შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვიდეო თამაშები: პრობლემა თუ მოკავშირე?

2013 წლის 17 სექტემბერს Rockstar North-მა Playstation 3-ისთვის, ხოლო 2015 წლის აპრილში Microsoft Windows-ისთვის კომპიუტერული თამაში Grand Theft Auto V გამოუშვა.

პირველივე დღეს, თამაშმა 800 მილიონი, პირველ სამ დღეში კი (თამაშების შემოსავალს ზოგადად უქმეებით ითვლიან) 1 მილიარდი ამერიკული დოლარი მოგება მოიტანა. მსოფლიო თამაშების ისტორიაში, ეს რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ონლაინთამაშდამოკიდებულება მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემაა, რომლის წინაშეც მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც დგანან. ელექტრონულ მოწყობილობებზე „ჩამოკიდებული“ თაობა, რომელსაც წიგნიერება აღარ აინტერესებს, ბევრი მშობლის წუწუნის მიზეზია.

პრობლემა რეალურია, რადგან ხშირ შემთხვევაში, თამაშდამოკიდებული ბავშვები უჩივიან დაღლილობას, თავისა და თვალების ტკივილს, ხასიათის გაუარესებას, მადის დაკარგვას და უძილობას.

ბევრი მშობელი, გამოსავალს, ხელოვნურ ჩარევასა და თამაშების მექანიკურ აკრძალვაში ხედავს, რასაც ხშირად სხვა, უფრო დიდ პრობლემებამდე მივყავართ – ასეთი ბავშვები ფარულად თამაშს იწყებენ და ხდებიანი უარესი ხაფანგის – ლუდომანიის მსხვერპლი.

მაშ, რა უნდა გააკეთოს გონიერმა მშობელმა, თუ ცივილიზაციის მსვლელობაში შვილთან ერთად ალესილ დანის პირზე სიარული უწევს?

 

ჩემი უფროსი შვილი ფიქრობს, რომ 2 პროფესია უნდა ჰქონდეს. ის პერიოდულად იცვლის აზრს მომავალ ერთ-ერთ საქმიანობაზე –  ხან გამომგონებლობა სურს, ხან მთამსვლელობა, ხან ასტრონავტობა, მაგრამ ყოველთვის უცვლელი რჩება მისი მეორე პროფესიული სურვილი – მას ვიდეოთამაშების შექმნა სწადია.

მათე 8 წლისაა და კომპიუტერული თამაშებით ორიოდე წლის წინ დაინტერესდა. თამაშდამოკიდებულება რომ დიდი პრობლემაა, მოსწავლეებთან ურთიერთობით ვიცოდი, ამიტომ ამ ამბავს მწვავედ შევხვდი და ვცადე დროის შეზღუდვის მეთოდით, რბილად, მაგრამ მაინც ამეკრძალა კომპიუტერთან ხშირად დაჯდომა. შედეგი იმედის მომცემი არ ყოფილა, ვერც იქნებოდა, რადგან, მოდი, გულწრფელად ვთქვათ – ჩვენ ყველანი დამოკიდებულები ვართ ცივილიზაციის მსვლელობაზე, ვინ სოციალურ ქსელს, ვინ მობილურ თამაშებს და ვინ სერიალებს.

მეტიც, ჩემი თავი გამახსენდა, „დენდი 2“ რომ პირველად ვნახე და სათამაშოდ ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში დავდიოდი ბიძაშვილთან სუპერ მარიო რომ ერთი ტურიდან მეორეში გადამეყვანა, არადა აზარტული არ ვარ, მეტიც, მალე მბერზრდება ყველანაირი გასართობი და მაინც – ერთი სული მქონდა ეს მარტივი და ყოველგვარ შინაარსს მოკლებული თამაში „დამეხურა“.

კომპიუტერულ თამაშებზე ბავშვების დამოკიდებულების, მავნე დამოკიდებულების საკითხზე მხატვრული ფილმისთვის სცენარის დაწერა 2016 წელს დამიკვეთეს და სწორედ მაშინ გავარკვიე, რომ ეს პრობლემა იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია, ძალიან რთული.

რაკი ბავშვებთან მუშაობა მიწევს და ვცდილობ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა შინაარსობრივ სხვაობაში არ გადაიზარდოს, მუდმივად ვეკითხები მათ, რა აინტერესებთ, რა უყვართ და რის გარეშე ვერ გაძლებდნენ – კომპიუტერული თამაში ყოველთვის, ყველგან პირველია.

იმიტომ, რომ პედაგოგი მქვია, გარკვეული პასუხისმგებლობა მაკისრია და შვილიც მყავს, ცივილიზაციის მსვლელობას მე ვერ შევაჩერებ და არც მგონია ეს სწორი, გადავწყვიტე კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება, კაცობრიობის უხილავი მმართველი, ზოგი შეფასებით მტერიც, მოკავშირედ გამეხადა და მოსწავლეებთან ლიტერატურული გაკვეთილების მოდელი სწორედ ასე – ონლაინ თამაშების პრინციპით ამეგო. შედეგი იყო ფანტასტიკურად დიდი და სწრაფი. იმდენად კარგი და იმედისმომცემი (ამ მეთოდზე ცალკე დავწერ), რომ თამაშების არსის გაანალიზება გადავწყვიტე. აღმოჩნდა, რომ უკანასკნელი კვლევებით, არც ისე უიმედოდაა საქმე – მთავარია, რომ მშობელი განზე არ გადგეს და ბავშვის თამაში კონტროლირებადი და შემეცნების ნაწილი გახადოს.

მაგალითისთვის, შემცირდეს აგრესიული ტიპის First Shooting სახის თამაშების ციფრი და მეტი დატვირთვა მიეცეს სტრატეგიულ და შემეცნებით გასართობ თამაშებს.

 

ფსიქოლოგები გვამშვიდებენ, რომ თუ ამ პრობლემას, როგორც ნებისმიერ პრობლემას, სწორ გასაღებს მოვუძებნით, იქნებ ვიდეოთამაშები ნაკლებადსაშიში კი არა სასარგებლოც კი აღმოჩნდეს ჩვენი შვილების განვითარებისთვისო.

 

გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას, რა სიკეთე მოაქვს ვიდეოთამაშებს ჩვენი შვილებისთვის:

 

პირობებში, როდესაც ბავშვებს სათამაშო სივრცე უბრალოდ აღარ დარჩათ, ეზოები სავსეა მანქანებით, ფეხბურთის მოედნებზე კი კორპუსები დგას, გართობას მოწყვეტილი  და წიგნზე და განათლებაზე კონცენტრირებული  ბავშვის, როგორც სანიმუშ მოდელის წარმოდგენა, არასწორი იქნებოდა.

 

ვიდეოთამაშები და პრობლემის გადაწყვეტა:

ნებისმიერ ვიდეოთამაშში არის მარტივი მოდული, რომელიც პრობლემის დასმას და მის გადაწყვეტას მოითხოვს. მაგალითად, თუ ერთ ძველ თამაშს,  Nintendo_ს ლეგენდარული დიზაინერის Shigeru Miyamoto-ს შექმნილ Legend of Zelda-ს სიუჟეტს ვნახავთ, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყრის თავს, რაც ბავშვის განვითარებისთვის ალბათ ცუდი არ იქნება – პროტაგნისტი ლინკი მთელი თამაშის მანძილზე ებრძვის ანტაგონისტ ბოროტ ძალებს, რათა გადაარჩინოს პრინცესა ზელდა. ამისთვის კი მას რთული პროგრამული ალგორითმისთვის ალღოს აღება და დაძლევა უწევს. ამ ერთი შეხედვით მარტივი ამოცანის შესრულება კი, მცირე ასაკის ბავშვისთვის გენიალური სავარჯიშოა, რაც იქვე, მარტივი ტესტი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის გონებრივი განვითარების ეტაპების შეფასებისთვის.

 

ინტერესი ისტორიისა და კულტურის მიმართ

 

როგორც გავარკვიე, უდიდესი ვიდეოთამაშები კარგა ხანია საკუთარ სამყაროს გვთავაზობენ, როგორც დიდ მწერლებს სჩვევიათ, გამოგონილ ადგილებს, ისტორიულ პერსონაჟებსა და ამბებს გვაყვარებენ და მერე წლიდან წლამდე მათთან ერთად გვამოგზაურებენ. მაგრამ ამის მიღმა, უამრავი თამაში სავსეა ისტორიული კონტენტითა და კონტექსტით, რაც მოთამაშის დაინტერესება შეიძლება გამოიწვიოს (სწორედ აქ უნდა გახდეს მშობელი გზამკვლევი).

როდესაც ჩემი შვილი რომელიმე ისტორიულ ამბავზე დაყრდნობილ თამაშს თამაშობდა, პარალელურად ამ ამბების განხილვასაც ვაწყობდით და მაგალითად, ვიკინგების თავგადასავლების თამაშის პარალელურად, სკანდინავიური მითოლოგიის წაკითხვას ვურჩევდი. დღეს, ჩემმა 8 წლის ბავშვმა ამ მიმართულებით უფრო მეტი იცის, ვიდრე მე, რაც ერთგვარი გამარჯვება მგონია.

ნებისმიერი თამაშის კონტენტის განხილვის მერე ინფორმაციის მოძიება ონლაინ შემეცნების ნაწილი შეიძლება გახდეს. ბავშვმა იცის, რომ მშობელი მისი „მტერი“ და „აკრძალვაზე“ ორიენტირებული კი აღარაა (მაინც უშედეგოა), მეკავშირეა და ერთად თამაშიც იწყება.

 

ვიდეო თამაშები და მეგობრები

 

ყველაზე ჩაკეტილ ბავშვებსაც კი უცბად აალაპარაკებთ, თუ რომელიმე ვიდეო თამაშზე ჩამოუგდებთ სიტყვას. ასევე უადვილდებათ პატარებს ერთმანეთში საერთო ენის გამონახვაც. მეტად უცნაურია, მაგრამ საერთო თამაშის მოთამაშე ბავშვები, თუ ეს აგრესიული, ე.წ. „დაუსრულებელი“ ტიპის თამაში (მაგალითად Counter Strike) არაა, თითქმის არასოდეს ჩხუბობენ ერთმანეთში. ონლაინ თამაშებს კი ხშირად სოციალური კონტაქტის განვითარებაც შეუძლია (აქაც კონტროლით, რადგან ონლაინ არ ჩანს ვინაა მეორე მხარეს და ეს კარგი წყაროა პედოფილებისთვის).

 

ვიდეოთამაში, როგორც სავარჯიშო

 

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვიდეოთამაში რეაქციის სისწრაფეს ავითარებს. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, ვინც მაგალითად ფეხბურთზე დადის და ამავე სპორტის თამაშებს თამაშობს, მოედანზე ხელოვნურად შექმნილი რესურსის მიბაძვას ცდილობს. თამაშისას, მათი ტვინი არაცნობიერად იმახსოვრებს მოთამაშის მოძრაობებს და ამის მერე, ბავშვი ცდილობს საკუთარი ადამიანური რესურსი სწორედ ამ „დამახსოვრებულის“ რეალიზებამდე ასწიოს.

 

ვიდეოთამაში და შეჯიბრი

 

ვიდეოთამაშებს, სადაც ორი მოთამაშე ერთმანეთს ეჯიბრება, ბავშვში კონკურენციის უნარის განვითარება შეუძლია. მსგავსი ტიპის თამაშები განსაკუთრებით ბიჭებისთვისაა მისწრება, მითუმეტეს, თუ მათ სიმორცხვისკენ აქვთ მიდრეკილება. ასეთი შეჯიბრი იდეალურია იმ ბავშვებისთვისაც, ვინც საკუთარი თავის რეალიზებას, გარკვეული მიზეზის გამო სპორტით ვერ ახერხებს.

 

ლიდერობა და ჯგუფურად მუშაობა

 

ნიკ იის კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ ბავშვები, ვინც ჯგუფურ ონლაინ თამაშებს თამაშობენ, უნებურად ივითარებენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა საერთო ინტერესების გათვალისწინება (მაგალითად Cossacks), უფრო გამოცდილი მოთამაშის მიბაძვა და მერე თავად გახდომა ლიდერად და მისაბაძ ობიექტად. სოციალური კიბის მსგავსი როლური თამაში მათ ცხოვრებაშიც ეხმარება, სადაც გამოუცდელობიდან პროფესიონალობამდე მისვლის მეთოდოლოგიას ხვეწენ.

 

თამაში, როგორც საშუალება ასწავლო

ბავშვები ამბობენ, რომ მათ განსაკუთრებით მოსწონთ ახალი თამაშების ათვისება, რათა მერე სხვას აუხსნან როგორ გაიარონ ესა-თუ-ის ტური. შეგრძნება, რომ შეიძლება აზრი მოგეკითხოს, განსაკუთრებით ახალისებთ სწორედ მოზარდებს და გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებს. სწორედ ეს სტრატეგია გამოვიყენე მეც, როდესაც შვილს ვთხოვე ამ სტატიის დასაწერად ზოგიერთი ონლაინ თამაშის ნაწილში კონსულტაცია მოეცა.

ის სიხარულით დამთანხმდა და რაღაც რჩევებიც მომცა, რაც, ცხადია თქვენამდე მოვიტანე.

ვფიქრობ, ამ თანამშრომლობით, კონტროლირებული თავისუფლებით უკეთესი შედეგის მიღება შემიძლია.

ვნახოთ.

ისე კი, არც თუ ისე ურიგოა ხანდახან თამაში.

 

დასასრულისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ცივილიზაციის განვითარების ეს ეტაპი სწორად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მსოფლიოს 10 ყველაზე ბიუჯეტურ თამაშს თუ მოძებნით, 7-ის ავტორი იაპონელია. ამ ერმა ადვილად აუღო ალღო მომავლის პროფესიებს, რაც მათი, როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკის წამყვანი მოთამაშის ადგილას დგომა, პროგნოზირებადია. განვითარების ამ მიმართულებაზე ორიენტირებული პატარა ერებისთვის კი მომავალში შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ტექნოლოგიურ ავანგარდში დგომა, რადგან მცირემიწიანი ქვეყნები მხოლოდ სოფლის მეურნეობის იმედად ვეღარ იქნებიან კონკურენტულები.

გასართობ ბიზნესში კი, ყველაზე მაღალი შემოსავლის მომტან სფეროებს თუ შევხედავთ, ოთხეული ასე გამოიყურება:

მუსიკალური ინდუსტრია – 17 მილიარდი წელიწადში

კინო – 41 მილიარდი

ტელევიზია – 105 მილიარდი

ვიდეოთამაშები – 116 მილიარდი

 

იქნებ, ჩვენმა ბავშვებმა განვითარების ახალი გზა იციან და მათი არჩევანია სწორი?

მე არ ვიცი.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი