ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სწავლის შემაფერხებელი ფაქტორები

ალბათ, არ იქნება ინტერესმოკლებული, თუ ჩვენი განათლების ექსპერტები ქართული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების ტოპათეულს შემოგვთავაზებენ. თუმცა, ჩვენს პრობლემებს თუ გავიხსენებთ, ვფიქრობ, ექსპერტებს ათეულზე შეჩერება ძალზე გაუჭირდებათ. ეს, რასაკვირველია, ხუმრობით,  სინამდვილეში კი, მოგეხსენებათ, განათლება ისეთი სფეროა, სადაც პრობლემებს ყველაზე წარმატებული ქვეყნებიც კი ებრძვიან. ჩვენს ქვეყანაში საგანმანათლებლო რეფორმა სწორედ ამ ქვეყნების ათწლეულების გამოცდილების გათვალისწინებით მიმდინარეობს და ეს საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ მიზნამდე დიდი და რთული გზა გვაქვს გასავლელი.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ამერიკელ ექსპერტთა ერთი ჯგუფის მოსაზრებას იმის თაობაზე, რა მიაჩნიათ მათ ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის 10 ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ექსპერტთა ამ ჯგუფის მოსაზრებებია, მათი გაცნობა მაინც საინტერესოდ მიმაჩნია რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველესად, ისინი არა მარტო გამოთქვამენ იდეებს, არამედ რამდენიმე სკოლაში პრაქტიკულადაც ახორციელებენ; მიაჩნიათ, რომ სხვა სკოლებზე უკეთესი შედეგები აქვთ და მომავალი სწორედ მათ შეხედულებებზე დაფუძნებულ სკოლებს ექნებათ. მეორე – ექსპერტთა ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ სწავლა-სწავლების პროცესის მიმდინარეობაზე, არამედ სკოლის დიზაინზეც. სპეციალისტები არ უარყოფენ, რომ სწავლების მეთოდებში სასიკეთო ცვლილებები ნამდვილად ხდება, რასაც დიზაინზე ასე თამამად ვერ ვიტყვით. თუმცაღა წლების განმავლობაში კარდინალურად შეიცვალა წარმოდგენა იმის თაობაზე, სად და როგორ შეიძლება ისწავლონ ბავშვებმა, ეს ცვლილებები პრაქტიკულად არ ასახულა სკოლების მოწყობაზე, მის სტრუქტურაზე, ამის პარალელურად არ შეცვლილა სასკოლო ობიექტების დიზაინი. მათი აზრით, სკოლის სტრუქტურა თანამედროვე მოთხოვნებს ჩამორჩება და საოცრად ნელა ვითარდება. დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან საერთო ცოტაა, ერთგვარი შეხების წერტილები მაინც გამოიკვეთა. სტატიაშიც ყურადღებას სწორედ იმ მომენტებზე გავამახვილებ, რომლებსაც ჩვენს საგანმანათლებლო სისტემასთან აქვს კავშირი ან შესაძლოა უახლოეს მომავალში გახდეს აქტუალური.

ექსპერტთა აზრით, მათ მიერ ჩამოთვლილი გარემოებები უპირველესად მათი მოძველებულობის გამო იქცა პრობლემებად. ეს ეხება როგორც ზოგიერთ წარმოდგენას, აგრეთვე კონკრეტულ სასკოლო ობიექტებსაც, რაც საბოლოო ჯამში სწავლის ხარისხზე აისახება. 

კომპიუტერული ლაბორატორიები. აშკარაა, რომ ბავშვები პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში არიან. ამ დროს სწორედ სკოლაა ის ადგილი, სადაც ისინი მოწყვეტილი არიან ამ რეჟიმს. მიუხედავად ამ შეზღუდვისა, ბავშვებმა მაინც მიაგნეს „გამოსავალს” და ინტერნეტკავშირს ჯიბიდან ახერხებენ ტელეფონებისა და აიპადების მეშვეობით. მაგრამ არც მასწავლებლები ნებდებიან და კატეგორიულად მოითხოვენ მათგან ამ ნივთების გამორთვას ან სულაც სახლში დატოვებას. სკოლა მოსწავლეებს ინტერნეტწვდომას მხოლოდ კომპიუტერულ ოთახებში სთავაზობს. ეს კი მიზეზთა გამო (არასაკმარისი დრო, კომპიუტერების მოძველებულობა, ინტერნეტის უხარისხო მიწოდება და სხვ.) არ შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს. თანამედროვე სკოლებს ინტერნეტკავშირი მთელ შენობაში სჭირდებათ და მდგომარეობა მაშინ გახდება იდეალური, როცა კომპიუტერი საწერი კალამივით ჩვეულებრივ სასკოლო ნივთად იქცევა.

დამეთანხმებით, ნაცნობი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ინტერნეტს უმეტესად სოციალური ინტერაქციისთვის იყენებენ, ანუ, ჩვენი თვალთახედვით, დროს უქმად კარგავენ, ამ სივრციდან მოწყვეტას ისინი მტკივნეულად განიცდიან. როგორც ჩანს, პრობლემა ახლებურ, ინოვაციურ გადაწყვეტას მოითხოვს.

სწავლა მხოლოდ დადგენილ ადგილებში. თუ ადამიანებს ვთხოვთ გაიხსენონ, სად მოსწონდათ მათ სწავლა, როდის იყო მათთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი სწავლის პროცესი, აღმოჩნდება, რომ სწავლა არაფორმალურ ვითარებაში ხშირად გაცილებით ნაყოფიერი იყო და ისინი სიამოვნებით სწავლობდნენ ისეთ ადგილებში, რომლებიც საგანგებოდ სწავლისთვის სულაც არ ყოფილა განკუთვნილი. მაგალითად, ჯგუფთან ერთად მგზავრობისას, მეგობრებთან ერთად რაიმე საკითხის განხილვისას, ზოგჯერ უბრალოდ მათთან საუბრისას… ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ არაფორმალური სასწავლო გარემო ძალზე მნიშვნელოვანია, სასკოლო პრაქტიკა კი ამ ტიპის აქტივობებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ფოკუსში ისევ მხოლოდ ფორმალური ადგილებია მოქცეული (მაგ., საკლასო ოთახი). 
 

ჩრდილოეთ სანაპიროს ქრისტიანულ სკოლაში ( Northern Beaches Christian School) ბავშვები ყველგან სწავლობენ.
მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. როცა საკლასო ოთახის დიზაინი იქმნებოდა, იგი მთლიანად ლექტორის როლში მყოფი მასწავლებლის საჭიროებებს იყო მორგებული. მას უნდა შესძლებოდა მთელი აუდიტორიის კონტროლი. სასწავლო პროცესის ცენტრალური ფიგურაც მასწავლებელი გახლდათ თავისი ცოდნითა და ავტორიტეტით. მას ევალებოდა პირდაპირი ბრძანებების გავრცელება კლასში და საკმარისი ავტორიტეტიც ჰქონდა დასახული მიზნის მისაღწევად. საკლასო ოთახის დიზაინი შესანიშნავად პასუხობდა ამ მოთხოვნებს.

გასაკვირია, მაგრამ საკლასო სტრუქტურა დღემდე თითქმის არ შეცვლილა. უფრო სწორად, ძირითადად იგივე რჩება და ხშირად საქმეს ისიც ვერ შველის, რომ სკოლებში ჩვეულებრივი ცარცის დაფა დიდი ხანია ინტერაქტიულმა სმარტ-დაფებმა შეცვალა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ იდეალურმა საკლასო დიზაინმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა ძირითადი სასწავლო აქტივობა (ჯგუფური მუშაობა, პროექტზე მუშაობა, პრეზენტაციები, ვიდეოჩვენებები და სხვ.) 
 
მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო ოთახი რივერვიუს ელემენტარულ სკოლაში ( Riverview Elementary School)
განცალკევებული საკლასო ოთახები. ტონი ვაგნერი, ჰარვარდის პროფესორი და Global Achievement Gap-ის ავტორი, ამტკიცებს: „განცალკევება გაუმჯობესების მტერია”. სკოლების უმეტესობა ისეა დაპროექტებული, რომ მასწავლებლებს ერთმანეთისგან ყოფს, ამიტომ მასწავლებლები იძულებული ხდებიან, ასწავლონ იზოლირებულ „ყუთებში” და მუშაობის ეს სტილი მთელი მათი კარიერის განმავლობაში არ იცვლება. თითქმის ყველა ორგანიზაციაში ადამიანები ჯგუფებად მუშაობენ და ერთმანეთთან მუდმივად აქვთ როგორც ვიზუალური, ასევე სიტყვიერი კონტაქტი. 

საკლასო დერეფნები. დერეფნებს სკოლის ფართობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია, თუმცა სასწავლო პროცესის განმავლობაში ისინი უმეტესად ცარიელია, მათ შორის – შესვენების დროსაც. უკვე დიდი ხანია, მასწავლებლები ცდილობენ ახლებურად მოაწყონ საკლასო ოთახები (მაგ., ჯგუფური მუშაობისთვის, პრეზენტაციებისთვის), დერეფნების როლის ახლებურად გააზრებაზე კი არავინ ფიქრობს. არადა სავსებით შესაძლებელია, დერეფნებიც სწავლების არაფორმალურ ადგილად იქცეს.
 

დერეფნები მაჩიას ელემენტარულ სკოლაში ( Machias Elementary School) კარგადაა გამოყენებული არაფორმალური სწავლისთვის 

სკოლის ტრადიციული ბიბლიოთეკები. ექსპერტების მოსაზრებით, თანამედროვე სასწავლო პროცესში სკოლის ბიბლიოთეკის როლი მკვეთრად უნდა გაიზარდოს. ბიბლიოთეკა,  რასაკვირველია, წიგნების ადგილია, მაგრამ სამომავლოდ მხოლოდ ამად არ უნდა დარჩეს – ის უნდა იქცეს სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში, მისცემს ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის საშუალებას. ბიბლიოთეკამ უნდა მოახერხოს, რომ მოსწავლეების თვალში მხოლოდ სიძველესთან კი არ იყოს ასოცირებული, არამედ წარმოადგენდეს ადგილს, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ვითარებაში. ბიბლიოთეკა უნდა იქცეს კვლევისა და ექსპერიმენტების კერებად. 

აქ მთავრდება ხელის შემშლელი ფაქტორების ამ ათეულის ჩვენთვის საინტერესო ნაწილი. ექსპერტთა მიერ დასახელებული კიდევ რამდენიმე ფაქტორი ჩვენთვის ნაკლებად საგულისხმო მეჩვენება, ამიტომ ზოგიერთ მათგანს უბრალოდ დავასახელებთ. ესენია: არასწორად დაპროექტებული სპორტული დარბაზები (რომლებშიც ბუნებრივი განათება ვერ აღწევს), სასკოლო კვების სერვისი (აქ ექსპერტები უპირველესად სასადილოების დიზაინს იწუნებენ), ფართო დასასვენებელი ოთახები (რომლებიც, სპეციალისტების შეფასებით, გაცილებით მცირე ზომისა უნდა იყოს, როგორც ევროპაშია მიღებული – ასეთ ოთახებში მოსწავლეები თავს უფრო პრივატულ სივრცეში იგრძნობენ) და სხვ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი