პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ერთი ლექსის უნებურად პროპაგანდისტული ინტერპრეტაცია

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან

ალოდინეს და… მეთხუთმეტე კაცად შევიდა.

ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.

ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
– ოჰ… ოჰ… ოჰ… ოჰო! – თქვა და თითქოს კიდეც ინანა,

მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას).
რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას აკანკალებს რა?!
– რამ დაასველა?!
– რამ გათეთრა?!
– რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა, სულხან-საბავ თუ ფანტაზია?!

დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში სტირის დედა, შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში შვილი დედას სტირის, – ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასება მაგ პატარას? – ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! –
წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
– უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?..
საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, –
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი – საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, – სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე კიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა…
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! –
გულს ნუ გაიტეხ! – მუხა კვლავაც შეიმოსება!

 

როცა სკოლაში მუხრან მაჭავარიანის ეს გამორჩეული ლექსი ვისწავლეთ, მასწავლებლის „ახსნის“ მერე, დიდი ხნის განმავლობაში წარმომედგინა, როგორ ზის ბევრი ჭამისგან გასუქებული ფაჩუჩებიანი ლუდოვიკო ოქროს ტახტზე, თოხლოდ მოხარშულ კვერცხს ჭამს და თან გაქონილ პარიკს ისწორებს. თითქოს ფილმის კადრს ვხედავდი, როგორ აგდებით შესცქერის მეფე-მზედ წოდებული მონარქი შორეული ქვეყნიდან ჩასულ სულხან-საბას და პასუხის ღირსადაც კი არ თვლის, როგორ ილოკავს საკუთარ ბეწვს მაძღარი ნაცრისფერი სპარსული ჯიშის კატა, მშიერ-მწყურვალი ქართველი ელჩი კი თვალს არიდებს მდიდრულ სუფრას, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის გაუშლიათ ბურბონებისა და ჰაბსბურგების ვაჟისთვის. იქნებ-და მოხარშული კვერცხის გარდა რაიმე ინებოს…

მხცოვანი სულხან საბა ქედმოდრეკილი, მაგრამ ამაყი დგას ხელმწიფის წინაშე და  გადაშენების პირას მყოფი ერის გადარჩენას სთხოვს. მონარქს შეუძლია ერთი კვერთხის დაკვრით გადაჭრას ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთით მდებარე, მისთვის სრულიად უცხო ქვეყნის პრობლემები და ეს მისი აშენებული ვერსალის ჩრდილოეთ ნაწილის ფასიც არ დაუჯდება, მაგრამ გულქვა და გულგრილია ხელმწიფე, როგორც ყველა მისი ქვეშევრდომი, როგორც ყველა ფრანგი, როგორც მთელი ევროპა.

იკითხავთ, საიდან ეს რემინისცენციებიო და მოკლედ ვიტყვი – ასე მასწავლეს, ასე გვიხსნიდნენ მუხრანის ლექსის კონტექსტსა და შინაარსს, რაც ღრმა მოწიფულობამდე ჩემთვის უალტერნატივო ვერსია იყო.

ამასწინათ, ევროპულ ინტეგრაციასა და რუსული პროპაგანდის შესახებ დისკუსიის დროს, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ, ვისთვისაც მომხსენებელი ცდილობდა აეხსნა, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე აღმოცენებული ცივილიზაციის უძველესი წევრებისთვის ევროპული ცივილიზაციის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს, სწორედ ეს ლექსი მოიყვანა არგუმენტად. ეგაა მთელი დასავლური ცივილიზაცია, კაცმა რწმენაც კი შეიცვალა, იქნებ რამე გვიშველონ ფრანგებმა და ყურიც არავინ შეიბერტყაო. სულხან საბას გაბრაზება ჩემშიც ცოცხლობს და არ შევარჩენ დასავლელ გარყვნილ დუშმანს კიდევ ერთხელ მომატყუოს ცივილიზაციათა კონფლიქტშიო.

მომხსენებლისა და მოსწავლის აზრები ფუნდამენტურ ნაწილში განსხვავდებოდა, მაგრამ „მოტყუებული“ ქართველი დიპლომატის ტრაგიკულ ევროპულ თავგადასავალზე შეთანხმდნენ, მე კი კარგი საბაბი მომეცა ლექსზე ახლებურად მეფიქრა, რაც, ვფიქრობ, სხვისთვისაც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.

 

ლექსის კონტექსტუალურ დასაბუთებასა და ანალიზს არ შევუდგები, მხოლოდ მოვიხმობ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს და თარიღს:

 

  1. 1618-1648 წლებში, ევროპაში ცნობილი „30 წლიანი ომი“ მძვინვარებდა, რამაც მოსახლეობის მესამედი შეიწირა. ეკონომიკა გაცამტვერებული იყო. სუფევდა შიმშილი, ქაოსი და სასოწარკვეთილება.
  2. ლუდოვიკო მეთოთხმეტე 1638 წელს დაიბადა, როდესაც „30 წლიანი ომი“ გახურებული იყო. მას მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მემკვიდრეობა ერგო. არასრულწლოვან მეფეს ევროპული ცივილიზაციის ლიდერის, საფრანგეთის გადარჩენა და ფეხზე წამოყენება ევალებოდა, რაც, მოცემულ ვითარებაში ღვთის სასწაულის ტოლფასი მოლოდინი იყო.
  3. მძიმე კრიზისიდან ამოსასვლელად, მონარქმა და მისმა ეკონომიკის მინისტრმა ნიკოლა ფუკეტმა მოსახლეობას მაღალი გადასახადები დაუწესეს, რამაც უდიდესი მღელვარება გამოიწვია ხალხში. ისედაც დაბეჩავებულ გლეხობას, არ ადარდებდა სიმდიდრეში ჩაფლული სამეფო კარის სურვილი – თავიდან აეშენებინათ და შეექმნათ ქრისტიანული ცივილიზაციის საუკეთესო ტრადიციებზე აგებული ტაძრები, ხელოვნების ნიმუშები და სხვა. ხალხს მხოლოდ საკუთარი, პირადი პრობლემები აწუხებდა.
  4. 1665 წლიდან 1698 წლამდე საფრანგეთმა ოთხი ახალი ომი გადაიტანა – დევოლუციური ომი ესპანეთთან (ნიდერლანდებისთვის), 1667-1668. ჰოლანდიასთან (ფლანდრია) 1672-1678. აუგსბურგის ლიგის ომი 1688-1697 და ომი ესპანეთთან 1702-1713. ოთხივე ომი წინაპირობა იყო იმისთვის, რომ ან საბოლოოდ გადაეტეხა წელში საფრანგეთი, ან ევროპული ქვეყნების მომავალი მშვიდობა დიდი გაერთიანების წინაპირობა გამხდარიყო იმგვარად, რომ არც თითოეული მათგანის ინდივიდუალიზმი დაკარგულიყო.
  5. სულხან საბა საფრანგეთის მეფეს 1713 წელს ესტუმრა, როდესაც ლუდოვიკო მეთოთხმეტე 74 წლის იყო, ომი ესპანეთთან კი კვლავ მიმდინარეობდა.
  6. საქართველო სთხოვდა საფრანგეთს ელაშქრა ირანში, რაც 74 წლის მეფისთვის წარმოუდგენელი სამხედრო ავანტიურა იქნებოდა, რომ დავივიწყოთ ომი, რომელშიც საფრანგეთი მონაწილეობდა. არის ვერსია, რომ ქართველები ფრანგებს ირანის კართან შუამდგომლობას სთხოვდნენ, დასახელებული იყო თანხაც, რაც თითქოსდა ქართულმა სამეფო კარმა საფრანგეთს შესთავაზა, რაზეც დუმილი მიიღო.
  7. 1715 წელს საფრანგეთში ირანის შაჰის ელჩი მეჰმედ რიზა ბეგი ჩავიდა, რის შემდეგაც საფრანგეთი და ირანი მეკავშირეები გახდნენ. საქართველოს პოლიტიკური სვლა ნაჩქარევი აღმოჩნდა რამაც ჩვენი ვითარება გაართულა.
  8. 1687 წელს მეფე გიორგი მეთერთმეტე რომის პაპთან წერილს აგზავნის, სადაც თვითონაც და მისი შვილი ბაგრატიც თავს კათოლიკედ აცხადებენ. რომის პაპი საპასუხო წერილში მათ კათოლიკე მეფეებად იხსენიებს, მაგრამ კონკრეტულ დახმარებაზე დუმს, რადგან ახლოვდება 1688 წლის პფალცის ომი.
  9. საფრანგეთიდან დახმარებაზე უარით გამოსტუმრებული სულხან საბას პასუხის შემდეგ, მეფე ვახტანგ მეექვსე დახმარებას ახლა უკვე რუსეთის ძლევამოსილ იმპერატორს, პეტრე პირველს სთხოვს. ეს უკანასკნელი თანხმდება და ირანთან საბრძოლველად 1722 წელს 5000 რუსს აგზავნის, რომლებიც საბოლოოდ არ ჩადიან განჯაში დაბანაკებულ ქართველებთან და სომხებთან. არჩასვლის მიზეზად საკვების მარაგის დამთავრებას იმიზეზებენ.
  10. 1724 წელს, განრისხებული ირანის წინაშე დარჩენილი ვახტანგ მეექვსე, შაჰ თამაზისა და კონსტანტინე მეორის ერთდროული შემოტევების გამო, თბილისიდან გორში, მერე ცხინვალში და ბოლოს პეტერბურგში გარბის.

 

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პატრიოტთა ტალღის გამორჩეულ ავტორს, მუხრან მაჭავარიანს რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტები ჰქონდა ევროპული ცივილიზაციის, როგორც უიმედო მოკავშირის სტერეოტიპის დანერგვასთან დაკავშირებით, მაგრამ არასწორი ინტერპრეტაცია მსუყე ნიადაგია გამრუდებული მომძლავრებული პროპაგანდისტული მანქანისთვის დროულად თუ უდროო დროს შეგვახსენოს, რომ სულხან საბამაც კი „რაც შეიტანა, ის გამოიტანა“ ევროპიდან და არც ჩვენ უნდა გვქონდეს რაიმეს იმედი.

ვფიქრობ, ამ პატრიოტული სულისკვეთებით დაწერილ, მაგრამ ამ ვითარებაში რუსული ნარატივისთვის გამოსადეგ ლექსს მთლიანი ისტორიული კონტექსტის სწორად დანახვა და გააზრება ჰაერივით სჭირდება.

უმთავრესი გაკვეთილი კი ამ ერთი ლექსიდან ჩემთვის ისაა, რომ საქართველომ „პატრონის“ ძიებაზე უარი უნდა თქვას, რადგან ყველას თავისი გასჭირვებია და „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდენ!“. თუმცა გულითადი მეგობარი ყველას სჭირდება და რატომღაც მჯერა, რომ ეს გულითადი მეგობარი რუსეთის სახელმწიფო არაა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი