ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ხალხი და ბრბო   (გიორგი ლეონიძის „მარიტას“ მიხედვით)

გიორგი ლეონიძემ მოთხრობაში „მარიტა“ შესანიშნავად წარმოაჩინა, როგორ შეიძლება იქცეს ხალხი ბრბოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ სიბრძნის ადგილი დაიკავოს უგუნურებამ, თავისუფლებისა _ მონობამ, არჩევნის უფლება _ მორჩილებამ, სიყვარულისა _ სიძულვილმა, სინათლისა _ სიბნელემ, სიკეთისა _ ბოროტებამ.

რა გარემოებამ  შეიძლება აქციოს ხალხი ბრბოდ?

ხალხი  ხომ ბრძენია. რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი პიროვნებათა თავმოყრაა, პიროვნება გონიერია, მას უნარი აქვს გადაწყვეტილების მიღებისა, საკუთარი არჩევნისა, კეთილისა და ბოროტის  არა მხოლოდ გარჩევისა, არამედ კეთილის არჩევისა. ბრბო უსახო, უპიროვნო მასაა _ ერთ რომელიმე ძალას დამორჩილებული. ბრბო უგუნური, მორჩილი, უღირსებო, მონური სულისკვეთების, თვალდაბრმავებული და სმენადახშულია. ადამიანის ორბუნებოვნება _ ხორციელება და სულიერება, გამუდმებულ ჭიდილს იწვევს ადამიანის არსებაში. პიროვნებაში ეს ჭიდილი არასოდეს მთავრდება, პირიქით, ამ ჭიდილში იწრთობა ადამიანის ნებისყოფა, ხოლო სუსტ ადამიანში იმარჯვებს ხორციელება და მაშინ ადამიანი ცხოველური ინსტიქტების მონა ხდება. ბრბოდ გადაქცეულ მასაში ადამიანები ნებადაჩლუნგებული, თავისუფლებადაკარგული, უსულონი  ხდებიან.

პიროვნება ზრუნავს შინაგანი ჰარმონიის მოპოვებაზე. სახარებაში იესო ქრისტე ამბობს: „მიეცით კეისარსა კეისრისა“, ადამიანის ხორციელებაზე ფიქრი არ უნდა აღემატებოდეს სულიერებაზე ზრუნვას. ადამიანს თანაბრად სჭირდება როგორც ხორციელი (სხეულის ზრდისთვის), ასევე სულიერი საზრდელი (სულიერი ზრდისათვის). როგორც სახარებაშია: „არა ხოლო პურითა ცხოვნდების კაცი“.

სულის უპირველესი მასაზრდოებელი კი რწმენა, სათნოება, სიყვარული და სიკეთეა. სოფლის მცხოვრებნი მაშინ იწოდებიან ხალხად, როდესაც ისინი აღიქვამენ და აფასებენ მარიტას არამიწიერ მშვენიერებას. ხალხის გადაქცევა ბრბოდ სამყაროს ტრაგედიაა. ბრბო არის ინსტიქტებს დამორჩილებული მასა, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, უპირველესად კი, პიროვნებას.

ხალხის ბრბოდ გადაქცევა შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს, ამისთვის საჭიროა გამოჩნდეს ადამიანი, ძლიერი ნებისყოფისა, რომელსაც შეუძლია ადამიანებზე ზემოქმედება. მას უნარი აქვს, თავის ნებას დაუმორჩილოს ყველა. ამგვარი ადამიანი შეიძლება ფლობდეს გარკვეულ ფუნქციას სოფელში (მაგალითად, ამ შემთხვევაში, ციციკორე იყო სოფლის მეუფროსე), ან შეიძლება უცებ გამოჩნდეს საიდანღაც და გავლენა მოახდინოს თავისი გონიერებითა და ძალით. მაგალითად, ოიდიპოსმა გამოიცნო რა სფინქსის გამოცანა, მაშინვე იქცა ხალხის რჩეულად. ყოველთვის, არის საფრთხე, რომ უცხო და გამორჩეული ადამიანი წარმოჩნდეს ბელადად, ურჩხულის დამმარცხებელი თვთონ იქცეს ურჩხულად,  ტირანად ან სხვა რაიმე ტიპის ერთპიროვნულ მმართველად. აქ საშიში სწორედ ეს ერთპიროვნულობაა, რომელიც არ არის ღვთისგან ხელდასხმული.

ასე რომ, მნიშვნელოვანია ორ რამ _ ადამიანის გადაქცევა ტირანად და ხალხის გადაქცევა ბრბოდ. რამ აქცი ციციკორე ტირანად?  რა თქმა უნდა, შინაგანი ძალა და გონიერება მას გამორჩეულად აქცევდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

ადამიანების უმრავლესობა მიდრეკილია, თავი დააღწიოს მტანჯველ ფიქრებს, სხვას მიანდოს გზის ძიება თუ გადაწყვეტილების მიღება. მას ჰგონია, რომ ფიქრისგან გათავისუფლებით ცხოვრებას გაიიოლებს, მაგრამ ამგვარად ის პიროვნულობას, სულიერებას, ადამიანურობას კარგავს, ასე წვეთ-წვეთად, ნაბიჯ-ნაბიჯ გადასცა სოფელმა თავისი ნება ციციკორეს და ერთ დღესაც გაეღვიძა, როგორც „ბრბოს“. ვაჟა-შაველა გავიხსენოთ, „ვედრებაში“ რომ წერს:

„ნუ დამასვენებ ნურა დროს

მამყოფე შეძრწუნებული,

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული~.

არ ფიქრობ, ესე იგი არ გტკივა, ამიტომაც ადამიანი ხშირად სხვას მიანდობს ხოლმე იმას, რაც მხოლოდ თვითონ უნდა გადაწყვიტოს: აირჩიოს ის, რასაც ფიქრი, ხშირად მტანჯველი, უკარნახებს.

ტირანის დამახასიათებელია სხვათა აზრის მიუღებლობა: „ახირებული ციციკორე ზოგჯერ სხვისი აზრების მასპინძლობას ვერ იჩენდა“. იმის დასტურად, რომ იგი სხვის აზრს პატივს არ სცემს, მოსმენაც კი არ უნდა, მოწმობს ეს ეპიზოდი:

„ერთხელ, შუა კამათში, ციციკორე მოკამათეს უეცრად შეეკითხა:

-მოლაღური იცი?

-ვიცი!

-მტრედი იცი?

-ვიცი!

-ყანჩა იცი?

-ვიცი!

-იშხვარი იცი!

-არა!

-მაშ, იშხვარი არ იცი და მელაპარაკები? ჯერ წადი, გაიგე იშხვარი რა არი, მერე მოდი და მელაპარაკე!-ასე დაამარცხა მოკამათე“.

იშხვარი უაზრო სიტყვა იყო, მაგრამ მოკამათემ  უეჭვოდ დაიჯერა.

ტირანად შეიძლება იქცეს გამოცდილი, გონიერი ადამიანი. ასე დაემართა ციციკორეს, როცა ძალაუფლება იგრძნო, სიკეთის სახელით ბოროტება ჩაიდინა.

მთავარი კი ისაა, რომ ძალაუფლება წარმავალია. ერთ დღეს ციციკორესაც გამოუჩნდენენ მძლეველნი და სადღაც გაქრა მისი რიდი და პატივისცემა.  ციციკორე, უნებურად, აფერხებს თავისუფლების წყურვილს, რაც სამყაროს განვითარების, არსებობის უნივერსალურ კანონს ეწინააღმდეგება. მარიტას სიკვდილის დღისგან განსხავავებით, „ციციკორეს სიკვდილის ღამით, თურმე, არც ვარსკვლავები ჩამოცვენილა, არც წყლები შხიოდნენ, არც ქარი გრიალებდა, როგორც სცოდნია, ხალხის სიტყვით, დიდი კაცის სიკვდილის დროს, არც ძაღლებს უღმუვლიათ მთელი ღამე! არაფერიც არ მომხდარა ამის მსგავსი!“

ის იყო მხოლოდ დროებით დიდი კაცი, მარიტა კი _  სამყაროსთვის იყო დიდი და მნიშვნელოვანი, მარადიულად მშვენიერი. ციციკორე მთავარი პერსონაჟიცაა სხვა მოთხრობისა („ციციკორე“), რომელშიც მისი ცხოვრება უფრო დაწვრილებითაა მოთხრობილი.  აქ ის ზრდილი, კეთილშობილი, ხალხზე მოფიქრალია, მაგრამ სულ სხვაგვარია ის „მარიტაში“. მარიტაზე გავრცელებულ ცილისწამებას ის მაშინვე იჯერებს და „ხალხის ზნეობის დასაცავდ“  საოცრად გარდაიქმნება. კონკრეტულმა ვითარებამ მისი სულიდან თითქოს ძლიერი, მაგრამ ბნელი ძალები გამოათავისუფლა. მასში გაჩნდა ცხოველური ინსტიქტი _ თავისი სოფლიდან (ჯოგიდან) მოეშორებინა უცხო (ის შინაგანად გრძნობდა, რომ მარიტას მშვენიერება თავისუფლებას გულისხმობდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო: „ცეცხლმოკიდებული სოფლის მეუფროსე ციციკორე თავზე ცივ წყალს ისხამდა. გმინავდა, თრთოდა.

ტვინი გაუფიცხდა.

– მირონი დააქციეს, ტალახში შერიეს, ქვეყანა შეგვიგინეს, გაუგონელი ამბავია, ძნელად დასაჯერებელი, ქვეყნის გადაჯიშების ნიშანია სწორედ! მერე ვის დროს ხდება: ჩემს ხელში! ღმერთიც მე მომთხოვს პასუხს, ქმარიც, სოფელიც, ჩამავლობაც!“

ასე იქცა იგი ტირანად. ერთ დროს ღირსეულმა ადამიანმა ღირსება დაკარგა. თანდათან მოპოვებულმა ძალაუფლებამ მის არსებაში გაანადგურა პიროვნება და აქცია უპიროვნო ბნელ ძალად.

ბრბოს ნიშანი ისიცაა, რომ ადამიანები აღარ ფიქრობენ, მათ ნაცვლად ფიქრობს სხვა _ ამ შემთხვევაში, ციციკორე. გიორგი ლეონიძე საოცარი შთამბეჭდაობით ხატავს მარიტას დასჯის სცენას. ადამიანთა შინაგანი უწმინდურება თითქოს გარეთ გადმოიღვარა, ირგვლივ ყოველივე ტალახიანი და ჩაშავებულია.  ბუნებაც ვერ ეწინააღმდეგება ბრბოს: „ახლაც თმები მებურძგება იმ სასტიკ სანახაობაზე.

სოფლის ბრბო უხმოდ მოდიოდა ღვარმოდენით, ჩოჩქოლით, გაონავრებული,

გაძალიანებული…

აღრენით ღელავდა ბრბო, მრისხანებდა, გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს გულის ნაღველს იწურავდა, ნიშნისმოგებით უხმაუროდ ზეიმობდა რაღაცას. მოდიოდა ღვარცოფულად, მაგრამ მუნჯად…“

ადამიანი პირუტყვს არიან დამსგავსებული,   სისხლი და მსხვერპლი სწყურია. ერთი მხრივ, იხატება ბრბო თავისი ბნელი, სტიქიური ძალითა და ენერგიით აღსავსე, და, მეორე მხრივ, სიწმინდე, უსუსური, ნათელი და გასაწირავად განწირული. მარიტა არის სინათლის ნამცეცი, წყვდიადში შემოჭრილი. მარიტას თეთრი პერანგი ტალახით იბღალება. გვახსენდება ბრბო, რომელმაც პილატეს შესძახა, ბარაბა გათავისუფლე და იესო ჯვარს აცვიო.

„სიჩუმე საზარლად ხმაურობდა, ჩანჩქერივით გრიალებდა და თან იხვევდა ყველაფერსა და ყოველივეს“ „ბრბო კი ჩუმად, უჩუმრად მიჰქუხდა, როგორც ღვარცოფი, და მის წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!“

როგორ შეიძლება რამეს წინაშე უძლური იყოს ღმერთი?

ეს იმგვარი უძლურებაა, როგორიც ღმერთმა გამოიჩინა თვისი, ძის, იესოს, ჯვარცმისას. უძლურება ადამიანური შეფასებაა.  ადამიანია უძლური, რომ თანამოძმეთა ცხოველებად გადაქცევა შეაჩეროს, წინ აღუდგეს სისასტიკესა და ძალადობას. თუკი ადამიანი ამას შეძლებს, მაშინ მას აღარ ექნება განცდა ღვთის უძლურებისა. პირიქით, განუმტკიცდება რწმენა მისი ყოვლისშემძლეობისა. ბრბო შურისმაძიებელია. როგორც კი აასრულებს ბნელ საქმეს, იწყებს გამოფხიზლებას და ჩადენილის გააზრებას. მხატვრული ტექსტის სამყაროში ღმერთმა დასაჯა ეს სოფელი გვალვებითა და მოუსავლიანობით. ბრბოდ ნაქცევმა ხალხმა მარიტას სახით მოიკვეთა თავისი საკეთესო ნაწილი. მარიტა კი, სიმბოლო და განსხეულება ღვთაებრივი მშვენიერისა, მხოლოდ „დროებით  მიეფარა თვალს“, ბროწეულის ყვავილად იქცა, მზის ნაწილი მზეს შეუერთდა.

ბრბოს ფსიქოლოგია არაერთ ნაწარმოებშია წარმოჩენილი, მათ შორის, მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვაში“, რომელშიც მწერალი ხატავს, როგორ შეიძლება იქცეს ანგელოზური სულის ადამიანი დემონური სიბნელის განმასახიერებელი ბრბოს მსხვერპლად. როგორც გუსტავ ლებონი წერს თავის ცნობილ გამოკვლევაში: „კულტურული ადამიანი ბრბოში ბარბაროსად გადაიქცევა“ („ბრბოს ფსიქოლოგია“). ამ სივრცეში აღარ რჩება ადგილი ფიქრისა, საკუთარ თვალში „დირეს დანახვისა“, სხვის ჩასაქოლად აღებული ქვის გადაგდებისა. დგება ჟამი საყოველთაო სიბნელისა და სიბრმავისა, როცა ბრმას მიდევნებულნი უფსკრულში გადაიჩეხებიან, ჯოჯოხეთის კერძი ხდებიან.

ისევე როგორც შენება ძნელი და ხანგრძლივი პროცესია, ხოლო ნგრევა _ იოლი და ხანმოკლე, ასევე რთული გზა უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ პიროვნებად იქცეს, მაგრამ ოდნავი თვალის მოხუჭვაც კი საკმარისია, რომ უსახო ბრბოს ნაწილად გადაიქცეს. ამიტომაც ყოველთვის, ჩაუმქრალად უნდა ენთოს ადამიანის სულში მოყვასის სიყვარული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი