canadian International School, French International School and Chinese International School. ასეთ სკოლებში ჩასარიცხად არ არის საკმარისი ჰონკონგური გამოცდების ჩაბარება. აუცილებელია А დონისა და ბრიტანული სკალის მიხედვით GCSE, IGCSE-ს შესაბამისი ცოდნის დემონსტრირება ან ამერიკული სისტემა SAT-ის დაკმაყოფილება.

დაწყებით სკოლაში ბავშვები არავითარ გამოცდას არ აბარებენ. 2012 წლამდე ჰონკონგის განათლების სისტემაში გათვალისწინებული იყო ორი გამოცდა: პირველი – არასრული საშუალო სკოლის დამთავრებისას და მეორე – სრული საშუალო სკოლის დამთავრებისას, – მაგრამ 2013 წლიდან შემოიღეს ცვლილებები, რომელთა მიხედვით, სკოლის მოსწავლეებს მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ – სკოლაში სწავლის მთლიანი ციკლის დასრულების შემდეგ.

ჰონკონგური სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, აირჩიონ ერთ-ერთი პროგრამა: სწავლა დილის საათებში, დღის მეორე ნახევარში ან მთელი დღის განმავლობაში (ანუ ე. წ. გახანგრძლივებული სკოლა). სასწავლო დაწესებულებათა უმეტესობის პრიორიტეტულ პროგრამას სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს. ზოგიერთ პროგრამაში ძირითადი დისციპლინების გარდა ყურადღება ექცევა ასევე მოსწავლის საქმიანობას სკოლის მიღმა. სკოლებში სწავლება ჩინურ ენაზე მიმდინარეობს. მეორე ენად არცთუ იშვიათად ინგლისურსაც ასწავლიან.

ჰონკონგის განათლების სისტემა უკანასკნელ წლებში არსობრივად მოდერნიზდა, სამხრეთ კორეის მსგავსად, აქაც ინტენსიურად დაიწყეს ბეჭდური სასწავლო მასალების ჩანაცვლება ციფრული მატარებლებით. საკლასო ოთახში მოსწავლეთა რაოდენობამ შეიძლება ორმოცსაც მიაღწიოს, მაგრამ მასწავლებელს კვირაში 10-12 საათზე მეტხანს მაინც არ უწევს სწავლება. 

მოამზადა დავით თინიკაშვილმა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი