ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რევაზ თვარაძე – ცხოვრების მასწავლებელი

`სამშობლოს თავგადაკლული სიყვარულის გრძნობა გაცნობიერებამდე იქცა სულის განუყოფელ ნაწილად, იმ ზომამდე, რომ დღემდე ამ გრძნობის გარეშე არსებობა საერთოდ ვერც წარმომიდგენია~, _ წერს რევაზ თვარაძე. ამ სიყვარულს ემსახურებოდა იგი ჩუმად, თავდაუზოგავად, უშურველად. ამიტომაც იგი ჩვენთვის ჭეშმარიტი მამულიშვილის სიმბოლოდ იქცა, ცხოვრების მასწავლებლად, რომლის წიგნებსაც შეიძლება უამრავი კითხვით მიადგე და გამზადებული პასუხებით კი არა, ამ პასუხებისკენ მიმავალი მდიდარი „გზამკვლევებით“ წამოხვიდე.  მთელი მისი ცხოვრება დასტურია იმისა, რომ რაინდები მხოლოდ წიგნის ფურცლებზე არ გვხვდებიან. დღევანდელი  ბუტაფორიული პატრიოტიზმის ფონზე გამოიკვეთებოდა მისი პიროვნება, როგორც  გამორჩეული და შორეული, თითქოს საგანგებოდ გამოხმობილი ჩვენი ლეგენდარული წარსულიდან. ის იყო სულით არისტოკრატი, ბანალურ ყოველდღიურობაზე ამაღლებული და მარადიულ ღირებულებებზე მოფიქრალი, შესანიშნავი მეცნიერი და მწერალი. საგულისხმოა, რომ მას მეცნიერება `ადამიანური ბუნებისგან განუყოფელ, კაცობრიული არსებისგან მოუწყვეტელ, წმინდა სულიერ ქმედებად, სულის გაცხადების ასპარეზად~ ესახებოდა. მიაჩნდა, რომ  `ღვთაებრივ პლანზე ჭეშმარიტება, სიკეთე, მშვენიერება და სიყვარული ერთად, განუყოფლად არსებობს. ამ ცნებათაგან ვერცერთზე ვერ ვისაუბრებთ ისე, დანარჩენებიც თუ არ ვიგულისხმეთ. სამყაროს შექმნა ოდენ საღმრთო ჭეშმარიტების გაცხადება კი არ არის, არამედ აგრეთვე საღმრთო სიკეთის, საღმრთო მშვენიერების და საღმრთო სიყვარულის~. მისთვის მეცნიერება  სულიერი მოღვაწეობის სიმაღლესა და მშვენიერებას ნიშნავდა, ამიტომაც უყვარდა გამორჩეულად პლატონი და პავლე ინგოროყვა. თვითონაც სწორედ მათ მიემსგავსებოდა, მათსავით, `მშრალ აზრობრივ სქემათა~ შექმნაზე მეტად, შთაგონება აღელვებდა. მიაჩნდა, რომ სამეცნიერო მოღვაწეობა მხოლოდ ინტელექტს არ უნდა დაყრდნობოდა, არამედ ინტუიციასაც. ამიტომაც იკითხება მისი სამეცნიერო ტექსტები მოუწყინებლად. `როდესაც კაცის სული, თავისი ბუნებით ღვთაებრივი, აღიძვრის ხილული თუ ზესთასოფლური სამყაროების შესამეცნებლად, ანუ ჭეშმარიტების დასამკვიდრებლად, ანუ მეცნიერული მოღვაწეობისთვის, მას ეს ჭეშმარიტება, თუკი მართლაც ჭეშმარიტებას ვიგულისხმებთ, გამოცალკევებულად კი არ ეძლევა, არამედ_ვითარცა ჭეშმარიტების, სიკეთის, მშვენიერებისა და სიყვარულის ერთყოფა~, _ წერს ბატონი რეზი.

იგი ხშირად და ბევრს ფიქრობდა თანადროულსა თუ მომავლის კულტურაზე. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა მისი დაკვირვებები  XVIII_XIX საუკუნეებში დაწყებულ და XX საუკუნეში ზენიტს მიღწეულ პროცესზე, რომელმაც კულტურის ყველა სფერო დაანაწევრა. ეს კი, მისი აზრით, გამოიწვია ადამიანის სწრაფვამ, მაქსიმალურად მოეცვა, შეესწავლა და შეეცნო როგორც გარემომცველი, ისე შიდასამყარო. თუმცა, იმასაც ამჩნევდა და აანალიზებდა, რომ  `თანამედროვე ადამიანისთვის დღითიდღე აშკარავდება, კაცობრიობის სულიერი ცხოვრების ყველა სფერომ დაიწყო გამომჟღავნება მთლიანობისკენ,  სინთეზისკენ სწარაფვის ტენდენციისა. ანალიზის, ძირამდე ჩხრეკის, საწყისთა ძიების ხანგრძლივ ეპოქას მოსდევს სინთეზის, საწყისთა ერთობის წვდომის ეპოქა~.

რეზი თვარაძე დროის ფურცლებიდან კვლავაც მოჩანს, როგორც ილია იტყოდა, `ცოცხალი ხატი ღირსებისა~. მასზე შეიძლება გავიმეოროთ ჰამლეტის სიტყვები: `ის კაცი იყო, ვით შეჰფერის კაცსა კაცობა, მე იმის მსგავსსა ვეღარ ვნახავ ჩემს სიცოცხლეში~. იგი იყო ღვთისგან და ერისგან გამორჩეული პიროვნება, `მაღალი და მაღლად მხედი~, როგორც თვითონ უყვარდა თქმა. 75 წლის ასაკში დაიწყო `მოგონებათა წიგნის~ წერა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ მხოლოდ მეცნიერი და მოაზროვნე კი არა, ნიჭიერი მწერალიც იყო. ამ წიგნში თითქმის მთელი მეოცე საუკუნე იხატება თავისი ქარტეხილებითა და ტრაგიზმით. `ამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ის კი არ არის, თუ რა გადაგხდომია თავს, არამედ ის, თუ რა და როგორ მოგაგონდება სხვებისთვის მოსაყოლად~, _ წერს გაბრიელ გარსია მარკესი და თავის მოგონებათა წიგნს, რომელიც 2002 წელს გამოსცა, არქმევს ასეთ სათაურს: `იცხოვრო, რათა მოჰყვე~. ამ შემთხვევაში მონაყოლი, ე.ი. მხატვრული სიტყვა ცხოვრებას აღემატება. რეალურ ყოფას მხოლოდ იმდენად ეძლევა ფასი, რამდენადაც ის იქცევა `ამბის~ შესაქმნელ მასალად თუ შთაგონების წყაროდ. `ერთ წელიწადს ბავშვიც ვიყავი, ჭაბუკიც, კვლავ მხნე და ლაღი, კვლავ მღივანი, აღარ მახსოვდა, თვალის ორჯერ დაფახულება რომ კმარა საიმისოდ, რათა უშორეს წარსულში დაინთქას შენი ახალგაზრდობა~, _ წერს რეზი თვარაძე და დროს, `წამწამთა მსწრობელად~ სახელდებულს, თავისი წიგნის ფურცლებზე მაინც შეაჩერებს, მოიხელთებს. რეზი თვარაძეც დაკარგულ დროს ეძებს თავისებური სილაღით, სევდითა და სიხარულით. ხდება სასწაული. მწერალი უბრალოდ კი არ იგონებს გარდასულ ამბებს, არამედ აცოცხლებს, კი არ ჰყვება, არამედ განიცდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკითხველი შეიგრძნობს აღწერილი საგნების ფერს, სუნს, ჰაერის სისქესა თუ გამჭვირვალებას. ბატონი რეზის მიერ დანახული ცხოვრება არის მრავალფეროვანი და საინტერესო. ამიტომაც სულმოუთქმელად ჩაიკითხავ  მის ნაამბობს. მკითხველის თვალწინ იზრდება და სულიერად ყალიბდება არა ერთი თაობა, იცვლებიან ადამიანები, მაგრამ უცვლელია სიკეთის, სიყვარულის, რწმენისა და მშვენიერების წყურვილი. თურმე რა დღეები გამოუვლია, არც სიდუხჭირე და სულიერი ჭრილობები მოჰკლებია, მაგრამ იდეალები მაინც არ დამსხვრევია, რადგან ნებისმიერ ვითარებაში შეეძლო, თვალი გაერიდებინა უსულგულო და ერთფეროვანი ყოფითობისთვის და `ნეტარების წუთები~ მოეხელთებინა, თუნდაც ასეთი: `შუადღისას, როცა შინ არავინ იყო, ორი კოვზი შაქარი თუ მეშოვებოდა, წყალს ავადუღებდი, ჩაის დავისხამდი, ნავთქურის გვერდით მაგიდას მივუჯდებოდი და ვიწყებდი კითხვას: `გულივერი~, `რობინზონ კრუზო~, `ტრისტან და იზოლდა~, `ათას ერთი ღამე~. `ელინური მითები~, კონან დოილის მოთხრობები…~ ასე თანდათან გამოიკვეთა, რომ მისი `საქმე ლიტერატურა იყო~. მან თვისი მოგონებებით დავიწყებას გამოსტაცა მრავალი შესანიშნავი ადამიანი, ამიერიდან მისი წიგნის ფურცლებზე რომ გააგრძელებენ მარადიულ სიცოცხლეს და ყოველ ახალ მკითხველს სიყვარულით შეხვდებიან. მან თავისი საყვარელი მწერლის, ფოლკნერის რჩევას მისდია  და ამ წიგნით შეეწია ადამიანს, გული გაუმაგრა, მოაგონა სიმამაცე, პატიოსნება, იმედი, სიამაყე, თანაგრძნობა, ლმობიერება, თავგანწირვა. თვითონაც წიგნის გმირად იქცა (საგულისხმოა, რომ მან თარგმნა ფოლკნერის ორი რომანი „ქალაქი“ და „სოფელი“).

რეზი თვარაძე ნელი, დინჯი ნაბიჯით, ღირსეულად მიდიოდა მარადისობისაკენ, თან მიჰქონდა ტკივილი და სიხარული. ის იყო ნამდვილი ესთეტი, დახვეწილი და ზომიერი. მისი გარეგნული თავდაჭერილომის მიღმა იმალებოდა ბავშვური სიწმინდე და გულუბრყვილობა, რომელიც საოცრად მჟღავნდებოდა მის იშვიათ, მაგრამ მშვენიერ ღიმილში.  ის წავიდა სიცოცხლიდან ვალმოხდილი. `ღვაწლი კეთილი მოიღვაწა~. საყოველთაო პატივისცემა ხელს არ უშლიდა, ყოფილიყო საოცრად თავმდაბალი და მორიდებული. უდავოა მისი პიროვნების მნიშვნელობა XX საუკუნის ქართულ კულტურაში. ის ჩვენთვის იყო  ერთგვარი იდეალი ქართველი კაცისა. დრო მის სახელს კიდევ მეტი შთამბეჭდაობით წარმოაჩენს. ის განზე იდგა ყოველგვარი უხამსობისაგან, გულგრილი იყო ტაშისა და დიდების მიმართ. ჩრდილში ერჩია ყოფნა. მისი წიგნები და წერილები („ლეგენდა გალაკტიონის ცხოვრებისა“, გადასახედი (მწერლობა, რელიგიური ფილოსოფია, ისტორია), „არეოპაგელი და რუსთაველი“, „პლატონი და არეოპაგელი“, „დამწერლობისა და ლიტერატურის სათავეებთან“, „ქართული კულტურის ბუნებისთვის: სულის ისტორია“, „პოეტური კულტურის ზოგიერთი საკითხი“, და სხვა უამრავი) მკითხველს მშვენიერსა და ამაღლებულს აზიარებენ. ის ისწრაფვოდა, რომ დღევანდელ დაშლილ, დაქსაქსულ, დარღვეულ სამყაროში შენარჩუნებულიყო ჰარმონიის, ერთიანობის იდეალი.

ის ხანდახან არღვევდა სამეცნიერო ტრადიციას და მშრალ ფაქტებს მეოცნების მზერას მიაპყრობდა. ასეთ დროს ლაღად და თავისუფლად არწმუნებდა მკითხველს, რომ ეტრუსკები ქართველთა წინაპრები იყვნენ. მისი ფიქრი ხშირად დასტრიალებდა `ღვთაებრივად მარტივ და ურთულეს სიბრძნეებს~, უღრმავდებოდა ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას. თანაბარი სიყვარულით იკვლევდა `ვეფხისტყაოსანსა~ და არეოპაგიტულ მოძღვრებას, გალაკტიონის, კონსტანტინე გამსახურდიასა თუ ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებას. თავის ნაშრომებში იგი გამოკვეთდა უმთავრეს იდეას: `სამყაროული იერარქიის ნებისმიერ  საფეხურზე მოქმედი სიყვარული არის ის ძალა, რომელმაც შექმნა სამყარო და რომელიც ყოველ არსს კვლავ მიაქცევს სამყაროს შემოქმედისკენ~. მის სიტყვა შეზავებული იყო `მარილითა მადლისაითა~. ხშირად მიაპყრობდა ხოლმე მზერას უშორესი წარსულისკენ, ქართველთა თაურფენომენებს ეძიებდა. ის იყო კაცი, `სავსე ქართული პატიოსნებით~.

მას სჯეროდა და სწამდა: `კაცის ნამდვილი სამშობლო სოფელი კი არ არის, ზესთასოფელია და სწორედ იქ ბრუნდება გარდაცვალების შემდეგ მისი უკვდავი სული, სოფლიურ არსებობაში გაწვრთნილი და ზესთასოფლად გამზადებული~.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი